ICIJ-მ იმ მილიარდერთა ვინაობა გაამჟღავნა, რომლებიც ოფშორულ ზონებში საიდუმლო კომპანიებს ფლობენ

ICIJ-მ იმ მილიარდერთა ვინაობა გაამჟღავნა, რომლებიც ოფშორულ ზონებში საიდუმლო კომპანიებს ფლობენ

ვაშინგტონში ბაზირებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) იმ მილიარდერთა ვინაობა გაამჟღავნა, რომლებიც ოფშორულ ზონებში საიდუმლო კომპანიებს ფლობენ. 

სტატიაში, სახელწოდებით "ვინ ფლობს ოფშორულ სამყაროს", ავტორები (მარინა უოკერ გევარა, ნიკი ჰეიგერი, მარ კაბრა, ჯერარდ რაილი და ემილი მენკეში) აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა მსოფლიოს 170 ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც ოფშორულ კომპანიებთან არიან დაკავშირებული. გუშინ გავრცელებულ სიაში მოხვდნენ საფრანგეთის, ვენესუელას, აზერბაიჯანის, სამხრეთ აფრიკის, აშშ-ის, ინდონეზიის, ტაილანდის, ფიჯის, ყაზახეთის, ქუვეითისა და სხვა ქვეყნების მდიდარი ადამიანები.

ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფშორული საიდუმლო კომპანიების მფლობელთა სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. "საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც "ფორბსის" მონაცემებით, 5 მილიარდი დოლარია, 2012 წელს საქართველოს პრემიერად აირჩიეს. ხელისუფლებაში ის პირდაპირ ბიზნეს სამყაროდან მივიდა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მას კომპანია Bosherston Overseas Crop ეკუთვნის (2006 წლიდან). კომპანია დღემდე არსებობს", - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც მოყვანიალია პრემიერ პრეს-მდივნის კომენტარიც.

"2011-12 წლებისთვის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს კომპანიაში წილი აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა ვალდებულება, ამის შესახებ დეკლარაციაში განეცხადებინა. პრემიერ-მინისტრი გულდასმით ეკიდება დეკლარაციის შევსების მოთხოვნებს და ყველაფერი კანონის შესაბამისად აქვს მითითებული", - ციტირებენ სტატიის ავტორები ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნის განცხადებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოჰყვება ფრანგი გამომცემელი ჟან-ჟაკ ოჟიე. ეს უკანასკნელი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის საარჩევნო კამპანიის ხაზინადარი იყო. ოლანდი და ოჟიე პრესტიჟულ ფრანგულ ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში (ENA) თანაკურსელები იყვნენ. ოჟიე კაიმანის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანიის აქციონერი და დირექტორია.

ICIJ-ის ნუსხაში ასევე მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ოფშორული კომპანიების მფლობელები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და მათი შვილები - არზუ და ლეილა ალიევები არიან.

ალიევების ოჯახი, რომელსაც მანამდე ილჰამის მამა ჰეიდარ ალიევი ედგა სათავეში, - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები, - 1960 წლიდან მართავს აზერბაიჯანს. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულზე ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ალიევა Rosamund Internation LTD-ის დირექტორები იყვნენ. მეჰრიბან ალიევა 2008 წელს იყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე კომპანია "არბორ ინვესთმენთის" დირექტორი და მეპაიე. ლეილა ალიევა კომპანია LaBelleza Holdings Ltd. და Harvard Management Ltd.-ის დირექტორი და აქციონერი. ორივე კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარეობს.

თუმცა, არც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და არც მისი ოჯახის წევრებმა არ გააკეთეს კომენტარი ზემოხსენებულის შესახებ ICIJ-ის ჟურნალისტებთან, - აღნიშნავენ საგამოძიებო კონსორციუმის ჟურნალისტები.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელია ამერიკელი კომპოზიტორი და გრემის მფლობელი დენის რიჩი, რომელიც სელინ დიონის ყველაზე ცნობილი სიმღერების კომპოზიტორია. 2012 წელს მან უარი თქვა აშშ-ის მოქალაქეობაზე. რაც შეეხება ამერიკელი კომპოზიტორის ოფშორულ ბიზნესს, ის კუკის კუნძულებზე მდებარე ორი ოფშორული კომპანიის დირექტორია. ალიევების ოჯახის მსგავსად, თავის ოფშორულ ბიზნესზე საგამოძიებო კონსორციუმის ჟურნალისტებთან კომენტარი არც მას გაუკეთებია.

ტაილანდის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ ჩინავატის ყოფილი მეუღლე პოტჩამან ნა პომპეტი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანია Premium Select Inc.-ის მფლობელია. კომპანია სინგაპურიდან იმართებოდა.

ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის ყოფილი დაქირავებული სამხედრო, ფიჯელი ფრედ მარაფანო კუკის კუნძულებზე, 1997-2000 წლებში ოფშორული კომპანიის დირექტორი იყო. მარაფონოსთან დაკავშირება ჟურნალისტებმა იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შეძლეს, რომ ფიჯელი სამხედრო 27 მარტს გარდაიცვალა.

ICIJ-ის გამოქვეყნებულ ნუსხაში მოხვდა ყაზახი ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვიც. მას ბრალად ედება ყაზახეთის სახელმწიფო ბანკიდან 5 მილიარდი დოლარის მითვისება, რასაც ბრიტანული მედია ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობად მიჩნევს. თუმცა, აბლიაზოვი თაღლითობის ბრალდებებს უარყოფს. როგორც გაირკვა, - ნათქვამია კონსორციუმის ჟურნალისტების ანგარიშში, - მოგვიანებით ადამიანმა, რომელიც ბრიტანეთის სასამართლომ მუხტარ აბლიაზოვის წარმომადგენლად დაასახელა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2006 და 2007 წლებში 31 კომპანია დააარსა.

ესპანელი კარმენ ტისენ-ბორნემისა, ცნობილი არტ-კოლექციონერი და გერმანია-უნგრეთის ბარონის ქვრივი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერია. მის კოლექციაში ვან გოგიდან დაწყებული, გოიათი დამთავრებული, ხელოვნების ნიმუშები ინახება, რომლებიც მადრიდის, ბარსელონასა და მალაგას მუზეუმებშია გამოფენილი. ბარონის ქვრივი კუკის კუნძულებზე ორი კომპანიის მფლობელი და აქციონერია.

უკრაინელი ბიზნესმენი და "როსუკრენერგოს" თანამფლობელი დმიტრო ფირტაში, რომელსაც აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ასევე რუსეთის მაფიის თავკაცთან, სიმიონ მოგილევიჩთან ურთიერთობაში აკავშირებენ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ორი კომპანიის მფლობელი და აქციონერია.

ოფშორული კომპანიების მფლობელთა შორის დასახელდა იტალიელი ჰაკერი ფაბიო ჯიონი. ეს უკანასკნელი Telecom Italia-ს საინფორმაციო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც 2007 წელს 4 ათასი ადამიანის, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაცემების უკანონო მოპოვებისთვის დააპატიმრეს. ჯიონი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია ConstanT Surge Investments Ltd-ის მფლობელია. თუმცა, ის უარყოფს ამ ოფშორული კომპანიის ფლობას.

ბერძენი ბიზნესმენი აპოსტოლოს ვაკაკისი საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ის 2007 წელს კომპანია Karpathias-ის აქციონერი იყო, თუმცა 2009 წელს კომპანია სხვა ოფშორულ პროვაიდერს გადაეცა.

"ყველაფერი ოფიციალურად მაქვს გაცხადებული დეკლარაციაში, გარდა იმ გარიგებებისა, რომელიც საჯაროდ უნდა იყოს გაცხადებული, როგორც ამას საბერძნეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს", - განუცხადა ბერძენმა ბიზნესმენმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმს.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ჟურნალისტები ოფშორული კომპანიების შესახებ ანგარიშს 15 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

ICIJ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში 120 ათას ოფშორულ კომპანიაზე 2,5 მილიონი ციფრული ფაილი გამოიკვლიეს.

საგამოძიებო ჟურანალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულმა საიდუმლო ჩანაწერებმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კუკის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებში მდებარე კომპანიების მფლობელების ვინაობა გამოამჟღავნა, რომელთა შორის მსოფლიოს 170 ქვეყნის პოლიტიკოსები და მილიარდერები არიან.

ICIJ-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო პროექტში, სახელწოდებით "გასაყიდი საიდუმლოება: გლობალური ოფშორული ფულის ლაბირინთი" 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ გარდა პროექტში თანამშრომლობდნენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიც ბრიტანული "გარდიანი" და "ბი-ბი-სი", ფრანგული "ლე მონდი", გერმანული Suddeutsche Zeitung და Norddeustcher Rundfunk, ამერიკული "ვოშინგტონ პოსტი" და კანადური სამაუწყებლო კორპორაცია - CBC არიან, ასევე მსოფლიოს 31 მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები.

"მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. ამ საიდუმლო სამყაროს საბოლოოდ აეხადა ფარდა", - აცხადებს ართურ კოკფილდი, კანადის ქვინს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და საგადასახადო ექსპერტი.