გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ძმის, ლევანის გატაცება და მკვლელობაა. “ნაციონალური” ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ საქმის გასახსნელად ყველა ღონე იხმარა. “ნაციონალური გამოძიება” კი იმით დამთავრდა, რომ სპეცრაზმმა, შს იმჟამინდელ მინისტრ გია ბარამიძის ხელმძღვანელობით, აფრასიძეების ოჯახი გაანადგურა. ნიშანდობლივია, რომ აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ბრძანება _ არც მეტი, არც ნაკლები _ მიხეილ სააკაშვილმა გასცა და ამას თვითონაც ადასტურებს... ლევან კალაძის მკვლელობის საქმეს თავის დროზე ბათალბი (ბათუ) საღინაძე იძიებდა, რომელიც მოულოდნელად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა... აფხაზეთის შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილმა უფროსმა საპატიმრო არცთუ დიდი ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა... საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საღინაძის წინააღმდეგ გამოძიება 2006 წლის 20 მარტს დაიწყო. გამოძიება საღინაძეს ჩვენების მისაცემად პირის იძულებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება-გადამალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. თავის დროზე შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბათუ საღინაძეს “დავალებული ჰქონდა ლევან კალაძის გატაცების საქმეზე დანაშაულის გახსნისა და გამოძიებისთვის სრულყოფილი დახმარების მიზნით შექმნილი სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის ხელმძღვანელობა. სწორედ ლევან კალაძის გატაცების საქმეზე მუშაობისას, მან მოტყუებით, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, აფრასიძეების საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ანტიკრიმინალური ღონისძიების შედეგად დაკავებული ვლადიმერ მურავიოვი აიძულა, მიეცა ჩვენება, რომ მას 2004 წლის აგვისტოში, აფრასიძეების სახლში ნანახი ჰყავდა ლევან კალაძე (მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მოკლული იყო 2001 წლის 13 მაისს). გარდა ამ დანაშაულებრივი ქმედებისა, ბათუ საღინაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და თავის საცხოვრებელ სახლში გადამალა ლევან კალაძისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებული სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი საიდუმლო დოკუმენტები. 2007 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა. ბათალბი (ბათუ) საღინაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით”. რა მოხდა სინამდვილეში ლევან კალაძის საქმესთან დაკავშირებით, რა იყო საღინაძის დაპატიმრების მიზეზი და ვისი ორგანიზებით ხდებოდა საქართველოში ადამიანთა გატაცება? _ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილ უფროსთან, პოლიტპატიმარ ბათალბი (ბათუ) საღინაძესთან:
_ აფხაზეთის მკვიდრი ვარ და ვიდრე სოხუმი დაეცემოდა, 15 წლის განმავლობაში, აფხაზეთის შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ვიყავი. სოხუმის დაცემის შემდეგ კი, თბილისში ჩამოვედი... ქვეყნიდან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ საქართველოს შს მაშინდელმა მინისტრმა, შოთა კვირაიამ მითხრა, არ წახვიდე, დარჩიო. ჩემს ქვეყანაში ლტოლვილად ქცეულს, მეუღლისა და სამი შვილისთვის თავშესაფარი ხომ მინდოდა? _ ბინა სხვადასხვა ადგილას შემომთავაზეს, მათ შორის, შოთა გორგოძის შს მინისტრობის დროს ავჭალაში აშენებული კოტეჯი, რომელიც, საბოლოოდ, ჩემი უბედურების მიზეზი გახდა. 1994 წელს შსს-ს კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვიდრე აფხაზეთში დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა, ეს კოტეჯი ჩემი ოჯახის მფლობელობაში იქნებოდა...
აფხაზეთთთან კავშირი არ გამიწყვეტია _ ინტენსიური ურთიერთობები მქონდა იქაურ პოლიტელიტასა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ჩვენ შორის მეგობრობაც იყო და ნდობაც. ალექსანდრე ანქვაბი ჩემი მეგობარია _ ჩვენ, როგორც იტყვიან, ერთი ბუნების ხალხი ვართ და ქართველებისა და აფხაზების დაშორიშორება ორივეს ერთნაირად გვაწუხებს.
