"ჩვენი უშიშროების საბჭოსთან არსებული ჯგუფის მანდატი ყოველ წელს განახლებას ექვემდებარება. უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, თავის დროზე ამავე სისტემით უგრძელდებოდა მანდატი აფხაზეთში მყოფ გაეროს მისიას. ეს ნიშნავს, რომ სანამ უშიშროების საბჭო არ ჩათვლის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას სანქციები აღარ სჭირდება, ან რომელიმე მუდმივი წევრი ვეტოს არ დაადებს, ეს მანდატი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულსაც გაგრძელდება. სხვა საკითხია, მანდატის განახლების შემთხვევაში მე დავთანხმდები თუ არა საქმიანობის გაგრძელებას... იურიდიულად ეს არ მეკრძალება. გადაწყვეტილება, შევწყვიტო ეს კონტრაქტი და დავბრუნდე საქართველოში, სახელმწიფო საქმიანობაში ჩემს შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვერსად გაგვექცევიან!".
"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის კურსს, ამ საკითხზე რაიმე ეჭვი რომ მქონდეს, ამ ხელისუფლების გვერდით არ ვიდგებოდი. სამაგიეროდ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის დღევანდელი კურსი წინა ხელისუფლების კურსის გაგრძელებად ვერ გამოცხადდება, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება იყო მოჩვენებით დემოკრატიული და მოჩვენებით პროდასავლური. რეალურად ისინი, რუსეთის მსხვერპლის იმიჯს ამოფარებულები, ყველაფერს უთმობდნენ რუსეთს - ტერიტორიებს, პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ პოზიციებს. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა კი არის ნამდვილად პროდასავლური და ევროპული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილი.
"ხარვეზები, რასაც ვხედავ, იმის გამოა, რომ ხელისუფლება ახალია და ზოგი მიმართულებით გამოცდილება აკლია. მეორე მხრივ, ხარვეზების მიზეზია ისიც, რომ წინა ხელისუფლება "კოაბიტაციის" გაუთავებელი ძახილით სინამდვილეში ყველა მიმართულებით თანამიმდევრულ საბოტაჟს ეწევა. ამ დროს ვხედავთ პირველ პოზიტიურ შედეგებს სოფლის მეურნეობაში, გაიზარდა პენსიები, გაუმჯობესდა დაზღვევის სისტემა... ეს ცოტა არ მგონია...", - განაგრძობს რესპონდენტი.
"შიდა საბოტაჟზე "ნაციონალების" მხრიდან ჩემზე უფრო კარგად იცით. რაც შეეხება გარეთ ქმედებებს, მე ამას ყოველდღიურად ვხედავ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე სხვადასხვა ქვეყანას ვსტუმრობ ოფიციალური ვიზიტებით და ძალიან კარგად ვიცი, რა ინფორმაციას ავრცელებენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები - თვით პრეზიდენტიც და ჯერ კიდევ მოქმედი ელჩები თუ საელჩოების თანამშრომლები, რომ აღარაფერი ვთქვა მათ ლობისტებზე, მაგრამ ესეც მალე დასრულდება. დღეს აღარავის სჯერა, რომ ახალი ხელისუფლება ვინმეს ავიწროებს ან ჩაგრავს. არავის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია. ბევრი მიხვდა, თუ რა დესტრუქციულ ქმედებებს ეწეოდა დამარცხებული მხარე და ამის გამო თითიც დაუქნიეს. უცხოელებისთვის სიმართლის თქმაში თეა წულუკიანს და კიდევ ზოგიერთებს (მაგ., დათო უსუფაშვილს) დიდი წვლილი მიუძღვით", - დასძენს სალომე ზურაბიშვილი და შეკითხვას - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელობა შემოგთავაზათ, სხვა ვერსიით კი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა - პასუხობს:
"უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს პრემიერისთვის გეკითხათ. არ იქნება კორექტული, მე გავამხილო ის, რისი თქმაც თვითონ აქამდე არ ისურვა. თანაც დღემდე საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილი არ არის".