საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს; ვინ არის "ოცნების" მთავრობაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა; რა საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის ჰყავდეს მილიარდერი პრემიერი; რა შენიშვნები დაგროვდა ივანიშვილის მისამართით და როგორი კანდიდატურა არ უნდა წარადგინოს "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე; ამ და სხვა აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე "პირWელი" ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
"მთავრობას მართებს მეტი დაფიქრება, მეტი გააზრება, რადგან არის საკითხები, რომელიც ბოლომდე გაურკვეველია"
- ბატონო ლადო, უპირველეს ყოვლისა, რომ შეგვიფასოთ ახალი მთავრობის თითქმის ნახევარწლიანი მუშაობა. რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები "ქართული ოცნების” მთავრობამ და რა შეიძლებოდა, უფრო სწორად გაეკეთებინა – რას ურჩევდით?
- ადამიანს ყოველთვის აქვს ასეთი განცდა, რომ უნდა მეტი და უკეთესი; ეს ობიექტური მოლოდინია ყველა ადამიანისთვის, იმიტომ, რომ ყველას უნდა, კარგი შედეგი სწრაფად მიიღოს. მთლიანობაში, მთავრობის საქმიანობა შეიძლება, დადებითად შეფასდეს, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული ნაკლიც და ესეც ბუნებრივია. ყველა დანიშვნა ერთნაირად წარმატებული ვერ აღმოჩნდებოდა, ზოგიერთი ადვილად მოერგო ახალ პოზიციას – მინისტრის სავარძელს და ასე ვთქვათ, აქტიურად შეუდგა საქმიანობას; ზოგიერთი კი, დღესაც ვერ მიხვდა, სად არის მისი როლი. მე რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი ადამიანი, ასეთ შეფასებაში სუბიექტური ვარ, მაგრამ ალბათ, ჩემს სუბიექტივიზმს აქვს ის გამართლება, რომ ჩემსავით ძალიან ბევრი ფიქრობს. აშკარად გამოიკვეთა, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. უშვებს ის შეცდომას? – უშვებს, მაგრამ ვინ არ უშვებს შეცდომას?! – მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს; მთავარია, ადამიანს შეცდომის გამოსწორების უნარი ჰქონდეს; აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ჩემთვის მაგალითად, აღმოჩენაა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, ვფიქრობდი, რომ ყველაზე სუსტი რგოლი უნდა ყოფილიყო ენერგეტიკის სამინისტრო; არ ვთვლი, რომ მისი ყველა ქმედება გამართლებულია, მაგრამ მივიჩნევ, რომ საქართველოს კალაძის სახით, ჰყავს ქმედითუნარიანი ენერგეტიკის მინისტრი. გულწრფელად ვამბობ, თავიდან აშკარად გაუგებარი იყო ფეხბურთელის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნა; განათლებითაც ის ხომ ისტორიკოსია და სად ისტორიკოსობა და სად ენერგეტიკა?! ამას ხმამაღლა არ ვამბობდი, თუმცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების უმრავლესობა ასე ვფიქრობდით, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ხუთი თვის თავზე კალაძე ძალიან ბევრ მინისტრს სჯობს. ამდენად, ხუთი თვის თავზე ახალ მთავრობაში აღმოჩენად დავასახელებდი კახი კალაძეს. ამასთან, არიან ზედმეტად აქტიური მინისტრებიც, რომლებიც ხშირად თავისი საუბრით უფრო ზიანს აყენებენ ქვეყანას, ვიდრე – სარგებელს, მაგრამ რა ვქნათ, ალბათ, ესეც უნდა გადავიტანოთ. მთავარი ისაა, რომ მთავრობას აღმოაჩნდა მთელი რიგი მიმართულებით მუშაობის უნარი; რაც მთავარია, მოხერხდა, რა თქმა უნდა, პარალმენტთან ერთად, სააკაშვილის სურვილის – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, მოხსნა; საკმაოდ მძიმედ დაიწყო მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაგრამ შეიძლება, ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა, რაც კარგია. ორიოდე თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი, დღეს კი უფრო პოზიტიურად ვაფასებ მის აქტიურ საქმიანობას.
- რამ შეგაცვლევინათ აზრი?
- მუშაობენ... მე ყოველთვის მომწონს სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ. არის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული? – არ არის; არის ყველაფერი ნათელი? – პირადად ჩემთვის არა, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თუ ჩემთვის ნათელი არაა, საქმე ცუდადაა. სოფლის მეურნეობაში უბრალოდ დალოდება არ შეიძლებოდა, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები იყო მოსული. ხარვეზები ექნებათ? – რა თქმა უდნა, ექნებათ, მაგრამ ის გამოსწორებადია; ყოველ შემთხვევაში, ის, რომ წლების განმავლობაში მიწები არ იხვნებოდა, დღეს სხვა რეალობაა და სოფელი გამოცოცხლებულია. ამიტომ როგორ შეიძლება, ეს არ მოიწონო?!
- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს – რჩევები მთავრობას..
- რჩევები? – აშკარად იკვეთება, რომ მთავრობას მართებს მეტი დაფიქრება, მეტი გააზრება; არის საკითხები, რომელიც ბოლომდე გარკვეული არ არის...
- კერძოდ?
