ფრანგი დიპლომატები თავდაცვის აკადემიაში (ვიდეო)

ფრანგი დიპლომატები თავდაცვის აკადემიაში (ვიდეო)

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევარსი სტუმრობდნენ. ფრანგ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლეს.

საფრანგეთის ელჩმა თავდაცვის აკადემიის მსმენელებს ISAF-ის მნიშვნელობის შესახებ ლექცია წაუკითხა და ვრცლად ისაუბრა მისიაში საქართველოსა და საფრანგეთის წვლილზე. სამხედრო ატაშემ კი მისიის სამხედრო კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ფრანგმა დიპლომატებმა აკადემიის მსმენელების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

ლექციის შემდეგ ფრანგი სტუმრები აკადემიის რექტორს შეხვდნენ და თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის შემდეგ მათ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

"საქართველო და საფრანგეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთად არიან ჩართული ავღანეთის მისიაში. თანამშრომლობა სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა. ყოველთვის სასიამოვნოა შეხვედრა ისეთი პატივსაცემი უწყების წარმომადგენლებთან, როგორიც თავდაცვის სამინისტროა. ჩემი ქვეყანა ამაყობს საქართველოსთან თანამშრომლობით"- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.