“ეკონომიკისა და ბიზნესის მარწუხებისა და ზეწოლისგან გათავისუფლება, უდავოდ, პოზიტიური პროცესია. აღარც საზოგადოებაა ზეწოლის ქვეშ, რაც ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნების შედეგია. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ პოლიტიკას, ოთხი-ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდება, ეს კურსი თუ რა პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მთავარია, რომ ბიზნესსექტორისადმი დამოკიდებულება, განწყობა და მიმართულებები სრულიად შეცვლილია”, _ ასე აფასებს “პირჭელთან” საუბრისას კოალიცია “ქართული ოცნების” ხუთთვიან სახელისუფლებო მოღვაწეობას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც ახლახან აშშ-ის აკადემიის წევრად აირჩიეს.
სოლომონ პავლიაშვილი: _ საერთოდ, აქცენტი უფრო ბიზნესსექტორზე უნდა გავაკეთოთ, რადგან ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი სწორედ ბიზნესიდან ივსება. ახალ მთავრობას იმის დრო არ ჰქონდა, რომ ბიუჯეტის სტრუქტურა ძირეულად შეეცვალა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარჯები შემცირდა. ეს კი, ის ზედმეტი ხარჯი იყო, რომელიც გარკვეულწილად ინფლაციური პოტენციალის წარმომშობია.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, კულტურული ღონისძიებებისა და რაღაც პროგრამების დასაფინანსებელ ხარჯებს, რაც პრაქტიკულად, გაქრა. საერთოდ, ასეთ ხარჯებს ეკონომიკური ეფექტი არ აქვს და ხშირად წყალში გადაყრილი ფულია, რომელიც ხელს ინფლაციური პროცესების წარმოშობას უწყობს. ასეთი ფეშენებელური ხარჯების გაღების უფლება პროფიციტული ბიუჯეტისა და მაღალი შემოსავლების ქვეყნებს აქვთ...
კარგია, რომ სოციალური ორიენტირება მაქსიმალურად და უმცირეს დროში მოხდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევაში მოსახლეობის თითქმის ყველა კატეგორია მოექცა _ სადაზღვევო პოლისის სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანი ხდება და პენსიაც იზრდება.
ჩემი აზრით, ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან _ ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს პირდებოდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს დააზღვევდა, რომელსაც დაზღვევა არ ჰქონდა. ლაპარაკი, დაახლოებით, 50-60 მილიონ ადამიანზე იყო, მაგრამ როცა დაითვალეს, მოსახლეობის ამ ნაწილის დაზღვევის ხარჯმა 900 მილიარდი შეადგინა და პროექტის განხორციელებისგან თავი შეიკავეს. მოკლედ, ხელისუფლების მისამართით იმის ძახილი, რასაც მოსახლეობას დაპირდი, უმოკლეს დროში რატომ არ აკეთებო, პრიმიტიულია.
სხვათა შორის, ისე ჩანს, რომ სახელმწიფო ყველაფერს თითქოს თავის თავზე იღებს.
_ ბატონო სოლომონ, რაღა დაგიმალოთ და, ვერ ვხვდები, აქცენტს რაზე აკეთებთ...
_ რაზე და, მაგალითად, იმ ვალდებულებაზე, რომელიც, წესით, გლეხმა და ფიზიკურმა პირმა თავის თავზე უნდა აიღოს, მაგრამ სახელმწიფო იღებს და მოსახლეობას ეუბნება, მიწას მოგიხნავ, დაგითესავ, მოსავალს მოგიყვან, დაგაზღვევო. ასეთი ნაბიჯები ძალიან საფრთხილოა. ასევე, საფრთხილოა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაც. ნურავის ჰგონია, რომ ეს ნაბიჯები, გრძელვადიან პერიოდში, პოზიტიური იქნება...
_ წელიწადზე მეტია, ქვეყანაში დეფლაციაა...
_ ვიღაცები დეფლაციაში რაღაც საგანგაშოს ხედავენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. დეფლაცია იმითაა გამოწვეული, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს მსოფლიო ბაზარზე ფასები გარკვეულწილად დაეცა და იმპორტი გაიაფდა, ამასთან, გაზის ტარიფიც შემცირდა. საერთოდ, არჩევნების პერიოდში მოსახლეობა ნაკლებ ფულს ხარჯავს. “ნაციონალური ელიტაც” ძველებურად აღარ “გრიალებს” და ნაკლებ ხარჯს ეწევა და დეფლაციის მიზეზიც სწორედ ესაა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დეფლაცია საშიშროებას არ წარმოადგენს, თან დეფლაცია იმ დონეზე არაა, რომ ექსპორტზე იმოქმედოს... ეს სისტემური კი არა, უფრო იმპულსური დეფლაციაა... ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს ამ პროცესის დასარეგულირებლად ბერკეტები აქვს.
საშიში დეფლაცია კი არა, ინფლაციაა. მართალია, ლარის გამყარება ექსპორტისთვის მასტიმულირებელი არაა, მაგრამ ექსპორტი მაინც იზრდება. ასე რომ არ იყოს, დეფლაციური პროცესები უფრო მაღალი იქნებოდა. საერთოდ, თუ გინდა, რომ ექსპორტი შექმნა, გააძლიერო და გაზარდო, კონკურენციაში იმ ქვეყნებთან უნდა შეხვიდე, რომლებიც ანალოგიურ პოდუქციას აწარმოებენ. ასევე, ფოკუსირება უნდა ხდებოდეს საქონელთა იმ ჯგუფებზე, რომლებითაც მსოფლიოში ადგილის დამკვიდრებას შევძლებთ. მოკლედ, იმის თქმა, რომ ლარის კურსის გამყარება ხელს ექსპორტის სტიმულირებას უშლის, თითიდან გამოწოვილია.
_ ბატონო სოლომონ, ახალი ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც საინვესტიციო ფონდების შექმნას ითვალისწინებს, როგორ აფასებთ?
_ სახელმწიფო ფონდები, როგორც წესი, ძალიან ცუდად მუშაობენ და ეფექტიანობაზე არ არიან მოტივირებულნი. ახალ ფონდებში მონაწილეობას კერძო ინვესტორები მიიღებენ, მაგრამ თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა მოტივაციით უნდა განათავსოს ინვესტორმა ამ ფონდში თანხა. ვფიქრობ, ეს ფონდები პოლიტიკურ პიროვნებებსა და მათ პოლიტიკურ ნებაზე იქნებიან მორგებულნი. თუ ფონდებში ინვესტიციები ჩაიდება, ეს პრემიერის დამსახურება იქნება... ინვესტორმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოში განსაკუთრებული ბიზნესგარემოა და ამისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. საერთოდ, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. პირველ რიგში, ეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა. ამასთან, წლების განმავლობაში საკუთრების ხელყოფა ხორციელდებოდა. ჩვენთან ბიზნესასოციაციებიც ძალიან სუსტები არიან... ვიმედოვნებ, პრემიერი ინვესტორებისთვის სტიმული გახდება.
_ არაერთხელ გითქვამთ, რომ ქართული ეკონომიკის ლოკომოტივად სოფლის მეურნეობა უნდა იქცეს. ახალი მთავრობის აგრარული პოლიტიკა მოგწონთ?
_ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა არის სახელმწიფოს მოვალეობა და რა _ კერძო სექტორის. არ შეიძლება, სახელმწიფომ თავის თავზე კერძო სექტორის ფუნქციები აიღოს და ეს პრინციპული საკითხია. ამასთან, ინსტიტუციურად შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს _ არასწორია, როცა ლიბერარულ პოლიტიკაზე საუბრობ და მხარს მემარცხენეობას უჭერ.
რაც შეეხება ახალი ხელისუფლების აგრარულ პოლიტიკას, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო კარგად იმ კუთხით გამოჩნდა, რომ აქცენტი, მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და სარწყავი სისტემის განვითარებაზე გააკეთა. გლეხების დახმარებაც, თავისთავად, კარგია, მაგრამ როგორც წეღან აღვნიშნე, ვალდებულება იმას უნდა ავაღებინოთ, ვისაც ვეხმარებით.
რაც შეეხება დაბალპროცენტიან კრედიტებს, უნდა განისაზღვროს, თუ ვინ იქნება ის სუბიექტი, ვინც ამ სესხს მიიღებს და რა ვალდებულება ექნება. ჩემი აზრით, ჯობია, ეს სუბიექტი ფიზიკური პირი კი არა, კოოპერატივის მსგავსი გაერთიანება იყოს, რადგან უკეთესია, ადამიანი დასაქმებული იყოს და ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე _ საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მისთვის არაფრის მომტანია. ვერავის აიძულებ, რომ კოოპერატივებში გაწევრიანდეს, მაგრამ საამისოდ მოტივაცია უნდა გავუჩინოთ _ მივცეთ ტექნიკა, ხელი შევუწყოთ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაში.
მისასალმებელია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მექანიზაციაზეც დაიწყო მუშაობა, მაგრამ მთავარია, რომ ეს ტექნიკა მხოლოდ დროულად კი არა, თანხობრივადაც ხელმისაწვდომი იყოს.