- მაგალითად, დასაჩქარებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება. გაუგებარია, თუ რატომ უჭერს მხარს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივას საქართველოსა აზერბაიჯანის ჩემპიონატების გაერთიანების შესახებ და შემდგომ ყაზახეთის ჩემპიონატთან მიერთებასაც; ეს ხომ აშკარად "ფულის კეთებისათვის" მოგონილი პროექტია და მეტი არაფერი: როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული გუნდები რა ფინანსური რესურსებით გაუწევენ წინააღმდეგობას აზერბაიჯანულ და ყაზახურ კლუბებს? თუ უკვე არსებობს ფარული გარიგება საქართველოსათვის "არასასურველ" კომპანიებთან, რომ ისინი დააფინანსებენ ქართულ კლუბებს? ამასთან, ჯანდაცვის და სოციალური სამინისტროს ესაჭიროება რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს ახალი საარსებო მინიმუმის განსაზღვრა. რადგან ეს 150 ლარი, რაზეც არის საუბარი და რითაც ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტრო პენსიების დანიშვნისას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტროს დროულად სჭირდება ორიენტირი; 2014 წლის ბიუჯეტზე მუშაობა თუ არ დაწყებულა, ამ დღეებში დაიწყება და ფინანსთა სამინისტროს აუცილებლად სჭირდება იმის ცოდნა, თუ რაზე უნდა გაიყვანოს პენსია 2014 წელს, რამდენი უნდა გახადოს დაუბეგრავი მინიმუმი. სერიოზული გააქტიურება ესაჭიროება განათლების და მეცნიერების სამინისტროს; მე აშკარად პოზიტიურად ვაფასებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს იმ ნაბიჯს, რომ უმაღლესში სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე სპეციალობა დაფინანსდება. ეს აბსოლუტურად სწორია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავდით მთელ რიგ დარგებს.
- წინა მთავრობის დროსაც ხომ ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება?
- არა, მხოლოდ ვაუჩერული სისტემა გამოიყენებოდა...
"გია დვალის განათლების და მეცნიერების რეფორმირების დიდად გახმაურებული კონცეფცია, სამწუხაროდ, როგორც კონცეფციაც კი დასრულებული არ არის"
- ბატონო ლადო, რადგან განათლება ახსენეთ, აქვე გკითხავთ, როგორ აფასებთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით, 650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს... ამ ინიციატივას სასკოლო გამომცემლები აპროტესტებენ და სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ... ის, რომ მოსწავლეები წიგნებს უფასოდ მიიღებენ, უდავოდ, კარგია, მაგრამ თქვენი აზრით, რა უარყოფითი ეფექტები შეიძლება, ჰქონდეს ამ ინიციატივას?
- არ შეიძლება, რომ ბავშვს ჰქონდეს სახელმძღვანელოს პრობლემა იმის გამო, რომ მის ოჯახს შესაბამისი შემოსავალი არ აქვს. ჩვენ თუUგვინდა საქართველოს ჰქონდეს პერსპექტივა, განათლება აუცილებელია; პერსპექტივა ვერ ექნება გაუნათლებელ ქვეყანას, ხოლო განათლება სახელმძღვანელოს გარეშე კი – შეუძლებელია. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და მას მივესალმები.
- თვითონ გამომცემლების პროტესტი რამდენად კანონზომიერია?
- რაც შეეხება გამომცემლების პროტესტს, ვფიქრობ, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ჰქონდეთ ხარისხიანი სახელმძღვანელოები და ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. ნამდვილად არავის აინტერესებს, რომელი გამომცემლობა გამოსცემს სახელმძღვანელოებს, მთავარია, რომ ჰქონდეთ; იმავდროულად, მე მესმის, რომ თუ არის გარკვეულწილად ხელშეკრულებები დარღვეული, ასევე, დარღვეულია უფლებები ან არის განცდა, რომ ვიღაცის უფლებები ირღვევა, ეს კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით. სჯობს, მთავრობამ ამაში ფული გადაიხადოს და ბავშვებს ჰქონდეთ უფასო სახელმძღვანელოები და არა ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში – ვითომ კონკურენცია იყო, ეს კონკურენცია კი ძალიან ძვირი უჯდებოდა მშობლებს და საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების განათლებაზე აისახებოდა.
- პრეტენზიები გამოითქმის იმის თაობაზეც, რომ ხომ არ შეიძლება, ყველაფერი სახელმწიფომ გააკეთოს და ხომ არ სჯობს, იგივე განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადოს და არა პირდაპირი წესით შეარჩიოს სტამბები...
- მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ტენდერის გარეშე აკეთებს ამას განათლების სამინისტრო, თუმცა მოდით ასე შევაფასოთ – მთავარია, რომ პრინციპი - სახელმძღვანელო ბავშვს უფასოდ უნდა ჰქონდეს, არის აბსოლუტურად სწორი; ბავშვი არ არის ის მოქალაქე, რომელსაც საკუთარი შემოსავალი აქვს, ყველა მშობელს კი სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალება არ აქვს; წარმოიდგინეთ, ვისაც რამდენიმე ბავშვი ჰყავს სკოლის მოსწავლე. თან არის სახელმძღვანელოები, რომელსაც მომავალ წელს ვერ გამოიყენებს, რადგან სავარჯიშოები შიგნითაა შეტანილი. აქედან გამომდინარე, პრინციპი არის სწორი, ტექნიკურად კი როგორ გადაწყდება? – რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა გადაწყდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე – იგივე ტენდერის გამოცხადება, იგივე ფასის დადგენა, იმიტომ, რომ მართალია, ჩვენ – მოქალაქეები არ გადავიხდით ფულს წიგნებში, მაგრამ მთავრობა, რომელიც ამას აკეთებს, ისევ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე გააკეთებს ამას, ანუ საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენს მიერ გადახილი ფულია. აქედან გამომდინარე, ტენდერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ამავდროულად განათლების და მეცნიერების სამინისტროს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება უმაღლესი განათლების და მეცნიერების რეფორმირებაში. დიდად გახმაურებული კონცეფცია, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსის – გია დვალის სახელი ჰქვია, სამწუხაროდ, როგორც კონცეფციაც კი არ არის დასრულებული და მის საფუძველზე რეფორმის დაწყება შეცდომა იქნება...
