თურქეთი საქართველოში სამოქალაქო ომის ინსპირირებას ცდილობს?

თურქეთი საქართველოში სამოქალაქო ომის ინსპირირებას ცდილობს?

ბოლო დღეებია, ქართული პოლიტიკა “თურქულ რელსებზეა” გადასული: ჯერ იყო და, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთობ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც ქართული პოლიტელიტის ნაწილმა თურქეთის მხრიდან საქართველოს ანექსიის მცდელობად შეაფასა. ,,გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც ჩვენ გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ამჯერად, ამას მშვიდობიანი გზებით გავაკეთებთ და არავისთან ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ, ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის _ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეო-ოსმალიზმში, მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?” _ ეს განცხადება დავუთოღლუმ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის განახლებისა და რაბათის ციხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ანუ 6 აპრილს თურქეთს, ოფიციალური ვიზიტით, ოპოზიციისგან “ვადაგასულად” სახელდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა, თუმცა ჩვენი “მაღალისა” და ერდოღანის შეხვედრა ერთმა ინციდენტმა დაჩრდილა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა. “მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობისას საავტომობილო გზაზე გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა. მას, ხელის მოტეხილობის გარდა, სხვა დაზიანებებიც აღენიშნება”, _ იუწყებოდნენ თურქი ჟურნალისტები. მართალია, სააკაშვილის ადმინისტრაცია ერთხანობას ცდილობდა, რომ ეს ცნობა დაემალა, მაგრამ ბოლოს, იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ სააკაშვილს მორიგი “ხუნტრუცი” ძვირი დაუჯდა და მხრის სამმაგი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა... ტრამვირებულს, როგორც წესი, ადამიანები უთანაგრძნობენ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელმაც საზოგადოების უმეტესობას ღიმილი მოჰგვარა. რამდენიმე ახალგაზრდამ კი, “ვარდების მოედანზე” მდებარე ველოსიპედის ძეგლი გვირგვინით შეამკო. “ეს გვირგვინი იმ ველოსიპედს ეძღვნება, რომლითაც თურქეთში სააკაშვილი დაიმტვრა. ისე, უკეთესი იქნება, თუკი ველოსიპედის ძეგლს “ვარდების რევოლუციის” მოედნიდან აიღებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიტანენ”, _ განაცხადეს ახალგაზრდებმა... რაც შეეხება თურქეთთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც, მაგალითად, აზიზიეს მეჩეთია, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მეჩეთის მშენებლობას თურქეთის საქართველოზე ბატონობის სიმბოლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ თურქებმა აჭარის ეკონომიკური, ფინანსური და იდეოლოგიური ინტერვენცია უკვე განახორციელეს:

_ თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობა დიდი ხანია, კეთილმეზობლობას გასცდა _ თურქეთმა იმპერიული ტონი დაიბრუნა და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას აშკარად ცდილობს. თურქული სპეცსამსახურები შესამჩნევად გააქტიურებულნი არიან აფხაზეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ამიტომ, მეჩეთების მშენებლობა რელიგიური მოტივაციით არაა განპირობებული.  პირველი, რასაც თურქეთი ითხოვს, აფხაზეთისთვის შეზღუდვების მოხსნა და მის აკვატორიაში თურქული გემების შეშვებაა. ისე, თურქული გემები აფხაზეთის აკვატორიაში სრულიად უკანონოდ შედიან და ვაჭრობენ კიდეც, ანუ თურქეთი ოკუპაციის კანონს მუდმივად არღვევს, მაგრამ ქართული მხარე ამაზე არაფერს ამბობს.
_ რატომ?
_ რუსეთმა და დასავლეთმა მოგვცეს უფლება, რომ მხოლოდ რუსეთზე, როგორც დამპყრობელზე ვილაპარაკოთ, დანარჩენ სახელმწიფოებზე კი, ხმა არ უნდა ამოვიღოთ.
თურქეთი წარსულში მის მიერ საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებზე ოსმალური ნაკვალევის ხელოვნურად შექმნასაც ითხოვს და ეს იმ პროპაგანდისტული რიტორიკისთვის, რომ საქართველოს ძირძველი მიწები _  აჭარა, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი თითქოს მისი საკუთრება იყო და ჩვენ წავართვით. სწორედ ამას ასწავლიან თურქეთში საქართველოდან წაყვანილ ბავშვებს, რომლებიც განათლებას მედრესებში იღებენ.

თურქეთმა, რელიგიური მომენტის გამოყენებით, სირიაში არეულობის პროვოცირება მოახდინა, რასაც ხელი დიქტატორულმა და საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელმა რეჟიმმაც შეუწყო. სირიაში სამოქალაქო ომს იარაღით თურქეთი ამარაგებს და აფინანსებს. თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზეც სწორედ ამგვარ მომზადებას გადის და სირცხვილია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამაზე ხმას არ იღებენ და თურქეთს ენის მოჩლექვით ელაპარაკებიან.

