აღლუმი, ომი და გამოძიება

აღლუმი, ომი და გამოძიება

რა ფორმით გაიმართება სამხედრო აღლუმი 26 მაისს? გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით მიღებული არ არის. იმ მოკლე განმარტების თანახმად, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 12 აპრილს გააკეთა, 26 მაისი აუცილებლად საზეიმოდ აღინიშნება და იქნება სამხედრო კომპონენტიც. ნაწილობრივ განსხვავებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიდგომა გაზეთებისა და ტელევიზიების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე. მან რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი აზრით, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელმაც სამხედრო ძალა უნდა აჩვენოს. ამ განცხადების მიუხედავად, 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვის მიზანშეწონილობის საკითხზე პრემიერ-მინისტრმა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთანაც დაგეგმა. ოფიციალური განცხადება აღლუმის თაობაზე, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება, თუმცა აღლუმის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა შეფასებებში ჩანს, რომ აღლუმის გამართვის თემა, გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხსაც უკავშირდება.

სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის აზრით, აღლუმი ჩატარდება თუ არა, დამოკიდებულია ტრადიციასა და იმაზე, რა სურს ქართულ საზოგადოებას, რა ფორმით უნდა მას საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების დათვალიერება. ტაბუ ამ მიმართულებით, გიორგი თავდგირიძის აზრით, არ არსებობს, მაგრამ არის საქართველოსთვის სპეციფიკური ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:

”მე ვფიქრობ, რომ აღლუმი ცენტრალიზებული წესით, როგორც აქამდე იმართებოდა, არ უნდა გაიმართოს, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ სანამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ არის გამოძიებული, უმაღლეს მთავარსარდალს - და დღეს რეალობაში ეს არის მიხეილ სააკაშვილი - არა აქვს მორალური უფლება, მიიღოს და ჩაიბაროს შეიარაღებული ძალების აღლუმი. თუ ამ პოლიტიკურ კონიუნქტურას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ეს 26 მაისი უნდა გაიმართოს სხვა ფორმით და ცენტრალიზებული აღლუმის, პირადად ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, წინააღმდეგი ვარ და არ უნდა გაიმართოს”.

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი 2008 წლის ომის გამოძიების პროცესში ჩართვას კატეგორიულად ემიჯნება და თავის აზრს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ შეიძლება სურდეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარება:

”დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. ერთი წუთითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის ამ საკითხის გამოძიების საბოლოო მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ახალ ვითარებაში ბოლომდე შესრულებამდე, მიყვანამდე.”

”მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება საქართველოს ბრალი იყო”, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, თავისი 10 აპრილის გამონათქვამებზე განმარტება ბიძინა ივანიშვილმა 12 აპრილს გააკეთა. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ არასდროს უთქვამს, თითქოს საქართველო აგრესორი იყო და ომი მან დაიწყო:

”ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთია სხვა ქვეყნის საზღვარი, არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა”, -განმარტავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აქვე დასძენს, რომ, ზემოხსენებული გარემოებების მიუხედავად, სიმართლის დადგენა აუცილებელია, რათა დასრულდეს ომის თემით სპეკულაციები. შეკითხვები კი, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაუჩნდება გამოძიებას, შემდეგია: რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ 

აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს პროკურატურაში შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, ვის მიმართ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედება და ვინ დაიკითხება, ჯგუფის შექმნის შემდეგ დაიგეგმება.

”ჩვენი ამოცანაა სამართლებრივ ასპექტში შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს”, ამბობს საქართველოს მთავარი პროკურორი.

ომის საკითხთა გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის მომხრე პოლიტიკოსები ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ, მოწინააღმდეგეების აზრით კი, ეს ობიექტური აუცილებლობაა.

”სააკაშვილისთვის არავის უთქვამს, დამნაშავე ხარო. მასში რაღაცა ქვეცნობიერი ლაპარაკობს, ეტყობა, და თვითონ შიშები აწუხებს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდლის ინტერესებში არ იყოს ის, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული“, ამბობს თინა ხიდაშელი.

”დღეს იქმნება საგამოძიებო კომისიები, რომლებმაც უნდა საქართველოს დანაშაული გამოიძიოს - საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს სამხედროების დანაშაული თავდაცვით ომში, მაშინ, როცა მენტორული ტონით ამას ყველაფერს რუსეთი, რა თქმა უნდა, იყენებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეასაღოს თავისი მცდარი ვერსია მთელ მსოფლიოს”, აცხადებს გიორგი გაბაშვილი, პარტია ”ევროპელი დემოკრატების” ლიდერი.

პაატა დავითაია კი ეჭვობს, რომ პროკურატურაში 2008 წლის ომის საკითხთა საგამოძიებო ჯგუფის შექმნით საქართველო პრაქტიკულად ამ საკითხებზე მომუშავე ყოფილი საერთაშორისო კომისიისა და მისი ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამს.