უკანასკნელ პერიოდში აქტუალური გახდა ანაბრების თემა, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია („ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცი“, „ახალგაზრდა ადვოკატები“) სპეციალურ კვლევასაც აწარმოებს. დაგეგმილია, დაიდოს დასკვნა, რომელშიც გაანალიზებული იქნება, თუ ვისი ან რა პროცესების გამო დაიკარგა ხალხის ფული. არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესში კონკრეტული ადამიანების გვარები გამოიკვეთება და აპირებენ, მოკვლეული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნონ.
გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, რატომ და როგორ დაიკარგა ხალხის ფული. ამისთვის კი საჭიროა შესწავლილი იქნეს 1992-1993 წლებში საქართველოს ეკონომიკაში მომხდარი მოვლენები. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ამ პროცესში მაშინდელი მაღალჩინოსნების გვარ-სახელები ამოტივტივდება.
მისი თქმით, ჭკვიანი ხელისუფლების პირობებში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველოს შეეძლო კარგი ეკონომიკური სარგებელი ენახა, მაგრამ მაშინ ისეთი პოლიტიკა გატარდა, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ ერთი მუჭა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები გამდიდრებულიყვნენ. ეს იყო ხარბი, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოქმედება, რომლებსაც მოსალოდნელ შედეგებზე არ უფიქრიათ.
„ამ თემაზე 31 მარტს ჩატარდა კონფერენცია. ჩვენ მოვისმინეთ ბატონ ვასილ მაღლაფერიძის გამოსვლა, რომელიც თავის დროზე სათავეში ედგა საპარლამენტო საგამოძიები ჯგუფს. მან დაუფარავად თქვა, ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ პროცესში უშუალოდ ჩართული ადამიანების გვარების დაუსახელებლად დადებულიყო დასკვნა, იმდენად თვალსაჩინო იქნებოდა, ვისზე გადიოდა ეს თანხა და ვის ხელში აღმოჩნდა ეს რერურსებიო. ცხადია, პროცესის სათავეში იყვნენ ადამიანები, ვისაც ფინანსური რესურსები ეპყრა ხელთ. ესენი არიან შევარდნაძე, სიგუა, დვალიშვილი“, - აცხადებს საგაზეთო ინტერვიუში ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, უშუალოდ ვინ ისარგებლა ამით და ეჭვი აქვს, რომ დვალიშვილსა და სიგუას აქედან პირადად არ უსარგებლიათ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუკი საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება იმ ადამიანების გვარ-სახელები, ვინც ამით ისარგებლა. მუხაშავრიას თქმით, ვასილ მაღლაფერიძე ამტკიცებს, რომ სწორედ მაშინ შეიქმნა ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღემდე არსებობს, მაშინ ჩაეყარა საფუძველი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და მიმდინარეობას.
დაბოლოს, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მართალია ამჟამინდელ ხელისუფლებას საარჩევნო დაპირებებს შორის არ ჰქონია ამ ანაბრების გასტუმრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე არ ვრცელდება ვალდებულება, რომელიც საკანონმდებლო აქტით არის დადასტურებული. ამასთანავე, მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა თავისთავად გულისხმობს ამ ვალდებულების შესრულებასაც. ამიტომ უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, რათა ხელისუფლებას შეახსენოს ის, რასაც იგი საზოგადოებას დაპირდა და ისიც, რისი დაპირებაც არ ყოფილა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემადგენელი ნაწილია.