ქრისტიანობა, ისლამი, ინდუიზმი, კონფუციანიზმი (თავისი განშტოებებით) და ბუდიზმი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიებია. ევროსაბჭოს ოფიციალური მონაცემებით, დედამიწაზე 2,1 მილიარდი ქრისტიანი (აქედან, 1,15 მილიარდი კათოლიკე). ცხოვრობს, ისლამისტი _ 1,3 მილიარდი, ინდუიზმის მიმდევარი _ 900 მილიონი, კონფუციანელი და დაოსიზმის მიმდევარი _ 394 მილიონი, ბუდისტი კი, _ 376 მილიონი. რაც შეეხება იუდაიზმს (ყველაზე ძველი მონოთეისტური რელიგია), მისი მიმდევრები საერთო მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ. ამასთან, დედამიწაზე მოსახლე 5,5 მილიარდი ადამიანიდან, ზემოჩამოთვლილი რელიგიების გარდა, სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებიც არიან. საერთო ჯამში, სურათი ასეთია: ჩვენს პლანეტაზე მოსახლე 5,5 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 1,1 მილიარდია არარელიგიური, ანუ 1,1 მილიარდ ადამიანს ღმერთის არსებობის არ სჯერა და ასეთთა რიცხვი, როგორც მკვლევარები ამბობენ, თანდათან იზრდება. სპეციალისტების აზრით, ურწმუნო ადამიანების _ ათეისტების და აგნოსტიკოსების სწრაფი ზრდის მთავარი საფუძვლები ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის მიმართ უნდობლობა, პოლიტტექნოლოგიების არაკორექტული განვითარება, განათლებისა და კეთილდღეობის მაღალი დონე, გლობალიზაციაა, აგრეთვე, იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი ადვილად ეცნობა სხვადასხვა რელიგიის თეორიას. სოციოლოგების დასკვნით, იქ, სადაც ცხოვრების დონე დაბალია, საზოგადოება უფრო რელიგიურია. იმ ქვეყნებში კი, სადაც მაღალი ცივილიზაცია და, შესაბამისად, მატერიალური დოვლათია, ხალხს ღმერთის იმედი ნაკლებად აქვს... საქართველო არც ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა და არც _ მატერიალური დოვლათით. შესაბამისად, მორწმუნეთა რაოდენობაც დაბალი არაა... “ქართული სიტყვა” მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ესაუბრა.
_ მამა ალექსანდრე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ზოგიერთი მღვდელი გაუნათლებელია. ისე, ალბათ, ცოტა უხერხულია, რომ მღვდლები საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე პრესკონფერენციას აწყობენ და აცხადებენ, დასავლეთი ჩუმი ბოროტებაა, ზანგები კი, შავები ცოდვების გამო არიანო. მორწმუნეთა რადიკალური ფრთა თვლის, რომ სასულიერო პირის გაკრიტიკება ცოდვაა და საერო პირს უფლება არ აქვს, რომ ღვთისმსახურზე აუგი თქვას...
_ ასეთი განცხადების გაკეთება რასიზმია დ მეტი არაფერი. ნებისმიერი რასის ადამიანი, ჩინელი იქნება თუ ზანგი, ღვთის შვილია. გაუნათლებელი მღვდელი ბევრია, მაგრამ ადრე უფრო ბევრი იყო. ყველაფერი კომუნისტური წარსულიდან მოდის. ისეთ მონსტრს, როგორიც საბჭოთა ხელისუფლება იყო, ეკლესიის სრულად განადგურება უნდოდა და ორი მხრიდან ებრძოდა _ ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს ხურავდა, ღვითისმსახურებს დევნიდა და ხვრეტდა. ბრძოლის მეორე მხარე გაცილებით მზაკვრული იყო _ “კა-გე-ბე”-ს ანაფორაში ჩაცმულ თანამშრომლებს ეკლესიის წიაღში უშვებდა. “კა-გე-ბე”-ში არსებობდა რელიგიური განყოფილება, რომლის მიზანიც ეკლესიის შიგნიდან გარყვნა და განადგურება გახლდათ. გინდა გარყვნილებაში იცხოვრო და თან სახელმწიფომ ფული გადაგიხადოს?! _ ჩაიცვი ანაფორა და შედი ეკლესიაში! _ აი, ასე მუშაობდა “კა-გე-ბე”. 20 წელია, ეკლესია ზეწოლისაგან გათავისუფლდა და პატრიარქის რუდუნებით დაარსდა სემინარია და აკადემია. ადრე პედაგოგებიც არ იყვნენ, დღეს კი, სასულიერო პირები დისერტაციასაც იცავენ _ პედაგოგებიც გვყავს და პროფესორებიც.
