რა ბიზნესინტერესები აკავშირებთ ერთმანეთთან გია ბარამიძეს და გივი თარგამაძეს?!

რა ბიზნესინტერესები აკავშირებთ ერთმანეთთან გია ბარამიძეს და გივი თარგამაძეს?!

ნაციონალური სქემა – როგორ და ვისი მეშვეობით ართმევდნენ ხალხს ქონებას გივი თარგამაძე, გია ბარამიძე და ის პროკურორები, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც სისტემაში მუშაობს. სად და ვის ჯიბეში ილექებოდა მილიონები? როგორ მუშაობდა ნაციონალური ჰუმანიზმის კლასიკური სქემა, როცა გაკოტრებულ ადამიანებს სოციალურ დახმარებას უნიშნავდნენ და სოციალურად დაუცველთა სიაში შეჰყავდათ. მშობლიური პარტიის ინტერესების გარდა, რა აკავშირებთ ერთმანეთთან გია ბარამიძეს და გივი თარგამაძეს? ვის იყენებდნენ ისინი ფარად და რა სქემით ხდებოდა „ამოჩემებული ხალხის“ გაკოტრება? საქმე, რომელიც გია ბარამიძეს ციხის კარამდე მიიყვანს, თუ, რა თქმა უნდა, გამოძიება სწორად წარიმართება: „მე ახლა ვერ ვისაუბრებ ბარამიძის კავშირებზე, გამოძიებას წინ ვერ გავუსწრებ“, – აცხადებს ”პრაიმერის” რესპოდენტი.

პრაიმერს ესაუბრება ჯუმბერ კახიძე, „ლიბერთი სიტის“ დირექტორი:

-ჩემ მეუღლეს ლალი კახიძეს 2007 წელს ჰქონდა მიწის ნაკვეთი ჭავჭავაძის 5/ა-ში, მშენებლობის ნებართვით და დამტკიცებული პროექტით. დეველოპერულ კომპანია „ლიბერთი სიტის“ არ გააჩნდა საშუალება და ამიტომ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადო შპს „იბერია-სიტისთან“, რომელსაც ფლობდა გიორგი გოგიბერიძე. იმ პერიოდში მე ინსულტი მქონდა ახალი გადატანილი და ამიტომ საქმის წარმოება ჩემს შვილს მალხაზ კახიძეს და მის ნათელმირონს ლაშა ჩხენკელს მივანდეთ. თავის მხრივ, ჩხენკელი იყო გიორგი (გია) ბარამიძის ნათელმირონი და საგადასახადო ინპსექციაში უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეს ის ჩხენკელია, რომლის ძმაც, ასევე მაღალჩინოსანი (ორთაჭალაში აუდიტის უფროსად მუშაობდა) ახლა პასუხისგებაშია მიცემული „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით. ლაშა ჩხენკელმა და ჩემმა ვაჟმა დაიწყეს გოგიბერიძესთან ურთიერთობა.

-ეს „იბერია-სიტი“ გივი თარგამაძის მამის იყო, მგონი, ხომ?

-კი, ასე ამბობდნენ. მიწის ნაკვეთი ჩემი მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული. ბუნებრივია, ის საკუთარ შვილს ენდობიდა. ჩხენკელის თანამდებობა და გია ბარამიძესთან ნათელმირონობა ერთგვარი გარანტია იყო ჩვენთვის. მოკლედ, ხელს ვერავინ შეგვიშლიდა. 2007 წლის 1 დეკემბერს წაიყვანეს ჩემი მეუღლე ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან და იქ გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მიწა მესაკუთრეს რჩებოდა და ჩემი მეუღლის გარეშე მას ვერავინ შეეხებოდა. ხელშეკრულება გაფორმდა „ლიბერთი-სიტის“ მაშინდელ დირექტორს ზურაბ დანელიას და ლალი კახიძეს შორის. შენობა-ნაგებობები რჩებოდა „ლიბერთის“, მიწას ვერავინ შეეხებოდა და 40% დაეფიქსირებინათ ჩემი მეუღლისთვის, დანარჩენი კი კონტრაგენტს. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი პირობა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ლაშა ჩხენკელმა წაიყვანა ჩემი მეუღლე ”საქართველოს ბანკში”, სადაც იპოთეკით დაატვირთინა მიწა. ჩემი მეუღლე მას ენდობოდა და ხელშეკრულება არ წაუკითხავს. ლალიმ იცოდა, რომ გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა მიწა და ბანკიდან გამოიტანეს მილიონ ასი ათასი დოლარი.

-ვერ გავიგე, რა არ იცოდა თქვენმა მეუღლემ?

