ირაკლი ღარიბაშვილი: “გაზეთ “ქრონიკის” საშუალებით მოვუწოდებ მოსახლეობას...”

ირაკლი ღარიბაშვილი: “გაზეთ “ქრონიკის” საშუალებით მოვუწოდებ მოსახლეობას...”

ბრავო, ირაკლი! ყველაზე ახალგაზრდა შს მინისტრმა ბევრჯერ აჩვენა ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითი, მან შეძლო ამ ყველაზე მონსტრი პოსტის გაბათილება და სისტემის აპოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა. “სალუტ” ირაკლი! - ჩემი ეპატაჟური ეპიზოდი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში ბათილია! თუმცა, პოლიციელების პროვოკაციის მსხვერპლი თუ კიდევ აღმოვჩნდი, ვერ შეგპირდებით, რომ კვლავ მათი დედის მოკითხვით არ დავასრულებ გამოსვლას და მაინც, ერთი ხელბორკილი ჩემთვისაც შეინახეთ... ჩვენ ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს - ორივე უსამართლობას ვებრძვით, ოღონდ ჩემი თავდასხმის ობიექტი განეიტრალებულია, თქვენი - არა. ლევან ლეჟავას, რომელიც პატიმრების გაუპატიურებისა და წამების გამო რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პროვოკაციის მსხვერპლი 2007 წელს მე აღმოვჩნდი, ჩემი გინების ვიდეომ მსოფლიო შემოიარა, ცალფაზიანი მინისტრის, ივანე გაღლეტილის პოლიციამ სოციალურ ქსელზე ატვირთა და “გამაპიარა”, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი  უსამართლობასთან ბრძოლაც გამიბათილა! ამიტომაც, ის შს მინისტრია, მე კი - ჟურნალისტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ის არ ჰგავს ტიპურ ჩინოვნიკს, ყველასგან გამორჩეული მინისტრი მხოლოდ 30 წლის არის.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მოუსვენარია, ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტი და ცინიკოსი. მისი ეშინიათ, პირდაპირობის გამო. ხშირად ახასიათებს მიდრეკილება, ჩაეძიოს დეტალებში, სისტემატურად ეძებოს და ებრძოლოს განხეთქილებას. არაფერს არ მოელის ცხოვრებისგან, წარმატება მასთან თავისით მოდის. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. სკეპტიკოსია, აქვს კრიტიკული ჭკუა. იუმორის გრძნობა და დიდსულოვნება მას წვრილმანებზე მაღლა აყენებს. არის ლოიალური, და პატიოსანი. შეგიძლია მას  დაეყრდნო, სხვაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. არ უყვარს ბრიყვები, აფერისტები და პირფერების “აღსარება”. აქვს მარტივი მეტყველება, მაგრამ არავის შეუძლია ისე ყურადღებით მოსმენა, როგორც მას. მისი ერთგულება უსაზღვროა, რაც თავგანწირვას უახლოვდება. ის ხალხის პატივისცემას იმსახურებს. ნებისმიერი უსამართლობა მასში იწვევს პროტესტს. ის არ დაწყნარდება, მანამ, სანამ არ მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. არის მორალისტი, მემარცხენე. არ არის დაინტერესებული ფულით. დიდსულოვანი და უანგარო, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებულია, მასში უპირატესია ინტელექტუალური საწყისი, მას შეუძლია ხალხის მართვა. სიძნელეებთან ბრძოლა მისთვის ჰობივითაა, თავად ქმნის სიძნელეებს თავისი მოუსვენრობით და თავადვე ასწორებს!

ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ჩემთვის ერთგვარ ჰობად იქცა, თუმცა მინისტრის დაძაბული გრაფიკის გამო, დღემდე ეს შეუძლებელი იყო. შს მინისტრის კაბინეტში, ცხადია, “ქრონიკას” “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ფეხი არ დაუდგამს, ან ვინ გაგვიღებდა ამ ჯოჯოხეთის კარს. პირადად მე, 2006 წელს მცდელობა მქონდა, ივანე “გაღლეტილთან” დამერეკა და მისგან პრიმიტიული პასუხი მივიღე: რა გინდა, ნინო, თავი დამანებე, ინტერვიუს არ მოგცემო... აბა, ივანე “გაღლეტილს”, თავს როგორ დავანებებ, როცა ასე კარგად მართობს... თუმცა აქ რა მოსატანია ეს თავგზააბნეული... მოკლედ, ღარიბაშვილის კაბინეტის კარი შევაღე, სამწუხაროა, რომ ფოტორეპორტიორის გარეშე შედგა ჩვენი ინტერვიუ. როგორც შევიტყვეთ, ახალ მინისტრს საკუთარი გამოვნებით მოუწყვია სამუშაო ოთახი. ეს საინტერესო ახალგაზრდა გულწრფელი ღიმილით მხვდება და ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მოდის...

- რა გნებავთ, ჩაი თუ ყავა?

ირაკლი ღარიბაშვილი...