_ ბატონო ბათუ, როგორც ვიცი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების საქმეებს იძიებდით...
_ დიახ, დიდი და ფართომასშტაბიანი საქმეები ჩემი სტიქია იყო, საამისოდ ენერგიაც მქონდა და ე.წ. ელიტურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირიც... მაშინ საქართველოში განუკითხაობა მეფობდა _ ბანდიტური დაჯგუფებები, იარაღი... კახეთში, გურჯაანში, „მხედრიონის” დაჯგუფებამ, რომელსაც მადლენა ბერძენიშვილი მეთაურობდა, ოჯახი ამოწყვიტა, მაგრამ სამართალდამცავები ამ ქალბატონის დაპატიმრებისგან თავს იკავებდნენ. იმხანად კახეთის სამხარეო პოლიციას თამაზ თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა და მახსოვს, მითხრა, ამ ქალმა მთელი რეგიონი ფეხქვეშ ამოიდო, მაგრამ არაფერი შეგვიძლია, რადგან მხარს ჯაბა უჭერსო...
მადლენას ჩეჩნების “კაციჭამია ჯგუფი” ჰყავდა. ჯგუფის წევრთა ვინაობა რომ დამედგინა, მოსკოვში სპეციალურად გადავფრინდი... მადლენა დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა გენპროკურორის მოადგილეს, ვახტანგ გვარამიას შევხვდი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრიც იყო და მითხრა, მადლენა ციხიდან გამოვიდა, ხომ იცი, დიდი ფულის პატრონია, კავშირებიც აქვს და უთქვამს, ჩემი ოცნებაა, საღინაძეს ანგარიში გავუსწორო, ჩემი ცხოვრება მაგან დაანგრიაო...
_ ბატონო ბათუ, შს მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე რის ნიადაგზე დაგიპირისპირდათ?
_ თარგამაძე ხმაურიანი კაცი იყო, თუმცა ხალხზე ზრუნვა მისთვის, როგორც იტყვიან, უცხო ხილი იყო. 1998 წელს, ჩემი პენსიაზე გაშვება გადაწყვიტა და ეს მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმეს _ მიხეილ ქურდაძის მკვლელობას, თიანეთში ამოწყვეტილი ოჯახის საქმესა და ჩერქეზიშვილის ძალიან გახმაურებულ, ურთულეს მკვლელობას ვიკვლევდი. ეგონათ, რომ ჩერქეზიშვილის მკვლელობა გახსნილი იყო, მაგრამ უცებ ჩიხში აღმოჩნდნენ. ჩერქეზიშვილი ახალგაზრდა ადვოკატი იყო, მამამისი ისანი-სამგორის რაიონის გამგებლად მუშაობდა. მკვლელობა ქურდობაზე ნასამართლევ ვინმე ასანიძეს ,,აჰკიდეს” _ დაკითხვისას ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენეს და მანაც დანაშაული “აღიარა”. ციხეში მოითხოვა, ქურდებთან “ჩამსვითო” და ქურდებთან საუბრისას გამოტყდა, ზეწოლის გამო, იძულებული გავხდი, ჩერქეზიშვილის მკვლელობა ჩემს თავზე “ამეღოო”. ქურდებმა ასანიძეს უთხრეს, ამის გამო ქურდის სტატუსს ვერ ეღირსებიო. ასანიძემ გამომძიებელთან შეხვედრა მოითხოვა და აღიარებითი ჩვენება უარყო... კახა თარგამაძის ბრძანებით, ამ საქმის გამოკვლევა დამევალა... დიდი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან მტკიცებულებები გამქრალი იყო. სწორედ ამ საქმეზე მუშაობისას გავიცანი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამ საქმით ფრიად დაინტერესებული იყო და საკუთარი ვერსიებიც ჰქონდა... ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საქმე გავხსენი. სააკაშვილმა დამიძახა და გაოცებულმა მკითხა, ასეთ ჩახლართულ საქმეს ვერც ,,ცე-რე-უ” გახსნიდა, ვერც _ ,,ს
კოტლანდ იარდი” და თქვენ როგორ მოახერხეთო... როცა სააკაშვილმა გაიგო, რომ თარგამაძე პენსიაზე მიშვებდა, დაურეკა და სთხოვა, ოღონდ საღინაძეს ნუ გაუშვებ და ვინც გინდა, გაუშვიო.
