ბიზნესმენმა ბესიკ მარგიანმა, რომელიც 2003 წლიდან თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა თბილისის მერიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ.
- 20 წელია ბიზნესი მაქვს როგორც საქართველოში, ასევე ინგლისში, შვეიცარიასა და რუსეთში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ორგანიზაცია "კმარა" შეიქმნა, ჩემს სარეკლამო კომპანია "ამი"-ში ხშირად მოდიოდნენ დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი არველაძე და სხვები. ჩემი სარეკლამო კომპანია მათ უმეტესად უსასყიდლოდ ეხმარებოდა, რადგან ყველას მობეზრებული გვქონდა შევარდნაძის კორუფცირებული მთავრობა. სამთავრობო პროექტებში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩავერთე. მეგონა, დაიწყო ახალი ერა საქართველოს აღმშენებლობისა. რამდენიმე კომპანია მქონდა, მათ შორის "ამი", "რეალსილუეტი", "კრედო" და "ანი", რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას უწევდნენ სახელმწიფო ღონისძიებებს, მათ შორის მერიის მიერ ორგანიზებულ პროექტებსაც. 2005-2006 წლებამდე "ნაციონალური მოძრაობა" შედარებით კეთილსინდისიერად იქცეოდა. შემდეგ კი ნელ-ნელა გადავიდნენ მექრთამეობაზე, ოღონდ უფრო შენიღბულად, ვიდრე წინა მთავრობა. სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი დაპირისპირება, რადგან უარი ვთქვი მათთან გარიგებაზე. პირველი პროექტი, რომელიც ერთად გავაკეთეთ, იყო საახალწლო ღონისძიება. შემდეგ, 2005 წელს, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის ტრიბუნები, სცენა და გარე გაფორმება თითქმის მთლიანად ჩემმა კომპანიამ გააკეთა. როდესაც სამუშაოები დასრულდა, მოიყვანეს უფროსკლასელები, ტრიბუნებზე დააყენეს და შეამოწმეს, მყარად და უსაფრთხოდ თუ იყო შესრულებული სამუშაოები. ეს ჩემთვის პირველი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ნაცებთან ურთიერთობისას, ასეთ რამეს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... შემდეგ ჩვენ მოვიგეთ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ფასადების შეღებვაზე. ვაკეში და საბურთალოზე უნდა შეგვეღება ამ უბნების ცენტრალურ ადგილებზე მდგარი სახლები. თანხა მერიამ გამოყო, ჩვენც ჩავდეთ ინვესტიცია: შევიძინეთ მასალა, ფასადების ფოტოები ფოტოშოპში დავამუშავეთ. შემდეგ ეს ფოტოები იგზავნებოდა პირადად სააკაშვილთან და ყველა დეტალი მასთან თანხმდებოდა. ვაკეში სახანძროს შენობის (იგი დაანგრიეს და მის ადგილზე დღეს სავაჭრო ცენტრია) ფასადიც ჩემს კომპანიას უნდა შეეღება, მაგრამ სააკაშვილისგან ეს ობიექტი გადახაზული მოვიდა. გაირკვა, რომ მერიის ბალანსზე არსებული შენობა პრეზიდენტს უკვე გასხვისებული ჰქონდა ისე, რომ მერია საქმის კურსში არ იყო და ტენდერიც კი ჩაატარა მის შეღებვაზე... 2006 წლიდან, ძირითადად, ევროპაში ვიმყოფებოდი, ხოლო ჩემს იმ კომპანიებს, რომლებსაც მერიასთან ჰქონდათ კონტრაქტი, მთლიანად მათი დირექტორები მართავდნენ. მე პრაქტიკულად არ ვერეოდი მენეჯმენტში. არავითარი სურვილი აღარ მქონდა, საქმე დამეჭირა მერიისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების კორუფცირებულ მაღალჩინოსნებთან. ძირითადად ევროპაში განვაგრძე ჩემი საქმიანობა. მეგონა, რომ კომპანია "ანი" საიმედო ხელში დავტოვე, მაგრამ როდესაც ჩამოვედი, 2010 წელს, აღმოჩნდა, რომ იქ მდგომარეობა უმართავი იყო, დანგრეული იყო მენეჯმენტი, თანხების ბრუნვა არ კონტროლდებოდა. მოვითხოვე, ჩემი აუდიტი შემეყვანა კომპანიაში და გამერკვია, რა ხდებოდა. მინდოდა, მომეხსნა დირექტორი ია ჟვანია, მაგრამ მერიის მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდი. მერიის მაღალჩინოსანმა ფატი დავითულიანმა განმიცხადა, მერიას კონტრაქტები აქვს დადებული თქვენს კომპანიასთან, სამუშაო საკმაოდ საპასუხისმგებლოა და დირექტორის გადაყენება დაუშვებელიაო. ია ჟვანია კი გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძისა და ფატი დავითულიანის ინტერესების გამტარებელი იყო. ჩემი არყოფნისას მოასწრო მათთან "საერთო ენის გამონახვა".