- (იღიმის)... ინტერვიუს კარგი დასაწყისია...

თქვენი ბიოგრაფიიდან ყველაზე მეტად, იცით, რა მომეწონა? პარიზში 1000 დოლარით რომ წახვედით სორბონას უნივერსიტეტში სასწავლებლად და პარალელურად, ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობა რომ არ ითაკილეთ, საკუთარ თავსა და ოჯახს რომ არჩენდით თქვენი შრომით. და კიდევ ის მომწონს, რომ ფრანგული მანერები გაქვთ, - სწრაფი და დახვეწილი ჟესტიკულაცია, მკაცრი და დინამიური საუბარი, მოხდენილად ჩაცმული. მოკლედ, გლამურული  ხართ...

- (იცინის) იცით, როგორ არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი...  მოკლედ გეტყვით, - ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი და მიზანდასახული ვარ, არასოდეს ვთაკილობდი შრომას, ცხოვრებაში ბევრ რამეს მივაღწიე, თუმცა  უშრომელად წარმატება ჩემთან არ მოსულა. დედაჩემმა ჩემს განათლებაში დიდი როლი ითამაშა, მას უნდოდა, რომ ყველაფერი მცოდნოდა. კარგად ვსწავლობდი, სკოლა და უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, შემდეგ  წავედი საფრანგეთში, ჩავაბარე სორბონას უნივერსიტეტში, როგორც კი ჩამოვედი, მუშაობა დავიწყე. გამიმართლა, ხომ იცით, ყველაფერი ბედისწერაა...

კი, მაგრამ, ბევრი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი რომ მომპარეთ თქვენი ბიოგრაფიიდან, მე მოვყვე? ფორტეპიანოდან დაწყებული, ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე უკრავთ, ბოლო დროს კინაციონალებისნერვებზეც უკრავთ! სპორტსმენი ხართ, არ ეწევით, არ სვამთ, ქართულ ტრადიციებს პატივს სცემთ. ეს, ალბათ, თქვენმა 42 000-მა თანამშრომელმა უნდა იცოდეს... 

- (იცინის) კი, მუსიკა მიყვარს, ბავშვობაში ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდი. მუსიკის გარდა, ძალიან მაინტერესებდა სპორტი, ბავშვობიდან დავდიოდი აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე, ძალიან გამიტაცა სპორტმა, სწავლისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა, ამიტომ, დედაჩემის რჩევა გავითვალისწინე, მას დავუჯერე და სპორტს თავი დავანებე.

თქვენ ჩემი ფავორიტი სპორტის სახეობა ახსენეთ, აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნებაში ერთი დაუწერელი კანონია, არ არსებობს დიდი და პატარა მოწინააღმდეგე, არსებობს მოწინააღმდეგის დამარცხების სტრატეგია და ტაქტიკა! ახლა კი გასაგებია თქვენი ხასიათი, სპორტის ეს სახეობა ადამიანებს უმუშავებს ძალიან დიდ მოთმინების უნარს, მოვლენების სწრაფ ანალიზსა და ემოციების მართვას...

- ზუსტად დამახასიათეთ, ემოციური ვარ, მაგრამ ემოციების მართვა შემიძლია... მაგრამ გაბრაზებას მალე ვივიწყებ.

როგორც თქვენს ბიოგრაფიაში ამოვიკითხე, მეუღლეს იცნობთ ბავშვობიდან და ის თქვენი პირველი სიყვარულია, რომელთანაც 21 წლის ასაკში ოჯახი შექმენით და გყავთ ორი ვაჟი.

- ერთ სკოლაში ვსწავლობდით და მე-9 კლასიდან მიყვარს. შემდეგ ვსწავლობდით ერთ უნივერსიტეტში ერთსა და იმავე დროს. საფრანგეთში რომ წავედი და დავბრუნდი, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, პირიქით, უფრო განმტკიცდა, ეს ჩვენი გრძნობების ერთგვარი ტესტი იყო.

თქვენთვის საფრანგეთიდან კარგად მოჩანდა მიხეილ სააკაშვილი და მაშინ თვლიდით, რომ ის იყო ახალგაზრდა დემოკრატი. თქვენი მსოფლმხედველობა მიშასთან მიმართებაში როდის დაიმსხვრა?

- მალე მივხვდი, რომ რეალურად ის არ აშენებდა ნამდვილ დემოკრატიას, მასში იყო აშკარად გამოკვეთილი ავტორიტარული რეჟიმის ნიშნები.

თქვენ არჩევანის წინაშე იდექით - ან მიხეილ სააკაშვილის კანცელარიაში უნდა გემუშავათ, ანქართუ ჯგუფში”. თქვენი მეუღლის რჩევით ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში წახვედით.