- რამდენადაც ვიცი, პრემერი ივანიშვილიც საქმის კურსშია და მადლობის წერილიც გაუგზავნა გია დვალს ( http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=27908 )
- უნივერსიტეტებთან მიმართებაში დვალის კონცეფციაში ასახულია მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს მაღალი რანგის პროფესორების შერჩევა და მუდმივი პოზიციების დაკავება; სამეცნიერო ინსტიტუტებთან მიმართებაში კი აღებულია მხოლოდ ერთი პრინციპი, თუ როგორ უნდა მოხდეს ინსტიტუტების ფორმირება, მაგრამ ეს მთლიანობაში არ ჰფარავს არც უმაღლეს განათლებას და არც სამეცნიერო კვლევის სისტემას. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანი იწყებს სახლის აშენებას ან არსებულის გადაკეთებას, ხომ უნდა ჰქონდეს კონკრეტულად გათვლილი, დასაბუთებული ნახაზი, თუ როგორი უნდა იყოს საძირკველი, რას უნდა გაუძლოს, როგორი მზიდი კონსტრუქციები უნდა იყოს... ამდენად, განათლების და მეცნიერების რეფორმის გატარება მარტო, თუნდაც სრულყოფილი კონცეფციის დონეზე არ შეიძლება (მით უფრო მაშინ, როცა ეს კონცეფცია არ არის სრულფასოვანი); კონცეფცია აუცილებლად უნდა ტრანსფორმირდეს პროგრამაში! დვალის კონცეფცია განათლების და მეცნიერების მნიშვნელოვან, მაგრამ მხოლოდ ერთ სეგმენტს ეხება და ისიც ბოლომდე არაა გააზრებული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მთლიანად სამინისტროს ჩემი კოლეგები უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიმართ ერთგვარ პასიურობაში ადანაშაულებენ. ამგვარი "პასიურობა", ჩემი აზრით, უფრო გამართლებულია, ვიდრე გაუაზრებელი რეფორმების გზით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროს კიდევ უფრო დაკნინება! არაერთი კოლეგა ჩემთან საუბარში აფიქსირებს "დვალის პროექტის" მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, თუმცა მათი უმრავლესობა საჯაროდ ამის თქმას ვერ ბედავს, ხოლო ზოგიერთი კი თავისი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ ღიად მხარსაც კი უჭერს ამ პროექტს და დვალის კონცეფციის განხორციელებაში საკუთარ თავსაც კი სთავაზობს მთავრობას, რითაც უნდა ქულები ჩაიწეროს პრემიერის წინაშე. ხომ ცნობილია, რომ პრემიერმა, რომლის პოპულარობაც გამოკვეთილად მაღალია დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში, მოიწონა დვალის კონცეფცია, ხოლო ბევრი მეცნიერი თავს უფლებას ვერ აძლევს ბოლომდე თქვას სიმართლე... თუმცა დუმილი, ნიშნავს იმ ფასეულობის წანააღმდეგ წასვლას, რისი დამკვიდრებაც თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს დეკლარირებული, რომ საქართველოს უნდა გახდეს დემოკრატიული ქვეყანა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დუმილით და თავის მოტყუებით დემოკრატიას ვერ ავაშენებთ!
"თვეში ერთხელ მაინც პრემიერი მოსახლეობას უნდა ხვდებოდეს – არ შეიძლება, ხალხი მასთან შესახვედრად რეგიონებიდან ჩამოდიოდეს"
- ერთ-ერთ ინტერვიუში, მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეფასებისას, თქვენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ასე ვთქვათ, შენიშვნა მიეცით იმის გამო, რომ გაპრემიერების შემდეგ ხალხთან იშვიათად გადის... ხომ არ შეცვლილა ამ კუთხით, ივანიშვილის სტრატეგია?
- ეს შენიშვნა ძალაში რჩება. რა თქმა უნდა, ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ იცით, სამსაათიანი მუსაიფი ჟურნალისტებთან ან ექსპერტებთან არაა საკმარისი. ასეთი შეხვედრები კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვეში ერთხელ მაინც რომელიღაც რეგიონში პრემიერი უნდა ჩადიოდეს. გავიხსენოთ, რომ სეტყვით დაზარალებულ კახეთში დარიგდა 95 მლნ ლარი, რაც ივანიშვილის დანაპირები იყო; ამით ზოგი უკმაყოფილოა, ზოგიერთმა მსუბუქი ავტომობილი იყიდა და ისე გამოვიდა, რომ თითქოს ფული წყალში გადაიყარა; გასაგებია, რომ დანაპირები შეასრულა ივანიშვილმა, მაგრამ საკითხავია, როგორ შესრულდა ეს დანაპირები?! ამიტომ უნდა ჩავიდეს და ხალხს დაელაპარაკოს; წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მას სააკაშვილის ხელისუფლება უტევდა, ივანიშვილი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩადიოდა რეგიონებში და შეხვედრებს მართავდა, ახლა კი პრემიერ-მინისტრია, ქვეყანაში სიმშვიდეა და ხომ უნდა ჩავიდეს?! მით უფრო, მთელ რიგ რეგიონებში უკამყოფილებაა, რეგიონებიდან ხალხი ჩამოდის თბილისში, იმიტომ, რომ თუ "მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი უნდა მივიდეს მთასთან"; არ შეიძლება, რომ ივანიშვილის სანახავად რეგიონებიდან ხალხი თბილისში ჩამოდიოდეს... სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ პერიოდულად გვესმის, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ემართებიან თბილისისკენ მოქალაქეები პრემიერთან შესახვედრად. მათ რატომღაც აქვთ იმის განცდა, რომ თუ ივანიშვილს შეხვდებიან, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგია, რომ მათ სჯერათ პრემიერის და ასეთი განცდა აქვთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ არა ეს ხალხი ივლის თბილისში, არამედი ივანიშვილი თავად ჩავა მათთან.
- გასაგებია, მოკლედ შენიშვნა ძალაში რჩება?
- იცით, ეს უფრო მინიშნებაა პრემიერისთვის; არ შეიძლება, ხალხს უყვარდე, ხალხი გენდობოდეს და შენთან შესახვედრად თბილისში ესაჭიროებოდეს ჩამოსვლა.
- ამ თვალსაზრისით, ახალი მთავრობის წევრების, მათ შორის პრემიერის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ მათ არ სჭირდებათ პიარი...
