ვანო პავლიაშვილის ღია წერილი – ნონა ყანდიაშვილმა ქართული მედიის ნაწილი ჩარეცხა?!

ვანო პავლიაშვილის ღია წერილი – ნონა ყანდიაშვილმა ქართული მედიის ნაწილი ჩარეცხა?!

წერილი, რომელიც პრემიერმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!

ღია წერილები არ მიყვარს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვეულებაზე უარს ვამბობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მივმართავ და, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ვეუბნები: ბატონო ბიძინა, თქვენს პრესსამსახურში დასაქმებული ცალკეული ადამიანები, მაგალითად, ნონა ყანდიაშვილი ცდილობს, მედიასთან დაგაპირისპიროთ!
შეიძლება ვინმემ, მათ შორის, ქალბატონმა ყანდიაშვილმა ჩათვალოს, რომ მის მიმართ პირადი ანტიპათია მაქვს და პრემიერის მედიასთან დაპირისპირებაში ბრალს უსაფუძვლოდ ვდებ, მაგრამ გავიკითხ-გამოვიკითხე და პრემიერის კარზე დაწინაურებული ქალბატონის მიმართ უკმაყოფილებას ჩემი კოლეგებიც გამოთქვმენ. სხვათა შორის, ამის შესახებ ვრცელი წერილი საინფორმაციო სააგენტო «ჯი-ეიჩ-ენ»-მაც გამოაქვეყნა. ისე, ამბობენ, რომ ზოგიერთი დაპატიჟებული გაზეთის მთავარმა რედაქტორმა შეხვედრაზე მისვლისგან თავი სწორედ ქალბატონი ყანდიაშვილის ასეთი დამოკიდებულების გამო შეიკავა.

არადა, ქალბატონ ნონას ხელფასს სწორედ იმიტომ უხდიან, რომ პრემიერისა და მედიის ურთიერთობა უზრუნველყოს.

ისე, ამ საქმიანობისთვის მხოლოდ ხელფასს კი არა, ქალბატონი ნონა სოლიდურ პრემიასაც იღებს, თან თვეში ერთხელ კი არა, – სამჯერ. ასე, მაგალითად, როგორც «ლიბერალი» იუწყება, ქალბატონმა ნონა ყანდიაშვილმა, 2012 წლის დეკემბერში პრემია სამჯერ აიღო: 10 და 21 დეკემბერს – 3750-3750 ლარი, 28 დეკემბერს კი, – 625 ლარი.
ნონა ყანდიაშვილი ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი პერსონა არაა – თავის დროზე, რადიო «იმედს» ხელმძღვანელობდა, მერე, აწ განსვენებული ოლიგარქის, ბადრი (არკადი) პატარკაციშვილის ოჯახის, ასე ვთქვათ, პიარ-კონსულტანტი იყო. 2011 წლის შემოდგომაზე კი, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გაახმოვანა, მის გევრდით აღმოჩნდა. ჟურნალისტურ წრეებში ბევრს გაუკვირდა, თუ როგორ მოხვდა ქალბატონი ნონა ივანიშვილის გუნდში, მაგრამ ამას, პრინციპში, მნიშვნელობაც არ აქვს.
«ოცნების» პიარისა და «პიარშჩიკების» თემა შეიძლება, ფართო საზოგადოებისთვის არა, მაგრამ პროფესიონალებისთვის საინტერესო და მუდმივი განხილვის საგანია. ზუსტად რა როლს ასრულებს ნონა ყანდიაშვილი ამ პიარ-სტრატეგიაში, უცნობია, მაგრამ ისეთ ღონისძიებებს, როგორიც, მაგალითად, პრემიერის მედიასთან შეხვედრაა, სწორედ ქალბატონი ყანდიაშვილი უზრუნველყოფს.

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიას რამდენჯერმე შეხვდა და ეს, რაღა თქმა უნდა, კარგია, მით უმეტეს, რომ ამ პრესკონფერენციებზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელს ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ მედიასთან შეხვედრის ტრადიცია გაგრძელდებოდა, მაგრამ ამჯერად ვიღაცამ, სავარაუდოდ, ქალბატონმა ყანდიაშვილმა გადაწყვიტა, რომ პრემიერი, რომელიც თავს ყველაზე უხერხულ შეკითხვასაც არ არიდებს, მედიას, უფრო სწორად, მედიის გარკვეულ ნაწილს კონსპირაციულად შეახვედროს, თან ამ კონსპირაციულ შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ გაზეთების, ტელევიზიების, ინტერნეტგამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების პირველ პირებს, ანუ მთავარ რედაქტორებს ჰქონდეთ.

რასაკვირველია, ცუდი არაა, როცა პრემიერი იმ ხალხს ხვდება, ვინც ქვეყანაში მედია-პოლიტიკას განსაზღვრავს, მაგრამ საგულისხმოა, რომ ქალბატონმა ნონა ყანდიაშვილმა მედია «ცენტრალურად» და «არაცენტრალურად» დაჰყო. შესაბამისად, ზემოხსენებულ კონსპირაციულ შეხვედრაზე «ქართული სიტყვის» მთავარი რედაქტორი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი არ დაპატიჟეს. ესე იგი, «არაცენტრალურად» ჩათვალეს. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ჯანსუღ ჩარკვიანის იგნორირება «ქართული სიტყვის» კი არა, თავად ქალბატონი ყანდიაშვილის პრობლემაა – როცა პრეტენზია პიარის დიდოსტატობაზე გაქვს და ამ საქმიანობაში, ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხასაც იღებ, მინიმუმ, უხერხულია, არ იცოდე, თუ ვინაა ჯანსუღ ჩარკვიანი, მაქსიმუმ კი, ასეთი დამოკიდებულება მიშას «ჩარეცხილების» ტოლფასია!