რაც შეეხება კახა თარგამაძეს, ჩვენ დაპირისპირება არ გვქონია, უბრალოდ, მან იცოდა, რომ პოლიციელთან, რომელიც დიდ საქმეებშია ჩართული, მოლაპარაკება გამორიცხულია. ამიტომ, შევარდნაძისთვის უთქვამს, ერთ სამინისტროში ორი მინისტრი ვერ იქნება და თუ საღინაძე არ წავა, მაშინ მე წავალო. ჩემს პრობლემაში ნუგზარ საჯაიაც ჩაერია და შემომთავაზა, სადაზვერვო სამსახურში, ავთო იოსელიანთან გადავსულიყავი. იოსელიანი საჯაიას დაჰპირდა, ჩემი მოადგილე გახდება და გენერლობასაც მივცემ, განსაკუთრებულად არ დავტვირთავ და, პარალელურად, აფხაზეთის საქმეებზეც იმუშავებსო. ამასობაში, ალექსანდრე ანქვაბი დამიკავშირდა და მირჩია, რომ სისტემაში არ დავრჩენილიყავი... მოკლედ, პენსიაზე გასვლას დავთანხმდი. მერე, ალექსანდრე ანქვაბმა მოსკოვში, თავისი პოზიციის გამტარებელ ცხრა ადამიანს შემახვედრა. მათ შევარდნაძესთან შეკითხვები გამომატანეს...
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ყველაფერს ჩამოვშორდი _ ოჯახური მეურნეობა მოვაწყვე და მშვიდად ვცხოვრობდი. როცა ხელისუფლებაში ,,ვარდოსნები” მოვიდნენ, მიშა სააკაშვილის სახელით, ბარამიძემ დამიძახა, პრეზიდენტმა თქვა, კალაძის საქმეს საღინაძის მეტი ვერავინ გახსნის, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდი და ეროვნული გმირი გახდებიო. მერე, კახი კალაძე, მამასთან ერთად, შინ მესტუმრა, სპორტსმენები ახლდნენ, ჩემი ნაცნობ-მეგობრები _ ძველი სამბისტი ვარ, მოჭიდავე. კახამ მითხრა, ბათუ ბიძია, ვის არ ვთხოვე, თვით ბერლუსკონეს, ,,სკოტლანდ იარდმაც” მოსინჯა ჩემი ძმის საქმის გამოძიება, მაგრამ უარი თქვა, სამი წელია გასული, კვალი წაშლილია და ვერაფერს გავხდებიო. მინდა, საკუთარ თავთან მართალი ვიყო, მეცით პატივი და მოვსინჯოთ, იქნებ, ძმა ვიპოვო მკვდარი ან ცოცხალიო... კალაძეების უბედურებით შეძრული ვიყავი _ მათ ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე... მეუღლემ მითხრა, თავი დაანებე, ამაგი ვისთვის დაუფასებიათ, შენ რომ დაგიფასონ, ან მოგკლავენ, ან გაგანადგურებენო... ჩემი ცოლის წინასწარმეტყველება ახდა...