- როდესაც საფრანგეთიდან დავბრუნდი, კონკურსი იყო გამოცხადებული და კანცელარიაში მე თვითონ მივედი, გავიარე ტესტირება და დამიკავშირდა ქალბატონი, თქვენ ტესტი წარმატებით გაიარეთო. მაგრამ პარალელურად გამომიჩნდა მეორე ვარიანტი, შესაძლებელი იყო “ქართუ ჯგუფშიც” დამეწყო მუშაობა. სხვათა შორის, როდესაც მნიშვნელოვანი მომენტი დგება ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის მაქვს ორი გზა, ორი არჩევანი, მადლობა ღმერთს, ყოველთვის სწორ არჩევანს ვაკეთებ. დიახ, ჩემი მეუღლის რჩევით მე წავედი “ქართუ ჯგუფში”. ჩემს ცხოვრებას იცით, როგორ ავხსნი? ჩემი განვლილი ცხოვრება, თითქოს ერთი, ძალიან კარგად დაგეგმილი სცენარია.

თქვენს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული წელი და რიცხვია 2005 წლის 17 ოქტომბერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაგირეკათ და გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა და შემოგთავაზათ თანაშემწეობაბიძინა ივანიშვილს თქვენ იმედები გაუმართლეთ და ამას არ მალავს...

- ყველაფერი გცოდნიათ ჩემს შესახებ... ეს ნამდვილად ასე იყო. საკმაოდ სწრაფი კარიერული ზრდა მქონდა, ბევრ საფეხურს გადავახტი, თუმცა წარმატება მარტივად არ მოდის, ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა. დიახ, 2005 წლის 17 ოქტომბერი იყო დღე, როცა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ დღემ სულ სხვა გზა გამიხსნა, სხვა პერსპექტივა მომცა, ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ბევრჯერ მიფიქრია, რომ დავრჩენილიყავი საფრანგეთში და უცხოეთში მემუშავა. როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება... ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა, ჩემი ქვეყნის გარეშე ვერ გავძლებდი.

თქვენ იმ წლებში გაიცანით ივანიშვილი, როდესაც ის მისტიკური ფიგურა იყო, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა, როგორ გამოიყურებდა იგი, ივანიშვილი რეალობა იყო, თუ მითი... მედიაში გამოჩნდა მისი მხოლოდ ერთადერთი ფოტო და ცოცხალი ივანიშვილი ნანახი არავის ჰყავდა...

- კარგად მახსოვს, ჩვენი პირველად შეხვედრა, ეს ძალიან საინტერესო იყო, სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში ბატონმა ბიძინამ ჭორვილაში დამიბარა, ფიზიკურად პირველად მაშინ გამიცნო. მხოლოდ მისი სურათი მქონდა ნანახი. თუ გახსოვთ, 2005 წლის გაზაფხულზე მისი პირველი ინტერვიუ მისივე ფოტოთი გამოქვეყნდა. აი, ამ ფოტოს საშუალებით ვიცნობდი მას. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინას იმედები გავამართლე, ის ძალიან აფასებს ადამიანში ერთგულებას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისი ერთგული ვარ, ზოგადად ჩემთვის ღალატი მიუღებელია, სამსახურისადმი გულგრილობა, უპასუხისმგებლობა, ჩემში ეს ხასიათი არ არის. თავიდანვე კარგად მქონდა გააზრებული, ვის ვემსახურებოდი და ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი რამდენად მნიშვნელოვანი პერსონა იყო. 23 წლის ვიყავი, როცა თავისი ფონდის ხელმძღვანელად დამნიშნა. მე ვიყავი თანამონაწილე იმ პროექტებისა და ქველმოქმედების, რომელიც ხორციელდებოდა ბატონ ბიძინას მიერ. ვიყავი ძალიან ბედნიერი, როცა ვხედავდი, რამდენ კეთილ საქმეს აკეთებდა ბატონი ბიძინა და ამის თანამონაწილე მეც ვიყავი. ამ კუთხითაც გამიმართლა, ღმერთმა მომცა შანსი, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაში პატარა წვლილი შემეტანა. 20 წელი ანონიმურად ეხმარებოდა ხალხს და ქვეყანას და 2 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება გასწია.

საკმაოდ პატარა ბიჭი იყავით, როცა ძალიან მაღალ თანამდებობაზე დაინიშნეთ და მაღალი ხელფასი გქონდათ. თქვენი ძლიერი ხასიათის მიუხედავად, წარმატება თავში არ აგივარდათ?

- ძალიან მეძიებით ახლა... არ მინდა ყველაფერი გაგანდოთ, მეც მაქვს ჩემი პირადი საიდუმლოებები. ვიცი, როგორ უნდა ვმართო საკუთარი თავი და თუ ადამიანი საკუთარი თავის მართვას ვერ ისწავლის, ეს ნიშნავს, რომ სისტემას ვერ მართავს და ვერც ერთ სტრუქტურას ვერ გაუძღვება. ვიცი, როდის ვარ ცუდ მდგომარეობაში, როდის ვარ ფორმაში, ყველაზე მეტად მაღიზიანებს უსამართლობა!