რაც შეეხება გაუნათლებელი მღვდლების გაკრიტიკებას, ეს ეკლესიის შიგნით ხდება და შესაბამის ზომებსაც იღებს, მაგრამ საერო საზოგადოებაში არ ხმიანდება. დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი ეკლესიის მრევლია, მაგრამ თუ საერო პირების მხრიდან ეკლესიის კრიტიკა გააქტიურდა, მაშინ, შესაძლოა, ისეთი სურათი მივიღოთ, როგორიც დასავლეთშია _ ეკლესიები თითქმის ცარიელია, მრევლი არ ჰყავს და ადამიანები აპოსტასიურ მდგომარეობაში არიან. “აპოსტასია” ბერძნული სიტყვაა და განდგომას ნიშნავს. დღეს, მთელ მსოფლიოში ტოტალური განდგომა, ტოტალური აპოსტასიაა. საქართველოში ხალხი ეკლესიისაკენ შემობრუნდა და თითო-ოროლა გაუნათლებელი მღვდლის გამო აჟიოტაჟის ატეხვა, პირველ რიგში, ქვეყანას ავნებს.
_ რაკიღა კრიტიკაზე ვსაუბრობთ, ბარემ, სამარხვო მენიუზეც გკითხავთ: სამარხვო ტორტი, შაურმა, მწვადი _ ამაზე ხშირად ქილიკობენ...
_ ვიცი, მაგრამ ძალიან სასაცილოა, რომ ეს თემაც კრიტიკის საგანია. ამაზე ქილიკობენ ისინი, ვისაც ცხოვრებაში მარხვა არ დაუცავს.
რაც შეეხება სამარხვო ტორტს, ისეთი უგემურია, ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ სამარხვო შაურმა და, მით უმეტეს, მწვადი, ნამდვილად არ გამიგია.
_ ქალაქში, ლამის ყველა ეზოში ეკლესია შენდება, რომლის გვერდითაც კაფე-ბარია. ამით ტაძარი საკრალურობას არ კარგავს? ჩვენი წინაპრები ეკლესიებს მთის მწვერვალებზე აშენებდნენ _ როცა ტაძრამდე შორი გზა გაქვს გასავლელი, კათარზისს განიცდი, სულიერება უფრო ყოვლისმომცველად შემოდის შენში, არ მეთანხმებით?
_ არა, ეს სენტიმენტალური პათოსია და მეტი არაფერი. ეკლესია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ადგილია. ის, რასაც თქვენ ამბობთ, შამანური აზროვნებაა, რომელიც ძალიან შორსაა ჭეშმარიტი რწმენისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან. ღმერთი გვეუბნება, აქ ვდგავარ, შენს გვერდით _ ყველგან, სადაც შენ ხარო.
_ რამდენიმე ხნის წინ, ეკლესია ანჩისხატის მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიაში გადატანას ითხოვდა, რასაც წინა მთავრობა კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. არადა, ევროპის ტაძრებში უამრავი შედევრია და უამრავი ტურისტიც ჰყავს. რატომ არ შეიძლება, იგივე საქართველოშიც გაკეთდეს?