ასე იყო თუ ისე, დავთანხმდი, რომ კალაძის საქმის გამოძიებაში ჩავერთვებოდი. სხვათა შორის, ბარამიძემ კრიმინალური პოლიციის უფროსობაც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი... სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად დავინიშნე და, თავის დაზღვევის მიზნით, სპეციალური ბრძანებაც დავაწერინე, რომლითაც ჩემი უფლება-მოვალეობები იყო განსაზღვრული. ეს ბრძანება დღეს მათთვის ჩამოსახრჩობი თოკია. ამ ბრძანებით, გამოძიების მსვლელობისას სრული თავისუფლება მეძლეოდა და საქმის კურსში მხოლოდ ბარამიძეს ვაყენებდი... როგორც გითხარით, კრიმინალური ელიტის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარებასა და მათთან ნდობაში შესვლას წლები მოვანდომე. ჰოდა, საქმის ,,მოთელვა” რომ დავიწყე, მათ მითხრეს, გატაცება ძლიერი დაჯგუფების მოწყობილია, რომლის უკანაც სპეცსამსახურების გენერალიტეტი დგასო, თან გამაფრთხილეს, ისევ შენები გაგიმეტებენო.
საქმე პროკურატურის განკარგულებაში ფორმალურად იყო. 2004 წლის 5 მარტს გავიგე, რომ კალაძის გატაცების თავკაცმა იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს სპეცფონდის ნომერი და ამ ანგარიშზე ფულის ჩარიცხვის ნებართვა სთხოვა, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი დასთანხმდა. ისიც გავიგე, რომ ამ სპეცფონდში, ჩემი საქმიდან ჩამოშორების სანაცვლოდ, ორი მილიონი ევრო ჩაირიცხა.
_ ვინ არის ის პიროვნება, ვინც ფული გადაიხადა, რომ ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობას ნათელი არ მოჰფენოდა?
_ ბევრი მიფიქრია, ამ კაცის სახელი ვთქვა თუ არა... იმას, რაც მე გამიკეთეს, ნორმალური ადამიანი ვერ გადაიტანს _ საპყრობილეში თითქმის შვიდი წელი გავატარე, ბევრჯერ მომიწყვეს დაპირისპირება კრიმინალებთან. ამდენი ნერვიულობით ოჯახის წევრებიც დაავადდნენ... მგონი, დადგა დრო, სიმართლე ვთქვა: ეს კაცი ტარიელ ონიანია! მას დიდი კავშირები აქვს არა მარტო კრიმინალურ სამყაროსთან, არამედ, მას სახელმწიფოთა დიდმოხელეებიც ხვდებიან. პიროვნება, ვინც მას რუსეთის სპეცსამსახურებთან აკავშირებს, ჩემი მეგობარია, მოსკოვის პოლიციის აკადემიიდან.
_ საქმეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოგაშორეს?
_ არა, პირდაპირ არაფერი უთქვამთ. ვაკვირდებოდი და ბარამიძე არ მღალატობდა _ როცა საჭირო იყო, პრეზიდენტსაც მახვედრებდა... გამოძიებისას ომეხ აფრასიძეს დაკითხვის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. აფრასიძეებთან დასაკავშირებლად რამდენიმე ვარიანტი დავამუშავე. ერთ-ერთ ჟურნალისტს ვთხოვე, ომეხს დაკავშირებოდა და ნებაყოფლობით ჩაბარებაზე დაეთანხმებინა. სატელეფონო კავშირი ვაჟა გავაშელთანაც მქონდა. ვიცოდი, რომ ჩემი საუბარი უკვე ისმინებოდა... დახმარება ლოთი ქობალიასაც ვთხოვე, რომელიც ციხეში იყო. შემომითვალა, ორ კვირაში გარეთ ვარ და აფრასიძეების მთელ ოჯახს მოგიყვანო. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩაბარების მშვიდობიანი ოპერაცია ჩატარებულიყო. 21 მარტს ბარამიძეს მოვახსენე, აფრასიძე რამდენიმე დღეში ჩაგვბარდება-მეთქი.
სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ ლევან კალაძის გატაცებას მე ვიძიებდი, ბრძანება არსებობდა. აქედან გამომდინარე, კანონით, ამ საქმეში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 24 მარტს დილით, ტელევიზიით შევიტყვე, რომ აფრასიძეების სახლში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის მეორე დღეს, ვახტანგ ჯაფარიძემ დამირეკა და მითხრა, ბრძენი ყოფილხარ, ოპერაცია ისე ჩაატარე, კადრში არ გამოჩენილხარო. ვიფიქრე, თუ ამას ჰგონია, რომ ოპერაციაში მეც ვმონაწილეობდი, სხვას რას იტყვის-მეთქი. გაგიჟებული მივვარდი ბარამიძესთან, არამზადებო, შემთხვევითო ხალხო, რა გააკეთეთ, ეს ხომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია _ სახლში, რომელიც დაბომბეთ, ბავშვები იმყოფებოდნენ-მეთქი. ბარამიძე შეწუხდა და მითხრა, თუ შეგიძლია, მაპატიე, ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებულიო. აფრასიძეების ოპერაცია არაპროფესიონალებმა და უსუსურებმა ჩაატარეს. მათ მორალი არ აქვთ! ოთხი თვე ინიღბებოდა სააკაშვილი (ვითომ, საშუალება მომცა, რომ გამოძიება მეწარმოებინა), ყველაფერს ოქრუაშვილი აკონტროლებდა. სპეცოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ, ბარამიძე სხვაგან გადაიყვანეს და შს მინისტრად ოქრუაშვილი დასვეს. ბევრჯერ ვეცადე მასთან დალაპარაკებას, ვინ არ დავიხმარე, მაგრამ ოქრუაშვილმა არ მიმიღო. გენპროკურორად ყოფნის დროს კი, ერთხელ ტელეფონით მესაუბრა და მკითხა, თენგიზ გურჩიანზე თუ აგრძელებ მოკვლევასო. გურჩიანი ტარიელ ონიანის “მაყურებელი” იყო _ საქართველოში ადამიანთა გატაცებებს ის გეგმავდა და ასრულებდა.
ევგენი აფრასიძის მეუღლემ, დოდო სიდიანმა მკითხა, კოდორში ამდენი ოპერაცია ჩაგიტარებია, თოფი არ გავარდნილა და ჩემს ოჯახში რამ გაგამხეცაო. მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ სისხლიან დარბევაში მონაწილეობა არ მიმიღია.
_ თავის დროზე ისიც ითქვა, რომ თითქოს ფეხბურთის მაფიის მსხვერპლი გახდით.
_ ყველაფერი ფულის გამო მოხდა. როცა კახი კალაძე კიევის ,,დინამოდან” “მილანმა” იყიდა, 15 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. აქედან, ხუთი ადგილზე რჩებოდა, დანარჩენი კი, კალაძესა და ჟორდანიას უნდა გაეყოთ.ამ საქმეში ყოვლისშემძლე ტარიელ ონიანიც ჩაერია და ამ ტრანსფერიდან ქურდულ ,,ოფშიაკში” 600 ათასი უნდა შესულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, ქურდებმა კახის გატაცება დაგეგმეს. გურჩიანმა, თავის ხალხთან ერთად, კახას მიაკითხა, მაგრამ იქ მოულოდნელად კალაძის მამაც მივიდა და გატაცების გეგმა ჩაიშალა. მერე, ასათიანის ჯგუფმა მოახერხა და კალაძის ძმა, ლევანი გაიტაცა.
_ თქვენზე ზეწოლა დაპატიმრებამდეც ხდებოდა?
