"ქოლგით გაგატყავებ და ყველაფერს იტყვიო..."
"მანუჩარ ქაჯაიამ მითხრა, დაგიხოცავ ბავშვებს და თუ არ ილაპარაკებ მაგასაც ვნახავო"
ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით გასამართლებული მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჩიკვაიძე პროკურორ მანუჩარ ქაჯაიას პროკურატურაში დაბრუნებას აპროტესტებს. ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გამოსული ქალბატონი ინტერვიუს ჩაწერისას ცრემლებს ვერ იკავებდა, - სულში ჩამაფურთხეს, განადგურებული ვარ, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებო.
ქალბატონი თამარი 23 წელი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა. 17-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1999 წლიდან პარალელურად მცხეთის საჯარო რეესტრში მუშაობდა. 2006 წელს კი იურიდიული ფირმის მეწილეც გახდა. სწორედ ამ ფირმის საქმიანობას უკავშირდებოდა მისთვის წაყენებული ბრალი.
თამარ ჩიკვაიძე: - არჩევნების შემდეგ პროკურორი მანუჩარ ქაჯაია სისტემიდან გაუშვეს. მაშინ ამოვისუნთქე, ეს კაცი ჩემსავით სხვას ვეღარ დაუნგრევს ცხოვრებას-მეთქი, მაგრამ ახლა გავიგე, რომ პირსისხლიანი პროკურორი მთავარ პროკურატურაში ისევ დაუბრუნებიათ. მინდა საზოგადოებამ ამ არაადამიანზე სიმართლე გაიგოს....
მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მცხეთასა და გარდაბანში საჯარო რეესტრის სამსახური შეიქმნა, სადაც მიწების დარეგისტრირება უფასოდ შეიძლებოდა. იქ 2004 წლამდე ვმუშაობდი, მერე ჩემი განცხადებით წამოვედი, რადგან ხელმძღვანელი უკანონობის შესრულებას მთხოვდა.
- რას ითხოვდა?
- მიწის მართვის სამმართველოს უფროსად სააკაშვილის ბაბუამ, გივი ალასანიამ თავისი ახლობელი მოიყვანა. თავიდან, როცა პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებდა, თანამშრომლების ხელფასი 700 დოლარი იყო, მერე სახელმწიფო იმავე სამუშაოს შესრულებაში 36 ლარს გვიხდიდა. ალასანიას კადრმა, ჩემმა ხელმძღვანელმა, ფულის გაკეთების ასეთი გზა აირჩია: გამზადებულ დოკუმენტს უფულოდ არავის ატანდა... მოქალაქე არასწორ დოკუმენტაციასაც თუ მოიტანდა, მაინც უნდა მიგვეღო (კანონით არ გვევალებოდა, აგვეხსნა) და ამაში 50 ლარს ახდევინებდა... ვიცოდი, ამ დოკუმენტით პასუხს მაინც ვერ მიიღებდნენ და მოქალაქეებს ვაფრთხილებდი, ფული ტყუილად არ გადაეყარათ. არ შემეძლო გაჭირვებული ადამიანების ცრემლებისთვის მეყურებინა - მერე იდგნენ და ტიროდნენ. ერთხელ, დღის ბოლოს, ჩემმა უფროსმა 15 ლარი მომცა, დღეს თქვენ ეს დაიმსახურეთო. მივხვდი, უკანონობა გამაკეთებინა და უარი ვუთხარი. ფულზე უარს რომ ამბობ, ალბათ, მარტო ჩალიჩობო, - მითხრა. მეორე დღესვე წამოვედი სამსახურიდან...
