როგორი წესებით უნდა ვიომოთ კიბერომში?

როგორი წესებით უნდა ვიომოთ კიბერომში?

სახელმწიფოებს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები დიდი ხანია საერთაშორისო სამართლით რეგულირდება, მაგრამ რომელ კანონებს უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც ომები კიბერსივრციდან იმართება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად ახალი სახელმძღვანელო, რომელიც, ნატოს კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის უნარების ცენტრის ხელმძღვანელობით, ცნობილმა ექსპერტებმა შექმნეს.

მომავალში შესაძლო კიბერომებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს საერთაშორისო სამართლის 20 ექსპერტისგან შემდგარი კომისია ჟენევისა და ჰააგის კონვენციებში, ასევე გაეროს ქარტიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა. ამ კომისიის დასკვნითი შედეგები ახლახან გამოქვეყნდა 300 გვერდიან სამართლებრივ ცნობარში, რომელსაც „ტალინის სახელმძღვანელო“ ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ კიბერომის წარმოების კანონებზე ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2007 წელს ესტონეთზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. იმხანად, კიბერშეტევის შედეგად, რაშიც ესტონეთმა ბრალი რუსეთს დასდო, ქვეყნის პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, ბანკებისა და მედიასაშუალებათა ვებსაიტები მწყობრიდან გამოვიდა.

ზემოხსენებულ კომისიას მაიკლ შმიტი, აშშ-ის საზღვაო ძალთა ომის კოლეჯის პროფესორი, ხელმძღვანელობდა. იგი 25 წელი მუშაობდა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებსა და არმიაში. მაიკლ შმიტის თქმით, „ტალინის სახელმძღვანელო“ სამხედრო იურისტებისთვის არის განკუთვნილი, მათთვის, ვინც რჩევებს აძლევს იმ სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელსაც კიბერშესაძლებლობების გამოყენება შეუძლია:

„აღნიშნული ცნობარის დანიშნულებაა - რომ გადავშლი და შიგ ჩავიხედავ, შემეძლოს ვთქვა: „ეს არის ის, რაც კანონით ნებადართულია“, ან: „იკვეთება სამი-ოთხი გაუგებარი, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით რამდენადმე მყიფე საკითხი, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებსა თუ მეთაურებს განემარტოთ“. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ რჩევებზე მომუშავე ადამიანებს შევთავაზოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც მათი სამართლებრივი რჩევის ხარისხს გააუმჯობესებს.“

ზემოხსენებული ცნობარი ნატოს კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის უნარების ცენტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ნატოს პოლიტიკურ, ოფიციალურ დოკუმენტს. როგორც მაიკლ შმიტი განმარტავს, სახელმძღვანელო ცდილობს პასუხი გასცეს ორ მნიშვნელოვან შეკითხვას: რომელი კანონით რეგულირდება ან რა საფრთხეთა მიმართ სჭირდება სახელმწიფოს კიბეროპერაციის ჩატარება მშვიდობიან დროს.

„ამ მიზნით ჩვენ ვსწავლობდით იმ აკრძალვებს და სახელმწიფოს უფლებას თავი დაიცვას კიბეროპერაციებისგან, რაც გაეროს ქარტიაში აღმოჩნდა სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. წიგნის მეორე ნაწილი შეეხება იმ დროს, როცა თქვენ უკვე ჩაბმული ხართ ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში და ისმის კითხვა: რომელი კანონებით ვიხელმძღვანელოთ, ვის წინააღმდეგ შეგვიძლია მივმართოთ კიბერიერიშები, როგორ უზრუნველვყოთ სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტების დაცვა და რას ამბობს სამართალი სხვა, ხელშეუხებლად მიჩნეული ადამიანებისა და ობიექტების, მაგალითად, საავადმყოფოს მიმართ კიბერშეტევების შემთხვევაში; რა ხდება, თუკი საავადმყოფო და სამხედრო ობიექტი ერთსა და იმავე სერვერზე არიან მიერთებულნი. ასე რომ, საქმე გვაქვს იმ კანონებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე მოქმედებენ“, ამბობს აშშ-ის საზღვაო ძალების ომის კოლეჯის პროფესორი მაიკლ შმიტი.

ცნობარის შედგენაზე მომუშავე ექპერტები შეთანხმდნენ, რომ კიბერშეტევის დროს ჰუმანიტარულ დაცვას ასევე ექვემდებარებიან ჰოსპიტლები და სამხედრო ტყვეები.

ამასთან, ექსპერტები სიფრთხილით აღნიშნავენ, რომ კიბერიერიშები, რაც „მღელვარებასა და გაღიზიანებას“ იწვევს, არ შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც ძალის გამოყენება. ასევე კიბერშეტევის ობიექტად არ განიხილავს სახელმძღვანელო ჰაკერებს, რომლებსაც გაზეთების მყვირალა სათაურები კიბერდამნაშავეებად მოიხსენიებენ.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ჰაკერებზე შეგიძლიათ იერიშის მიტანა. ჩვენ მხოლოდ ის ვთქვით, რომ თუკი შეიარაღებული კონფლიქტი გაქვთ და ვინმე გადაწყვეტს ისე მძლავრად ჩაერიოს ამ კონფლიქტში, რომ მწყობრიდან გამოიყვანოს თქვენი სამხედრო შესაძლებლობები, მაშინ აღნიშნული პიროვნება დაკარგავს მრავალი წლის განმავლობაში არსებული ჰუმანიტარული სამართლით მისთვის მინიჭებულ ხელშეუხებლობის უფლებას და სამიზნედ გადაიქცევა. ამას არაფერი აქვს საერთო არც იმ ჰაკერებთან, რომლებსაც მშვიდობიან დროს ანდა საომარ ვითარებაში მწყობრიდან გამოჰყავთ ვებსაიტი“, განმარტავს საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელი, პროფესორი მაიკლ შმიტი.

თუმცა ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი როდი იზიარებს ამ მოსაზრებას. მაგალითად, დიდი კამათი მოჰყვა იმის განმარტებას, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული „თავდაცვის“ არსი კიბერშეტევის დროს. ცნობარში ამ დებატების დეტალები კომენტარების ვრცელ დანართშია მოცემული.

დაბოლოს, მივადექით მთავარ შეკითხვას: რას შეცვლის „ტალინის სახელმძღვანელო ცნობარი?“ - შესაძლოა, ძალიან ცოტა რამეს, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ „გაუმჯობესდება კანონის მოთხოვნათა დაცვა კიბერსივრცეში“, როდესაც ეს უთუოდ საჭირო გახდებაო, - ამბობს აშშ-ის საზღვაო ძალების ომის კოლეჯის პროფესორი მაიკლ შმიტი.