_ რა თქმა უნდა... ერთხელ, ჩემი ქალიშვილი უკრაინიდან ბრუნდებოდა, აეროპორტში შეეცადნენ, ხელიდან ჩანთა გამოეგლიჯათ და ნარკოტიკი ჩაედოთ, მაგრამ იმარჯვა. იმდენად საშიშ კაცად მიმიჩნიეს, რომ ბოლოს, კოტეტიშვილის დავალებით, კაბინეტში მომაკითხეს და მომთხოვეს, რომ კალაძის საქმე გადამეცა... 2004 წლის 1 ნოემბერს, ოქრუაშვილის უკანონო ბრძანებით, ძალის დანაშაულებრივი გამოყენებით, გამოგვასახლეს საცხოვრისიდან და ყაჩაღურად მიითვისეს ჩემი ოჯახის მთელი ქონება. ამის მერე დაპატიმრებას ყოველ დღე ველოდი და ეს დღეც დადგა _ 2006 წლის 4 ივნისს, მეტროსადგურ “ისანთან” სამხედრო პოლიციის მანქანები შევნიშნე, დაკავებისას შეიძლება, ხალხი დაშავებულიყო, მაგრამ მათ ეს არ ანაღვლებდათ, მხოლოდ ხმაურიანი სატელევიზიო დაკავების ჩვენება უნდოდათ. ერთ ოპერატიულ მუშაკთან მივედი და ხელმკლავი გავუკეთე, მერე, მეორეც მოვიდა და მითხრეს, უნდა დაგაკავოთო. აგერ ვარ და წავიდეთ-მეთქი. გამოსახლებიდან 16 თვის შემდეგ, მათი კონტროლის ქვეშ მყოფ კოტეჯში „გადაუდებელი“ ჩხრეკა ჩაატარეს და, იარაღთან ერთად, ჩემი სამსახურის სეიფიდან წაღებული დოკუმენტაცია “იპოვეს”. დაკითხვაზე სულ მინერალურ წყალს მთავაზობდნენ, არ დავლიე, პირში გამოვივლე და მაშინვე გავითიშე. მეხუთე საპყრობილეში ისეთ საკანში ჩამსვეს, სადაც ჭრელი ხალხი ირეოდა, არადა... პროვოკაციისთვის ხან ვინ მომიგზავნეს და ხან _ ვინ.
ვითარება რომ შეიცვალა და პოლიტპატიმართა სიების დადგენა დაიწყო, გავიგე, სააკაშვილს მოუთხოვია, ოღონდ საღინაძე ამოიღეთ და მაგ სიას კიდევ 100 პოლიტპატიმარს მე დავუმატებო. ჩემი გარეთ ყოფნა კი, პირველ რიგში, ოქრუაშვილს არ აწყობს. თავის დროზე მასზე ვთქვი, თუ არ შეაჩერებთ, ერთად აღებულ იოსელიანსა და კიტოვანს მიიღებთ-მეთქი. მაგას რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და პოლიტდევნილის სტატუსის მიღება უნდოდა. მხოლოდ იმისთვისაა გასასამართლებელი, კოდორის ხეობაში ,,მონადირე” რომ დაშალა და ხეობის აღება მტერს მაშინ შეუძლია, როცა მოისურვებს.
სხვათა შორის, კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის მასალები მზადაა _ ჩემს საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, საქმის განხილვისას შეიმჩნევა დროში გაჭიანურება, თვითნებობა და მართლმსაჯულებაზე უარის თქმაო. ევროსასამართლომ ქვეყანას ჩემთვის საცხოვრისის დაბრუნება დაავალა, მაგრამ აღსრულებას არავინ ჩქარობს და ამბობენ, ამ კოტეჯის რემონტზე შსს-მ 110 000 ლარი დახარჯა. თუკი ეს შენობა 1994 წლიდან ჩემს მფლობელობაში იყო, როგორ დაიხარჯა ეს თანხა მის შესაკეთებლად?
_ ბატონო ბათუ, იზიარებთ მოსაზრებას, რომ არჩევნების შემდეგ ,,სამართალი ურმით დადის”?
_ კარგია, თუ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ჯერ ვერც ურემს ვხედავ და ვერც _ გზას. ღია, გახსნილ დანაშაულებებს, მაგალითად, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მკვლელობებს რაღა ძიება უნდა? იცით, რატომ დამიძახეს სააკაშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ? _ პროფესიონალები არ ჰყავდათ. ჩემი აზრით,Aახლაც ამ დღეში არიან.