ვანო მერაბიშვილი: ყველას მაგივრად მე დამკითხეთ

ვანო მერაბიშვილი: ყველას მაგივრად მე დამკითხეთ

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ხელისუფლებას წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული აქტივისტების დევნასა და დაშინებაში ადანაშაულებს. ვანო მერაბიშვილი რეაგირებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიას მიმართავს, ხოლო საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების პროცესების გადავადების დაპირებას შეახსენებს. იუსტიციის სამინისტროსთვის გაუგებარია, თუ რამ აღაშფოთა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, რადგანაც შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირება პირნათლად სრულდება.

ვანო მერაბიშვილი მზად არის, ”ნაციონალური მოძრაობის” ყველა აქტივისტისა და მხარდამჭერის მაგივრად თავად დაიკითხოს და ამის შესახებ მან 9 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც განაცხადა. უკვე დაკითხულ ათასობით ადამიანს პარტიის გენერალური მდივნის ხელმოწერილი სამადლობელი ბარათები დაეგზავნა :

”მე მათ მადლობა უნდა გადავუხადო და მოვუწოდო, რომ არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში კვლავაც დარჩნენ. ისინი არაფერში არ არიან დამნაშავე და, თუ ხელისუფლებას ვინმეს დაკითხვა სურს, თუ სურს ჭეშმარიტების გამოვლენა, ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი პირადად მე - ვანო მერაბიშვილი - და მე მზად ვარ, ყველა იმ ადამიანის მაგივრად, 2000 ადამიანის მაგივრად გავცე ყველა შეკითხვაზე პასუხი”.

აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება, დევნა და დაშინება გრძელდება - კონკრეტული ფაქტების გახმაურების გარეშე ამბობს ვანო მერაბიშვილი და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფაქტების შესახებ ინფორმაცია უწყებათშორის კომისიასა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს (განსაკუთრებით - ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის საელჩოებს) მიეწოდება.

გავიხსენოთ, რომ 30 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათშორისმა კომისიამ - ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” - რეკომენდაციით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რომ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე გადაევადებინათ საგამოძიებო პროცესები და არჩევნების დღემდე, ანუ 27 აპრილამდე, აღარ დაებარებინათ დასაკითხად დეპუტატობის კანდიდატები თუ მათი მხარდამჭერები, რათა ეს პროცესი არ ყოფილიყო აღქმული პოლიტიკურ წნეხად - არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლის მიზნით. აქ იყო ერთი დათქმა, რომ შეთანხმება მხოლოდ ძველ საქმეებს შეეხებოდა, აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას უწყებათშორისი კომისიის წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი:

”აქ არ არის საუბარი მიმდინარე საქმეებზე, ახლად ჩადენილ დანაშაულზე, რათა არ შექმნილიყო გარკვეული ინდულგენცია პოლიტიკური აქტივისტებისთვის. საქმეები, რომლებიც ჩვენ მოგვაწოდეს, აღძრავდა ეჭვს. მაგალითად, 2000 წელს რამდენად ლეგიტიმურად მოხდა ერთ-ერთ რაიონში საქვაბის დაშლა - როდესაც ამ საკითხზე 13 წლის შემდეგ იბარებენ პარტიულ აქტივისტებს, ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, ხომ არ არის ასეთი საგამოძიებო ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული”.

თამარ კინწურაშვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმით, რომ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესების გადავადების პოზიცია იუსტიციის სამინისტრომაც გაიზიარა. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ მის მიერ წამოყენებული ინიციატივა დაედო საფუძვლად რეკომენდაციებს, რომლებიც კომისიამ გაიზიარა და ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოაქვეყნა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო პროცესების შეჩერება ძველი და ახალი საქმეების მიხედვით არ არის დაყოფილი. 30 მარტით დათარიღებული განცხადების მიხედვით, რეკომენდაციები, კომისიის სახელით, მიეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა მას უზრუნველეყო:

”1. პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვისაგან თავის შეკავება კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.

2. კანდიადატთა დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა წარუდგინოს კანდიდატის პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას”.

ჩვენი ინფორმაციით, ეს დაპირება სრულფასოვნად სრულდება, - უთხრა რადიო თავისუფლებას 9 აპრილს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, უწყებათშორისი კომისიის წევრმა დავით ჯანდიერმა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რას ეფუძნება ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მიერ 9 აპრილს გამოხატული აღშფოთება.

”არავითარ მასობრივ და ცალკეულ დაბარებებს ადგილი არა აქვს. 8 აპრილს გაიმართა უწყებათშორისი კომისიის ბოლო სხდომა და ამ სხდომაზე არც ერთი ასეთი ფაქტის შესახებ არ ყოფილა ნათქვამი, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დაბარებას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამდენად, მე ველოდები, რომ (ვანო მერაბიშვილის) განცხადება იქნება გამყარებული კონკრეტული ინფორმაციით, რაც წარედგინება უწყებათშორის კომისიას”, - განუცხადა დავით ჯანდიერმა 9 აპრილს რადიო თავისუფლებას.

”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტთა დაკითხვაზე დაბარების ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაციას არც უწყებათშორისი კომისიის სხვა წარმომადგენლები ფლობენ. შესაბამისად, თამარ კინწურაშვილს ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად ასრულებენ საგამოძიებო სტრუქტურები კომისიის სახელით 30 მარტს მიღებულ რეკომენდაციებს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ საჭირო იქნება გარკვეული დრო მის გადასამოწმებლად და შესასწავლად.