„ამ ვიდეოჩანაწერით სააკაშვილი აშკარად შეშინებულია, ეგონა, სხვაგან მიჰყავდათ, მაგრამ მერე გამოსწორდა ყველაფერი და ხინკლის ჭამის სურვილიც მოეძალა“

„ამ ვიდეოჩანაწერით სააკაშვილი აშკარად შეშინებულია, ეგონა, სხვაგან მიჰყავდათ, მაგრამ მერე გამოსწორდა ყველაფერი და ხინკლის ჭამის სურვილიც მოეძალა“

„სააკაშვილი ჩემთვის არ არის აქტუალური თავისი ყველა დარტყმულობით და იდიოტობით. ჩემთვის აქტუალურია „ქართული ოცნება“, რომელიც ფეხზე ისვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე გვაზის მთელ საქართველოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ხელისუფლების ვერსიით, სააკაშვილი ტრაილერში ვიდეომასალას ქმნიდა იმისთვის, რომ, თუკი საქართველოში ვერ შემოაღწევდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის გადაებრალებინა მისი გატაცება. თქვენი აზრით, რისთვის სჭირდებოდა სააკაშვილს ვერსიათა სიმრავლე, ჯერ თვითმფრინავის ბილეთის აფრიალება, შემდეგ საქართველოში შემოპარვა და ბოლოს ტრაილერში განვითარებული თვითშემომედება, როცა ის ე.წ. ტრაილერის ვიდეოჩანაწერს ქმნიდა? ეს ხომ არ ადასტურებს, რომ შესაძლოა, ვიღაცებმა მართლაც შემოიტყუეს საქართველოში და ამდენი სცენარიც სწორედ მათ შესთავაზეს?

- მე მგონი, სააკაშვილი შემოჰყვა მათ, ვისაც ენდობოდა, ანუ სანდო ადამიანებს. რეალურად, რამდენად სანდონი იყვნენ ეს ადამიანები, ეს სხვა საკითხია. ისე გაიშიფრა სააკაშვილი და ისე დაადგნენ თავზე, რომ შესაძლოა, არც იყო მთლიანად დაცული მისი კონსპირაცია. ამ ვიდეომასალას, როგორც ჩანს, ყოველი შემთხვევისათვის იწერდა. „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად, რადგან მარტო ამ ფრაგმენტებს აჩვენებს.

შესაძლოა, „ქართული ოცნება“ მთლიან ჩანაწერს არჩევნების წინა დღისთვის ინახავს.

- შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ეს არ მუშაობს კარგად „ქართულ ოცნებაზე“. ყოველ ადამიანს შიდა საიდუმლო გვაქვს, რაღაც ინტიმი, რასაც ადამიანები ახლობლებსაც კი უმალავენ. ტრაილერის ვიდეომასალა იმაზე უარესია, რასაც ფარული მოსმენების შედეგად აქვეყნებენ. როცა „ქართული ოცნება“ ააშკარავებს სააკაშვილის ინტიმურ მომენტებს, ყველა ადამიანი ფიქრობს, აჰა, ასეთ რამეს ჩემზეც გააკეთებენ, როგორც წესი, ყველა ადამიანს პირდაპირ თავის თავზე გადააქვს ეს ყველაფერი. კი, ამ ვიდეომასალის მიხედვით, სააკაშვილი სახარბიელოდ არ ჩანს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ ჩანს სახარბიელოდ, თუკი გამოუქვეყნებენ ინტიმურ მომენტებს. მაშინ აჩვენონ მთლიანი ჩანაწერები. არა მგონია, მთლიან ჩანაწერებში სახარბიელოდ ჩანდეს სააკაშვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრაგმენტის ჩვენება არ არის კარგი, ანუ, რაც აწყობთ, იმას აჩვენებენ, რაც არა, არ აჩვენებენ. სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მოიპოვეს მისი ტელეფონი, ბავშვივით გაუხარდათ და ყველას აჩვენებენ, რა წერია ტელეფონში.