_ ანჩისხატის ეკლესიაში გადატანა ღვთისმსახურთა გარკვეულ ჯგუფს უნდოდა. ეს საპატრიარქოს პოზიცია არ იყო. ეკლესიაში სათანადო პირობებს ვერ შეუქმნიან ანჩისხატს _ ვერ მოუვლიან, ამიტომ, მუზეუმში უნდა დარჩეს, თუმცა მოსკოვსა და პეტერბურგში _ ტრეტიაკოვკის გალერეასა და ერმიტაჟში, შედევრებად აღიარებული ხატებისათვის დიდი დარბაზებია გამოყოფილი, რომლებიც ეკლესიადაა გადაკეთებული. ხატები არ უნდა მოწყვიტო თავის გარემოს, კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც იგივეს გააკეთებენ.
_ მამაო, ბევრჯერ უთქვამთ, უფლის კვართი მცხეთაში არაა, დიდი ხნის წინ რუსეთში გაიტანესო. სიმართლეა?
_ რუსეთში დღემდე ოფიციალურად აღნიშნავენ საქართველოდან რუსეთში მაცხოვრის კვართის გადატანას, საეკლესიო კალენდარშიც უწერიათ. როგორც ამბობენ, კვართის გატანა საქართველოდან შაჰ-აბაზის პერიოდს ეკუთვნის, შაჰ- აბაზმა წაართვა ქართველებს და რუსებს მისცაო. იმასაც ამბობენ, ქართველებმა შეცვალეს და ნამდვილი კვართი არ მისცეს რუსებსო. ჩემი აზრი ასეთია: სიდონიას ისე ეპყრა ხელთ მაცხოვრის კვართი, რომ ვერ გამოჰგლიჯეს და მასთან ერთად დამარხეს. ამიტომ არ მგონია, რომ შაჰ-აბაზმა სიდონიასა და კვართის ურთიერთდაშორება შეძლო. არც საფლავს ეტყობა, რომ გახსნილია. იმედი მაქვს, რომ მაცხოვრის კვართი მცხეთაშია.
_ ახლახან, რუსეთის პატრიარქმა წმინდა ალექსანდრე ნეველის ძვალი გამოგვიგზავნა იმის პასუხად, რომ ჩვენმა პატრიარქმა ქართველ მეფეთა ძვლების საქართველოში გადმოსვენება სთხოვა. არ ფიქრობთ, რომ რუსეთის საქრისტიანოს წინამძღოლი დაგვცინის?
_ როგორ გითხრათ... მსოფლიოს ჯერჯერობით ძალა მართავს და ეს, რაღა თქმა უნდა, კარგი არაა. ვინც ძლიერია, იმას ემორჩილებიან ვასალური ქვეყნები. როდესაც ჩვენ ვიყავით ძლიერი, ჩვენ გვყავდა ვასალური ქვეყნები, ახლა კი, ჩვენ ვართ სხვისი ვასალები. ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია. ასეა ყველაფერში და არც ეკლესიაა გამონაკლისი, სამწუხაროდ.
_ იმაში, რომ მსოფლიოს ძალა მართავს, ახალი არაფერია, მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად მაინც რწმენაში დაეჭვება ტანჯავს. მღვდელიც ადამიანია და ეს პრობლემა, ალბათ, მასაც აქვს...
_ საერთოდ, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში რწმენის დეფიციტი იზრდება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები იყიდება. მაგალითად, პარიზში ორი ტაძარი გაიყიდა: ერთში ჩინური რესტორანია და მეორეში _ ცირკი. იგივე მდგომარეობაა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, რასაც ვერ ვიტყვი იტალიასა და ესპანეთზე, თუმცა მრევლის რაოდენობა ძალიან ცოტაა დასავლეთის ეკლესიებში. საეკლესიო წირვა-ლოცვებზე კანტი-კუნტად დადის ხალხი. ამ მხრივ საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა: მოსახლეობის 90 პროცენტი, როგორც გითხარით, ეკლესიაში დადის და უნდა, რომ სულიერად ამაღლდეს, მაგრამ თუ ეკლესიის კრიტიკა დაიწყო, შესაძლოა, ისეთივე სურათი მივიღოთ, როგორიც დასავლეთშია. მედიის მხრიდან გაუნათლებელი მღვდლების კრიტიკამ, არ მგონია, რომ ხალხში რწმენის ამაღლებას შეუწყოს ხელი. გაუნათლებელ მღვდლებს და უამრავ სხვა პრობლემას, რომელიც დღეს ეკლესიაშია, ეკლესიის შიგნითვე მოევლება და გარწმუნებთ, საქართველოს ეკლესიას ამის ძალა შესწევს.
