27 აპრილს სამ საარჩევნო ოლქში _ ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური არჩევნები გაიმართება. ნაძალადევის მაჟორიტარობისთვის რამდენიმე “ცნობადი” კანდიდატი იბრძვის _ “ნაციონალი” პაატა დავითაია, “ოცნებისაგან” მხარდაჭერილი თამარ კორძაია, “ლეიბორისტი” გიორგი გუგავა, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე. საარჩევნო საკითხების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი სოსო მანჯავიძეს აქვს... ისე, თავდაპირველად არსებობდა ვერსია, რომ “თავისუფალი საქართველო” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაასახელებდა, თუმცა საბოლოოდ, პარტიამ “ბრძოლის ველზე” კახა კუკავა გაუშვა.
კახა კუკავა: _ თავიდან, მართლაც, დიმაზე ვფიქრობდით, რომელიც “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ნაძალადევის რაიონში კენჭი მე ვიყარო. საერთოდ, გვინდა, ამ შუალედური არჩევნებით პარტიულ ჭრილში გვქონდეს საშუალება, რომ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში “თავისუფალი საქართველოს” პოზიცია წარმოვადგინოთ. ისე, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნება” მხარს მე მიჭერს. ყოველ შემთხვევაში, კოალიციის ყველა სუბიექტი, “რესპუბლიკური პარტიის” გარდა, ჩემი მხარდამჭერია!
_ თუ, მართლაც, ასეა, მაშინ კოალიციამ თამარ კორძაია რატომ დაასახელა? არ ჯობდა, თქვენთვის მხარი ღიად დაეჭირა?
_ თამარ კორძაია “რესპუბლიკური პარტიის” პროტეჟეა. ცხადია, კოალიციის შიდა საქმეებში ვერ ჩავერეოდი. საერთოდ, მეფის კარის ინტრიგებში ჩართვა რთულია. სხვათა შორის, ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დღემდე არ შეხვედრია _ კულუარულად სათქმელი არაფერი მაქვს და ჩემს პოზიციას ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ.
_ ის, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არ ხართ, “რესპუბლიკელების” დამსახურებაა?
_ ამას მხოლოდ “რესპუბლიკელებს” არ დავაბრალებ. უბრალოდ, მათი პოზიცია საყოველთაოდაა ცნობილი... დავით უსუფაშვილი, რომელმაც თანამდებობა შეიფერა, მომწონს... “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები პარაზიტის ვითარებაში იმყოფებიან.
_ რას გულისხმობთ?
_ რეიტინგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს, დანარჩენები კი, ივანიშვილის ფაქტორი რომ არა, 1-2%-ზე მეტს ვერ მიიღებენ. ამიტომ მიწეპებულები არიან პრემიერს. საკმარისია, რომელიმემ კოალიცია დატოვოს და მისი რეიტინგი ნოლს გაუტოლდება. ამ ხალხის პოლიტიკური მეთოდოლოგია ასეთია: კარგად მიეკროს ივანიშვილს და მის ირგვლივ სხვა პოლიტიკური ძალის გამოჩენა არ დაუშვას. ჩვენ კი, ტექნოლოგიით არ ვმუშაობთ _ ბრძოლა არც “რესპუბლიკურ პარტიასთან” გამიჩაღებია და არც ივანიშვილთან შეხვედრა მიცდია. ჩვენი პარტია საზოგადოებრივ აზრზე მუშაობს და ვიცი, რომ ხედვებით “რესპუბლიკურ პარტიას” ყოველთვის ვუგებთ...
_ კახა, მოარული ხმით, “ქართულ ოცნებაში” იმიტომ არ მიგიღეს, რომ პრორუს პოლიტიკოსად ითვლებით...…
_ “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი პროგრამის დიდი ნაწილი გაიზიარა. სამი წლის წინ ვთქვი, ონიშენკოს უნდა შევხვდე, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს-მეთქი და ამის გამო ერთად მლანძღავდნენ “რესპუბლიკელები”, “ნაციონალები” და სხვა დანარჩენები. არადა, საქართველოს მოსახლეობის 99% სწორედ ამ პოზიციაზეა. ასე რომ, ჩვენ იმ დებატებსაც მოვიგებთ, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას, მაჰმადიან მესხებსა და რეგიონალურ ენებს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის პარტიული კი არა, ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ და, სხვების მსგავსად, ჩვენს ანგარიშზე არც მილიონები დამჯდარა და არც “ჯიპები” გვიყიდია.
