"ყველაზე ხშირი კითხვა, რაც საზოგადოებაში გაისმის, ისაა, გაგრძელდება თუ არა სარეზერვო შეკრებები და რა სახის იქნება ის. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 2013 წელს სარეზერვო შეკრებები აღარ ჩატარდება, რაც სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის დახვეწასთანაა დაკავშირებული. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა უკვე მოამზადა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას გადასცა სარეზერვო სამსახურის ფუნქციონირების ახალი პროექტი, რომელიც სამი სახის რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. პირველს საბრძოლო რეზერვი დაერქმევა და დაკომპლექტდება ძირთადად საკონტრაქტო სამსახურგავლილი, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურმოხდილი პირებით. საბრძოლო რეზერვი მიმაგრებული იქნება კონკრეტული ბრიგადის კონკრეტულ ბატალიონებზე და ყოველწლიურ წვრთნებს მათ უშუალოდ ამ ბრიგადის ოფიცრები და სერჟანტები ჩაუტარებენ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "წელს რეზერვისტებს აღარ შეაწუხებენ".
"საბრძოლო მოქმედების დაწყების შემთხვევაში ამ რეზერვმა ბრიგადების საბრძოლო დანაკარგების 40% მაინც უნდა შეავსონ. საერთოდ საბრძოლო რეზერვის უშუალოდ კონკრეტული ბრიგადის მიერ გაწვრთნა იმ მოსაზრებითაა გამართლებული, რომ სარეზერვო შეკრებების დროს (რომელიც წელიწადში არა უმეტეს, 45 დღე-ღამე უნდა იყოს) რეზერვისტები და ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკეთესად გაიცნობს ერთმანეთს და ერთობლივად დახვეწს ამა თუ იმ საბრძოლო ამოცანის შესრულებას. უშუალოდ ბრძოლების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინ ვის გვერდით იბრძვის, იცნობენ ერთმანეთს და ენდობიან თუ არა. ამიტომაც სულერთი არაა, ბრძოლის ველზე ოცეულისა თუ ასეულის შესავსებად უკვე ნაცნობ რეზერვისტებს დაამატებენ, თუ სრულიად უცხოს.
მეორე და მესამე სახის რეზერვს ტერიტორიული და სამოქალაქო ერქმევა და მათი მომზადება უკვე ეროვნული გვარდიის პრეროგატივა იქნება. თავად სახელიდან გამომდინარე ჩანს, რომ ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტება მოხდება ძირითადად ტერიტორიული პრინციპით იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივები უკეთესად იცნობდნენ მშობლიურ კუთხეს. შეიძლება მათ ნაკლები საბრძოლო გამოცდილება ჰქონდეთ (ან საერთოდ არ გააჩნდეთ ის), მაგრამ საბრძოლო დანაყოფების კარგი მეგზურები იქნებიან, სათანადო მომზადებისა და უზრუნველყოფის პირობებში მათ მშობლიურ მხარეში პარტიზანული მოქმედებების ორგანიზებაც შეეძლებათ, თუკი მოწინააღმდეგემ მისი ოკუპირება მოახდინა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამოქალაქო რეზერვის ძირითადი დანიშნულება ბუნებრივი და საწარმოო კატასტროფების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება და შედეგების ლიკვიდაცია გახდება. მიწისძვრების, წყალდიდობების, სამრეწველო ობიექტებზე ავარიების დროს მომზადებული რეზერვისტების გამოყენება ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. მათი გამოყენება ომის დროსაც შესაძლებელი გახდება ზურგში დამხმარე სამუშაოების ჩატარებისას, მაგალითად, გზების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ჩასახერგად. ამ ყველაფრის შესრულებას კი მომზადება სჭირდება, რომლის დროსაც აჩქარება არ ივარგებდა. 2004 წლიდან მოყოლებული სწორედ აჩქარებული და ხშირად გაუაზრებელი მოქმედებების წყალობით მოხდა, რომ ათეულობით მილიონი ლარი წყალში გადაიყარა, ხოლო ხეირიანი სარეზერვო სამსახური მაინც ვერ შეიქმნა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეზერვის რიცხოვნობას გამოკიდებული პრეზიდენტისა და მისი გუნდის ახირებაც გახლდათ, რომელსაც ერთ-ორ წელიწადში 100 ათასი და უფრო მეტი მომზადებული რეზერვისტის ხილვა სურდა", - წერს სტატიის ავტორი.
"მაგრამ მთავარი ხომ რეზერვისტთა მომზადების ხარისხია და არა რაოდენობა, რადგან აგვისტოს ომის დროს გორში უაზროდ ჩაყვანილი და შემდეგ უპატრონოდ მიტოვებული და დაბნეული რეზერვისტები ხომ მთელმა საქართველომ იხილა... თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი გათვლების თანახმად, ერთი დღით ერთი რეზერვისტის გაწვრთნა (შეიარაღებისა და აღჭურვილობის ჩათვლით) 22 ლარამდე შეიძლება დაჯდეს. ეს ერთი შეხედვით არცთუ ისე დიდი თანხა საერთო ჯამში ათეულ მილიონებამდე მიაღწევს მომზადებული რეზერვისტების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით. ამიტომაც მთავრობამ უნდა განსაზღვროს, აქვს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტს საჭირო სახსრები სამივე სახის სარეზერვო სამსახურის სრულფასოვნად ასამუშავებლად. სავარაუდოდ, სწორედ საორგანიზაციო და ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება წელს თავს იკავებს სარეზერვო შეკრებების განხორციელებისგან და სარეზერვო სამსახურის მთელი ძალით ამუშავებას მომავალი წლიდან გეგმავს", - დასძენს გამოცემა.