_ მამა ალექსანდრე, წეღან ბრძანეთ, დასავლეთში ტოტალური აპოსტასიაა _ ადამიანები ურწმუნონი გახდნენ. ამის მიზეზი, ან საფუძველი რა არის?
_ დასავლური ცივილიზაცია დღეს რელიგიას ნაკლებად ეყრდნობა _ არ ცდილობს ეკლესიის ჩართვას თავის ცხოვრებაში და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერებას. მეცნიერება ფაქტების ასახვა და ანალიზია, მაგრამ ყველა შეკითხვას პასუხს ვერ სცემს და ვერც მომავალში გასცემს. შეკითხვებს, რომლებსაც მეცნიერება ვერ პასუხობს, პასუხობს რელიგია. მეცნიერება საჭირო და აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ არა _ რელიგიის ჩანაცვლების ხარჯზე.
თუ ქრისტიანული სამყაროს ისტორიას გადავხედავთ, შუა საუკუნეების მერე, ნელ-ნელა ეკლესიისაგან განდგომა იწყება. შემდეგ, მოდიან განმანათლებლები და იწყება დეისტური (განდგომა) მოძრაობა. ღმერთი მესაათის მდგომარეობაშია, რომელიც სამყაროს ქოქავს და შემდეგ, სამყარო ღმერთის გარეშე ცხოვრობს. ღმერთს აღარ აქვს ადგილი შენს პირად ცხოვრებაში და დაცემული ადამიანის ლეგიტიმაცია ხდება. ობიექტური ჭეშმარიტება გვერდზეა გადადებული და შემოდის სუბიექტური ჭეშმარიტება _ მე ვარ გადამწყვეტი ჩემი მორალის, ზნეობისა და მევე განვიკითხავ ჩემს თავს, სხვა მცნება მე არ მჭირდება. მართალია, დღეს ადამიანი მატერიალურად უზრუნველია, მაგრამ სულიერად დეგრადირებულია და ცხოვრება აღარ უნდა. ამიტომაც, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში კატასტროფულად ხშირია სუიციდის შემთხვევები _ ადამიანმა ღმერთთან ცოცხალი განცდა დაკარგა, მარტო დარჩა, უიმედოა, სიკვდილის პანიკური შიში ეუფლება და დეპრესიაში ჩავარდნილი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება არაა საკმარისი, რომ ადამიანმა სიკვდილი დაძლიოს. სიკვდილს ვერც ფსიქოლოგიით დაძლევ და ვერც _ ფილოსოფიით. სიკვდილის დაძლევა, მხოლოდ რელიგიით შეიძლება, რომელიც იმარჯვებს სიკვდილზე.
_ რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის, რელიგიურად, სიკვდილი რა არის?
_ რელიგია ამბობს, ადამიანს სიკვდილის შიში იმიტომ აქვს, რომ სიკვდილი მისი ბუნებრივი მდგომარეობა არააო. ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია და ის, რაც ღმერთს არ შეუქმნია, ადამიანისათვის არაბუნებრივია. სიკვდილი დადგა ცოდვის შემდეგ და ამიტომაცაა მის მიმართ პანიკური შიში. რწმენა კი, ადამიანს აძლიერებს _ მხოლოდ რწმენით შეიძლება სიკვდილზე გამარჯვება. სიკვდილი მარადიული სიცოცხლე, ადამიანის სახეცვლილი ცხოვრებაა, ოღონდ ამ მდგომარეობაში ადამიანი ვეღარაფერს ცვლის.