ადვოკატები ახალაიას საქმეში არსებულ დარღვევებზე ლაპარაკობენ

ადვოკატები ახალაიას საქმეში არსებულ დარღვევებზე ლაპარაკობენ

წინასწარ პატიმრობაში მყოფი შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე და უფლებადამცველი თეა თუთბერიძე სასამართლოს მოუწოდებენ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელების მოთხოვნაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმესთან დაკავშირებით. 6 აპრილს მათ საგანგებო ბრიფინგი მოიწვიეს, რომელზეც ითქვა, რომ გამოძიებისათვის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს ახალაიას პატიმრობაში დასატოვებლად.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს, პროკურატურა კი ეძებს გზებს, რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს ახალაია პატიმრობაში. ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე და თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი თეა თუთბერიძე საგანგებო განცხადებას აკეთებენ. საქმე შეეხება ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელების მოთხოვნას - ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თეა თუთბერიძე სვამს კითხვას, რის საფუძველზე წარუდგინეს ახალაიას ბრალი, თუ გამოძიება აქამდე დასრულებული არ ყოფილა:

“დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე. ანუ ეს რას ნიშნავს? გამოდის, პროკურატურას არ ჰქონდა ეს საქმე რეალურად გამოძიებული და ბრალი ისე წაუყენა. სწორედ იმის გამო, რომ სასამართლოს არ გამოეშვა ახალაია იმ დანარჩენ ეპიზოდებზე, სადაც პროკურატურას არავითარი დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდა, სასამართლოზე გავლენის მოსახდენად ახლა სხვა ბრალდება წაუყენეს. ალბათ, მალე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი აღარ დარჩება, რომელსაც ახალაიას არ წაუყენებენ”.

ეს ყველაფერი კი, თეა თუთბერიძის აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ახალაია უკანონო პატიმარი და ხელისუფლების პოლიტიკური მძევალია. თუთბერიძე იმასაც იხსენებს, რომ სწორედ პირველ მარტს, როდესაც ადვოკატებს სასამართლოსთვის ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის მოთხოვნით უნდა მიემართათ, პროკურატურამ ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა:

”ჩვენი მოთხოვნა სწორედ ისაა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა და არ გაუგრძელონ ვადა გამოძიებას“.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძეც აცხადებს, რომ პროკურატურა ყველაფერზე მიდის, რომ ახალაია სასამართლომ არ გაათავისუფლოს:

”პროკურატურა ყველაფერს ცდილობს, რომ ბაჩო ახალაია აუცილებლად პატიმრობაში დარჩეს”, - აცხადებს დავით დეკანოიძე.

საინტერესოა, რომ 5 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში ”პოზიცია”, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემაც განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოწმეების მიერ დაწერილი ჩვენებები გაყალბებულია და აშკარაა, რომ ”პროკურორები მოწმეებზე ზემოქმედებენ და მიუთითებენ, რომელ შეკითხვაზე რა პასუხი უნდა გასცენ”:

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ის ყოველწუთიერად არ აკონტროლებს ახალაიას საქმის დეტალებს და ზემოთ ნახსენებ კონკრეტულ ამბავზეც კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა გვეუბნება, რომ, საქმეში სერიოზული პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ინფორმაცია მთავარ პროკურორამდეც მივიდოდა:

”საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო ისეთი დეტალები, რაც მთავარი პროკურორის ყურადღებას დაიმსახურებდა, რაიმე პრობლემური საკითხი რომ გაჩენილიყო, მე მეცოდინებოდა. ასეთი ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, ყველაფერი მიდის ჩვეული გზით, რაიმე საგანგაშოს ამ საქმეში ჩვენ ვერ ვხედავთ”.

არჩილ კბილაშვილი ასევე ამბობს, რომ დასაწყისშივე პროკურატურამ სასამართლოს როგორც ბაჩო ახალაიას, ასევე სხვა ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების პატიმრობის მოთხოვნით მიმართა - სტანდარტი ყველას მიმართ ერთნაირი იყო. ამიტომ იმის განცხადება, რომ ახალაია ხელისუფლების პოლიტიკური მძევალია, მისი თქმით, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.