ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის

ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის "ალალი დაპირებები" ქუთაისელებს

9 აპრილს, ყოფილი პარლამენტის შენობის დანგრევას გადარჩენილ შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის საკმაოდ ფართო პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჟურნალისტებისთვის ძნელად ხელმისაწვდომებად იქცნენ, მათ შორის გუბაზ სანიკიძე, რომლის მიმართაც საზოგადოებას არაერთი კითხვა დაუგროვდა. ის უმცირესობის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან წევრთან აკაკი ბობოხიძესთან ისე შეხმატკბილებულად საუბრობდა, რომ ერთი შეხედვით, მათი პოლიტიკური ორიენტაციები მართლაც ძნელი გასარკვევი იყო...

გუბაზ სანიკიძე, პარლამენტარი:

- 9 აპრილი ისეთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რომ ამ დღეს მაინც უნდა დავივიწყოთ ყველანაირი წყენა და ქიშპობა. ისეთივე ერთიანები უნდა ვიყოთ, როგორც 24 წლის წინ, რადგან ეს ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაა. ამ დღეს ორი რამ მოხდა, პირველად, ქართველ ხალხს, ისევ დასჭირდა გმირობის ჩადენა და სიცოცხლის გაწირვა სამშობლოსთვის, ისე წავიდა ქართველი ერის ცხოვრება, რომ დიდ გამარჯვებას მსხვერპლი სჭირდებოდა... ორი წლის შემდეგ კი, ამ გმირობის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, რაც ნიშნავს, რომ ერთი თაობა თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, მე მათ "უდაბნოს თაობას" ვუწოდებ. იმედი მაქვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის ფასი იცის და ამ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს საფრთხე აწი მაინც არ ემუქრება... მე, როგორც რიგითი ქართველი, არაფრის გულისთვის არ დავთმობ მას, რადგან სხვისი გადმოცემით კი არა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და განცდილი ის გმირობა, რომელიც ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ხალხმა შეძლო. 1989 წლის 9 აპრილსაც იქ ვიყავი და ორი წლის შემდეგ, ბედმა გამიღიმა და დამოუკიდებლობის აქტსაც მოვაწერე ხელი, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩემი ბიოგრაფია საქართველოში ბოლო 24 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების პარალელად შეიძლება ჩაითვალოს და ამიტომაც დიდი პატივია, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვან დღეს პარლამენტის ამ დარბაზში ყოფნა.

- რამდენად ახლოს არის მაშინდელი ბრძოლის მიზანი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან?

- ახლოს კი არა, ეს ის შედეგია, რისთვისაც 24 წლის წინ ვიბრძოდით, თუმცა კი, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. სამოქალაქო დაპირისპირებას მხარე არ აქვს და ყველაზე მძიმედ აისახება ხოლმე ქვეყნის ცხოვრებაში. საბედნიეროდ, გავიდა დრო და ქართველმა საზოგადოებამ ეს შეცდომა აღარ გაიმეორა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ცნობიერება შეიცვალა და ჩამოყალიბდა. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და გასული წლის ოქტომბერში საქართველოს - უბრალო ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების მომავალი შევცვალეთ უკეთესობისკენ.

- როგორ ფიქრობთ, უბრალო ადამიანებისთვის რა შეიცვალა უკეთესობისკენ?

- ის, რომ ისინი თავისუფლები არიან, მათ არავინ ემუქრებათ და მათზე არავინ ძალადობს. როგორ ფიქრობთ, ვინმე მეტყვის, რომ ეს უმნიშვნელოა და არაფერს ნიშნავს?..

- წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გავიხსენებთ, საზოგადოება უფრო მეტს ელოდა...

- დიახ, მახსოვს ბატონო და არსად წაგვიღია ჩვენი სიტყვები, მაგრამ ყველაფერი იქნება თანმიმდევრულად და ეტაპობრივად, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ნულიდან დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა და ამ ყველაფერს დრო უნდა. გაიხსენეთ, შარშან ამ დროს რა ხდებოდა ქვეყანაში, რეგიონებში გაღიმებულ ადამიანებს ვერ დაინახავდი. ხალხი თანდათან თავისუფლდება მარწუხებისგან და თავისუფლებას გრძნობს, რასაც თავის მოქმედებაში გამოხატავს.

- შეიძლება თუ არა თავისუფალი აზრის გამოხატვად მივიჩნიოთ ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში თქვენი კაბინეტის კარების "სკოჩით" აკვრა?..

- ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ დაიკვეხნის, ხალხთან იმდენ შეხვედრას ვმართავო, რამდენსაც მე და ამაში არავინ შემომედავება. ამას ალალად გეუბნებით. ჩამობრძანდით ქუთაისში და ნახეთ, დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს ვხვდები. დილის ცხრა საათიდან ღამის პირველ საათამდე შეხვედრები მაქვს...

- ყველაზე მეტად რა პრობლემები აწუხებთ ქუთაისელებს?

- ის, რაც დანარჩენ საქართველოს... სხვათა შორის, ის ჩემი კაბინეტის კარი არ არის და იმ პატივცემულს შეეშალა, ერთი სართულით მაღლა უნდა ასულიყო. გასაგებია მათი წუხილის მიზეზი, "ნაციონალები" განიცდიან იმას, რომ საკრებულო და მერია დაეშალათ, ხელისუფლება შეიცვალა და საკრებულო იმ ფორმით მუშაობას ვეღარ გააგრძელებს... რაც შეეხება ქუთაისელების პრობლემებს, მე პირველი ვარ იმ ადამიანებში, ვინც ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, წყალგაყვანილობა იქნება თუ კანალიზაცია, მაგრამ უახლოეს მომავალში ქუთაისში მოხდება ძალიან დიდი პროექტის პრეზენტაცია და იმ პირობების შესრულება დაიწყება, რომელსაც ხალხს შევპირდით.