სააკაშვილს რომ ხელში ჩავარდნოდა ასეთი ვიდეომასალა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მომიზეზებით, ყველგან არ ააფრიალებდა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა აღარაა მიშა, ის წავიდა 2012 წელს, მაშინ გველაპარაკონ ჰიტლერზე, სტალინზე, წარმოგიდგენიათ, საათობით ილაპარაკებდნენ, სტალინს რომ ჰქონოდა ინტერნეტი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილი 2012 წელს გაუშვა, როდემდე უნდა „გავუშვათ“ ეს ადამიანი?! „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილი მოჰყავს და მოჰყავს, ჩვენ კი ვუშვებთ და ვუშვებთ. სააკაშვილი ჩემთვის არ არის აქტუალური, თავისი ყველა დარტყმულობით და იდიოტობით. ჩემთვის აქტუალურია „ქართული ოცნება“, თავისი სიღარიბით, წინდაუხედაობით და იმით, რომ თავზე გვასვამს სააკაშვილს, თვითონ ფეხზე ისვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე გვაზის მთელ საქართველოს. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. სააკაშვილი კი არა, მასზე უარესი, ყველაზე უფრო გარეწარი ადამიანიც რომ იყოს, ყველას თავისი ღირსება გააჩნია.

ფაქტია, სააკაშვილს რამდენიმე სცენარი ჰქონდა გათვლილი, ალბათ, ეს ჩანაწერიც ადასტურებს, რომ მისი ზრახვები საქართველოსთან მიმართებით შორსმიმავალია.

- თვითონ სააკაშვილი ძალიან ეჭვიანია, მისი ფსიქიკა აშკარად არ არის ნორმალური. როგორც ჩანს, რაღაცაში დაეჭვდა, ისე არ ჩასვეს მანქანაში, როგორც უნდოდა, კომფორტი არ მოუწყეს...

შეიძლება, ელგუჯა ცომაიაზეც დაეჭვდა?

- დიახ, ფაქტია, რაღაცამ დააეჭვა და ეს ჩანაწერიც ყოველი შემთხვევისათვის გააკეთა. რა იცი, რა ხდება, უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა, მაინც ყოფილი პრეზიდენტია, მაინც ამდენი მტერი ჰყავს, მაინც ამდენი ხალხი დასდევს, ამ ფონზე მან დაიწყო ჩაწერა, ეს არის შეშინებული ადამიანის ჩანაწერი, რომლითაც გამოჩნდა მისი სილაჩრე, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, რაც მანამდეც გვიხილავს ჰალსტუხის ღეჭვისა და გორის ქუჩების ხვეტის დროს. ვიმეორებ, ამ ჩანაწერით არ ჩანს კარგად სააკაშვილი, აშკარად შეშინებულია, აშკარად ეგონა, რომ სხვაგან მიჰყავდათ, მაგრამ მერე გამოსწორდა ყველაფერი, მერე ხინკლის ჭამის სურვილიც მოეძალა, მერე ბედნიერი და კმაყოფილი იყო. ეს ვიდეომასალა კი ჩაიწერა მანამდე, სანამ გავიდოდა ფინიშზე, სანამ გადალახავდა ამ უცნაურ სიტუაციას, გაიარა საფრთხემ და სამშვიდობოს გავიდა. დღეს ამაზე ლაპარაკი მდაბიო საქციელია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ეს ვიდეოჩანაწერი იმის შემზადება ხომ არ არის, რომ იგი, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე, გადაულოცონ უკრაინას?

- ჩემი აზრით, ეს არის არჩევნების წინ ამომრჩევლებზე მომხდარი ზემოქმედება, თქვე საცოდავო ოპოზიციონერო ამომრჩევლებო, რომ გაგიხარდათ სააკაშვილის ჩამოსვლა, ნახეთ, იგი ვინ არის.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემენ სააკაშვილს უკრაინას, საიდანაც, სხვათა შორის, მის გადაცემას არც ითხოვენ.

