"XXI საუკუნის მამლუქის ავღანური მისია"

"ტყუილუბრალოდ არავინ მიდის სამშობლოდან, ყველას აქვს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი... იმდენად მიჭირდა ქვეყნიდან მოშორებით ყოფნა, ყოველთვის ვამბობდი, რაც უნდა მოხდეს, საქართველოდნ არ წავალ-მეთქი, მაგრამ ის ბანალური ფრაზა _ "არასოდეს თქვა არასოდეს", ზუსტად გამოხატავს ჩემს აზრს, მომიწია წამოსვლამ და საკმაოდ დიდი ხნით. მამლუქივით ხან ერთი ქვეყნის სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი და ხან - მეორის. საქმის უზომო სიყვარული რომ არა, ალბათ, ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას", - ამბობს წლების წინ ქართული არმიიდან დათხოვილი ქართველი ოფიცერი, რომელიც ამერიკისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებს ავღანეთში ლოჯისტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარება. 38 წლის სამხედროს თქმით, იქ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მასავით დაწუნებული ქართველი ოფიცრებიც მსახურობენ და ძალიან დიდი პატივისცემითაც სარგებლობენ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (12-25 აპრილი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "XXI საუკუნის მამლუქის ავღანური მისია".

"მეექვსე წელია აქა ვარ... მეგობრები ტელეფონითა და სოციალური ქსელით საუბრის დროს ხშირად მახსენებენ, რომ სამშობლოს უნდა დავუბრუნდე. არავისგან მესწავლებოდა სამშობლოს სიყვარული და თავდადება, რითაც შემეძლო თავი არ დამიზოგავს ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ახლა მამლუქივით სხვის ომში ვიბრძვი. აქ პროფესიონალიზმს აფასებენ, სამხედრო პირს პატივს სცემენ და ცდილობენ, ყურადღება არ მოაკლონ. სანამ ამერიკის არმიაში მოვხვდებოდი, მანამდე მცირე დროით გერმანიის, შემდეგ კი აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის არმიის სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი. იქ ერთი ამერიკელი გავიცანი, რომელიც ერაყის სამშვიდობო მისიაში აპირებდა წასვლას. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ვუთხარი, შენთან ერთად მოვდივარ-მეთქი. გაუხარდა. იცოდა, რომ იქ ქართველებიც მსახურობდნენ. იქ ჩასულმა ვნახე კიდეც ის ბიჭები... მისიის დასრულების შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი და ჩემი ამერიკელი მეგობრის რჩევით სამოქალაქო კონტრაქტს მოვაწერე ხელი. კონტრაქტი ყოველწლიურია, ანუ არმიის კონტრაქტორი ფირმა მსურველებს სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩევის შემდეგ არმიაში გზავნის. მე ლოჯისტიკურ სამსახურში მომიწია წასვლამ. ეს სფერო წარმატებისა და გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც ამერიკელები დიდ ყურადღებას უთმობენ", - აცხადებს რესპონდენტი.

"სრულყოფილად ვისწავლე ავღანური ენა და რამდენიმე დიალექტზეც კი მომიწია საუბარმა. ყველაზე დიდხანს ყანდაარში ვიყავი. ეს არის თეთრი უდაბნო გაშიშვლებული პეიზაჟებითა და მცხუნვარე მზით. ავღანელი ქალები პირველად იქ ვნახე. იქაური ტრადიციების მიხედვით, მათ უცხოებთან, განსაკუთრებით კი მამაკაცებთან გამოჩენა სასტიკად ეკრძალებათ. ამ დაუწერელი კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სიცოცხლესაც გამოასალმონ. ქალები არჩევნებზე იყვნენ მოსული. გამიკვირდა და მერე ვიკითხე, თურმე მათი მამები და ბიძები რომელიღაც ახალდაფუძნებული პარტიის წევრები იყვნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ ქვეყანაში ცვლილებები სურდათ. შესაძლოა, გულის სიღრმეში ამის გაკეთება სულაც არ უნდოდათ, მაგრამ სხვებისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ მათი ოჯახის წევრი ქალის არჩევნებში მონაწილეობით არაფერი შავდებოდა... იმ დღეს "თალიბების" თავდასხმის გარეშე არ ჩაუვლია. ისინი სასტიკად, ეწინააღმდეგებიან დასავლურ ცვლილებებს. არჩევნების დღეს, მაქსიმალური უსაფრთხოების მიუხედავად, მეამბოხეებმა ჯერ საქარავნო გზებსა და ტვირთებზე მიიტანეს იერიში, შემდეგ კი საარჩევნო ობიექტს დაესხნენ თავს. ცხადია, კოალიციის ჯარებმა მათ პასუხი გასცეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპონდენტი.

