"ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, ძველი ხელისუფლების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საუბრობდნენ იმ ვერსიაზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული. გავიხსენოთ თვითმხილველების მონათხრობიც. მოკლედ, ყველაფერი მეტყველებდა, რომ ეს სუფთა საქმე არ იყო. ასეთი თემები ჯერ შესაბამისი წესების დაცვით უნდა იქნეს გამოძიებული და შემდეგ - გასაჯაროებული. მეორე მხრივ, ლაფანყურის სპეცოპერაცია სახალხო დამცველის ანგარიშში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე დიდი უცნაურობა ეს იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამდენ საიდუმლოების შემცველ ამბავთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხალხი ელოდება კითხვებზე პასუხს და ყველაფერი ეს საჯარო უნდა იყოს. ხალხი ასევე დამნაშავეების დასჯას ითხოვს", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა" / "ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელოს".
"დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა. ლოპოტის ხეობაში მომხდარი ძალზე სერიოზული დანაშაულია. საერთოდ, ამ მოვლენებზე მსჯელობისას იმის შეგრძნება უფრო მეტია, რომ ეს პროვოკაციაა. ცხადია, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციას ხშირად მიმართავდა. მეც მოვაწერე ხელი არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას, რომელშიც ისინი საქმის გამოძიებას ითხოვენ. მართლაც საჭიროა მტყუან-მართლის ბოლომდე გარკვევა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პოლიციელების, განსაკუთრებით შსს-ს მაღალჩინოსნების, დაუსჯელობის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, ჩვენში არ არის საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მექანიზმი, რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. შსს-ში კვლავ მოქმედებს შიდა კოდექსი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყვანონ მდგომარეობიდან თავისი თანამშრომელი და გრძელდება ძველ სტილში მუშაობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის საკითხი იდგა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამას ითხოვდნენ საერთაშორისო ექსპერტები, მაგრამ ეს იგნორირებული იყო მაშინდელი მმართველი გუნდის მიერ. სააკაშვილის ხელისუფლება მიიჩნევდა, რაც უფრო კატეგორიული პოზიცია გვექნება, მით უკეთესიაო. ასეთი პოზიცია არაფერს გვაძლევდა, კანონი კი მისაღები იყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი 2008 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, ანუ მაშინ, როცა რუსეთს უკვე აღიარებული ჰქონდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და იქ სამხედრო ბაზებიც განალაგა. თუმცა ეს კანონი ნაჩქარევად იყო შედგენილი და შეიცავდა ძალიან ბევრ შიდა წინა¬აღმდეგობას. ამის შესახებ ვენეციის კომისიაც მიგვითითებდა. ამ შენიშვნებიდან სააკ¬აშვილის ხელისუფლებამ 2010 წელს მხოლოდ ერთადერთი რამ გაითვალისწინა - "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება და დაიშვა წითელი ჯვრის ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირი დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა. მოკლედ, პირველი შესწორება კანონში სწორედ ძველი ხელისუფლების დროს შევიდა და ამიტომაც, დღეს "ნაციონალების" განცხადებები, _ არიქა, კანონის შეცვლა სახელმწიფო ინტერესების ღალატიაო, აბსურდულია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა - წელიწად-ნახევარში ახალგორის რაიონი მთლიანად დაიკეტებაო. შესაბამისად, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან უნდა დარჩეს იქ, აიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი, ან მიატოვოს სახლ-კარი და დატოვოს ახალგორი. ეს უკვე მოსახლეობის ტერორიზებაა. ამასთან, წელიწად-ნახევრით ადრე იმის გამოცხადება, რომ ახალგორი უნდა დაიკეტოს, პროვოკაციაა. სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან დამატებითი დაბრკოლებები სწორედ იმიტომ იქმნება, რომ დაწყებულია დიალოგი საქ¬ა¬რთველოსა და რუსეთს შორის. დე ფაქტო ხელისუფლებებს აქვთ შიში, რომ მოსკოვი მათ ზურგს უკან რაღაც გარიგებებზე მიდის თბილისთან, რაც სინამდვილეში არ ხდება. რუსეთის სამხედრო თუ უშიშროების წრეებში ძალიან ბევრი გავლენიანი პირია გაღიზიანებული ქართულ-რუსული დიალოგის დაწყებით. არ არის გამორიცხული, რომ ისინიც უწყობენ ხელს ვითარების დაძაბვას", - ამბობს გოგი ხუციშვილი.
"19 აპრილს ყველანი "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკოს მომსწრეები გავხდებით. ისინი ვერც საკმარისი რაოდენობის ხალხის მიყვანას შეძლებენ და ვერც თავიანთი არგუმენტების დასაბუთებას. ის, რომ საქართველომ თურმე ზურგი შეაქცია ევროპას და ამერიკას, მტკნარი ტყუილი და სისულელეა. მე "ნაციონალების" ადგილზე ამ აქციას საერთოდ გავაუქმებდი. 19 აპრილს კი ღარიბაშვილის უწყებამ "ნაციონალებისთვის" პოლიციის კორდონები უნდა უზრუნველყოს. ამ აქციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს ხელი, თორემ შემდეგ "ნაციონალები" დაიწყებენ ყვირილს, არიქა, გვდევნიანო. თუმცა ვიმეორებ - "ნაციონალების" ლიდერების ადგილას, ამ აქციის გამართვას გადავიფიქრებდი", - დასძენს გოგი ხუციშვილი.