_ მილიონებითა და “ჯიპებით” “ქართულ ოცნებას” “უნამიოკებთ”?
_ დიახ... 20 წელია, ქართული პოლიტიკური სპექტრი “მოქალაქეთა კავშირითაა” დაკომპლექტებული... გარიგება, ფულის აღება, ქრთამი, მოსყიდვა, პარტიიდან პარტიაში გადასვლა, დღეს პრორუსულობა, ხვალ კი, პროამერიკელობა ამ ხალხისთვის ნორმალური მოვლენაა. მე კი, ასეთი ცხოვრების წესით ვერ ვიცხოვრებ. პატიოსანი პრინციპებით ბრძოლა რთულია, რადგან მარტონი და სუსტები ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპებს ქართულ პოლიტიკაში მაინც დავამკვიდრებთ!
_ კახა, რა ამის პასუხია და, ევროკავშირს ტერმინი “ოკუპაცია” მაინცდამაინც არ მოსწონს. ჩემი აზრით, რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია, თუმცა თქვენ ამას არ აღიარებთ. რატომ?
_ ამას ბურჯანაძე არ Aაღიარებს, თორემ არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია! უბრალოდ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს დაღუპვაა, რადგან ქვეყანა ამერიკის სატელიტად გადაიქცევა.
რაც შეეხება ევროსაბჭოს რეკომენდაციას, მის ადრინდელ რეზოლუციებში ტერმინი “ოკუპაცია” ნახსენებია. საერთოდ, “ოკუპაცია” სამართლებრივი ტერმინი უნდა იყოს და პოლიტიკურ-დიპლომატიურ ურთიერთობებში ამ ტერმინის ხაზგასმა არაა საჭირო.
დიახ, სამაჩაბლო და აფხაზეთი ოკუპირებულია, მაგრამ როცა მოსკოვში ჩავდივარ და რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ, დეოკუპაციის საკითხს არ ვაყენებ, რადგან ეს ოკუპაციის კიდევ მრავალი წლით გამყარება იქნება. რუსეთი შეიძლება, დასთანხმდეს კომფედერაციაზე, საზღვრის გახსნასა თუ აფხაზურ-ქართულ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ერთადერთი, რაზეც არ დასთანხმდება, ეს დეოკუპაციის რეჟიმში საქართველოს ვექტორული მთლიანობის აღდგენაა და ეს მხოლოდ პუტინის რუსეთს არ ეხება. ჩემი აზრით, პუტინთან მოლაპარაკება ყველაზე ადვილია, რადგან ის ვაშინგტონზე არაა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ პუტინის წასვლის შემდეგ, რუსეთში დემოკრატი ლიდერი მოვა და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე საშინელი აგრესია ისეთმა დემოკრატმა ლიდერებმა განახორციელეს, როგორიც, მაგალითად, ელცინი, ნოვადვორსკაია და ნემცოვია. როცა ნოვადვორსკაია რუსეთის ხელისუფლებაში იყო, სწორედ მაშინ დაიპყრეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. მოკლედ, მოლოდინი, რომ პუტინის მერე რუსეთის პრეზიდენტი გარი კასპაროვი გახდება და დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, დიდი გულუბრყვილობაა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ოდესმე აშშ-სგან მართვადი ოპოზიცია მოვიდეს, თორემ ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრული გარდაუვალია!
_ კახა, მიხეილ სააკაშვილისა და აწ განსვენებული ბორის ბერეზოვსკის ფარულ ურთიერთობაზე რამე იცით?
_ ბერეზოვსკი თბილისსა და ბათუმში ჩამოდიოდა ხოლმე და ეს სააკაშვილის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. ბერეზოვსკიც, სააკაშვილივით, ჩვეულებრივი კრიმინალი იყო და ორივე მუშაობდა, რომ ჩრდილოკავკასიაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმასაც ამბობენ, რომ ისინი სირიისთვის ტერორისტებს ამზადებდნენ, ხდებოდა ნარკოტრეფიკი, იარაღით ვაჭრობა...
_ ამბობენ, “ნაციონალები” კახა კუკავას გადაბირებას ცდილობენო...
_ “ნაციონალებთან” ცხრაწლიანი დაპირისპირება მაქვს და იციან, მათთან რაიმე სახის თანამშრომლობა ჩემთვის პერსპექტიული არაა. შემოთავაზების მცდელობა 2004 წელს, ანუ მაშინ იყო, როცა იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე...
_ ...ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე რას ფიქრობთ?
_ კოჰაბიტაცია “ნაციონალებისა” და “რესპუბლიკელების” მიერ შემუშავებული სქემაა, რომლის მიხედვითაც, სისტემა ურღვევი უნდა დარჩეს და მხოლოდ დიზაინი შეიცვლოს _ სააკაშვილი პრეზიდენტი მალე აღარ იქნება, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა კი, იგივე დარჩება. ბიზნესშიც ისევ კორუმპირებული ხალხი იქნება, მაგალითად, კეზერაშვილი და ხუხაშვილი ერთად იქნებიან. აქედან გამომდინარე, სასიკეთო არაფერი მოხდება _ ვისაც ქონება წაართვეს, უკან აღარ დაუბრუნებენ... ის, რაც საქართველოში ხდება, კორუფციაა და ამის იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილია, რეჟისორი კი, _ დავით უსუფაშვილი.
_ გინდათ თქვათ, რომ ისინი გარიგებულები არიან?
_ რა თქმა უნდა, და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ბაქრაძესა და უსუფაშვილს რომ ვუყურებ, ისეთი ბედნიერები არიან, ერთმანეთის ქვისლები გეგონებათ. ის დაპირისპირება, რასაც ვუყურებთ, მოჩვენებითია. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბაქრაძე და უსუფაშვილი თავიდანვე გარიგებულნი იყვნენ. საქმე გვაქვს მაფიასთან, რომელიც ხელისუფლებაში 1992 წელს მოვიდა.
...ჯერ კიდევ ოქტომბერში განვაცხადე, რომ ბაჩო ახალაიას გარდა არავის დაიჭერდნენ. ახალაია ციხიდან თავიდან ბოლომდე რეაბილიტირებული, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოვა. სხვებსაც არ დაიჭერენ და ეს ინფორმაცია მეგობარი ამერიკელი დიპლომატისგან მაქვს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” ანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა.
_ კახა, დეპუტატი ერთხელ უკვე იყავით. თუ ბედმა გაგიღიმათ და ნაძალადევის მაჟორიტარი გახდით, საკანონმდებლო ორგანოში რას გააკეთებთ?
_ ყველა ინიციატივას კანონპროექტის სახეს მივცემ და, სხვათა შორის, მაშინაც ამას ვაკეთებდი, როცა დეპუტატი ვიყავი. იმხანად კანონების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, უმრავლესობის მიერ იბლოკებოდა, მაგრამ მოგვიანებით, წინა ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ გარკვეული პროექტები განეხორციელებინა. დღევანდელ პარლამენტში არიან “ნაციონალები”, “რესპუბლიკელები” და, ასევე, ნაცრისფერი მასა, რომელიც ხმის უფლებით არ სარგებლობს და, უბრალოდ, პულტზე თითს აჭერს.
_ “ნაცრისფერ მასას” ვის უწოდებთ?
_ “ქართულ ოცნებას”. ევროპის ენათა ქარტიას ისევე, როგორც აზიზიას მეჩეთის მშენებლობას, მთელი საქართველო ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ პარლამენტში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომელიც ამაზე უარყოფით აზრს დააფიქსირებს. ერთი დეპუტატი არაა, ვინც საბანკო ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტს შეიტანს. მე კი, არც ბიძინას დავექვემდებარები, არც _ მიშას და, თუ პარლამენტში მოვხვდები, ხალხის პრობლემებს გავითვალისწინებ!