საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებას ისტორიულს უწოდებს, რომლითაც პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჩამოერთვა და ასევე, პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანა გახდა შესაძლებელი. დეპუტატი ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილს საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ ბრძოლისუნარიანია, მაგრამ ვანო მერაბიშვილის ორგანიზატორობით ამის გაკეთება გაუჭირდება...
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა საქართველოსთვის ისტორიული იყო. როგორც იქნა, განხორციელდა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც ქართველი საზოგადოება წლებია ელოდება. ეს იყო დიდი გამარჯვება, რადგან საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, არ ჰკითხოს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, როგორი უნდა იყოს მთავრობა. ყველა კვალიფიციური ექსპერტი, ვენეციის კომისია, ამერიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, საქმეში ჩახედული ყველა პოლიტიკური პირი და უწყება სამარცხვინო ფაქტად მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტს, მისი სურვილის შემთხვევაში, ხალხის ნების წინააღმდეგ, მთავრობის დათხოვნა შეეძლო.
საქართველოს კონსტიტუციაში ეს უსამართლო ჩანაწერი იყო, მაგრამ კმაყოფილი იყვნენ "ნაციონალები" და სხვისი აზრი მათთვის არაფერს ნიშნავდა. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე "ნაციონალს" ესმოდა, რომ უმსგავსობა იყო და ამბობდნენ, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები რომ გაიმართება, შევცვლითო. ეს ფაქტი არ ადარდებდა მიხეილ სააკაშვილს, რადგან მაშინ პარლამენტი მისი იყო და ოპოზიციაც კი არ ჰყავდა. უცხო თვალის მოსატყუებლად თავად შექმნეს რაღაც ოპოზიციისმაგვარი, სადაც რამდენიმე ღირსეული ადამიანიც კი იყო გაწევრებული, მაგრამ რეალურ ძალას არასდროს წარმოადგენდნენ... კონსტიტუციით იყო დაკანონებული, რომ ერთი კაცი თუ მოინდომებდა, შეეძლო, დიქტატორი გამხდარიყო. ანუ ყველაფერი დამოკიდებული გახლდათ იმაზე, მიხეილ სააკაშვილი იკადრებდა, ან გაბედავდა თუ არა.
- გამოდის, რომ პრეზიდენტი განიარაღებულია?
- თქვენ იხუმრეთ და, ასეა. ამ უფლების შენარჩუნებას უმცირესობა ლამის მუხლებზე დაცემული გვეხვეწებოდა, მაგრამ პრინციპულად არ დავთმეთ. მადლობა უმცირესობის იმ წევრებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს. გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი და რამდენიმე მათნაირი ამ სხდომას არ დაესწრნენ, რადგან მათ საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ. თუმცა, ამ "დიდი პიროვნებების" გარეშეც გავედით ფონს და საქართველომ კიდევ ერთი პოლიტიკური კლასი აჩვენა: ჩვენ არჩევნები ისე ჩავატარეთ, რომ სამოქალაქო ომი არ მომხდარა და ახლა კონსტიტუცია შევცვალეთ. საკონსტიტუციო ცვლილებას ისტორიულს ვუწოდებ. ვაჩვენეთ ევროპას, რომ ცივილიზებულად ვმოქმედებთ და კომპრომისის პოვნას ვცდილობთ. ეს არის პოლიტიკა. ვაჟკაცური ხმით და დაბერილი ვენებით ლაპარაკი იმაზე, "რაც უნდა ავი მამკერძონ, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა", უადგილოა, რადგან ზნეობრივი საუბრები და პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა რამ არის. საქართველოში რომელი ძალაც უნდა იყოს უმრავლესობაში, არ უნდა თქვას, ზნეობის განსახიერება ვარო...
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ პოლიტიკურ ძალას ლავირება უნდა შეეძლოს. სიმართლე ჩვენს მხარეს არის, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ უმრავლესობას რომ მიგვეღო, სწორი არ იქნებოდა, რადგან ორპარტიული ძალებით მიღწეული გამარჯვება ბევრად უფრო შთამბეჭდავია და ამიერიდან, ქვეყანაში მაღალი კი არა, ძალიან მაღალი, ლამაზი და საყვარელი კაციც რომ გახდეს პრეზიდენტი, ასეთი უფლებები მაინც არ ექნება.
- არჩევნებამდე წარმოგედგინათ, რომ "ნაციონალებთან" ასეთ საკითხზე თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა?