ერთ-ერთმა ფრანგმა მილიარდერმა თქვენ გითხრათ, - ირაკლი, მსოფლიოს ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ გასწავლიან იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილისგან ისწავლიო. რა გასწავლათ ივანიშვილმა? როგორც მითხრეს, ბატონ ბიძინას ჰქონია უცნაური ჩვევა, - ადამიანებს ყველაფერს აძლევს, თავისუფლებას, ძალაუფლებას, ფულს, მერე აკვირდება, ამ ცდუნებას როგორ გაუძლებს, ძალიან ძლიერი უნდა იყო, ღირსეულად გაიარო ეს გზა. მასთან სუსტები ვერ ძლებენ, ივანიშვილს მებრძოლები უყვარსო...

- ჩემი ცხოვრების წესი მაქვს და ჩემი პრინციპები, ბატონ ბიძინასგან ერთგულების ფასი ვისწავლე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

რამდენიმე დღეა, თქვენს პიროვნებას ვაკვირდები ლუპით, რაც თქვენში დავინახე, ისაა, რომ ფსიქოლოგიური პორტრეტით ჰგავხართ ივანიშვილს და თქვენშიც არის გველის ფსიქოლოგია. ჩასაფრება, დამიზნება და მოწინააღმდეგეზე თავდასხმა, ორივე დროს სათქვენოდ ამუშავებთ!

- (იცინის) რა მაგარი შედარება გააკეთეთ...

როდესაც მინისტრად დაინიშნეთ, ყველას ეგონა, რომ ამ პოსტს ვერ გაუძღვებოდით, ვანო მერაბიშვილის კადრებს ვერ მოერეოდით, მაგრამ ისინი  დაიახლოვეთ, ჩაუსაფრდით და თავს დაესხით...

- ახლა უკვე დისკომფორტს მიქმნით, იმიტომ, რომ ჩემი ფსიქოლოგია კარგად გაგიშიფრავთ... ბრავო, მართალია... მეც მაქვს ჩემი მიდგომები. ერთ რამეს გეტყვით, ბატონ ბიძინასგან ბევრი რამ ვისწავლე, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და იქნება მაგალითის მომცემი. აბსოლუტურად სხვაგვარად შევხედე სამყაროს, შინაგანადაც მაქვს ჩემი მიდგომები და განსაკუთრებით ერთ რამეს ვერ ვიტან, ზემოთაც გითხარით, ესაა უსამართლობა! მე თუ ადამიანს ნდობას ვუცხადებ და ჩემს ნდობას ვინმე ბოროტად იყენებს, ან ვერ მიმართლებს, მერე იმ ადამიანს გვერდიდან ვიშორებ. შემიძლია მაქსიმალურად გავუღო ყველა კარი, მეგობარი იქნება თუ კოლეგა, ბოლომდე ახლოს ვუშვებ, იცით, რატომ? ახლოდან ყველაფერს კარგად ხედავ. შესაბამისად, მე თუ აღმოვაჩინე, რომ ესა თუ ის ადამიანი, ან თანამშრომელი იქცევა ბრიყვულად, უსამართლოდ, უპასუხისმგებლოდ და არაკეთილსინდისიერად, ან უბრალოდ მას თუ არ აღმოაჩნდება სათანადო კვალიფიკაცია, ასეთ ადამიანს ვიშორებ. მართლმადიდებელი ვარ და შესაბამისად, მიმტევებელიც, მაგრამ ერთი რამ მაქვს ძალიან კარგად დამახსოვრებული, - ამ თანამდებობაზე არ ვარ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც დიდი პასუხისმგელობა აქვს ქვეყნის, ხალხის და პრემიერ-მინისტრის წინაშე. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა არ მაძლევს უფლებას, მოვიქცე სხვანაირად, ვიყო უფრო მიმტევებელი, ან რაღაცაზე თვალი დავხუჭო.

ამბობთ, რომ ვერ ეგუებით უსამართლობას, არადა, 18 მარტს მიხვედით პარლამენტში იმ უმცირესობასთან, რომელთა 9-წლიანი მმართველობა მინიმუმ, უსამართლობის კასკადი იყო... გია ბარამიძემ, რომელსაც აფრასიძეების სისხლში აქვს ხელები გასვრილი, თითი გიქნიათ და კურტანიძის ოპოზიციასთან მწვავე საუბრები შეგახსენათ. თქვენი ოჯახის წინაშენაციონალებმადანაშაული ჩაიდინეს, თქვენი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი უკანონო პატიმრობაში ამყოფეს, მისი მკვლელობის ოპერაცია დაგეგმეს, არ მახსენდება შს არც ერთი მინისტრი, რომელსაც უმცირესობისთვის  ანგარიში ჩაუბარებია. ამ უსამართლო აუდიტორიასთან სალაპარაკოდ რატომ მიხვედით?

- სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე კრიტიკა, რატომ არ ვიყავი უფრო აგრესიული და რატომ არ გავეცი მათ საკადრისი პასუხი უფრო აგრესიულად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან, ვინც იმ დარბაზში ჩემი ოპონენტები იყვნენ, მათივე ტერმინოლოგიით საუბარი არ შეიძლება. ჩემი მისვლით მოვახდინე იმის დემონსტრირება, რომ არ შევდივარ მათთან დებატებში, მათ არა ჰქონდათ მორალური უფლება, ჩემთვის დაესვათ ისეთი სასაცილო შეკითხვები, რომელიც მოვისმინე. მსგავსი ტიპის შეკითხვები შეიძლება დამისვას ნებისმიერმა მოქალაქემ, მაგრამ არა - მათ. 9 წლის განმავლობაში იმდენ უსამართლობას სჩადიოდნენ, ისეთ საშინელ დანაშაულებზე ხუჭავდნენ თვალს, მათ უბრალოდ, არც ზნეობრივი და არც მორალური უფლება არ აქვთ, რომ ჩემ მიმართ რაიმე კრიტიკული გამოთქვან. როდესაც მათ შევახსენე ჩემი სახით ერთ-ერთი მაგალითი, თუნდაც როგორი ვიყავი მათი მხრიდან რეპრესირებული ოჯახის წევრი, ასეთები კი საქართველოში ძალიან ბევრი ვართ, მათ მიპასუხეს, - თქვენ ახლა, საკითხის კომპენსირებას ახდენთო?!. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან გამოუსწორებლები.

რატომ არ მოსთხოვეთ, თქვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის ბოდიში მოეხადათ, ამის შემდგომ დაგეწყოთ საუბარი?

- ბოდიშის მოთხოვნას აზრი არ ექნებოდა, ვინაიდან საზოგადოებისთვის მათგან ბოდიშის მოხდა წარმოუდგენელია, მათ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ. მათ სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ ჩადენილ დანაშაულზე, მთავარი ტრაგედია ისაა, რომ 9 წლის მანძილზე უსამართლობას სჩადიოდნენ. ესა თუ ის საქმე რატომ არ იქნა დროულად გამოძიებულიო... ამას მეკითხებიან მე, მათგან რეპრესირებულ ადამიანს. ის არ მაკმარეს, რომ ოჯახის წევრი დამიპატიმრეს, ერთი წელი უსაფუძვლო ბრალდებით ჩასვეს ციხეში, თამაზ თამაზაშვილი იყო მათი პირადი მძევალი, მთელი წლის განმავლობაში ბინძური კამპანია გააჩაღეს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ამ ყველაფერს უსმენდნენ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდნენ. ახდენდნენ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იგეგმებოდა ჩემი სიმამრის ლიკვიდაცია ციხეში, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, ცოტა ხანში გაიგებთ, რა იყო რეალურად. საქმეს პროკურატურა იძიებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნები რომ არ მოგვეგო, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდებოდა, ჩემზე ორი საქმე იყო გამზადებული პროკურატურაში, რა თქმა უნდა, უაზრო და უსაფუძვლო. დაგეგმილი იყო ჩემი დაკავება და ეს ყველაფერი დროში იყო გაწერილი. მათ კანონი მოსთხოვს პასუხს და არა მარტო მათ, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რაც მთავარია, ჩემი პარლამენტში მისვლით, მე პატივი ვეცი არა მათ, არამედ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტის უმცირესობას. მე რომ გითხრათ, ძალიან მენატრებოდა მათი ნახვა, ან ძალიან ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასაცილო, პირიქით, იქ მისვლა სულაც არ მიხაროდა, რადგან “ნაციონალებთან” საუბარი არ არის სასიამოვნო...

მკვლელი რომ საქმეს გაგირჩევს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო...

- მით უმეტეს, იმ სასაცილო კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემთვის იყო ძალიან დამღლელი. თქვენ მკითხეთ და გიდასტურებთ, ეს იყო პრეცედენტი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში შეხვდა უმცირესობას. არც ერთ ჩემს წინამორბედს ეს არ გაუკეთებია.

თუმცა, საპარლამენტო ინსტიტუტისადმი თქვენს პატივისცემას, “ნაციონალური მოძრაობაცუდად იყენებს და ისინი ამასობაში რეინკარნაციას განიცდიან. სამწუხაროდ, ოპოზიციის ადგილს იკავებენ პარლამენტში. ძალიან კარგი იქნებოდა, კოალიციის რომელიმე სუბიექტს რომ დაეკავებინა ოპოზიციის ნიშა. აქვე მინდა გკითხოთ, - თქვენ აღმოაჩინეთ ვიდეო და აუდიოკომპრომატების ქეისი. ამბობენ, რომოცნებისწევრების, მათ შორის ქალბატონების უხერხული სექსუალური ფაქტებია აღბეჭდილი, რის გამოც იძულებით კოჰაბიტაციაში ხართ. “ნაცებს” “ოცნებადაშანტაჟებული ჰყავს?