- ეს არ არის პიარი. ამას გეუბნებით მე, რომელსაც მაქვს შესაბამისი გამოცდილება; სხვა თუ არაფერი, ექვსი წელი მინისტრი ვიყავი. მკითხველისთვის მიმინდია, შეაფასოს რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი ვიყავი, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ადგილზე გასვლას აქვს თავისი უპირატესობა. როცა ადგილზე მიდიხარ, შენ ეცნობი კონკრეტულ სიტუაციას და ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, პირადად შეგხვდნენ. თუ შენ ახლა ავტობუსით წაიყვან ხალხს ერთი რეგიონიდან მეორეში, ესაა პიარი. თუ შენ გურიაში ჩახვალ და იქ ოზურგეთის თეატრის მსახიობებს დაგახვედრებენ, როგორც ადგილობრივ ოჯახს, ასეთ გასვლას აზრი არ აქვს, ამიტომ მე მიხეილ სააკაშვილის სტილს პრინციპულად არ ვიზიარებ, როდესაც დავუშვათ, დილით თელავში იყო, საღამოს, მაგალითად, – ლენტეხში და ავტობუსით დაჰყავდა ერთი და იგივე ხალხი; ეს რა თქმა უნდა, არაა გამართლებული. მაგრამ პრემიერს სწორედ იმიტომ სჭირდება რეგიონებში გასვლა, რომ ჰქონდეს ხალხთან კონტაქტი. ახლა საკმაოდ ბევრს მოძრაობს მთავრობის ზოგიერთი წევრი. კარგია, რომ ენერგეტიკის მინისტრი გადის ობიექტებზე, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დადიან, ასევე ინტენსიურად მოძრაობს ფინანსთა მინისტრი. მე ხომ არ ვთვლი გამართლებულად, რომ პრემიერ-მინისტრი ყოველდღე გადიოდეს რეგიონებში, მაგრამ ხალხთან კონტაქტი აუცილებელია.
"მთავრობაში მოსული ბიზნესმენები, როგორც წესი, ქვეყანას უყურებენ როგორც ერთ დიდ ფინანსურ კომპანიას და ამ საფრთხის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილიც"
- რადგან პრემიერზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე გკითხავთ – თქვენი აზრით, ბიზნესის ხელშეუხებლობის და მისთვის უკეთესი პირობების შექმნის გარანტი შეიძლება, თუ არა, ის ფაქტორი იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და ზოგადად, ქვეყნისთვის რა საფრთხეებს, რისკებს შეიძლება, შეიცავდეს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ლიდერის მართვის სტილი?
- ბიძინა ივანიშვილი არ არის რიგითი ბიზნესმენი, ის არის მილიარდერი, განსაკუთრებულად მაღალი დონის ბიზნესმენია. ასეთი კაცის მოსვლა მთავრობაში ერთ პრობლემას ნამდვილად გამორიცხავს, რომ მას სურდეს ფული აკეთოს საქართველოს ხარჯზე, ყველაზე ნაკლებად ამ საფრთხეს ვხედავ; მას რომ ეს სდომოდა, სწორედ ამიტომ არ უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ლოგიკურად ასეა. რაც შეეხება იმას, თუ რა საფრთხე არსებობს, როცა ბიზნესიდან წამოსული კაცი მიდის მთავრობაში, ამის შესახებ პოლ კრუგმანმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში დაწერა ბროშურა "ქვეყანა არ არის კომპანია". ასე რომ, ვინც ბიზნესიდან წამოვიდა პოლიტიკაში, მას აქვს ის საფრთხე, რომ ის მენეჯერია და აქვს მენეჯერული ხედვა ქვეყნისადმი, როგორც ერთი დიდი კომპანიისადმი, მაშინ, როდესაც ქვეყანის წარმართვას მენეჯერი არ სჭირდება; მენეჯერი უნდა იყოს ბიზნესში, მინისტრი კი უნდა იყოს მმართველი და არა მენეჯერი. ხშირად მომყავს ეს მაგალითი: ბიზნესმენისთვის ინფლაცია, საგადასახადო სისტემა არის მოცემულობა, ქვეყნის მმართველისთვის კი ინფლაციაც და საგადასახდო სისტემაც ქვეყნის მართვის ინსტრუმენტებია. მენეჯერმა თავის ბიზნესში უნდა გაითვალისწინოს ინფლაცია, როგორც მოცემულობა, ქვეყნის მმართველმა კი როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტი ისე უნდა გამოიყენოს. ამიტომ ეს სერიოზული საფრთხეა. ამ საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე იდგა. შეგახსენებთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო ბატონი ქადაგიშვილი, რომელსაც საინტერესო ხედვები ჰქონდა, მაგრამ ის მაინც ეფუძნებოდა მენეჯერულ მოდელს და მისი ვიცე-პრემიერობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ასეთი პრობლემა ჰქონდა საქართველოს მაშინაც, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ლადო გურგენიძე, რომელმაც ქვეყანას შეხედა, როგორც ერთ დიდ ფინანსურ კომპანიას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაყიდა საქართველოს ფასიანი ქაღალდები, გამოუშვა ევროობლიგაციები. ვთვლი, რომ გურგენიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი საქართველოს ეკონომიკის მართვის ერთ-ერთი მძიმე პერიოდი იყო, იმიტომ, რომ სწორედ გურგენიძემ დაანგრია ეროვნული ბანკი, როდესაც ის ორ ნაწილად დაშალა და პრაქტიკულად მთავრობას არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ ჰქონდა. ამ საფრთხეს ჰქვია "ბიზნესმენის ხაფანგი", რომელშიც შეიძლება, პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი გაეხვეს და ამ საფრთხის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილიც! ამიტომ, ჩემი აზრით, მას სჭირდება უფრო მეტი კონტაქტი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ეკონომისტებთან.
"თუ სახელმწიფო ყველაფერს თვითონ შექმნის, ასეთ გზას გამართლებულად ნამდვილად არ მივიჩნევ"
- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით, საზოგადოებას და ექსპერტულ წრეებს ხშირად გააჩნდათ პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მთავრობა ბიზნესში საჭიროზე მეტად ერეოდა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ თუ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს თავად ახორციელებდა... ახალ მთავრობაშიც ხომ არ შეიმჩნევა ასეთი ტენდენციები? მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრისას ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ სურთ შექმნან, სახელმწიფო კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირებას განახორციელებს, რამდენად კანონზომიერია ეს?