ისე, თურქეთის ხელისუფლებას შევახსენებ, რომ თავის დროზე ქართველთა რაზმმა, რუსეთის დახმარების გარეშე, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით თურქულ რეგულარულ არმიას კუდით ქვა ასროლინა. ასეთი ბრძოლა იცის ქართველმა და კარგი იქნება, თუკი თურქები ისტორიას გადახედავენ! ამასთან, თურქეთის ხელისუფლებას, ევროპას და აშშ-ს მოვუწოდეთ: საქართველოს, იმის გამო, რომ პატარა სახელმწიფოა, ნუ ჩაგრავენ! “ქართული დასი” მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა, შვეიცარიის მაგალითის განმეორება მოვითხოვოთ.
_ რას გულისხმობთ?
_ თავის დროზე შვეციარიაში იმის შესახებ, მეჩეთების აშენება საჭირო იყო თუ არა, რეფერენდუმი ჩატარდა. ჩვენც ამ შეკითხვით უნდა მივმართოთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს. სხვათა შორის, მეჩეთების მშენებლობაში თურქეთი ყოველთვის ოსმალური კულტურის ძეგლების ნაკვალევის, ასე ვთქვათ, შექმნას ითხოვს, რადგან ხვალ და ზეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეჩეთი იქნება, პრეტენზია გაუჩნდეს. 110 წლის წინ საქართველოში სულ ორი მეჩეთი იყო: ერთი _ თბილისში და ერთიც _ აჭარაში. თურქებმა მაშინ იცოდნენ, რომ თუკი ტონს ზედმეტად აიმაღლებდნენ, ქართველები აჯანყდებოდნენ და დიდი პრობლემები შეექნებოდათ. ახლა კი, უკვე 200-ზე მეტი მეჩეთი გვაქვს და მართლა, გეყოთ, რა?!

_ ბატონო ჯონდი, რაბათის ციხესთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
_ რაბათის ციხე თურქებმა კი არა, ახმედფაშა ჯაყელმა ააშენა, რომელიც ქართველი მუსლიმი იყო და შემდეგ, თურქებმა სიკვდილით დასაჯეს. საერთოდ, ყველაფერი მუსულმანური ოსმალური არაა! ახმედფაშა ჯაყელი ქართველი იყო და საქართველოში თურქეთის ბატონობას არ ემხრობოდა. ჯაყელები, აბაშიძეები და თავდგირიძეები მუდმივად ებრძოდნენ თურქეთის ბატონობას. აჭარის მკვიდრ მუსლიმ ქართველებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, რელიგიური გრძნობები ჰქონდეთ, ისინი ჩვენი ძმები არიან და მათი რწმენის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება, მაგრამ თურქეთის გაბატონებას ხელს ნუ შეუწყობენ. სხვათა შორის, აჭარის მუსლიმი მოსახლეობა ამას აცნობიერებს.

_ რაბათის ციხის რეკონსტრუქციის იდეა ჩემთან დაპირისპირებას ნიშნავსო, განაცხადა ივანე მერაბიშვილმა, რომელიც რაბათის ციხის დასაცავად მოძრაობას იწყებს...
_ მერაბიშვილი არასერიოზულია და მის ცუნდრუკზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
რაბათი ოსმალური კულტურის ძეგლი არაა და საკითხავია, თურქეთი რატომ წუხდება და ამ საქმეში რა მიზნით ერთვება? სხვათა შორის, აჭარაში თურქეთიდან ძირითადად კრიმინალები შემოდიან, რომლებიც საერთაშორისო ტრეფიკინგით არიან დაკავებულნი. ქართველებისა და თურქების მონაწილეობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც არასრულწლოვანი გოგონების, ასე ვთქვათ, იმპორტითაა დაკავებული, ანუ ადგილი აქვს სექსუალურ ტრეფიკინგს და ამ ბიზნესს ქართველები “კრიშავენ”.

_ კონკრეტულად, ვინ “კრიშავს”?
_ მივესალმები, რომ პოლიცია, ვალერიან თელიას ხელმძღვანელობით, რომელიც შეცდომაშია გამოჭერილი და მაგრად “აწვებიან”, ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა _ ამ კაცმა მნიშვნელოვნად შეავიწროვა პროსტიტუციის ბიზნესი, რომლითაც ადრე აჭარის სახელისუფლო სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულნი. იმედი მაქვს, რომ აჭარას ყველაზე სამარცხვინო ბიზნესისგან _ ტრეფიკინგისგან მალე გავწმენდთ.

_ ბატონო ჯონდი, ტერიტორიების დაკარგვა ახსენეთ, ეს საფრთხე კონკრეტულად რომელ ტერიტორიას ემუქრება?
_ თურქეთი, ზოგადად, საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება და ამის სათავეში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი აჰმედ დავითოღლუ დგას _ სწორედ ისაა თურქ-ოსმალთა იმპერიის აღდგენის მთავარი იდეოლოგი. ამ კაცმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, აღადგინოს პოლიტიკური გავლენა აჭარაზე, ბენღაზზე, იემენსა და სირიაზე, რადგან 110 წლის წინ ეს ტერიტორიები თურქ-ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში იყო. ეს აშკარა მუქარაა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. არ ვიცი, ქართულ სპეცსამსახურებს სძინავთ თუ ინფორმირებულნი არ არიან, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი და აფხაზების თურქეთის მიმართულებით მზერაზე ეჭვიანობენ.

_ ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?
_ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, შიდა პრობლემები უნდა მოაგვაროს და შიდა ინტრიგები დაძლიოს. ვალერიან თელიას შემთხვევა სხვა არაფერია, თუ არა შიდა ინტრიგების ნათელი მაგალითი. თუ ვინმეს სიგარეტის ნამწვი მართლა ესროლა, ეს შეცდომაა, მაგრამ თელიას ამ ნაბიჯამდე მიყვანის უკან ერთ-ერთი სახელისუფლო ჯგუფი დგას და ყველამ ვიცით, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ებრძვის.

ხელისუფლებამ თურქეთს უნდა აჩვენოს, რომ მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ნუ ცდილობს ჩვენი კულტურის ძეგლების განადგურებას, საქართველოს ტერიტორიაზე თურქ-ოსმალთა დამპყრობელი იმპერიის ნაკვალევის ძველი რიცხვით შექმნას და აფხაზეთისთვის შეზღუდვების მოხსნას...