- დროებით კოჰაბიტაციას, ანუ დროებით თანაცხოვრებას, სისუსტეს ვერ დავარქმევდი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურვილი აქვთ, სწრაფად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ეს ტერმინი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. ნუ დაგვავიწყდებათ, რომ 9 წელი ვითმენდით ამ ყველაფერს. “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობის შემდეგ ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და შეცვალა ხელისუფლება. შესაბამისად, ეს არის გარკვეული პროცესი, რასაც მოქალაქეებმა სხვა თვალით უნდა შეხედონ. საარჩევნო პერიოდში მოქალაქეებისგან საყვედურებს ვისმენდით, რომ “ოცნება” ასეთი ტემპით არჩევნებს ვერ მოუგებს “ნაციონალურ მოძრაობასო”, ყველაფერი ცუდად მიდისო. იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი, კრიტიკა და ნერვიულობა, თუმცა ყველამ კარგად ვიხილეთ შედეგი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან კარგად მოფიქრებული და ბრძნულად გაწერილი გეგმა, მას ჰქონდა კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა, რომელიც შეასრულა წარმატებით, კიდევ უფრო წარმატებით ასრულებს მეორე გეგმას. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი, - ცოტა ხანს მოვითმინოთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი მოწოდება და რჩევა. ახლა ვართ მოთმინების რეჟიმში, დიდი საქმეების გადაწყვეტას სჭირდება, დიდი მოთმინება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი, ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები.

მაშინ, ისიც გეცოდინებათ, იქნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან ეს შემადგენლობა რეალურად არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის სახეს, ეს არ არის მებრძოლთა გუნდი და არცნაციონალებსარ აუღიათ რეალურად არჩევნებზე 40 პროცენტი.

- მაგ საკითხზე მე არ ვფიქრობ, არავინ არ იცის, რა მოხდება. თქვენ ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე მკითხეთ, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სტილი, იცით, როგორ მუშაობდნენ? ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა წევრსა და ასევე საკუთარ თანაგუნდელებზე, მათ შორის ძალიან ახლობელ ადამიანებზე, ისინი აგროვებდნენ კომპრომატებს, ვიდეო და აუდიოჩანაწერებს. დიახ, ჩვენ აღმოვაჩინეთ უზარმაზარი არქივი, სადაც იყო ძალიან რთული და უხერხული კადრები, სხვადასხვა ძალიან ცნობილ ადამიანებზე. შესაბამისად, სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ მათ თან ჰქონდეთ ეს ვიდეოჩანაწერები და ზუსტად ვიცი, რა არის მათ ხელში, მაგრამ თუკი მათ აქვთ იმის ილუზია, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით ახალ მთავრობას რაიმე დარტყმას მიაყენებენ, ეს არის გულუბრყვილობა და ბავშვური ინფანტილიზმი. თუკი მათი მხრიდან მოხდება ამ კადრების გავრცელება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, როგორი ამორალური და უზნეო მუშაობის სტილი ჰქონდათ მათ. გახსოვთ, ალბათ, პროკურატურამ გამოაქვეყნა რამდენიმე თვის წინ კადრები, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მთელი 9 წლის განმავლობაში აგროვებდა ვიდეოკომპრომატებს და კადრების გამოქვეყნების შემდეგ, აცხადებდნენ - თურმე, ადამიანების პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი, რატომ იღებდნენ ასეთ კადრებს, ამაზე პასუხი მათ არ გაუციათ.

ჩემი ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილის გარემოცვა, რომელიც შემორჩენილია სამინისტროში, ფარულ მოსმენებს განაგრძობს, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ პორტაბელური, გადასატანი მოსასმენი აპარატურა, რომლის საშუალებითაც მათ აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ რამდენიმე ადამიანს. არ გამოვრიცხავ,  ვიღაცებს უსმენდნენ და შემდგომ ეს ჩვენ დაგვაბრალონ. არსებობს რისკი იმისა, რომ თვითონ გააკეთონ აუდიოჩანაწერი და თქვან, მაგალითად, ღარიბაშვილი უსმენს ნინო სამხარაძესო. გარკვეული საბოტაჟის რისკები, თუნდაც ამ ტიპის, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მე ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნია.

ჩემთან ინტერვიუში მამუკა არეშიძემ თქვა, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია 60-კაციანი ჯგუფი, რომელსაც მერაბიშვილი ამუშავებს, ისინი ბომბს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაშიო.