- ხშირად მიფიქრია ამაზე, მაშინ ეს უფრო ოცნება იყო, მაგრამ პარლამენტის ჩამოყალიბებისთვის თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ, შემდეგ კი ნინო ბურჯანაძემ მართლაც ბევრი რამ გააკეთეს. დავით ბაქრაძემაც ნაყოფიერად იმუშავა და თავადაც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს ერთმანეთი არ
დავხოცეთ, მივხვდი, თანდათან წინ მივიწევთ.
- საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ, რამდენად აქვს შანსი მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს?
- საპრეზიდენტო არჩევნებამდე აპრილში არჩევნები თბილისის ერთ ოლქსა და იმერეთის რამდენიმე რაიონში გაიმართება. მიღებული შედეგებით გამოჩნდება ძალთა განლაგება. თუ ამ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ჩვენი გუნდიდან ვინც უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მეტოქე, პრეზიდენტი დამარცხდება. სხვას "ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ შანსი, უბრალოდ, არ ექნება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი, მაგრამ კონკურენტუნარიანზე შევაჩერებთ არჩევანს, რომელიც დაწყებულ ცვლილებებს ბოლომდე წარმატებით მიიყვანს.
- რა მოხდება, თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი წამოაყენა?
- ამის შესახებ მოვისმინე, მაგრამ ვანო მერაბიშვილი არის კომიკური ფიგურა. რომ არა მედია, ვანო მერაბიშვილი კარგა ხნის წინ იქნებოდა დავიწყებული. შესაძლოა, მან ოდესმე რამე იცოდა, მაგრამ ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ათამდე თვლაც დაავიწყდა.
19 აპრილს "ნაციონალები" მასშტაბური აქციის გამართვას აპირებენ და ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სამი კაცი იქნება, ერთი ვანო მერაბიშვილი და მეორე-მესამე მამა-შვილი - გაბაშვილი. ჩემთვის მიტინგის გამართვის მოტივი გაუგებარია, მაგრამ მაინც მივესალმები, თუნდაც იმიტომ, რომ დროა, პოლიტიკური ბრძოლა ისწავლონ. ისე კი, ცოტა უფრო რეალური წარმოდგენა რომ ჰქონდეთ პოლიტიკაზე, ამ საქმეს სხვას მიანდობდნენ.
- მაგალითად?
- თუნდაც დავით ბაქრაძეს. მიმაჩნია, რომ მას პარლამენტს გარეთაც შეუძლია პოლიტიკური საქმიანობა.... თუ 19 აპრილს 50-ათასკაციანი მიტინგი მაინც ვერ იკისრეს, ეს მათ პოლიტიკურ აღსასრულს ნიშნავს, რადგან მაშინ, როდესაც ჩვენს ოპოზიციას "მკვდარს" ეძახდნენ, 100 ათასი კაცი გამოგვყავდა... ეს დღე მათთვის მართლაც გარდამტეხია და ასეთი საქმის ორგანიზატორად ვანო მერაბიშვილის დანიშვნა მეტისმეტია. სააკაშვილი ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ავიტანეთ, რომ გონებრივად 7 ათასი მერაბიშვილი იყო. მათი ნებაა, მერაბიშვილს პოლიტიკურ ბრძოლას არავინ უკრძალავს, მაგრამ საქართველო მისნაირი კაცის გონებრივი გაქანების ქვეყანა არასდროს იქნება. კი ბატონო, ურთიერთობაში ალბათ ყურადღებიანი და თბილი კაცია, ვიცი, რომ თანამშრომლებისთვის დაბადების დღის მილოცვა არ ავიწყდებოდა, მაგრამ ამით სახელმწიფო მასშტაბის აზროვნება არ იზომება. თბილი იყო თავისი მეუღლის მიმართაც, როდესაც მის დანაშაულს დააფარა ხელი. მისი პიროვნული სითბო ქვეყანას არაფერში გამოსდგომია და როდესაც მის "განსაკუთრებულ თვისებებზე" ლაპარაკობენ, გირგვლიანის ოჯახსაც ჰკითხონ აზრი... ვანო ცუდ კაცად დიდმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა მონობისთვის. მონობაა, როდესაც პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს დედას აგინებს და ის თავს უქნევს, დიახ, ბატონო!. იქნებ, ამიხსნან "ნაციონალებმა" ურთიერთობის ასეთი ფორმის ფენომენი, სააკაშვილი ხომ ამის მიხედვით არჩევდა კადრებს. ვისაც შეაგინა და პასუხი მიიღო, სასწავლებლად გაუშვეს... ასე რომ, ნუ დაიბოღმებიან, გვაცალონ მუშაობა, ბევრი რამ გაკეთდა და უამრავი ცვლილება გვაქვს განსახორციელებელი.