"მე ლოჯისტიკის დაცვის სამსახურში ვარ. მეამბოხეები მუდმივად ცდილობენ კოალიციური ძალების მომარაგება შეაფერხონ, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, თუ გვინდა არმიის სისტემამ აწყობილად იმუშაოს. მათგან ყოველ წუთს რაღაცას უნდა ელოდო, ამიტომაც მუდმივად შეიარაღებული ვარ. ბაზიდან გასვლის საშუალება გვაქვს, ოღონდ ჯავშანჟილეტსა და სატაბელო ავტომატურ იარაღს ვატარებთ, რადგან არაერთი შემთხვევა იყო, ვინც ეს არ გაითვალისწინა, ან დაიჭრა, ან მეამბოხეებმა მოკლეს. იქ კოალიციის ერთი სამხედრო ცხოვრება მეორისთვის სარკეა, როგორი უნდა იყო ან როგორი არ უნდა იყო, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო. გადარჩენისთვის ყველაზე მთავარია, სიფრთხილე და კიდევ ერთხელ სიფრთხილე", - ამბობს რესპონდენტი.

"ავღანელები კეთილი ხალხია. სულ იღიმიან და ურთიერთობასაც თავისუფლად აბამენ.
ერთხელ, საღამოს ბაზასთან ახლოს გავედით და ბავშვებს გამოველაპარაკეთ. მალე მოზრდილებიც შემოგვიერთდნენ. დავიძაბე, რადგან იქ ყველას ნდობა არ შეიძლება. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საშიში არ იყვნენ. თხილი და "ზამზამ-კოლა" მოგვიტანეს, გაზირებული სასმელი, რომელსაც გემოთი სულ არ ჰგავს "კოკა-კოლას". ავღანელებს ძალიან უყვართ. ჩვენ მათ შოკოლადებით გავუმასპინძლდით. ეს ნუგბარი იქ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უყვართ. ბავშვები მოუვლელები, მაგრამ ძალიან ლამაზები არიან. უცხოელები უყვართ და კონტაქტში პირველად თავად შემოდიან... საკმარისია, ერთხელ გნახონ და მაშინვე გიმახსოვრებენ. ერთ გოგონას ეპილეფსია აღმოაჩნდა და უცებ დავარდა მიწაზე. მაშინვე გამოვიძახეთ ექიმი და ცოტა ხნის შემდეგ სახლში მივიყვანეთ. ჩვენთან ერთად სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაც ავღანელების სახლში შეღწევა აინტერესებდათ... მამაკაცებმა და ბავშვებმა ბრინჯი და შამფურზე შემწვარი ქაბაბი მოგვიტანეს. სამხედრო პირობებში ცხოვრებამ წუნიობასა და აზიზობას გადამაჩვია და სიამოვნებით გეახელი", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - ახლა, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, თქვენსავით სხვა ქვეყანაში მომსახურე სამხედროებს ხშირად ვეკითხები, სად აპირებენ სამხედრო კარიერის გაგრძელებას? - პასუხობს:

"ჯერჯერობით საქართველოში არ ვაპირებ დაბრუნებას, თუმცა ყოველი დღე იმაზე ფიქრში ღამდება, რომ აქ მიღებულ გამოცდილებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ალბათ, გავაგრძელებ, რადგან იქ პროფესიონალს აფასებენ და პატივს სცემენ. შრომას გიფასებენ, გაგრძნობინებენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი შენი წვლილი მნიშვნელოვანია".