- 60 კაცი კი არა, 600 კაციც რომ იყოს წინა ხელისუფლების მომხრე, არ გამოვრიცხავ ამას და შეგუებულიც ვარ. ეს მე დისკომფორტს არ მიქმნის. როცა სამინისტროში მოვედი, ყველა ხელმძღვანელი შევცვალე, კადრები საცდელი ვადით დავნიშნე, არათუ ერთხელ, მეორეჯერ გავატარე საკადრო ცვლილებები. აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელია შეცვლილი, კუდ-ი და სოდ-ი გავაუქმე, მათ ბაზაზე შევქმენი ორი ახალი სააგენტო, ახლიდან დავიწყეთ ამ ორი სტრუქტურის მშენებლობა, შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, სოდ-ისა და კრიმპოლის ბაზაზე შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. მე ვახსენე დროებითი კადრები, ამ კადრებს მივეცი შანსი. რამდენიმე მათგანმა გაამართლა, რამდენიმე სამხარეო პოლიციის მუშაობით კმაყოფილი ვარ და ვინც ვერ გაამართლა დაკისრებული მოვალეობა, ისინი შევცვალე და კიდევ შევცვლი, ვინც ვერ იმუშავებს და ვერ იქნება ეფექტური, ვინც ჩემს ტემპებს ვერ გამოჰყვება. სულ ერთი თვის წინ დავასრულე საკადრო გადაადგილებები, მცხეთა-თიანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის სამხარეო უფროსს ახლა ვცვლი, ასევე თბილისის ყველა რაიონის პოლიციისა და სპეცრაზმის უფროსები შეიცვალა.

ადამიანები დაძაბულები არიან და ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა ცუდად დასრულდება...

- მე იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ვინც დაძაბულია. არავითარი საფუძველი არ არსებობს და შიში იმისა, რომ აქ ვიღაცა რაღაცას მომიწყობს... ამას ქვედა დონეზე არ გამოვრიცხავ და პირიქით, ვადასტურებ, რომ ჯერ კიდევ არიან ყოფილი ხელისუფლების მომხრეები, ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. ერთმანეთის მიმართ შეიძლება მათ რაღაც ვალდებულებები ჰქონდათ აღებული, დღეს მე რომ ვთქვა, რომ 42 000 თანამშრომელი, რომელსაც ვმართავ, ყველა არის ახალი მთავრობის მხარდამჭერი, ეს ხომ აბსურდი იქნება. ქვედა დონეზე ყველას დევნას ვერ დავუწყებ, პრემიერის დავალება იყო ასეთი, - უნდა მოხდეს სისტემის დეპოლიტიზება. მთავარი, რაც ჩვენ დავიწყეთ, არის ის, რომ პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ სისტემა. შესაბამისად, თუ ამ სისტემაში გარკვეული ჯგუფი არ იქნება ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ, თუკი მომავალში პოლიციის რომელიმე თანამშრომელს განსხვავებული შეხედულება ექნება, ეს არ უნდა იყოს ანომალია. რაც მთავარია, ჩვენ ვმართავთ ზედა დონეს, ყველა ხელმძღვანელი არის ჩემი დანიშნული, მინდა ყველა დავამშვიდო, სრულად ვაკონტროლებ სამინისტროში სიტუაციას.

ნაციონალებმა კიდევ ერთი დაკიდებული თარიღი შემოგვთავაზეს, 19 აპრილი. მერაბიშვილი სიურპრიზებს ჰპირდება მოსახლეობას. აშკარაა, რომ პროვოკაცია გარდაუვალი იქნება, როგორც ეს 8 თებერვალს მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. თქვენი ინფორმაციით, რა არის მოსალოდნელი?

- შეიძლება მერაბიშვილს ჰგონია, რომ მაგრად მუშაობს და ღრმა კონსპირაციას იცავს, მაგრამ იშიფრებიან მისი აგენტები. მაგალითად, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, - როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელი და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრირებულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, - ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ, მივიდნენ, ოღონდ მათ ვურჩევ, მუნდირი არ შეარცხვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირს სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებენ, მიუხედავად მათი ვალდებულებებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამას გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში. ის პოლიციელები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აპირებს, დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე!!!

ამბობენ, 19 აპრილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის სერიოზული ტესტი იქნებაო. თუკი ექსცესები გარდაუვალი აღმოჩნდება, აპირებთ თუ არა კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად, ძალის გამოყენებას? ისე კი, ამ ბოლო დროს, ყველა მხრიდან გებრძვიან...

- ასეც არის, მებრძვიან, მაგრამ მათ მთავარი არ იციან. გინდათ, გითხრათ, რა არის მთავარი? მე ბრძოლა უფრო მაძლიერებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ პროვოკაციის მოწყობა, არეულობა, მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს. თქვან, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მოსახლეობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 19 აპრილის მოლოდინი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამ დღეს არაფერი მოხდება. აქ მთავარია სხვა რამ, - იმდენად დესტრუქციული მესიჯები უდევთ ამ კამპანიაში, მე მინდა შევახსენო ვანო მერაბიშვილის განცხადება საზოგადოებას, სადაც ამბობს, - ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ ავიტანთ, ვერ ვაცდით და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ... ეს უკვე შინაარსით არის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ასევე, განცხადება იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, ეს არის დესტრუქციის შემცველი, პროვოკაციული შინაარსის განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ჩვეული მოთმინებით ვუსმენთ, ძალიან კარგად ვაკვირდებით მათ ქმედებას და ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ რაიმე სახის პროვოკაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრევენციული გეგმა გვაქვს შემუშავებული და რისკები - მინიმუმამდე დაყვანილი, რომ იქ სასაცილო პროვოკაციები არ მოაწყონ, 8 თებერვლის მსგავსი, რაც ჩვენ “ეროვნულ ბიბლიოთეკასთან” ვიხილეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გაზეთ “ქრონიკის” საშუალებით მოვუწოდებ მოსახლეობას. მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია “ნაციონალების” მიმართ აგრესიული, მაგრამ მათ თხოვნით მივმართავ: მეც ერთ-ერთი რეპრესირებული ვარ წინა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ დღეს უკვე მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხს ვაგებ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ბანაკში, რომელ მხარეს იდგება მოქალაქე. ჩვენ ვალდებულნი ვართ და პასუხისმგებელნი, დავიცვათ ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება, მათი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შევიდნენ კონფლიქტში, არ წამოეგონ პროვოკაციებს 19 აპრილს.