- კონკრეტულად სად, რომელ სფეროში იგრძნობა ცვლილებების დაწყება, ბატონო ლევან?
- გეთანხმებით, ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა, მაგრამ რამდენიმე რეგიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და ხალხი არსებულ რეალობას აპროტესტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტესტის გამოსახატავად გარემო შეიცვალა. ვინმეს ახსოვს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რომელიმე საწარმოს მუშებს შრომის პირობები ამ ფორმით დაეგმოთ? პოლიცია მაშინვე ცხვირ-პირს დაუმტვრევდა და პლუს ყველას გაათავისუფლებდნენ... დიახ, ტარიფები იმ ოდენობით ვერ შემცირდა, რამდენის იმედიც იყო, მაგრამ მაინც შემცირდა და ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან "შაჰდენიზი" ფართოვდება. დაწყებულია ბიზნესის გათავისუფლების პროცესიც. ინვესტორები საქართველოში შემოსვლას არ ჩქარობდნენ, რადგან "ნაციონალები" ყველას აფრთხილებდნენ, ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. ამას კი იმ ელჩებისა და სხვა დიპლომატების დახმარებით აკეთებდნენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი დიდხანს ინარჩუნებდა. ამ პერიოდში ყველას აინტერესებდა, საქართველოში ომი დაიწყებოდა თუ კოაბიტაცია. საბედნიეროდ, კოაბიტაცია შედგა და სასიკეთო ძვრებიც დაიწყო.
- ახალქალაქში სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რაშიც "რესპუბლიკელების" ინტერესი გამოიკვეთა. რამდენად ახლოს არის ეს სიმართლესთან?
- დიახ, იქაურმა "რესპუბლიკელებმა" დააყენეს ეს საკითხი, ოღონდ არა პარლამენტში, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამაში დასამალი არაფერია, რადგან უკვე წლებია, მთელი რეგიონი ამას ითხოვს. საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომ მცირე ენებს რეგიონული ენის სტატუსი მიანიჭოს. საკითხი განხილვის საგანი ნამდვილად არის, ოღონდ ახლა არ დგას დღის წესრიგში.
- თუ დღის წესრიგში დადგა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- იცით, სომხურ ენას, იმ რეგიონში რეგიონული კი არა, სახელმწიფო ენის ფუნქცია აქვს, რადგან იქ ქართული არავინ იცის. სახელმწიფო ენის შესწავლის მდგომარეობა კი დრამატულად მძიმეა. "ნაციონალები" ვითომ მოსალოდნელ საფრთხეზე რომ ბევრს ლაპარაკობენ, მათი მმართველობის დროს ეთნიკური უმცირესობისთვის ქართული ენის სწავლებაში კოლოსალური თანხა იხარჯებოდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა და მათ რომ ნამუსი ჰქონდეთ, ჩვენ კი არ უნდა გვაკრიტიკებდნენ, ყველა განათლების მინისტრის დასჯას უნდა ითხოვდნენ, რომელთაც ეს საქმე ებარა. გზების გაყვანა და ფასადების შეღებვა ადვილია, მაგრამ შენს მოქალაქეს სახელმწიფო ენა ასწავლო - ძნელი. დღეს და ხვალ არა, მაგრამ ეს ვალდებულებები ევროპისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად შესასრულებელი იქნება და მაშინ საზოგადოებისგანაც არ იქნება ასეთი მიდგომა, არიქა, სომხებმა ეს მოითხოვეს და საქართველო ინგრევაო. ეს ვალდებულება 1998 წელს მიხეილ სააკაშვილმა აიღო ევროსაბჭოს წინაშე და სულაც არ მიმაჩნია, რომ მაშინ მიშა არასწორად მოიქცა, რადგან, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევდა. უბრალოდ, სასაცილო ის არის, რომ ახლა "ნაციონალებმა" ეს თემა ჩვენ წინააღმდეგ შემოაბრუნეს, აი, რას აკეთებს ეს მთავრობაო... თუ სახელმწიფო ინტერესებს სწორად დავიცავთ, რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებით ქვეყანა არ დაიშლება. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და არც პარლამენტში შემოსულა მსგავსი საკითხი განსახილველად.