"ნაციონალების" რამდენიმე წარმომადგენელი აქტიურად ცდილობს "ქართულ ოცნებასთან" მისასვლელი გზების მოძებნას"

"ორივე მხარე ფიქრობს, გარკვეული საბრძოლო მასალა დააგროვოს. ბუნებრივია, აქ საუბარია იდეოლოგიურ ბრძოლაზე. ამ იდეოლოგიური ბრძოლის კონტექსტში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, - პარლამენტის დაშლით დაწყებული, სამოქალაქო დაპირისპირებით დასრულებული. შეიძლება ორივე პროდუქტი მივიღოთ, მე არ მგონია, ამაზე წავიდნენ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სააკაშვილი და მისი მომხრეები, რადგან თვითონაც იმ იდეოლოგიის ტყვეები არიან, რომელიც თავად შექმნეს. ეს არის დასავლეთისადმი ანგარიშვალდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაარბიეს "იმედი", უმძიმესი სიტუაცია შექმნეს თბილისის ქუჩებში 7 ნოემბერს, თუ 26 მაისს. თუმცა მათ ხელში იყო იდეოლოგიის ბრძოლის იარაღი, ტელევიზია, პრესა და ასე შემდეგ. დღეს იციან, რომ გადაფარვას ვერ მოახერხებენ. აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე წამსვლელები არ არიან, რათა დასავლეთმა არ გაკიცხოს და ამიტომაც რადიკალურ ნაბიჯებს მოერიდებიან. თუმცა, ამას კატეგორიულად ვერ ვაცხადებ, რადგან სააკაშვილის გუნდში არსებული ადამიანთა ნაწილი რაზე წავა, საბოლოოდ არავინ იცის", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ხმაურიანი გარჩევა "ნაციონალებში".

"დაპირისპირება "ნაციონალებში" დიდი ხანია არსებობს, თუმცა კულუარებს არ გაცილებულა. სხვათა შორის, ახალმა ხელისუფლებამ ახალაიას დაჭერით, ერთგვარი ფანდი გააგორა. ჩვენ არ ვიცით "ნაციონალების" კულუარებში რა ხდებოდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, - ახალაია არჩევნების მეორე დღეს სულ სხვა პლატფორმაზე იდგა, ვიდრე ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები. ისინი უჯერებდნენ დასავლეთს, ახალაია - არა… მაგრამ ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრაგმენტია. "ნაციონალებში" არის დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, სააკაშვილს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში, ვგულისხმობ ამ ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს - დავით ბაქრაძეს. ეს ჯგუფი ცემა-ტყეპით არ უპირისპირდება დანარჩენ დაჯგუფებას, ისინი საზღვრებს არ გადადიან, თუმცა მათ შორის დაპირისპირება აშკარად იგრძნობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ახალაიას დაჯგუფება ამბობს, ჩვენ ვიდექით ბოლომდე სააკაშვილის გვერდით, მაგრამ დანარჩენები არიან დაუნახავი ღორები. მათ შორის დიდი გარჩევებია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინ ცარ სცდება კულუარებს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ინფორმაციები მაინც გამოაქვთ. ის ფაქტი, რამდენად შეიძლება გაღრმავდეს მათ შორის დაპირისპირება, რთული სათქმელია. ვიდრე მათთვის არსებობს სიმბოლო, როგორიც სააკაშვილია, მანამდე მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს დაპირისპირება ღია და საჯარო არ გახადონ, რადგან ისინი არიან კონსოლიდირებულნი, რათა სააკაშვილმა არ მიატოვოს. თუმცა გარწმუნებთ, როგორც კი სააკაშვილი წავა პოლიტიკური სცენიდან, ისინი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს დაერევიან, ისინი იბრძოლებენ არა პირველობისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვა მათზე უარესი გამოჩნდეს და დაიწყებენ ერთმანეთის გაშავებას. პარალელურად გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ "ნაციონალების" რამდენიმე წარმომადგენელი აქტიურად ცდილობს "ქართულ ოცნებასთან" მისასვლელი გზების მოძებნას, თუმცა ამ ეტაპზე, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ", - დასძენს რესპონდენტი.