ძალიან რთული იქნება, მოუწოდოთ იმ ადამიანებს, ვისი სისხლის გუბეებიც დააყენა ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბერს, თუ 26 მაისს რუსთაველზე, იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი და მისი მომხრეები ახლა გამოდიან, როგორც დემოკრატები და უფლებადამცველები.

- მესმის, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ რაიმე პროვოკაციას აჰყვება რომელიმე მოქალაქე და 19 აპრილს შეკრებილ მოსახლეობას, დემონსტრანტებს დაუპირისპირდება, ეს იქნება პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმა და ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მათ ინტერესებშია, რომ მოხდეს დაპირისპირება, კონფლიქტი მოქალაქეებსა და მანიფესტანტებს შორის, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჩვენს ჩაბმას ამ ორ ანტაგონისტურად განწყობილ მხარეს შორის. შესაბამისად, თხოვნით მოგმართავთ, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საკუთარი ემოციების გამომჟღავნებისგან და არ შეხვიდეთ კონფლიქტში 19 აპრილის აქციის მონაწილეებთან. უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვაცხადებთ, რა პრევენციულ ზომებს მივმართავთ 19 აპრილისთვის, ძალიან ბევრი კამერით მოხდება დაფიქსირება თითოეული ქმედების.

აქვე ჩაგეკითხებით, თქვენს პირველ მოადგილეზე - გელა ხვედელიძეზე უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ქვეყნდება, ამბობენ, რომ ის არის ვალერი ხაბურძანიას კადრი, რომელიც შემდგომფორუმშიაღმოჩნდა გუბაზ სანიკიძის მეშვეობით, გუბაზ სანიკიძე და ხაბურძანია მეგობრები არიან. რამდენად ენდობით გელა ხვედელიძეს?

- ხვედელიძე არის ჩემი ერთგული და მე მას ვენდობი, ის არის თავისი საქმისა და ქვეყნის ერთგული, შესაბამისად, ყველა ის ჭორი და ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან გაზვიადებულია, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოდიან პრესით და ინტერვიუებში ამბობენ, რომ ხვედელიძის საკურატოროში დაინიშნა, სისტემას იგივე პირები მართავენ, ეს უბრალოდ ასე არ არის, ასეთი დეზინფორმაცია ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

არის ინფორმაცია, რომბოევიკები”, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციას შეეწირნენ, ჩამოყვანილი იყვნენ წინა ხელისუფლების მიერ ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით, ამ ინფორმაციამ გაჟონა და წინა ხელისუფლება იძულებული გახდა, კვალი წაეშალა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? იგეგმებოდა ივანიშვილის ლიკვიდაცია?

- ფაქტობრივად, ლაფანყურის საქმის გამოძიების ბოლო ეტაპზე ვართ, ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება, რა მოხდა რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საიდან აღმოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ლაფანყურში. ამ ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაციის გარშემო ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ პასუხისგან.

დაბოლოს, მძღოლების სახელით მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ჯარიმებია, მაშინ როცა ადამიანების საშუალო ხელფასი 600 ლარია, შეძლებს ახალი მინისტრი ჯარიმების ლიბერალიზაციას?

- მესმის, ძალიან რთულია ამხელა თანხების გადახდა. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ  ვმუშაობთ ახალ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტს მაისში წარვუდგენთ, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაზე ჯარიმა უფრო გამკაცრდება...

*****

ჩვენი დროც ამოიწურა, მინისტრს შეხვედრაზე ეჩქარება, იძულებული ვართ, აქ შევწყვიტოთ ინტერვიუ. მართალია, ბევრი ყბადაღებული თემა დაგვრჩა განსახილველი, როგორიცაა თელია და “საია”, ნეპოტიზმი და ბარბარე რაფალიანცის გამოუძიებელი საქმე, რომელიც, მინისტრის ინფორმაციით, ძალიან მალე დასრულდება. თუმცა იმედია, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ, დრო და დრო მოგვეცემა საშუალება, მინისტრმა მწვავე კითხვებს უპასუხოს.