"რატომ ეშინიათ "ნაციონალებს" აგვისტოს ომის გამოძიების?"

"საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, აგვისტოს ომის ხელახალმა გამოძიებამ შესაძლოა, ძირველი ქართული მიწების დაკარგვა გამოიწვიოს. "ომის მიზეზების გამოძიებამ, შეიძლება, არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას. თუ საქართველომ ასეთი გამოძიება წამოიწყო, ეს იქნება მკაფიო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ, რასაც საქართველო ამბობდა, ტყუილია და სოლიდარობა, რომელიც ჩვენ მიმართ თავისუფალმა სამყარომ გამოხატა, ასევე ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს და კონფლიქტში დამნაშავე თურმე საქართველო ყოფილა", - განაცხადა რურუამ. "ალია" კომენტარისთვის ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რატომ ეშინიათ "ნაციონალებს" აგვისტოს ომის გამოძიების?".

"თუ ამის კვლევას დავიწყებთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ მივიდეთ კიდეც შედეგამდე. ნიკა რურუა შეფარვით ამბობს, რომ მიზეზების კვლევის შემთხვევაში ამოტივტივდება ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ომის დაწყებას ხელი შეუწყო. აი, ამას გულისხმობს, ალბათ, რურუა. ცხადია, ყოფილ მინისტრს, არ უნდა, რომ ეს მიზეზები გაიხსნას, კონკრეტულად რა ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ ომის წინა პერიოდში", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

"რურუა თვითონაც თვლის, რომ ამაში საქართველოს მაშინდელი მთავრობაა დამნაშავე. რურუას კი არ უნდა, რომ ამას ფარად აეხადოს. და კიდევ ერთი მომენტი: არ უნდა გამოძიება იმიტომ, რომ მაშინდელი ლიდერების დანაშაული გამოიკვეთება. მე ერთი რამ მინდა გითხრათ. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ: ომის დამწყები არის რუსეთი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამოაზრეები ყოველთვის სხვა აზრზე იყვნენ, ჩემთვის მაინც ეს აზრი იყო დომინანტი. რამდენიმე დღის წინ "მაესტროს" ღია ეთერში ვმონაწილეობდით მე, გია ვაშაძე, მისი მოადგილე გია ვაშაკიძე და იქ ვაშაძეს წამოსცდა, თუ განგებ თქვა, რომ 2008 წლის 21 თებერვალს პუტინს შეხვდნენ, სადაც მას უთქვამს: "თქვენ უნდა დაისაჯოთ არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ რამეში დამნაშავე, არამედ იმიტომ, რომ თქვენმა პარტნიორებმა აღიარეს კოსოვოო". ანუ პუტინს, ერთი მხრივ, გაუფრთხილებია ქართული მხარე, როგორც ვაშაძის საუბრით ჩანს, და კიდევ ის, რომ პირდაპირ უთქვამს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგაო. ანუ რუსეთის პრეზიდენტი გამაფრთხილებელიც არის და ომის გამომცხადებელიც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"აქედანაც ჩანს ძალიან კარგად, რომ რუსეთის მხრიდანაც იყო დანაშაული. მეორე მხარემ კი თურმე იცოდა, რომ ომი იწყებოდა და მაინც გადადგა ის ნაბიჯი და ხაფანგში შეგნებულად, ამას ხაზს ვუსვამ, შეგნებულად აღმოჩნდა. ამას ვამბობდი სულ და აქ არც არაფერი შეცვლილა. მე ვთვლი, რომ ომის მიზეზებზე კი არ უნდა იყოს გამოძიება, არამედ უნდა გამოიძიონ ის, როგორ იქცეოდა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთის გაცნობიერებული აგრესიის პირობებში და როგორ იქცეოდა თავად აგრესიის დღეებში. როგორი იყო ჯარების ხელმძღვანელობა, რას აკეთებდა თითოეული მათგანი, როგორ მიატოვეს მოქალაქეები და სხვა. ესაა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ გვჭირდება საქართველოს ხელისუფლების შეცდომების გამოძიება. მისი წინდაუხედაობა და კიდევ აგრესიის დღეებში როგორ მიატოვა მან თავისი ჯარი და მოსახლეობა, ეს გვინდა, ამისი ცოდნა!" - დასძენს რესპონდენტი.