ზაფხული თანდათან გვიახლოვდება და ნებისმიერ ჩვენგანს უჩნდება სურვილი, დამქანცველ ყოველდღიურობას რამდენიმე დღით მაინც მოსწყდეს და დასვენების დღეები მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან, მშვიდ გარემოში გაატაროს. საქართველოში ერთეულებს შეუძლიათ დაისვენონ ფრანგულ პოლინეზიაში ან ბაჰამის კუნძულებზე. თუმცა, დიდი სიიაფით ვერც ქართული კურორტები დაიკვეხნიან.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება:
- ჩვენს მეზობელ თურქეთში უფრო იაფია დასვენება, ვიდრე საქართველოში. ეს ფაქტია და საკმაოდ დასანანიც. ახლა კი, მოდით, ციფრებსაც შევხედოთ: ანტალიაში 2-კაციანი ტური 10 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 დოლარი ღირს, მაშინ, როცა ბათუმში, ნორმალურ სასტუმროში ერთი ადამიანის ცხოვრება დღე-ღამეში ღირს 200 დოლარი. შესაბამისად, 10 დღეში 2 ათასი დოლარი უნდა გადავიხადოთ. შედარებით დაბალი კლასის ნორმალური სასტუმროები ბათუმში ფაქტობრივად არ არის. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება კი მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. შეიძლება ადამიანმა გადაინაცვლოს კერძო საოჯახო სასტუმროში, სადაც ასევე მაღალი ფასებია, მაგრამ იქაც ვერ მიიღებს შესაბამისი დონის მომსახურებას. რატომ ხდება ასე? - თუნდაც იმიტომ, რომ ანტალიაში სეზონი თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ბათუმში, ქობულეთსა და შავიზღვისპირეთში სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საოჯახო სასტუმროს მფლობელმა დანახარჯებიც რომ ამოიღოს, მოგებაც მიიღოს და ობიექტიც მოაწესრიგოს, რაც შეიძლება მაღალი ფასი უნდა დაადოს თავის მომსახურებას.
ამასთანავე, ტურისტულ ქვეყნებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სურსათის ფასებს, უნდა ვაღიაროთ, რომ კვების პროდუქტი თურქეთში გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. სურსათის სიიაფე სერიოზულად აიაფებს ტურისტების მომსახურებასაც. სწორედ ამიტომ, ხურგადასა და ანტალიაში დასვენება უფრო იაფია, ვიდრე ბათუმში, რომელსაც "ნაციონალური" ხელისუფლება განსაკუთრებულად მფარველობდა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ტურიზმი სხვა დარგებისაგან მოწყვეტილი ვერ იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ტურიზმი პრიორიტეტული მიმართულება იქნებოდა, საბოლოო ჯამში კი ფაქტია, რომ ქვეყანას არა აქვს ტურიზმის განვითარების კონცეფცია.
კიდევ ერთ ნიუანსს უნდა შევეხო: ბათუმში აშენდა რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ტურიზმის სფეროში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც საბერძნეთში ან ესპანეთში, ტურიზმი არ განვითარებულა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ხარჯზე: ყველგან აქცენტი კეთდებოდა 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, რადგან სწორედ ეს არის მასობრივი ტურიზმის განვითარების საფუძველი. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ბინადრებს ხშირად არა აქვთ დრო ისეთ შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ, როგორიც საქართველოა... ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სურსათის უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და კომუნიკაციების მხრივ. მაღალი ფასები, ადამიანური რესურსებისა და გამოკვეთილი სტრატეგიის არქონა სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორებია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლის გამოც საქართველო ვერ იქცა "ტურიზმის მექად". მარტო "ჭაჭის კოშკის" დადგმა ბათუმში ან "სიღნაღიზაციაზე" ლაპარაკი ამ საქმეს ვერ უშველის.