-მას ეგონა, რომ ეს აღნაგობის ხელშეკრულება იყო. სხვათა შორის, იგი დღესაც მოქმედია. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხელშეკრულება არ გაუქმებულა. შემდეგ ნაწილ-ნაწილ გამოიტანა „ლიბერთი სიტმა“ თანხა და ურიცხავდა „იბერია სიტს“, თითქოს შესრულებული სამუშაოსთვის, ანუ თითქოს დაწყებული იყო ჩვენს მიწაზე მშენებლობა.

-საიდანაც 40% თქვენი უნდა ყოფილიყო?

_ დაახლოებით 25 ბინა რჩებოდა ჩვენს განკარგულებაში. 2008 წლის 2 აპრილს წაიყვანეს ჩემი მეუღლე ნოტარიუს სოსო მუმლაძესთან, რომელიც ლაშა ჩხენკელის ახლობელი იყო, აჩვენეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მერვე პუნქტში ეწერა რომ მიწა რჩებოდა ლალი კახიძის საკუთრებაში, შენობა-ნაგებობები „ლიბერტ სიტის“ საკუთრებაში და თუ ესენი ვერ ააშენებდნენ სახლს, ლალის გაუფორმდებოდა მთლიანი ქონება ანაზღაურების გარეშე. ესეც კარგი პირობა იყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ უპირველესად აღნაგობის ხელშეკრულება იყო შესასრულებელი – ჩვენს მიწაზე უნდა აშენებულიყო კორპუსი. მოგვიანებით „ლიბერთი სიტის“ ხელმძღვანელმა ჩვენთან განაცხადა, რომ მას ჩხენკელი, გოგიბერიძე და სხვები აიძულებდნენ, მათი ნათქვამი გაეკეთებინა.

-რას აკეთებდნენ ასეთს?

-სად მიდიოდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბანკიდან გამოტანილი თანხები, კაცმა არ იცის.

-თქვენმა ვაჟმა არ იცოდა ეს?

-ჩემი ვაჟი და ჩხენკელი მაშინ … ზემოქმედების ქვეშ იყო, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ძიება მიმდინარეობს ფინანსურში და ისინი გაარკვევენ ყველაფერს. მილიონ 650 ათასი ლარი „საქართველოს ბანკიდან“ „იბერია სიტზე“ ისე გადაირიცხა, არც ბანკის თანამშრომელი მოსულა და შეუმოწმებია, შესრულებული იყო თუ არა სამუშაო და არც არავინ. მოკლედ, ზოგი ფული „ვიპ პალასს“ მოახმარეს, ზოგი რას და ამით დასრულდა საკითხი.

-„ვიპ პალასი“ როდის და როგორ ჩაერთო საქმეში?

-„ვიპ პალასი“ არის შპს, რომელიც ლაშა ჩხენკელმა ჩამოაყალიბა, დირექტორად დანიშნა იგივე ზურა დანელია. ახლა ეს დანელია იძახის, რა მექნა, მთელი მთავრობა გვერდით ედგა და თავს ხომ არ მოვაკვლევინებდი, ამიტომ ყველაფერზე ვეთანხმებოდიო. ამის შემდეგ საქმეში ჩართეს შპს „ლიკა კახიანი“. ეს იყო იპოთეკარების ფირმა, რომელსაც დაავალეს 800 ათასი დოლარის მოძიება. დავალება გოგიბერიძიდან მოდიოდა და ამ ფულით აპირებდნენ „ვიპ პალასის“ შესყიდვას, ჩხენკელთან შეთანხმდა თავად. ლიკა კახიანი ადასტურებს, რომ მას ისრაელიდან გოგიბერიძემ დაურეკა და 800 000 სთხოვა ყიფშიძის #2 მდებარე 600 კვ. მიწის საყიდლად. კახიანს საშუამავლო ფირმა ქონდა, დატრიალდა, იშოვა ფული, გადასცა ზურაბ დანელიას, მან, თავის მხრივ, ფული ლაშა ჩხენკელს გადასცა, რომელიმაც იყიდა „ვიპ პალასი“. პარალელურად ჩხენკელმა „თი ბი სი” ბანკიდან გამოიტანა მილიონ 600 000-იანი სესხი. არ ვიცი, რისთვის უნდოდათ „ვიპ პალასის“ ყიდვა, მაგრამ, ფაქტია, ეს იყო კარგად მოფიქრებული მაქინაცია, რათა ჩვენი საკუთრება წაეღოთ. 3 124 კვადრატული მეტრი მიწა პრესტიჟულ ადგილას წაგვართვეს. 2011 წელს ახალი პროექტი დაგვიმტკიცეს. 35 ათასი კვადრატი საცხოვრებელი ფართი შეიძლება აშენდეს ამ მიწაზე ამ ახალი პროექტით.