- სახელმწიფოს ჩართულობა ეკონომიკაში, ეს ივანიშვილის მთავრობის ნოუ-ჰაუ ნამდვილად არ არის. ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია და არც სააკაშვილი იყო ამის წინააღმდეგი. შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი სწორედ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მემკვიდრეობით დაუტოვა ივანიშვილის მთავრობას. თუ სახელმწიფო ყველაფერს თვითონ შექმნის, ასეთ გზას გამართლებულად ნამდვილად არ მივიჩნევ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს სოციალური საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ გაზიფიკაციის ტექნიკური რეალიზაციის უზრუნველყოფა, ეს მთავრობის საქმე არაა. როცა სახელმწიფო იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც გადაიზრდება კორუფციულ სქემებში. არავის არაფერში ვადანაშაულებ და ისიც მესმის, რომ ვისაც ამის გაკეთება უნდა, სურს, რომ უკეთესი გააკეთოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკეთესი მართლაც გამოვა. ამიტომ სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს. გაზიფიკაციის პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია, მაგრამ გაზიფიკაციის პროექტის რეალიზაცია მთავრობის გასაკეთებელი არაა. მთავრობამ უნდა შეარჩიოს კომპანია, დადოს მასთან კონტრაქტი და შემდეგ მოსთხოვოს კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება. ეს ძალიან მარტივი რამეა. არსებობს სახელმწიფო შესყიდვები სახელმწიფო დანიშნულების გარკვეულ მომსახურებაზე, მაგრამ ამის საკუთარ თავზე აღება სახელმწიფოს მხრიდან, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი გზაა. ამას ნამდვილად არ მივესალმები!
"თუ ჩვენ მარეგულიერებელი კომისიის შესახებ კანონს ვიცავთ, ტარიფების დადგენა პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის საქმე არაა"
- ელექტროენერგიის არსებული ტარიფის შენარჩუნების თაობაზე კომპანია "თელასთან" 4-წლიანი, "ენერგო პრო ჯორჯიასთან" კი 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ტარიფების შემცირება "ინტერ რაოსთვის" საინვესტიციო ვალდებულებების ჩამოწერის/გადავადების ხარჯზე არ მომხდარა, მემორანდუმის არასაჯაროობის გამო კითხვები მაინც არსებობს... თქვენი შეფასებით, თავიდანვე რამდენად კანონიერ გზას მიმართა ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფების შესამცირებლად და რამდენად ლოგიკურია, რომ "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" თავისი პირობების გარეშე კეთილი ნების საფუძველზე დასთანხმდნენ ახალ მთავრობას?
- მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძე ვაქე, როგორც ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა ახალ მთავრობაში, ვთვლი, რომ გზა, რომელიც ტარიფების დასარეგულირებლად მთავრობამ აირჩია, მცდარია. ტარიფის დადგენა მთავრობის საქმე არაა. კანონის მიხედვით, ტარიფს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია; მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა კი სათანადოდ გამჭვირვალე არაა, ამიტომ საჭირო იყო ცვლილება მარეგულიერებლი კომისიის შესახებ კანონში, როგორც ეს ეხება ელექტროენერგიის, ისე გაზის და კავშირგაბმულობის ტარიფებს. საჭიროა, იყოს მეტი გამჭვირვალობა და ამოვარდეს შუამავალი რგოლები, რომელიც ტარიფს გვიძვირებს. ამიტომ ვთვლი, რომ ვალდებულება, რომელიც მთავრობამ ტარიფებთან მიმართებაში აიღო, მართებული არაა. ტარიფები არც პრემიერ-მინისტრის და არც ენერგეტიკის მინისტრის საქმე არ არის, თუკი ჩვენ მარეგულირებელი კომისიის შესახებ საქართველოს კანონს ვიცავთ. თუ არადა გააუქმონ ეს კანონი. სხვათა შორის, თავის დროზე ამ კანონის შემოღების წინააღმდეგი ვიყავი. მისი მიღება ჩემი მინისტრობის (საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 1994-2000წწ) დროს მოხდა და ვიყავი წინააღმდეგი, რადგან ვთვლიდი, რომ საქართველო ამისთვის მზად არ იყო და ყოველთვის იქნებოდა პოლიტიკური ზეწოლა მარეგულირებელ კომისიაზე. ახლა მეტყვით, რომ არ ყოფილა ზეწოლა?
- კომისიის მიკერძოებულობასა და ზეწოლაზე სულ იყო საუბარი...
- ამიტომ მთავრობას უნდა მოემზადებინა ცვლილებების პაკეტი მარეგულიერებლი კომისიის შესახებ კანონში და შეეტანა პარლამენტში; ამ ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, საერთოდ მარეგულერებელი კომისიის შემადგენლობაც შეცვლილიყო და მართლა დამოუკიდებელი ხალხი მიეყვანათ და არა – "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მართული. მაგრამ აქ მთავარი არა მხოლოდ ისაა, თუ ვინ იქნება მარეგულიერებლი კომისიის წევრები, არამედ ის, თუ რა მეთოდიკით ხდება ტარიფის დაანგარიშება, რამდენადაა ის გამჭვირვალე, რამდენად უზრუნველყოფს შუამავალი რგოლების გამორიცხვას, რადგან რაც მეტია შუამავალი რგოლი, მით მეტად ძვირდება ტარიფი. როგორც აღვნიშნე, თავის დროზე მარეგულიერებელი კომისიის შექმნის წინააღმდეგი ვიყავი, ეს იყო 1996 წელს, მაგრამ ზურაბ ჟვანიას გუნდის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ედუარდ შევარდანძე აიძულეს, რომ ეს კანონი მიეღოთ. დღეს, გულწრფელად რომ გითხრათ, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს მარეგულიერებლი კომისია, მისი გაუქმების წინააღმდეგი ვარ; რომ არ გვქონოდა, არ უნდა შეგვექმნა, მაგრამ რადგან გვაქვს, გაუქმებას სჯობს მის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ვიმუშაოთ და ტარიფი და პოლიტიკა დავაცილოთ ერთმანეთს.