- ასე ამბობდა კობახიძეც, არ გადავდგებიო, მაგრამ გადადგა. ღარიბაშვილი როცა ასე ჯიუტად ამბობს, სააკაშვილს არ გადავცემთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღლა წევს ტემპერატურას, ანუ ფასს ადებს სააკაშვილს, რათა შემდეგ მთელი მსოფლიო ბედნიერი იყოს, ყოჩაღ ღარიბაშვილს, თავის პრინციპულობა გვერდზე გადადო, კარგი საქმე გააკეთა, გაუშვა სააკაშვილიო. ამას აკეთებს ღარიბაშვილი იმისთვის, რომ სხვა არაფერი არ მოსთხოვონ და არ ჰკითხონ, რატომ დააპატიმრეთო. ისიც შეიძლება, სახე შეინარჩუნოს ღარიბაშვილმა და გადადგეს, სხვა პრემიერმა კი სააკაშვილის ექსტრადირება მოახდინოს. არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილი ახლა ჰყავთ იმიტომ, რომ არჩევნები გადააგორონ.

იაგო ხვიჩიას ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნია, სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვან.

- სააკაშვილს არაფერი სამკურნალო არ სჭირს, დიდი ხანია, მისი დიაგნოზი ცნობილია, წამლებს სვამს და ნორმალურადაა. ის შეიძლება გადასცენ უკრაინას, როგორც მსჯავრდებული, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მის შიმშილობას, შიმშილობას არანაირი მკურნალობა არ სჭირდება, შიმშილობას სჭირდება სიმშვიდე, ჰიგიენა და საკვებ აპარატთან მიერთება, რათა ვენიდან მიიღოს აუცილებელი საკვები. ამის გაკეთება შეუძლია ციხის ნებისმიერ საავადმყოფოს. ციხის საავადმყოფო აღჭურვილია ასეთი აპარატურით, რათა ადამიანებს დაეხმარონ შიმშილობის გადალახვაში.

მაგრამ ის არ ენდობა გლდანის ციხის საავადმყოფოს.

- არ ვიცი, რატომ არ ენდობა, მას უნდა გავიდეს კერძო კლინიკაში. მართალია, კერძო კლინიკაში ავადმყოფები გადაჰყავთ ციხეებიდან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ციხის საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მძიმე ოპერაციების და სხვა შემთხვევების დროს. შიმშილობა კი ისეთი ბანალური და ჩვეულებრივი მოვლენაა ციხეებში, რომ ციხის საავადმყოფოები მზად არიან, მოშიმშილეს მოემსახურონ. ცხადია, სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ მისი ორგანიზმი ჩვეულებრივი ადამიანის ორგანიზმია და მისი შიმშილობაც ისეთივე ბუნებრივი მახასიათებლებით ხასიათდება, როგორც ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა.

შეიძლება ვიფიქროთ, გლდანის საავადმყოფოში იმიტომ არ უნდა გადასვლა, რომ მისი სახელი გლდანის ციხის ბინადართ კარგ კონტექსტში არ ახსოვთ?

- სააკაშვილს არ ადარდებს ასეთი რამეები, არავითარი ემოციები არ აქვს.

იქნებ, შიში აქვს ყოფილი პატიმრების მხრიდან შურისძიების?

- ვინ აწამებს მაგას? ეს გამორიცხულია. რაც შეეხება მორალს, მორალისტი სააკაშვილი არ არის. ძალიან პრაგმატული ადამიანია, ეგოისტია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

შეიძლება, ნანობს კიდეც, რომ საქართველოში ჩამოვიდა, ან შემოიტყუეს თავისმა მომხრეებმა?

- შეიძლება. ფაქტია, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჯობდა, ჩამოსულიყო, როგორც ნავალნი თვითმფრინავით და მაშინ ნამდვილად ექნებოდა პოლიტპატიმრის კონცეფცია. ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი არღვევს კანონს, ძალიან ცუდი მესიჯია. კანონის უზენაესობა გვერდზე გადასწია. რას ეუბნება ამით მოქალაქეებს? თუ საჭიროდ ჩათვლით, დაარღვიეთ კანონი? რა მაგალითი მისცა გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ გადადიან, ვერ გადმოდიან და უცებ შეიძლება სახელმწიფო საზღვარი დაარღვიონ. თანაც, ამას პირველად არ აკეთებს, უკრაინაშიც იგივე გააკეთა თავის დროზე.

 

 

Maverick სააკაშვილი ეგოისტი კი არა სოციოპატია!

მას ყველა და ყველაფერი ძულს, ადამიანებში, საზოგადოებაში იგი მხოლოდ მონებს და მისი ჟინის დამაკმაყოფილებლებს ხედავს!
2 წლის უკან