განათლებისა მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას, ყველა მოსწავლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პაატა შეშელიძე, ცალსახად უარყოფითად აფასებს. როგორც შეშელიძემ TSpress - ს განუცხადა აღნიშნულ გადაწყვეტილებას კორუფციისკენ მივყავართ.
„ამ ნაბიჯით ადამიანებს ვეუბნებით, რომ შეიძლება რაღაცას სხვის ხარჯზე მიაღწიო. ვიღაცას ხომ უნდა გამოართვას სახელმწიფომ ფული წიგნების დასაბეჭდად, ვინმეს აკიდოს ზურგზე.
შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ერთი იხდის და მეორე სარგებლობს, ანუ ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, რომ თქვენ ვიღაცამ უნდა გასვათ, გაჭამოთ, მიწა დაგიხნათ, პენსიაც დაგინიშნოთ, ხელფასითაც უზრუნველგყოთ და სამუშაოდან არავინ არ უნდა გამოგადოთ.
ჩემი აზრით, ეს წარსულში დაბრუნების კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი პრეცენდენტი ადრე იყო და ამას სიკეთე არ მოუტანია.
ექსპერტი გადაწყვეტილებას ცალსახად უარყოფითად აფასებს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველას თანაბრად არ სჭირდება დახმარება. "ვისაც სჭირდება იმას დაეხმარე, ყველას არ სჭირდება შენგან ნაყიდი წიგნები"-აცხადებს ის.
შეშელიძეს აინტერესებს ასევე იმის დასაბუთება, თუ რა ჯდება და საიდან მოაქვს სახელმწიფოს ეს თანხა. მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ იქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელმაც წიგნები უნდა დაბეჭდოს, რის შემდეგაც ბევრი კერძო კომპანია, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული, ამას ვეღარ გააკეთებს.
ექსპერტის აზრით, სახელმწიფო ბიზნესს საქმეს ართმევს და მიიჩნევს, რომ ამის შედეგად ეკონომიკური საქმიანობა ბიუროკრატების ხელში გადავა.
„წინა მთავრობის დროს წილში უსხდებოდნენ, ახლა წილში აღარ უსხდებიან, მაგრამ საქმეს ართმევენ. კერძო საწარმოს საქმეს თვითონ აკეთებენ.
ამით მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა იქნება არა მეწარმეების, არამედ ბიუროკრატების ხელში. ეს არის ტოტალური კორუფციისკენ უზარმაზარი ნაბიჯებით სვლა და აშკარა, დემონსტრაციული დაბრუნება საბჭოთა კავშირის სისტემისკენ.
უნდა დაისვას კითხვა თუ რა წიგნებს დაბეჭდავენ. ერთსა და იმავე საგანში ათ სხვადასხვა წიგნს ხომ არ დაბეჭდავენ?! დაბეჭდავენ მხოლოდ ერთს. ეკონომია მოითხოვს ამას. მერე მოხდება შინაარსზე მონოპოლია, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.
ამ შემთხვევაში, ავტორებსაც აზრი ეკარგებათ. მე რომ სახელმძღვანელო დავწერო, არ მექნება იმის პერსპექტივა, რომ ვინმეს ის მოეწონება და ჩემი წიგნით ასწავლის. ვეღარ ვიმუშავებ სახელმძღვანელოზე, იმიტომ, რომ ვერ გავყიდი.
შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ( რა თქმა უნდა, ძალიან შორს მივდივარ დროში, მაგრამ ლოგიკური გაგრძელებაა) შინაარსი მორგებული იქნება პოლიტიკურ ინტერესზე. იმ წიგნებში შემდეგ დაწერენ, რომ უფასო ყველაფერი კარგია. სახელმძღვანელოები იდეოლოგიური იქნება"- აცხადებს შეშელიძე.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინიტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ.
"მშობლებს მიეცემათ საშუალება, ეს თანხა გამოიყენონ ბავშვების მოსავლელად, ზაფხულში დასასვენებლად. ამ ვალდებულებას სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. კონსტიტუციის თანახმად, საშუალო სკოლაში სწავლა არის უფასო.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, 650 ათასი მოსწავლის მშობელს ბოლო თეთრის გატანა არ უხდებოდეს ოჯახიდან სახელმძღვანელოს შესაძენად.
ამ თემაზე 5 თვე ვიმუშავეთ, ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ყველას ვულოცავ, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასო იქნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება და გამომცემლები სამინისტროსგან კანონით განსაზღვრულ თანხას მიიღებენ. უფასო სახელმძღვანელობის პროგრამა კერძო სკოლის მოსწავლეებზე არ გავრცელდება.