-მიწა თქვენი აღარაა და…

-მიწა იპოთეკითაა დატვირთული „საქართველოს ბანკის“ მიერ. ფაქტობრივად, მესაკუთრდ წერია „ლიბერთი სიტი“, პროექტის მესაკუთრედ- ჩემი მეუღლე. აი, ასეთი მდგომარეობაა.

-პროკურატურაში საჩვარი რომ შეიტანეთ, რას ითხოვთ?

_ იპოთეკარებმა თანხები უსაშველოდგაზარდეს„ვიპ პალასმა“ და ჩხენკელმა ამ თაღლითობისთვის პასუხი უნდა აგოს. არა მარტო ჩხენკელმა- გოგიბერიძემ ფული უნდა დაუბრუნოს ბანკს და ჩვენი მიწა გაგვითავისუფლონ.

-გამოძიება როგორ მიმდინარეობს?

-განცხადება ნოემბერში შევიტანეთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, რა ხდება პროკურატურაში- დიდი რიგებია. დაიწყო გამოძიება ლალი კახიძის კუთვნილი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე. ვაკის პროკურატურიდან საქმე ფინანსურში გადავიდა. სხვათა შორის, გოგიბერიძის წინააღმდეგ დიდი ხანია მიდის გამოძიება. ადრეც უჩიოდნენ მესაკუთრეები და იპოთეკარები, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. ერთი ბინა გოგიბერიძეს რამდენჯერმე აქვს გაყიდული. საქმე ეხება ”გეპეისთან” აშენებულ კორპუსს. ჩვენ მივედით მაშინ გამომძიებელთან და ვუთხარით, რაც ხდებოდა ჩვენს საქმეზე. ხუთი წელია, გრძელდება პროცესი და ერთხელაც არავის დავუკითხივართ. მხოლოდ „იბერია-სიტის“ გამოძიება მიმდინარეობდა. ახლა ვითარება შეიცვალა და ყველა საქმე გააერთიანეს საქმე. 2009 წელს ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ „იბერია სიტის“ ქონება დაეყადაღებინათ. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა, მაგრამ ამაზე ისეთი ამბავი ატყდა, რომ არ ვიცი…

-ვინ ატეხა ამბავი?

-პროკურატურაში იყო ერთი მაღალჩინოსანი კახა მაჭავარიანი. მან ჩაგვართვევინა საქმეში ადვოკატი ყავლაშვილი, თურმე ნაციონალების ადვოკატი ყოფილა. ერთი წელი გვაწამეს, მერე სად წაიღეს განცხადება, არ ვიცით. მაჭავარიანის საუბარი ჩაწერილი აქვს ჩემს მეუღლეს, რომ ეუბნება- მოხსენი ყადაღა, მთავრობას ასე სჭირდებაო. იძულებული გავხდით, ყადაღა მოგვეხსნა „იბერია სიტის“ ქონებაზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამჟამად სოციალურად დაუცველები ვართ. ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ბანკს ეკუთვნის, გვემუქრებიან გამოსახლებით და ვართ ასე. ერთ დროს ძლიერი ოჯახი მთლიანად გაგვანადგურეს და მოგვსპეს.

ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად ”პრაიმერი” ზურაბ დანელიას დაუკავშირდა:

-2007 წელს საუბარი იყო იმაზე, რომ „იბერია სიტს“ კორპუსი უნდა აეშენებინა ჭავჭავაძეზე. უცებ, არ ვიცი რატომ, „ვიპ პალასის“ ყიდვა გახდა საჭირო და კერძო იპოთეკით დაიტვირთა ბინები. სწორედ იქიდან ამოღებული თანხით იქნა შეძენილი „ვიპ პალასი“

-ამის რა აუცილებლობა იყო?

-ეს გადაწყვეტილება გოგიბერიძის და სხვებმა მიიღეს, როგორც ამბობენ, მშენებლობის გაფართოების მიზნით, მაგრამ რეალობაში ასე არ მოხდა. დღევანდელი სიტუაცია კი უკვე მოგეხსენებათ.

-რეალურად, რა ქვეტექსტი იმალება ამ ყიდვის უკან?

-თანხის ამოღება! მე ამ საქმეში გოგიბერიძის დავალებებს ვასრულებდი, ეს იყო სულ.

-რა როლი ითამაშა ამ საქმეში გივი თარგამაძის მამამ, ან გია ბარამიძემ?

-მფარველობდნენ…

-მხოლოდ მფარველობა? ინტერესიც იყო, ალბათ?

-მფარველობა ინტერესის გარეშე არსებობს?

-ხომ შეიძლება, მეგობრულად გაეწოდებინათ დახმარების ხელი?

-არა, არა, არა… მეგობრობა არა!

-წილი რამდენი მიდიოდა?

-ეს დეტალი დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ გოგიბერიძეს „ვიპ პალასში“ 33% ქონდა წილი, ჭავჭავაძეზე კი 25%.