გარემოს დაცვაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე ისევ მცხეთის საჯარო რეესტრში დამაბრუნეს. ჩემი უფროსი დააკავეს და იქ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. ერთხელ ერთი ქალი გაგვეცნო როგორც ჩვენი კოლეგა თბილისის რეესტრიდან და გვთხოვა, მისი საბუთები ურიგოდ მიგვეღო. ამის შემდეგ ხშირად მოდიოდა საბუთებით... ერთ დღეს შემომთავაზა, ავტორიზებული იურიდიული ფირმა გაგვეხსნა და 50%-იან წილში ჩამსვამდა. კანონს გადავხედე, პარალელური საქმიანობა შეზღუდული არ მქონდა და დავთანხმდი. თინათინ ქაცანაშვილს იმაზეც მოველაპარაკე, რომ მოგებული თანხის 1-დან 10%-მდე ბავშვთა სახლებისა და ეკლესია-მონასტრებისთვის შეგვეწირა. ჩემს თანამშრომელ ხათუნა დოლიშვილს მძიმე ოჯახური პირობები ჰქონდა, ქმარი ლოთი ჰყავდა და ძალიან მეცოდებოდა, ამიტომ ჩემი წილიდან 25% მას შევთავაზე. ეს იურიდიული ფირმა აზომვით ნახაზებსაც ამზადებდა და ხათუნას ქმარიც იქ დავასაქმეთ. ფირმას თამარ ქაცანაშვილი განაგებდა.
პირველი შემოსავალი რომ ავიღეთ და თანხა გაიყო, ქაცანაშვილმა მეოთხედიც კი არ მოგვცა. მაშინ მივხვდი, სუფთა ადამიანთან რომ არ მქონდა საქმე. კონფლიქტს თავი ავარიდე და მხოლოდ ის ვუთხარი, იცოდე, მიღებული მოგება მთლიანად ტაძარს უნდა შევწირო და ჩემი წილი სეიფში შეინახე-მეთქი. აბასთუმნის მამათა მონასტერს უნდა დავხმარებოდი.... ერთ დღეს თანამშრომლებმა მომაკითხეს და მითხრეს, ქაცანაშვილმა სეიფიდან შესაწირისთვის განკუთვნილი 3.000 ლარი გაიტანაო. გავბრაზდი, მაგრამ მალე გავიგე, რომ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც გაირკვა, ფირმის სახელით ფულს აკეთებდა... 8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ საპროცესო რომ გაეფორმებინათ, სრულიად უდანაშაულო ადამიანი დოკუმენტის გაყალბებაში დამადანაშაულა. სამაგიეროდ, სასჯელი 4 წლამდე შეუმცირეს.
გენერალურ პროკურატურაში დამიბარეს. იქ პროკურორი მანუჩარ ქაჯაია და გამომძიებელი ლევან ბოცვაძე დამხვდნენ. ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში რომ წამიყენეს, თავზარი დამეცა. ოთახში ადეიშვილის მოადგილე შემოვიდა და საშინელი სიტყვებით მამკობდა... დანაშაულის აღიარებას მთხოვდნენ... ქაჯაია ნელ-ნელა ტონს იცვლიდა, ახლა ამ შენი ქოლგით რომ გაგატყავებ, მერე იტყვი ყველაფერსო. მერწმუნეთ, მერჩივნა ხელით შემხებოდა, ვეცემე, ვიდრე ის სიტყვები ეთქვა, რაც მაკადრა, თუ სულში არ გაქვს ადამიანს, ამ საშინელებას ვერანაირი სამსახური და ვერანაირი ბრძანება ვერ გაგაკეთებინებს. გამწარებულმა მივახალე, - მეტი კაცობა არა გაქვს, ჩემისთანას რომ გაატყავებ, მერე სუფრაზე ქალის სადღეგრძელოსაც იტყვი და უცოდველი კრავივით შინ მისული ცოლ-შვილსაც მოეფერები. მაგრამ ღმერთი ხედავს ჩემს სიმართლეს და რაც არ ჩამიდენია, იმის აღიარებას არ ვაპირებ, დამაპირისპირე ის ადამიანი, ვინც ქრთამის აღებაში მამხელს-მეთქი. მითხრა, - შე მაიმუნო, ლოთო და ვიგინდარა, ჯერ ის მითხარი, რამდენი სახლი გაქვსო. არადა, 35 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობდი ვაჟა-ფშაველაზე...