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ტელეფონით დავუკავშირდით, ქალბატონმა ყანდიაშვილმა «მოწყალება გამოიჩინა» და ბატონ ჯანსუღს განუცხადა, თქვენ მოწვეულთა სიაში აუცილებლად იქნებითო, მაგრამ არ უთქვამს, თუ სად და რა დროს იმართება პრემიერთან შეხვედრა. შესაბამისად, თუკი ბატონო ბიძინა, რომელიც «ქართულ სიტყვას» კარგად იცნობს – ჩვენი გაზეთის მკითხველია, ბატონ ჯანსუღს მოინაკლისებს, რატომაა გამორიცხული, რომ ქალბატონმა ყანდიაშვილმა, რომელიც ქართულ მედიას «ცენტრალურად» და «არაცენტრალურად» ყოფს, სია მიურბენინოს, აი, ბატონო ბიძინა, ჩარკვიანი კი დავპატიჟეთ, მაგრამ მოსვლა არ ინებაო, მაგრამ ქალბატონი ყანდიაშვილის მარტივი ინტრიგა მიზანს ვერ მიაღწევს.

ისე, საკითხავია, ნონა ყანდიაშვილმა პრემიერსა და მედიასთან ურთიერთობაში მიხეილ სააკაშვილის პრინციპი რატომ აირჩია – იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილის ბრიფინგებზე «ცენტრალურ» ჟურნალისტებს ნახევარი საათით ადრე ეპატიჟებოდნენ და «შინაურულ წრეში» მასპინძლობდნენ.

ბატონი ბიძინა ჟურნალისტებთან გახსნილია და, შესაბამისად, ძნელი დასაჯერებელი, პრაქტიკულად, ნონსენსია, რომ ქალბატონი ყანდიაშვილისთვის მას მიეცა დავალება, შეხვედრაზე ყველა მედია-საშუალება არ დაპატიჟოო, თუმცა არაა გამორიცხული, ასეთი დავალება ქალბატონმა ყანდიაშვილმა რომელიმე წვრილფეხა ჩინოვნიკისგან, ან იმ ადამიანებისგან მიიღო, რომლებიც თავს «ოცნების» «რუხ კარდინალებად» თვლიან.

ასეა თუ ისე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნონა ყანდიაშვილი, რომელიც პრემიერის პრესსამსახურში გავლენიანი ფიგურაა, მედიის დისკრიმინაციას ახდენს. არადა, მის ადგილას ჭეშმარიტად პროფესიონალი სხვანაირად მოიქცეოდა – მედიას «ცენტრალურ» და «არაცენტრალურად» კი არ დაყოფდა, არამედ, შეეცდებოდა, საქმის კურსში ყოფილიყო, ყველა მედიასაშუალება, მათ შორის, თუნდაც ახლადდაარსებული და ნაკლებრეიტინგული რაზე ამახვილებს ყურადღებას.

ქალბატონო ნონა, თქვენ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს გეცოდინებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი წელში სწორედ იმ მედიასაშუალებამ გადატეხა, რომელსაც «ნაციონალები» არაფრად აგდებდნენ – ალბათ, მიხვდით, მედიაკავშირ «ობიექტივზე» გეუბნებით. ჰოდა, როგორც კოლეგას, გირჩევთ, «ცენტრალურობანას თამაში» დაივიწყოთ, ხელი აიღოთ მედიის დისკრიმინაციაზე და მთელი ქართული მედია – რეიტინგული თუ არარეიტინგული, ძველი თუ ახალი თანაბარ პირობებში ჩააყენოთ. სწორედ ეს იქნება სამართლიანობა, რომლის აღდგენისთვისაც ბიძინა ივანიშვილი იბრძვის და კარგი იქნება, თუკი ამ ბრძოლაში ხელს არ შეუშლით!

ისე, ისიც უნდა იცოდეთ, რომ 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენგან «არაცენტრალურად» შერაცხული მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა! ასევე, ამ მედიასაშუალებებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს «ქართული ოცნების» საარჩევნო კამპანიაში!

ისე, ქალბატონო ნონა, იმ გაზეთის სარედაქციო საბჭოში, რომელსაც თქვენ «არაცენტრალურს» ეძახით და რომლის მთავარი რედაქტორიც ჯანსუღ ჩარკვიანია, ისეთი ბუმბერაზი ადამიანიცაა, როგორიც ჭაბუა ამირეჯიბია.

იმედია, «ცენტრალურად» ბატონ ჭაბუას მაინც თვლით?!

სხვათა შორის, ჟურნალ «ცისკარში» ბატონი ჭაბუას «დათა თუთაშხია» სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანმა დაბეჭდა – «ცისკრის» მთავარი რედაქტორი იყო. ეს ისე, რომ იცოდეთ…
მოკლედ, ძვირფასო კოლეგა, სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით, რატომღაც, ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვები გამახსენდა, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, კომუნისტური ტოტალიტარიზმის დროს დაწერა: «თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!»
«ქაჯობამ გვაჯობაო», – ესეც ჯანსუღის ნათქვამია, ქალბატონო ნონა!
ასე რომ, სიკეთე გქონოდეთ!