"შიდა ქართლში, 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ზოლთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა, ფაქტობრივად, რუსი ჯარისკაცების მხრიდან ყოველდღიურ შევიწროვებას განიცდიან იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და ყოველწუთიერად საზღვრების თვითნებური გადმოტანა ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. ქარელის რაიონის სოფელი დვანი სეპარატისტების მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გავლებულ სწორედ ამგვარ ადმინისტრაციულ საზღვარზეა. სოფელ დვანის საზღვრებთან დგანან რუსი სამხედროები და მცოცავი ანექსიის პროცესიც მიმდინარეობს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "რუსი სამხედროები სოფელ დვანის მოსახლეობას ავიწროვებენ".
"შეიძლება ითქვას, რომ რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, ჩვენს სოფელში დგანან და მცოცავი ანექსიით ისინი თანდათანობით წინ მოიწევენ ჩვენს ტერიტორიებზე. თუ ასე გაგრძელდა, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით - ვერ ვიყოლიებთ საქონელს, რაც ჩვენს იქ ცხოვრებას უაზროს გახდის. გასულ წლებში ამ პრობლემას ასე თუ ისე აგვარებდა ხელისუფლება - საქმეში რთავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხდებოდა ზეწოლა ოკუპანტებზე და ისინიც უკან იხევდნენ, ახლა კი სრული განუკითხაობაა", - აცხადებს სოფელ დვანის მცხოვრები გენადი მამაგულაშვილი.
"ახლა უშუალოდ ჩვენს სოფელში დგანან იმიტომ, რომ საზღვრები იქამდე გადმოწიეს, სოფელმა ნახირი რომ გარეკოს, იმის ადგილი აღარ გვაქვს. უკვე ისე ახლოს არიან რუსი ჯარისკაცები ჩვენს სოფელთან მოსული, რომ მთელი ჩვენი საძოვრები იქით დარჩა. მამაჩემისა და პაპაჩემის მთელი ჩვენი ისტორიული ტერიტორიები წაიღეს - თავიანთი ბოძები ჩაარჭეს, დააწერეს ზედ "გრანიცა" და 200 მეტრში ვერ მიუახლოვდები. თუ მიუახლოვდები, დაგიჭერენ. უკვე რამდენიმე კაცი დაიჭირეს შარშან, შარშანწინ. ასეთ გასაჭირში ვართ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არც გამგებელი მოდის", - აღნიშნავს გენადი მამაგულაშვილი.
"წყალი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო. ახლა, რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი რომ გადმოწიეს, რუს სათავე იქით დარჩა. დიდი მდინარიდან ვუშვებდით წყალს, რომელსაც დვანის წყალი ჰქვია, მაგრამ იქ საერთოდ ვერ მიხვალ. ის ადგილიც დაიკარგა. თუ წყალი და საძოვარი არ იქნება, ხალხმა სოფელში როგორ უნდა იცხოვროს? სოფლის ცხოვრებას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება. არადა, პატარა სოფელი არ არის. უკანასკნელ ხანს, თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან დაუბრუნდა ხალხი თავის საცხოვრებელს. ახლა მათი აყრა იქიდან და გამოყრა იქნება კიდევ ახალი ტრაგედია", - დასძენს რესპონდენტი.