ნაბოზარიდან დაწყებული, ყველაფერი მიწოდა. კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი. ვუთხარი, სახლში დამარეკვინე, ჩემი ქმარი ინერვიულებს-მეთქი, მაგრამ საღამოს 11 საათამდე არ მომცა უფლება. ფსიქოლოგიურად მანადგურებდა საშინელი სიტყვებით, რომლის გამეორებაც შეუძლებელია. მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდა და მოითხოვდა, ბრალი მეღიარებინა. უნდა ჩაუშვა ვინმე, ხომ იცი, შენ სხვამ ჩაგიშვა და შენც სახლში წახვალ, თუ იტყვი, რომ ფული უფროსთან შეგქონდაო. ხომ ხედავ, რეესტრის შენი ძველი უფროსი, კახა ირიაული ჯიპით დადის, ახალი უფროსი, თამარ დვალი კი მრგვალფარიანი მერსედესით. თქვი, მათ ფულს რომ აძლევდიო...
რომ არაფერი გამოუვიდა, დისშვილების და მეუღლის შვილიშვილების დახოცვით დამემუქრა. შვილი არა მყავს, წელიწად-ნახევრის გათხოვილი ვიყავი, როცა დამაკავეს. ორი დისშვილი მყავს. ქაჯაიამ ისიც კი მითხრა, რომელ ბაღში დადიოდნენ ჩემი დისშვილები და ჩემი მეუღლის შვილიშვილები.
თავიდან ყურებს არ ვუჯერებდი, ჩემი ოჯახის წევრებზე ყველაფერი ზეპირად იცოდა. შენს დისშვილებს საქანელა რომ უყვართ, იქიდან რომ ჩამოცვივდებიან და კისერს მოიტეხენ, არ გეშინია? იცოდე, დაგიხოცავ ბავშვებს და თუ არ ილაპარაკებ, მაგასაც ვნახავ, ხვალ რომ დარეკავ და გაიგებ, ბავშვები აღარ არიან, შენს თავს დააბრალეო. შიშისგან ვცახცახებდი, მისმა მუქარამ ისე იმოქმედა, წელს ქვემოთ სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ისტერიკულად ვტიროდი. მაშინ ეს მუქარა იმდენად რეალურად აღვიქვი, რომ ჩემდა უნებურად მის ფეხებთან დავემხე და ვემუდარებოდი, ოღონდ ბავშვებს არ შეეხოთ და რაც გინდათ, იმას ვაღიარებ, თუნდაც სტალინის მკვლელობას-მეთქი.
- და ბრალი აღიარეთ?
- ვაღიარე, მაგრამ ღვთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, არ ვიცი, რა მაღიარებინეს. თვითონ დაწერეს და ხელი მომაწერინეს.
დაკავებული ჰყავდათ ხათუნა დოლიშვილი და მისი ლოთი მეუღლეც. მათი მხილებაც მომთხოვეს. უარი ვთქვი. შენ უარს ამბობ და იმ არაკაცმა გამხილაო და ქაჯაიამ იმ ოთახში შემიყვანა, სადაც ხათუნას ქმარი იჯდა. მას ხმა არ ამოუღია... მერე გავიგე, ცოლ-ქმარმა მამხილა თურმე... არადა, ღმერთმა იცის, როგორ უანგაროდ მივეცი ის 25%. თვითონ მაღაზია გახსნეს, სახლი წამოჭიმეს, ეტყობა, მათაც იშოვეს ფული და მე ხელი შემახოცეს. ხათუნასაც გაუფორმეს საპროცესო და მალე გაუშვეს ციხიდან... პროკურატურაში ისე ცუდად გავხდი, მესმოდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, არ შემოგვაკვდესო. წყალი მომიტანეს და, ალბათ, 25 ჭიქა დავლიე... გამომძიებელი ლევან ბოცვაძე მეუბნებოდა, მატროსოვის ციხეში რომ შეხვალ, ნახავ, რა მოგივაო და საშინელი სიტყვა მითხრა, ამას გიზამენო.