დავთანხმდი დავითულიანს, რადგან სხვა გზა არ მქონდა. უკვე ვაცნობიერებდი საშიშროებას, მაგრამ 2011 წელს ჟვანია მაინც გავათავისუფლე დირექტორობიდან. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემ წინააღმდეგ. იანვარში ჩემი 18 წლის ვაჟი დაიჭირეს, ის ინგლისში სწავლობდა, არდადეგებზე იყო ჩამოსული და სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს, ასე ვთქვათ, საქმე "შეუკერეს". გადაიყვანეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ერთი კვირა ჰყავდათ და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ერთი კვირის შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს და 5-წლიანი პირობითი მიუსაჯეს. ერთ დღესაც დამირეკა იმჟამინდელმა ვიცე-მერმა ტარიელ ხიზანეიშვილმა და მითხრა, შენს დაპატიმრებას აპირებენო... ამის შემდეგ შვილთან, გიორგისთან ერთად წავედი ათონის მთაზე, აღდგომის დიდ დღესასწაულს იქ დავესწარით. ევროპაში პოლიცია ყველა საზღვართან მაჩერებდა და დაკითხვას მიწყობდა, აღმოჩნდა, რომ უკვე ინტერპოლის ყვითელ ცირკულარში ვიყავი ჩასმული, არადა, ჩემზე არც საქმე იყო აღძრული და მოწმედაც კი არ ვიყავი დაბარებული.
- რა მოტივით აპირებდნენ თქვენს დაკავებას?
- ფულის გამოძალვა და ბიზნესის წართმევა სურდათ. ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. 5 წლის განმავლობაში მერიასთან ჩემი კომპანიების ბრუნვა 33 მილიონ ლარს შეადგენდა, მარტივი "კალკულაციით" 10-დან 20 პროცენტამდე თანხას აწერდნენ კომპანიებს, ჩემგან 5 მილიონს ითხოვდნენ.
ამის შემდეგ წავედი ინგლისში, ჩემმა იურისტმა კახა ასლანიშვილმა მითხრა, საქართველოში არ დაბრუნდეო. ჩემს ცოლის ძმას პროკურატურიდან მიუგზავნეს ვიღაც ქალი, რომელმაც 30 000 ლარი გამოართვა, თან უთხრა, თუ ფულს არ მომცემ, პროკურატურა ყველას დაატერორებსო. პრაქტიკულად, თანხა გამოსძალა. შემდეგ კი ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს ჩემი ორივე ცოლისძმა, ჩემი ცოლის სიძე და ჩემი მეგობარი ბიძინა ჩიხლაძე. ეს ადამიანები იყვნენ მძევლები და ამას პირდაპირ ამბობდა პროკურატურა. ჩემი ცოლის დაკავებაც იგეგმებოდა (მასზე საქმე აღძრეს), მაგრამ პატრიარქმა გადაარჩინა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მე საქართველოში დავბრუნებულიყავი და სამართალდამცველებს დავეკავებინე, ბოლომდე რომ გამოეძალათ ქონება და ფული. ვფიქრობ, ჩემს ლიკვიდაციასაც აპირებდნენ. ჩემი ახლობლების გათავისუფლებაში მილიონ 300 ათასი ლარი გადავიხადეთ გირაოს სახით, მაგრამ მხოლოდ 550 ათასი ლარი შევიდა ბიუჯეტში, დანარჩენი კი სად წავიდა, გაურკვეველია.
- ვინ არის ქეთი კიტია, ამბობენ, რომ ის თქვენ გამო დააკავეს.
- ის არ დაუკავებიათ. ქეთი კიტია ჩემს კომპანია "ამიში" მუშაობდა, შემდეგ მან დამოუკიდებელი კომპანია შექმნა. მასთან შევიდა ფინანსური პოლიცია და აღმოუჩინეს დარღვევები, კიტიამ ზეწოლის შედეგად დაწერა, თითქოს მე ვიყავი მის მიერ შექმნილი კომპანიის ხელმძღვანელი. ეს ერთადერთი ჩვენებაა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ დევს საქმეში... რაც შეეხება ია ჟვანიას, როგორც ვიცი, მან სხვა კომპანია შექმნა, რომელიც მისი შვილის სახელზეა გაფორმებული და მერე ის ასრულებდა მერიის შეკვეთებს. ჩემი ძვირად ღირებული აპარატურა ახლაც დაპატიმრებულია, მე მისი განკარგვის უფლება არ მაქვს, მაგრამ მერია და "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის დროს იყენებდნენ. გარე გაფორმების სამუშაოებში გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე უშუალოდ იყო ჩართული. მერიას ფულის "კეთების" დიდი სქემა ჰქონდა. ამჟამად სასამართლოში სარჩელი მაქვს შეტანილი მერიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე დაიწყებენ ამ საქმის გამოძიებას.