"ფეხბურთი ვითამაშეთ, რის მერეც პრეზიდენტს ველოსიპედით გავლა მოუნდა"

საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ადმინისტრაციის განმარტება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: "საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტებას ვაკეთებთ საქართველოს პრეზიდენტის ტრავმასთან დაკავშირებით. თურქეთში მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა. მკურნალობა მას სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. პრეზიდენტს მარჯვენა მხარის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა მეჰმეთ დემირჰანმა გაუკეთა. ქირურგებმა მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ. ჰოსპიტლის მედპერსონალის განცხადებით, ტრავმის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დრო დასჭირდება. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში 2 დღე გაატარა". თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას პრეზიდენტს თან ახლდა პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი, რომელთანაც ვცადეთ, დაგვეზუსტებინა მომხდარის დეტალები.

- ბატონო დავით, პრეზიდენტთან ერთად იყავით, როდესაც მან ტრავმა მიიიღო?

- კვირა საღამოს უნდა გვქონოდა შეხვედრა, მანამდე ფეხბურთი ვითამაშეთ, რის მერეც პრეზიდენტს ველოსიპედით გავლა მოუნდა, ასეც მოიქცა, მაგრამ ჩვენ აღარ წავყევით, ნეტავ წავყოლოდით. ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, სერიოზული ტრავმა მიიღო.

- საქართველოს პრეზიდენტის დაშავების თაობაზე ინფორმაცია თურქულმა პრესამ გაავრცელა, როგორც წერდნენ, პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობისას "ტრაილერს" შეეჯახა…

- არა, როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი მომხდარა. პრეზიდენტი ჩამოვარდა ველოსიპედიდან და ხელი სამ ადგილას მოიტეხა.

- თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა, რამაც გააჩინა ახალი ვარაუდი, რომ ის შესაძლოა არც დაშავებულა…

- რა გითხრათ, მე საავადმყოფოში ვახლდი და ვიდრე საოპერაციოდ გაიყვანდნენ, სულ ერთად ვიყავით. ოპერაციამდეც კარგად ეჭირა თავი და მას მერეც ყველაფერი გააკეთა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან გადასახვევით არ მისულიყო. ძვალი სამ ადგილას იყო გატეხილი. უბრალოდ, იქ ძალიან კარგი ექიმები არიან. თაბაშირის ტექნოლოგიას აღარ იყენებენ და რაღაც ახალი ინოვაციური მეთოდით მკურნალობენ.

- ჯერ ითქვა, რომ პრეზიდენტმა მხარი მოიტეხა, შემდეგ ითქვა, რომ ლავიწის ძვალი იყო გატეხილი, იქნებ დაგვიზუსტოთ, სად მიიღო ტრავმა?

- ეს იყო ხელის ზედა ნაწილი, წინა მხარი ჰქვია, მგონი, სამედიცინო ენაზე რას ეძახიან, არ ვიცი.

- ტრავმა მარჯვენა ხელზე მიიღო თუ მარცხენაზე?

- მოიცა, გავიხსენო, მარჯვენაზე.

- "მე-9 არხის" ინფორმაციით, იმ ამერიკულ ჰოსპიტალში, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით უმკურნალეს ჩვენს პრეზიდენტს, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის რეგისტრირებულიო…

- ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა და როგორ გაფორმდა. ცოცხალი თვითმხილველი ვარ იმისა, რომ ამერიკულ ჰოსპიტალში უმკურნალეს, მეტი რა ვთქვა, არ ვიცი.

- გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას საუბარი შეეხო რაბათის ციხეს. ითქვა, რომ თურქული მხარე იქ არსებული მეჩეთის გუმბათის შეცვლას აღარ მოითხოვს…

- ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები მოქმედ ინვესტორებთან, თურქეთის პრემიერთან და პრეზიდეტთან. ჩვენ პრემიერთან შეხვედრას არ დავსწრებივართ, როგორც ვიცი, ამ შეხვედრაზე ნამდვილად იყო ლაპარაკი იმ მშენებლობებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობდა ბოლო წლებში. ამის ამსახველი კარგი ალბომი გაკეთდა, რომელიც გადაეცა პრემიერს და მას ძალიან მოეწონა რაბათის ციხის ფოტოები. ეს ასევე ძალიან მოეწონა პრეზიდენტ გიულის, რომლის რეაქცია პირადად ვნახე. თურქეთის უმაღლესი პირებისაგან რჩევები - რაბათში ეს ქენით, ან ისო, არ ყოფილა.

- კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, საქმის კურსში რატომ არ ჩაგვაყენეს, თუ რაბათის თაობაზე აპირებდნენ მოლაპარაკებასო…

- რას ქვია მოლაპრაკება? მესმის, რომ მინისტრ ოდიშარიას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, სხვა შემთხვევაში საკითხს ასე არ დასვამდა. ეს იყო პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები თურქეთის უმაღლეს პირებთან, უამრავ საკითხზე ილაპარაკეს, ყველაფერ იმაზე, რაც აქტუალურად მიაჩნიათ და რაც აწუხებთ. შესაბამისად, გაუგებარია წინასწარ როგორ ჩააყენებდა ვინმე საქმის კურსში ბატონ ოდიშარიას. მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრებისას რეგიონში რუსეთის როლი და ადგილიც აინტერესებდათ. ამგვარი შეხვედრებისას ისეთი რამეებიც ითქმება ხოლმე, რისი ოფიციალურად გაჟღერებაც არ უნდათ. სახელმწიფოს მეთაურებს შორის ნორმალური ურთიერთობისას, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

- არა ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ უშუალოდ პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მთავრობისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა…

- მეკითხებით, რატომ არ აცნობეს ქალბატონ მაიას პრეზიდენტმა რომ ხელი დაიზიანა?

- როგორც მან თქვა, ის დაინტერესდა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ ინფორმაცია ვერ მიიღო.

- ჩემი აზრით, ქალბატონი მაიასგან გახმაურებული ამბავი, ნამდვილად არ არის ურთიერთობის ნორმალური ფორმა. თქვენ როგორც გინდათ ისე განსაჯეთ. ვითარება, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი რეკავს, მერე კი ჭორის დონეზე მედიას აწვდის გაუგებარ ინფორმაციას, ეს არანორმალურია. ყველაფრისგან სკანდალის შექმნას ცდილობენ. დაიზიანა ადამიანმა ხელი, ეს ადამიანი შენი ქვეყნის პრეზიდენტია, ცოტა ტაქტიანად მოქცევა ხომ შეიძლება? ვერ გეტყვით, უპასუხეს თუ არა ადმინისტრაციიდან, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკი მედიასთან მაინცდამაინც დიპლომატიური არ არის.