რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ და უზენაესმა სასამართლომ საბჭოური ანაბრის საკითხებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გაგზავნილი წერილი მიიღო.
როგორც "პირWელს" "ახალგაზრდა ადვოკატებიდან" აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციის კითხვებზე რუსეთის ოფიციოზის გამოხმაურება შესაძლებელს გახდის, რომ საზოგადოება გაეცნოს საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრის - თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაჩნიათ მათ საბჭოთა ანაბრებზე პასუხისმგებლად და რის საფუძველზე ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს საკითხთან დაკავშირებით.
"თქვენ იცით, რომ საქართველომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აიღო და აღიარა მისი მოქალაქეთა მიმართ გასტუმრება, თუმცა დღემდე ქვეყანას ღირსეული კონპენსაციის მოდელი არ გააჩნია. თუ როგორ უნდა გადაჭრას საქართველომ საკითხი, რა ვადებში და რა ფორმით, ორგანიზაცია მალე კვლევის შედეგებს და რეკომენდაციების პაკეტს წარმოადგენს და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, საკითხი შევისწავლოთ სიღმისეულად და მრავალმხრივ, საჭირო გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებთან და უზენაესს სასამართლოებთან კომუნიკაცია, რათა სრული წარმოდგენა გვქონოდა, რა სამართლებრივი ბაზა შეიქმნა საბჭოური ანაბრის კონპენსირების კუთხით და მიმდინარეობდა თუ არა ამ ქვეყნების ეროვნულ სასამართლოებში ანაბრების შესახებ სასამართლო დავები, ასევე გვაინტერესებდა, ამ დავების გადაწყვეტის სტატისტიკაც. ჩვენ მივმართეთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და უზენაეს სასამართლოს. სულ რამდენიმე დღის წინ მოგვივიდა შეტყობინება, რომ ფედერაციის ინსტიტუტებმა ორგანიზაციის წერილი მიიღეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთისგან მივიღებთ სრულყოფილ პასუხს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დაგვეხმარება, სხვათაშორის, პირველად გავიგოთ რუსეთის პოზიცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, იმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ თავიანთი მოქალაქეების მიმართ ანაბრების დაბრუნება/კონპენსაცია, რატომ არ ცნობს რუსეთი სამართალმემკვიდრედ თავს ანაბრების ანაზღაურების ნაწილში, თუკი სამართალმემკვიდრეობა უარყოფილია, მაშინ ვის უნდა დაკისრებოდა საბჭოური ანაბრების დაბრუნების/კონპენსაციის სამართლებრივი ვალდებულება. თუკი ეს ვალდებულება დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობების მოვალეობა იყო, რითი დაასაბუთებს რუსეთი ასეთ მოვალეობას და სხვა", - განაცხადა "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები საკითხის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ და ორგანიზაციის მიერ სამართლებრივი დახმარების შესახებ მიმართვას აქტიურად გამოეხმაურნენ, თუმცა არის ქვეყნები, მაგალითად, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, რომელებიც სამართლებრივი დახმარების მოთხოვნას, ჯერ არ გამოხმაურებიან. ორგანიზაციამ საბჭოური ანაბრების კვლევას 2013 წლის 30 მარტს კონფერენციაც მიუძღვნა, რომელზედაც პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, ყოფილი საბჭოური ქვეყნების გამოცდილებაზე და სასამართლო გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" საბჭოური ანაბრების შესახებ კვლევას 2013 წლის 1 თებერვლიდან ახორციელებს. ორგანიზაციამ საკითხის ირგვლივ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით რუსეთს 2013 წლის 18 თებერვალს მიმართა. მათ შორის, მიმართვა გაეგზავნა საბჭოთა კავშირის ყოფილ მოკავშირე ყველა რესპუბლიკას. ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს ეროვნულ დონეზეც ახორციელებს. "ახალგაზრდა ადვოკატები" ანაბრების სამართლებრივი პრობლემის შესახებ საკუთარ დასკვნას და რეკომენდაციებს მაისში გამოაქვეყნებენ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.