შეხვედრა უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

შეხვედრა უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში შეხვედრებს განაგრძობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანიამ უნგრელ კოლეგასთან ჩაბა ჰენდესთან გამართა შეხვედრა.

მიღების ოფიციალური ცერემონიალი უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით უნგრეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე, აღნიშნა უნგრელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სარეზერვო სისტემის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას. ირაკლი ალასანიამ უნგრელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს და უნგრეთის თავდაცვის მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს. „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს ეგიდით მიმდინარე ავღანეთის ოპერაციაში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. საქართველო ამ სფეროში თანამშრომლობს უნგრეთთან, ასევე ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. უნგრეთისგან, როგორც სანდო და ძლიერი მოკავშირისგან, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვაფასებთ უნგრეთის პოლიტიკურ ნებას, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამო. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, დახმარებით და მხარდაჭერით საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრა მშვიდობიანი გზით მოხდება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ჩაბა ჰენდემ უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილა ყურადღება: „დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას. ჩვენ გავაფორმეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რომელიც მოემსახურება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კონკრეტულ სფეროებში - სამხედრო გეოგრაფია, სამხედრო მეტეოროლოგია, სამხედრო ტოპოგრაფია, თავდაცვის დაგეგმვა, ინფორმაციის უსაფრთხოება, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა“.