- გასაგებია, მაგრამ კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ და რის ხარჯზე შემცირდა ტარიფი, მაინც დარჩა. რამდენიმე დღის წინ კი რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტარიფის შემცირების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობამ “თელასის” მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებზე 2025 წლამდე უარი თქვა...
- ამ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ და კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, ეს სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ ეწირება პოლიტიკას ეკონომიკა! ამიტომ კალაძე ყოჩაღ, რომ აქტიურად ჩაერთო საქმეში, მაგრამ მთავრობის მიდგომა ტარიფებთან მიმართებაში მაინც მცდარია...
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს სწრაფი მოქმედებისკენ მოვუწოდებ, თუმცა ფაქტია, რომ შეცდომები იქნება..."
- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, შემუშავებულ სამ პროდუქტს: უპროცენტო სასაქონლო კრედიტს მცირე ფერმერებისთვის, შეღავათიან კრედიტს საშუალო და დიდი ფერმერებისთვის და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას, როგორია თქვენი პოზიცია ამ პროექტზე – რეალურად რამდენად შეუწყობს ის ხელს მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას და საჭიროა თუ არა საკონსულტაციო რგოლის შექმნა ფერმერებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის წარმატებული თანამშრომლობის დასამყარებლად?
- ამის შესახებ უკვე ბევრი ისაუბურეს და მე მოვისმინე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია იმის შესახებ, რომ ამაზე მიდის მუშაობა. ამიტომ, კონკრეტულად, ხარვეზიანი იქნება თუ არა პროექტი?! – სავარაუდოდ, იქნება, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაეწყოთ?! ასე რომ, რეალურად, სასოფლო-სამეურენო საბარათე სისტემა, ჩემი აზრით, სოფლად სოციალური დახმარების ფუნქციას ატარებს, ვიდრე - სოფლის მეურნეობის აღორძინების, მაგრამ თუნდაც ესეც საჭიროა იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დღეს გლეხები, განსაკუთრებით მცირემიწიანები; ხოლო ის, რომ სოფელს ფეხზე ვერ დავაყენებთ, თუ არ იქნა განხორციელებული სოფლად კოოპერაცია, ამას აცნობიერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც; უბრალოდ, საჭიროა, შესაბამისი კანონის დროულად ინიცირება და მიღება. ამაზე სამინისტროს წარმომადგენლებიც საუბრობენ და ვთვლი, რომ ეს გაკეთებადი საქმეა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – იქნება შეცდომები! ყოველ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია. შეიძლება, მათ აქვთ ეს პასუხები და ჩვენ არ ვიცით; თუმცა შეიძლება, ბოლომდე მათაც არ აქვთ, მაგრამ თუ განათლების და მეცნიერების მინისტრს ვთხოვ, რომ რაც შეიძლება, გააზრებულად და დინჯად გაატაროს რეფორმები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირიქით, რაც შეიძლება, სწრაფი მოქმედებისკენ მოვუწოდებ.
"I კვარტალში ბიუჯეტი შესრულდა, მაგრამ რომ შეესრულებინათ, ბანკები აიძულეს, ემუშავათ, რაც ნორმალურ ვითარებაში არ უნდა ხდებოდეს"
- ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, 3 აპრილს 2013 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულების შესახებ მედიას ინფორმაცია გააცნო და წარმოადგინა რიცხვები (ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ექსპორტი...), რომელიც მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაგეგმილთან შედარებით, პირველ კვარტალში გარღვევას ჰქონდა ადგილი. თქვენი შეფასებით, ეკონომიკური აქტიურობა გაუმჯობესებულია თუ - პირიქით?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრთან კონტაქტი მქონდა და ჩვენ გავიარეთ ეს თემები. პრაქტიკულად, პირველ კვარტალში ბიუჯეტი შესრულდა; არის მცირე გადაჭარბება და შეიძლება, ითქვას, რომ პირველ კვარტალში ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა არ აქვს, მაგრამ ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ კვარტალში პრობლემები აშკარად შეექმნათ – პირველი კვარტლის ბოლო ორი დღე, რომელიც შაბათ-კვირას დაემთხვა ბანკები ამუშავეს. აბა გაიხსენეთ, ბოლოს როდის მუშაობდნენ კომერციული ბანკები შაბათ-კვირას?
- არ მახსოვს და სხვათა შორის, მაშინ გაჩნდა კითხვაც საზოგადოებაში, რატომ ამუშავეს ბანკები...
- რატომ ამუშავეს და ბიუჯეტის შესრულება სჭირდებოდათ. ეს გარდაუვალი აღმოჩნდა. კარგია? – რა თქმა უნდა, არა. ამდენად, პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულებაში ეჭვი ნამდვილად არ უნდა შევიტანოთ, მაგრამ შესრულება იყო გართულებული და ბოლო დღეები ბანკები ამუშავეს; თორემ ესეც ხომ პირობითია – მე დღეს შევიტან ფულს თუ ხვალ, რა იცვლება? – შინაარსობრივად არაფერი. აღრიცხვის თავლსაზრისით კი – იცვლება.
- საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ ფინანსთა სამინისტრო გარკვეულ შეცდომებს უშვებსო.. რას გულისხმობდით?
- ჩემი აზრით, ეს არის გადაზიდვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სხვა ადგილობრივ გადამზიდავებთან შედარებით, "საქართველოს ფოსტა" პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს "ნაციონალური მოძრაობის" დროს რომ მიეღო, ის ამაზე, დიდი ალბათობით, თვალს დახუჭავდა, ან უკეთეს შემთხვევაში ძალზედ ზომიერი მითითებით შემოიფარგლებოდა.
- მაგრამ "საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოს" ამ შემთხვევაში სწორი რეაქცია ჰქონდა...
- დიახ და მე ვთვლი, რომ კარგი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება ნაწილობრივ მაინც გადაისინჯება...
"აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხში, მთავრობა აშკარად მოუმზადებელია და ვერ ასაბუთებს რატომ გვჭირდება მისი აღდგენა"
- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზეც მინდა, გკითხოთ; როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში და რა უფრო მეტი შეიძლება, მოუტანოს მისმა აღდგენამ საქართველოს – უარყოფითი თუ დადებითი შედეგი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით?