ხელზე მეუღლის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი და ბიჟუტერია მეკეთა, ერთმანეთს ირონიულად ეუბნებოდნენ, ნახე, რა ბეჭედი უკეთიაო... მთელი ცხოვრება სიმდიდრე და ფული არ მიძებნია, 8 წელი მონასტერში დავდიოდი და ვცდილობდი, ეკლესიურად მეცხოვრა. იმ დღიდან თვალზე ცრემლი არ შემშრობია... მეუღლე მთხოვს, დავივიწყო ის კოშმარი, მაგრამ... ხელ-ფეხი რომ მოგაჭრან ადამიანს, ის ჭრილობა მოშუშდება, ეს კი არ შუშდება, სულში ჩამაფურთხეს. ისეთი ადამიანი, როგორიც ქაჯაიაა, ისევ პროკურატურაში როგორ უნდა მუშაობდეს?!
- ციხეში როგორ გექცეოდნენ?
- ჯერ 48 საათი სოდ-ის ჯურღმულში ვეგდე, მერე წამიყვანეს "მატროსოვზე". იმ დღის გახსენება საშინელებაა.
მაპატიეთ, მაგრამ უნდა მოგიყვეთ, როგორ თრგუნავენ და ანადგურებენ ციხეში ქალებს.
შედიხარ ოთახში, სადაც ერთი ზომბირებული ქალი ზის, საზარელი თვალებით გიყურებს და გიბრძანებს, გაშიშვლდიო. იძულებული ხარ, დედიშობილა დადგე. ამის მერე ისმის იმ ქალის საშინელი ხმა, აიკუზე, ჩაიკუზე... ალბათ, ფაშისტებიც არ ექცეოდნენ ასე ადამიანებს. გაშიშვლების შემდეგ საკნიდან გამოყვანილს ციხის დირექტორის კაბინეტში ჩემი კლასელი დამხვდა (თურმე ჩემს დას ქვეყანა შეუძრავს და ჩემი კლასელისთვისაც მიუკითხავს დახმარებისთვის. ის სასჯელაღსრულების სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა), რომ დავინახე, გონება დავკარგე. როცა მომასულიერეს, მითხრა, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემსო. მისი დახმარებით მართლაც უკეთეს პირობებში მოვხვდი, ვიდრე სხვები, მაგრამ განადგურდა ჩემი ოჯახი, დედაჩემი რომ გადარჩა, ჩემი მოძღვრის დამსახურებაა... ზოგს შვილი არ აკითხავდა ციხეში, მე კი ჩემი მეუღლის შვილები არ მშორდებოდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ. საბოლოოდ ბრალი შეარბილეს, რადგან სამხილი არ არსებობდა. საპროცესო გამიფორმეს და 6 თვეში გამომიშვეს. 20.000 ლარი გადამახდევინეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს. ოჯახმა ჩემი ბინა გირაოში ჩადო და უსახლკაროდ ვრჩები. საქმე რომ სტრასბურგში გავასაჩივრო და იქ მაინც ვიპოვო სამართალი, ვერ ვახერხებ, ადვოკატის ფული არა მაქვს. მინდა ვკითხო იმ არაკაც ქაჯაიას, რატომ დამსაჯეს უდანაშაულოდ?!
მინდა მთავარ პროკურორს მივმართო, ნუ ჩაუგდებენ ხელში საჯიჯგნად ქაჯაიასა და მისნაირ პროკურორებს ხალხს. დანამდვილებით ვიცი, ახალმა ხელმძღვანელობამ სისტემიდან გათავისუფლებული მანუჩარ ქაჯაია მთავარ პროკურატურაში პროკურორად დანიშნა. მინდა სამართალი აღდგეს და დამნაშავე არაკაცებმა პასუხი აგონ!
P.S. აღნიშნული ბრალდების ირგვლივ მსურდა მანუჩარ ქაჯაიას პოზიციაც დამეფიქსირებინა, სამწუხაროდ, მან ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განგვიმარტეს, - თუ თამარ ჩიკვაიძე ოფიციალური განცხადებით მიმართავს პროკურატურას, მაშინ მოხდება საქმის მოკვლევა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქაჯაიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.