კარგი იქნება, თუკი ახალი მთავრობა მუშაობას მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის პროგრამაზეც დაიწყებს. ამ კონტექსტში კერძო სადაზღვევო კომპანიებზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ეს სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოსგან მილიონობით ტრანსფერს იღებენ და ხომ შეიძლება, ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეუწყონ _ დაზღვევა დაბალპროცენტიანი იყოს, რომ გლეხმა პროდუქცია დააზღვიოს. ის, რაც კახეთში, სტიქიის შემდეგ მოხდა, მიმაჩნია, რომ მთლად სწორი არაა. გასაგებია, რომ მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და გლეხებს ზარალი აუნაზღაურა, მაგრამ გლეხი არ უნდა ნატრობდეს, ნეტავ, ჩემს მოსავალს რამე ცუდი დაემართოს, დამატებით ანაზღაურებას მივიღებო. საზოგადოება არ უნდა მიეჩვიოს, რომ პირადი პრობლემები მთავრობამ უნდა მოუგვაროს.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, თუნდაც იმას, რომ სახელმწიფო ბანკებისა და მოსახლეობის ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს _ ორივე კერძოა და ის, რომ ვიღაცამ იპოთეკური სესხი ვერ გადაიხადა და ამის გამო ქონებას კარგავს, სახელმწიფოს პრობლემა არაა. ხომ ვნახეთ, მსოფლიოში რაც მოხდა? _ „კეინსიანიზმი“, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, ყველას დავიწყებული ჰქონდა და აქცენტები ლიბერალურ ეკონომიკაზე კეთდებოდა. კრიზისის დროს კი, მსოფლიო „კეინსიანიზმს“, ანუ სახელმწიფო რეგულირებას დაუბრუნდა _ ეკონომიკური სტიმულის პაკეტები განხორციელდა და ეს ისეთ აზარტში გადაიზარდა, რომ მაგალითად, აშშ-მ „ჯენერალ მოტორსსა“ და „კრაისლერს“, დაახლოებით, 10 მილიარდზე მეტი თანხა გამოუყო, გერმანიის მთავრობამ „ოპელისა“ და “მერსედერსის” საშვებულებო ხელფასები დააფინანსა, იაპონიამ კი, თავის თავზე კერძო ბანკების გარკვეული ვალდებულებები აიღო. მოკლედ, ყველა ლიბერალური ქვეყანა მემარცხენე გახდა...
ასევე, უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო რეგულაციები და „მიშვებულობის პოლიტიკა” არ უნდა გვქონდეს. ევრობანკის მოთხოვნაა, რომ დეფიციტი შემცირდეს. როცა, ერთის მხრივ, დეფიციტს ამცირებ, მეორეს მხრივ, სოციალურ დაძაბულობას იწვევ, ანუ დეფიციტის შემცირება ნიშნავს პენსიების, საბიუჯეტო ხელფასებისა და სოციალური ხარჯების შემცირებას, რაც სოციალური დაძაბულობის წინაპირობაა.
ამავე დროს, ევროკავშირი, ევრობანკი, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი გვთხოვენ, რომ თუ დამატებითი კრედიტი გვინდა, ამაზე უნდა წავიდეთ. ორ წყალს შუა ვართ _ აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, მაგრამ თუ ევროპაში ინტეგრაცია გვინდა, მის წესებს უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ტრანზიტზე, იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრები არიან, რაღაც შეზღუდვები აქვთ. მოკლედ, ამ მოდელებზე ლაპარაკი ძალიან საფრთხილოა, რადგან შეიძლება, არაპოპულარული, მაგრამ ეკონომიკის გრძელვადიან პერიოდში, პოზიტიური იყოს.
_ 2012 წელს ინვესტიციებმა სერიოზულად იკლო, რის მიზეზადაც პოლიტიკური არასტაბილურობა დასახელდა. ახალი მთავრობა წელს ინვესტიციების 2-მილიარდიანი ნიშნულის დაძლევას გეგმავს...
_ ინვესტიციების შემოდინება მარტივი არაა, რადგან დაძაბულობა ისევ გრძელდება და აქაც გარანტი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს _ როცა ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავა და ინვესტორებს შეხვდება, ინვესტიციები მაშინ წამოვა. ვერ გეტყვით, ორი მილიარდი გვექნება თუ რამდენი, მაგრამ ჩვენი მთავარი კოზირი პრემიერ-მინისტრია, რადგან ჩვენნაირ ქვეყნებში პიროვნებებს უფრო ენდობიან, ვიდრე _ სახელმწიფოს.
ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ხელი ყველანაირი ინვესტიციის შემოდინებას უნდა შევუწყოთ და იმის ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ ინვესტიციის წარმომავლობის გამოკვლევა დავიწყოთ.
_ საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების რომელი მოდელია მისაღები?
_ ისეთი მკაფიო მოდელები, როგორიც, მაგალითად, შვედური მოდელი იყო, აღარ არსებობს, თუმცა ვთვლი, რომ მთავარი ინსტიტუციონალიზმი, ტრადიციული, კულტურული, ზნეობრივი და, ასევე, ადამიანის განვითარების ინდექსებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ისვენებს ადამიანი, როგორია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორია მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე, რამდენად თავისუფალია საზოგადოება, როგორ შეუძლია არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მაჩვენებლებით განისაზღვრება.