- ეს არაა მარტივი საკითხი; საქართველოს პირველი და გამოკვეთილი საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია ის არის, რომ ისაა სატრანსპორტო დერეფანი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო სატრანსპორტო დერეფანია, ნებისმიერი სანტრანსპორტო არტერია, რომელიც შეიქმნება ან აღდგება ქვეყნის ტერიტორიაზე, მისასალმებელია; რაც მეტი სატრანსპორტო საშუალება გადაკვეთს საქართველოს ტერიტორიას, მით უფრო გაძლიერდება ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური ფუნქცია. აფხაზეთის რკინიგზის, უფრო კორექტულად კი ტრანსაკავკასიური რკინიგზის, აღდგენა ამ დებულებიდან გამომდინარე, გამართლებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი მსჯელობაა. ახლა გადავიდეთ კონკრეტულ ვითარებაზე. ტრანსაკავკასიური რკინიგზა 1992 წელს დაიხურა აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ და მერე არ უმუშავია. რა მოხდება დღეს რომ აღდგეს ეს რკინიგზა? – საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან შეზღუდულია; მართალია, რუსული ბაზარი ნელა იხსნება, თვითონ რუსი ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი დიდად ოპტიმისტური არაა და ბაზარი გაიხსნება მხოლოდ თანდათან, ამიტომ სერიოზულ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს დიდად გადასატანი ტვირთები არ აქვს. მაშინ ვის სჭირდება ეს რკინიგზა?! – პირველ რიგში სჭირდება, ჩვენს სამხრეთ მეზობელს – სომხეთს; არა იმიტომ, რომ დღეს სომხეთი ბლოკირებულია, მას აქვს რუსეთთან საავტომობილო კავშირი ლარსით და აქვს საზღვაო კავშირი ფოთის პორტიდან, მაგრამ რა თქმა უნდა, რკინიგზა სომხეთს მეტ შესაძლებლობას მისცემს; რკინიგზის აღდგენა სჭირდება რუსეთსაც, რადგან მისთვის სომხეთი არის ფორპოსტი, როგორც თვითონ განაცხადა და ბუნებრივია, სარკინიგზო კავშირი მათ შორის კონტრაქტს გააძლიერებს. რკინიგზის აღდგენა სჭირდება თეირანს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში სერიოზულად განიხილებოდა სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა, შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა, მაგრამ თუ მოსკოვი დაუკავშირდა რკინიგზით ერევანს, ჩათვალეთ, რომ ის პროექტი განახლდება. ახლა ამ პირობებში შევხედოთ – ვის უქმნის პრობლემებს რკინიგზის აღდგენა? – პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ დღეს არ არის სომხეთი სავაჭრო ბლოკადაში და ასევე ავუხსნათ ისიც, რომ ამ რკინგზაზე სამხედრო შეიარაღება არ გაივლის და ეს ხელშეკრულებით იქნება დარეგულირებული, მაგრამ აზერბაიჯანს აღელვებს სომხეთის ნებისმიერი გაძლიერება და არა მარტო – შეიარაღება; ასევე, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ის ინტერესში არაა, იყოს სარკინიგზო კავშირი მოსკოვსა და თეირანს შორის. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს ბედ-კრულ სამშობლოს...
- დიახ, საქართველოს ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს ამ რკინიგზის აღდგენა?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები დიდი არაფერია. ამიტომ უშუალოდ ამ მიმართულებით, საქართველო დიდ ვერაფერ სარგებელს მიიღებს. ახლა განვიხილოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის კუთხით – რკინიგზა არ არის საშუალება ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარების; ნუ გვეგონება, რომ ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და თავს ამოვყოფთ სოხუმში; არა ბატონო, არავინ არ გაგვატარებს როგორც კი ზუგდიდში მივალთ. რეალური პრობლემაა სავიზო რეჟიმი, პირობითი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საკითხები; დღეს რუსეთში თუ გვინდა წასვლა ვიზის გარეშე გაგვიშვებს ვინმე? მით უფრო აფხაზეთში როგორ შევალთ?! თუ ენგურზე პირობითი საზღვრის გადაკვეთის მექანიზმები ადამიანებისთვის უფრო გამარტივებული იქნება, ამის შემდეგ შეიძლება, რკინიგზის მნიშვნელობაც გაიზარდოს, თუმცა რკინიგზა არაა მთავარი; არაა საქართველო მაინცდამაინც ისეთი დიდი ქვეყანა, რომ გალის რაიონში ან სოხუმში წასასვლელად მატარებელი იყოს საჭირო. ამიტომ ამ რკინიგზამ შეიძლება, ატაროს ტვირთი და სომეხი და რუსი მგზავრები და მეტი არაფერი და რისი მომცემია ჩვენთვის!? რას გვაძლევს?! გარდა იმისა, რომ ვაღიზიანებთ ბაქოს და ვაშინგტონს?!
- მაშინ რატომ წამოიწია ამ საკითხმა, მით უმეტეს ჩვენი მთავრობის ინიციატივით?
- ვერ გეტვით, არ ვიცი...
- რამდენად შესაძლებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ერთგვარი კეთილი ჟესტი იყოს რუსეთის მისამართით?
- რუსეთმა გამოხატა თავის აღფრთოვანება – რა კარგი რამე მოგიფიქრებიათო?!
- არა...
- მაშინ აბა რასთან გვაქვს საქმე?! მოდით, ეს კითხვა ერთად დავუსვათ იმათ, ვინც ამაზე საუბრობს... მთავრობა აშკარად მოუმზადებელია ამ საკითხში. ვერ ასაბუთებს რატომ გვჭირდება ამ რკინიგზის აღდგენა...
- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პარალელურად, საუბარი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შეჩერებაზე. თითქოს ის ცენტრალური რკინიგზის კონკურენტი ხდებოდა...
- ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მისამართით სკეპტიციზიმი იყო მცდარი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფანი უნდა ავამოქმედოთ, მით უფრო – ახალი; თანაც იმ სქემით, რომლითაც ეს რკინიგზა კეთდება, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, სახელმწიფო არ იღებს ვალს; ვალს იღებს ის რკინიგზა, რომელიც უნდა ამოქმედდეს; ამასთან, ერთის მხრივ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ბაქო, მეორეს მხრივ კი – ანკარა. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია და შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გააქტიურება ჩვენ ინტერესშია. აქ უბრალოდ ის სკეპტიციზმი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააჩინა, ჩემთვის ზუსტად ისეთივე გაუგებარია, როგორც ის აღტკინება, რომ თურმე ტრანსკავაკზიური რკინიგზა უნდა გაიხსნას.
"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის აქციის გამწვავებას თავად შეუწყო ხელი, რადგან "ავ ძაღლს" აჩვენებს, რომ ეშინია"
- გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკური ამინდი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკურ აქტიურობას, გკითხავთ 19 აპრილს დაანონსებულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზეც, რომელიც თავიდანვე დეკლარირებული იყო, როგორც კიდევ ერთხელ დემონსტრირება საქართველოს დასავლური კურსის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის; თუმცა ბოლო პერიოდში პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 19 აპრილს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შეიცვლება და რომ 19 აპრილს ქართველი ხალხი ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს... რა ქვეტექსტი შეიძლება, წავიკითხოთ მერაბიშვილის აღნიშნულ ანონსში და როგორ ფიქრობთ, რა საფრთხის შემცველი შეიძლება, იყოს ეს აქცია ახალი ხელისუფლებისთვის?
- თავის დროზე, როდესაც 19 აპრილის აქცია დაანონსდა, მაშინ მწვავე იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი; ახლა კი ჩვენ ვიცით, რომ ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, ამიტომ 19 აპრილმა ეს ფუნქცია დაკარგა. ამავდროულად, რადგან დაანონსეს, ამიტომ ეს პროცესი მიდის და რაც მთავარია, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის აქციის გამწვავებას ხელი შეუწყო. იმიტომ, რომ როგორც "ქართული ოცნების" ობიექტურ მხარდამჭერს და მე ამას არასდროს ვმალავდი და ხაზს ვუსვამ, რომ ვარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ჯერჯერობით, ვრჩები მათ მხარდამჭერად, არ მესმის, რატომ შეშინდა "ქართული ოცნება" ამ აქციით. მარტივი რაღაცააა – ბავშვს ეუბნებიან: “ძაღლს არ უნდა აჩვენო, რომ შეგეშინდა, თუ არ აჩვენებ ამას, ის დიდი ალბათობით, არ გიკბენს”, მაგრამ როგორც კი აჩვენებ, რომ შეგეშინდა ან გაიქცევი, აუცილებლად გამოგეკიდება.
- "ქართული ოცნება" გაიქცა?
- ჯერ არ გაქცეულა, მაგრამ იმ დიდ "ავ ძაღლს", რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, აჩვენებს, რომ ეშინია და დამფრთხალი "ქართული ოცნების" გამო "ნაციონალებსაც" გული მიეცათ...
- ანუ 19 აპრილის აქცია რაიმე საფრთხის შემცველი არაა?
- სააკაშვილის და მისი გუნდის მხრიდან არაფერი გამორიცხული არაა; ისინი ნებისმიერ პროვოკაციასა და შანტაჟზე წავლენ, მაგრამ ობიექტურად ვერანაირ სერიოზულ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი პროგრამა-მინიმუმი თვითგადარჩენაა, რომ ციხეში არ ამოყონ თავი. აქაც "ქართულმა ოცნებამ" სისუსტე გამოავლინა და რიგ სამინისტროებში ის კადრები ჰყავთ, რომლებიც სჩადიოდნენ ბოროტებას...
- თუმცა, ჯერჯერობით, ისე გამოდის, რომ ვინც ციხეშია, მათაც ვერ უმტკიცებენ წაყენებულ ბრალდებებს...
- ეს იმიტომ, რომ იმ კადრს, ვინც წლების განმავლობაში სჩადიოდა ბოროტებას, დღეს მასვე ევალება ამ ბოროტი დავალების გამცემების წინააღმდეგ საქმე აღძრას; წარმოგიდგენიათ, რომ ეს ასე იქნება?!
- იქნებ ამის მიზეზი კადრების დეფიციტია?
- კადრების დეფიციტი არ არსებობს, თუ ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე თვალს გაახელს. რაც შეეხება პროკურატურის კადრებთან დაკავშირებულ საკითხს, ძალიან კარგად უთხრა ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა, რომ ზედა ეშელონებში წამყვან თანამდებობებზე რომ გყავთ ძველი კადრები გაუშვითო, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა: კი მაგრამ, ციდან ჩამოვიყვანოთ პროკურორებიო? თავის მხრივ, კი კახიშვილმა უთხრა, პროკურატურაში დააწინაურეთ რიგითი თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გასვრილები, წლებია, მუშაობენ და გამოცდილება აქვთო.
- და რა უპასუხა პრემიერმა?
- მე ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია ივანიშვილმა მიიღო განსჯისთვის...
"არ მინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე არაადეკვატური კანდიდატურა დაასახელოს"
- და ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნები მოდის...
- დიახ, ახალი კონსტიტუციით ქვეყნის მართვის სადავეები ექნება პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრზე ბევრად მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან ის ხალხის არჩეული იქნება. ამიტომ მას უფრო წონიანი სიტყვა ეთქმის, ვიდრე თუნდაც პრემიერს. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ძალიან არ მინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ამ თანამდებობაზე არაადეკვატური კანდიდატურა დაასახელოს და ხალხს არჩევნებზე მისასვლელად გული აუცრუვდეს.
- არაადეკვატური რომ ახსენეთ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
- ჯერჯერობით, რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, ზოგიერთი უბრალოდ ირონიის აღმძვრელია, ზოგიერთი – აღშფოთების, ზოგიც – შეშფოთების, თუმცა არის სერიოზული კანდიდატურაც...
- ვის გულისხმობთ?
- მოდით, "ქართული ოცნება" საბოლოოდ რომ შეარჩევს და დაასახელებს, შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე...