ქართული კლუბი: ვის გვერდით იდექით, დგეხართ და იდგებით თქვენ, ქალბატონო ფონ კრამონ?

ქართული კლუბი: ვის გვერდით იდექით, დგეხართ და იდგებით თქვენ, ქალბატონო ფონ კრამონ?

ქართული კლუბი, ევროკავშირის მაკროსაფინანსო მხარდაჭერის კრედიტის მეორე ტრანშის არ და ვერ მიღებასთან დაკავშირებით იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებას, რომ ამ კრედიტზე საქართველოს მთავრობის უარის ეკონომიკური მიზანშეწონილობით დასაბუთება გაუგებარი და გაუმართლებელია, რადგან მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ფინანსური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან შორსაა იმგვარი გაუმჯობესებისგან, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზრდის შედეგად უკვე შეგვეძლოს უარი ვთქვათ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაზე;

- ამასთანავე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კრედიტზე უარის დასაბუთებისთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობა მოყვანილი იქნა, როგორც პრემიერ-მინისტრმაც მიანიშნა, „პოლიტიკური უხერხულობის“ თავიდან ასაცილებლად, რადგან კრედიტის პირობის შესრულება-არშესრულებამ, კონკრეტულად - სასამართლოს რეფორმების საკითხში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უთანხმოება გამოიწვია;

- გამოთქვამს მტკიცე რწმენას და მოელის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა სასამართლოს საკითხებში ემყარება საერთო ევროპულ ღირებულებებს, სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობას, რაც ადამინის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ძირითადი გარანტიაა;

- გამოხატავს ღრმა სინანულს, რომ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების - გაამწესოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, განხორციელება, რასაც წინ უსწრებდა მოსამართლეების კანდიდატების ნომინაციისა და მათი საპარლამენტო მოსმენების პროცესის გასაუმჯობესებლად მიმდინარე წლის 1 აპრილს ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, საქართველოს პარტნიორების - ევროკავშირის, ასევე აშშ-ს რიგი ოფიციალური პირების მიერ არაერთგზის შეფასდა, როგორც სასამართლოს რეფორმირების სფეროში ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევა;

- დაბეჯითებით მოუწოდებს ჩვენი პარტნიორების ყველა ოფიციალურ წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მსგავსი მკვეთრი განცხადებებისგან, რაც ჩრდილს მიაყენებს საქართველოს სუვერენულ უფლებას - პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად, საკუთარი სრული პასუხისმგებლობით და ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მოაწყოს სასამართლო და, რაც კატეგორიულად მნიშვნელოვანია, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, მხოლოდ კონსტიტუციით და კანონომდებლობით დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულებით, გაამწესოს მოსამართლეები. ამ პროცესის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება, შექმნის ჩვენი პარტნიორების მადისკრედიტირებელ შთაბეჭდილებას, რომ მოუზომავი განცხადებების ავტორები გარკვეულ საგარეო-პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ სასამართლოს დაკომპლექტებასა და მაშასადამე, დაინტერესებულნი არიან გარკვეული ჯგუფების მიერ სასამართლოზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვებით, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია და სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქმება. ხოლო, ასეთი „აღქმები“ კი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ „ჰიბრიდულ ომში“ მოწინააღმდეგის მიერ ეფექტურ იარაღად უთუოდ იქნება გამოყენებული;

- ქართული კლუბი გაკვირვებულია ევროკავშირის რიგი წარმომადგენლების, ქედმაღლურად მკვახე პოზიციით, რისი მაგალითიცაა ევროპარლამენტარის, საქართველოს მეგობრის - ღრმად პატივცემული ქალბატონის, ვიოლა ფონ კრამონის ბოლო განცხადება. მსგავსი მკვახე განცხადება, როგორც აშკარად იკითხება, სწორედაც, მოსამართლეთა გამწესების გამო დაუფარავ გაღიზიანებას, არაკორექტული ფორმით გამოხატავს. გასაკვირი კი ჩვენთვის ეს არის, თურმე, საქართველოს „არა აქვს უფლება უარი თქვას იმაზე, რაც არ ეკუთვნის“; ასეთი განცხადებები, როგორც შინაარსით, ასევე მკვახე ტონითაც, საქართველოს ევროკავშირის ფერხთით „ადგილის მიჩენად“ აღიქმება, რაც მთლიანად ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მადისკრედიტირებელია, ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ. უდავოა, ჩვენი პარტნიორობა ემყარება და მომავალშიც უნდა დაემყაროს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ხოლო მსგავსი განცხადებები ამ პრინციპების საპირისპიროდ, ტოვებს მკაფიო განცდას, რომ მისი ავტორები ესწრაფვიან ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები (მათ შორის - ვის რა უფლება აქვს და რა ეკუთვნის), „უფროს-უმცროსობით“ „მოწესრიგდეს“. ასეთ მისწრაფებას კი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, სამი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე ქვეყანა, ვერასდროს შეეგუება!

ასეთი განცხადების ავტორი ღრმად პატივცემული ქალბატონი ირწმუნება, რომ იგი „ქართველი ხალხის გვერდით დგას“. მისი განცხადება ლიტონ სიტყვებად რომ არ იქნეს აღქმული, ქ-ნ ვიოლა ფონ კრამონს ვთავაზობთ ღიად და საჯაროდ, პასუხი გასცეს შეკითხვებს, რაც კონკრეტულად ამ საკითხის - საქართველოს სასამართლოს სისტემის მიმართ, წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, მის რეალურ პოზიციონირებას შეეხება. ეს შეკითხვები, რაც ქ-ნი ევროპარლამენტარის განცხადებების შინაარსისა და ტონის გამო, ქართულ კლუბს ბუნებრივად ებადება, მის თანამოაზრეებსაც დაესმის, რომლებიც ასევე გამოირჩევიან მკვეთრი და ხშირად მკვახე ტონის განცხადებებით.

ქართული კლუბის შეკითხვები ამგვარია:

  1. ახლო წარსულთან დაკავშირებული შეკითხვები:

საყოველთაოდ ცნობილი, არაერთგზის, უამრავი თვალსაჩინო პრაქტიკული მაგალითით დადასტურებული და ეჭვმიუტანელი ფაქტია: საქართველოს სასამართლოს დღემდე გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიადგა და მისდამი ნდობა ქვეყანაში ძირფესვიანად შეირყა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა სასამართლო ხელისუფლებამ განიცადა სისტემური დეგრადაცია: მაშინდელი სასამართლო იუსტიციის მინისტრის, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა ქვეყნის „უზენაეს“ პროკურორსაც, პრაქტიკულად სრულად დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფად იქცა. განსაკუთრებით ამაზრზენი იყო იმდროინდელი სასამართლო პრაქტიკა, როცა მთლიანად უგულებელყოფილი გახლდათ სასამართლოს მიუკერძოებლობა, ვინაიდან სასამართლო პროცესთა პრაქტიკაში, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა: რაც ყველაზე სავალალო და კატასტროფულია - უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაცვლად იმ დროინდელი რეჟიმი მყარად ნერგავდა „საპროკურორო ბრალის პრეზუმფციას“, ხოლო სასამართლოს იყენებდა ამ საპროკურორო ბრალის ოდენ ფორმალური დადასტურების დამხმარე, ინკვიზიციურ ინსტრუმენატად; შედეგად - 2007-2012 წწ-ის სასამართლოს პრაქტიკაში გამამართლებელი განაჩენები 0, 8%-ს არ აღემატებოდა, ხოლო საქართველო, აჭარბებდა რა ყველაზე ოდიოზურ რეპრესიულ რეჟიმებს, მყარად იკავებდა მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველ ადგილს პატიმრების ფართობითი რაოდენობით!

სად იყო მაშინ საქართველოს სასამართლოს ბედით დღეს ასეთი დაინტერესებულობით გამორჩეული ქალბატონი, რითი და როგორ გამოიხატებოდა „ქართველი ხალხის გვერდზე დგომა“ სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო? რაში მდგომარეობდა მაშინ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ასეთი „თავგამოდებულად გულმოდგინე ზრუნვა“, რაც ამ ბოლო წლებში შეინიშნება? რა რეაგირება მოჰყვა მისი ან მისი თანამოაზრეების მხრიდან თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მშრალ სტატისტიკას, რაც მკაფიოდ და ცალსახად მოწობს: 2007-2011 წწ-ში საქართველო წარმოადგენდა სწორედ იმ ბედშავ ქვეყანას, რომელიც მყარად იკავებდა ყველაზე „მოწინავე“ ადგილს ევროპაში ადამიანების უფლებების დარღვევის გამო სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების კატასტროფულად დიდი რაოდენობით?!

  1. აწმყოსთან დაკავშირებული შეკითხვები:

ხომ არ არის ზემოთ ნახსენები იმ ნამდვილი მიზეზების, რამაც საქართველოს სასამართლოს გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენა, აშკარა შეუმჩნევლობა და უარესიც - მიჩქმალვა, ყოვლად გაუმართლებელი, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო მცდელობა, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობა სასამართლოს სისტემური დეფორმირების გამო, დამნაშავე პოლიტიკური ძალის ნაცვლად დღევანდელ ხელისუფლებას სრულად გადაეკისროს?! ამჩნევს თუ არა ქ-ნი ვიოლა იმ უმნიშვნელოვანეს და ყველა ობიექტური შეფასებით თვალსაჩინო პროგრესს, რასაც 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს სასამართლომ მიაღწია, რაც თუნდაც მხოლოდ მშრალი სტატისტიკითაც ცალსახად დასტურდება - არანაკლებ 10-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, ორნახევარჯერ შემცირდა საქართველოში პატიმართა რაოდენობა, არანაკლებ ოთხჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრები? ხოლო თუ ამ პროგრესს ამჩნევს, მაშ რა არის მისი განსაკუთრებულად მძაფრი გულისწყრომის საფუძველი, ნუთუ მხოლოდ ის, რომ პარლამენტმა გაბედა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაამწესა? რამდენად არის ასეთი გულისწყრომა, წარსულის შეუმჩნევლობის და შეუფასებლობის ფონზე, „ქართველი ხალხის გვერდზე დგომა“? რატომ ემთხვევა მისი შეფასებები და ხელისუფლების ესოდენ მძაფრი კრიტიკა პოზიციას იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი სასამართლო ხელისუფლების სისტემურ დეგრადირებაზე, რასაც უშუალო შედეგად მოჰყვა 2007-2012 წწ-ში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები საქართვლოში და სასამართლოსადმი ნდობის ნგრევა? ემიჯნება თუ არა იგი ამ პოლიტიკურ ძალას და როგორც საზოგადოდ, ასევე - სასამართლო ხელისუფლების მიმართაც, მის მკვეთრად რევანშიტულ პოლიტიკას, რომლის მიზანია არა მხოლოდ თავი დაიძვრინოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულების გამო, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, არამედ ბევრად უარესიც - აშკარა პოლიტიკური ზეწოლის და ასევე, სასამართლო რეფორმების პირდაპირი საბოტირების გზით, კვლავ მოიპოვოს ზეგავლენა სასამართლოსა თუ მოსამართლეებზე? ხომ არ არის ამგვარი რევანშისტული მიზნების ხელშეწყობა, უარესიც - ადვოკატირება, როცა ქ-ნი ფონ კრამონი სწორედ ამ ძალის ინტერესების შესაბამისად, გამოხატავს აშკარა გაღიზიანებასა და მძაფრ გულისწყრობას, როდესაც კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას - პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებას, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად მიიჩნევს?!

  1. მომავალთან დაკავშირებული შეკითხვები:

ცნობილია თუ არა ქ-ნი ფონ კრამონისთვის საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმები სასამართლოს შემდგომ რეფორმირებასთან დაკავშირებით? თუ იგი ამ გეგმებს არ ეთანხმება, აქვს თუ არა მას კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები, გარდა ზოგადი შეგონებებისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს? სად ხედავს, ხელისუფლების რომელ პოლიტიკურ განაცხადში, რომელ დაგეგმილ ცვლილებებსა ან ხელისუფლების მიერ უკვე მიღებულ რომელ კონკრეტულ აქტში იგი სამომავლო საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის? ხოლო თუ ვერ ხედავს, მაშ იზიარებს თუ არა იგი სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებით აშკარად დაინტრესებული იმ პოლიტიკური ძალების პოზიციას, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ და უტიფრად მოითხოვენ კიდეც, რომ ვიდრე საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება, თურმე სასამართლოს როგორც რეფორმები, ისე მისი დაკომპლექტება, არსებულმა ხელისუფლებამ არ უნდა გაბედოს?!

ასევე, რაც არსებითად ყველაზე მნიშვნელოვანია: ცნობილია თუ არა ქ-ნი ფონ კრამონისთვის სასამართლოს სისტემურ დეგრადირებაზე სრულად პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების საპროგრამო პოლიტიკური განაცხადი სასამართლოსთან დაკავშირებით, რაც არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დესუვერენიზებას (ზედა ორი ინსტანციის - საოლქო და უზენაესი სასამართლოების უმრავლეობით დაკომპლექტებას უცხოელი მოსამრთლეებით) ითვალსიწინებს?! თუკი ეს ცნობილია, რატომ არ გამოხატავს ჩვეულ გაოგნებასა და გულისწყრომას, რასაც ხელისუფლების მიმართ ასე მიგვაჩვია, ამ მართლაც გაუგონარი, ყოველგვარ ევროპული ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელი, აბსურდული „იდეის“ მიმართ? უხერხულია, მაგრამ მაინც, თავს უფლებას ვაძლევთ და ბარემ ვკითხავთ: იქნება იზიარებს კიდეც ამ, კოლონიალიზმის სამარცხვინო ეპოქის დროინდელ, რაც დღეს ამ ძალების მიერ „პროგრესულად“ ცხადდება, „იდეას“?

ყველა ეს კითხვა, თუკი კვლავ უპასუხოდ დარჩა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქ-ნი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საშინაო პოლიტიკურ პროცესებში მიკერძოებულია და იგი არა მთლიანად ქართველი ხალხის, არამედ - სწორედაც კონკრეტული პოლიტიკური ძალის გვერდით დგას. მართლაც, თუ იგი მიკერძოებული არ არის, მაშინ სრულიად გაუგებარია, ხელისუფლების მიმართ დამსახურებულად თუ დაუმსახურებლადაც, არაერთგის მკვეთრი ფორმით გამოხატული გულისწყრომის ფონზე, რატომ რჩება მისთვის სრულიად შეუმჩნეველი, რატომ არის იგი თვალშისაცემად ლოიალური, თუნდაც იგივე სასამართლოს საკითხებში, „ნაციონალური მოძრაობის“ უდავოდ ანტი-ქართული და ცხადია, ასევე - ანტი-ევროპული გამოხდომების მიმართ, რისი მაგალითებიც წარსულშიც, აწმყოშიც და რაც მათავარია, მათ სამომავლო გეგმებშიც - რომელიც ქვეყნის სასამართლოს სრულ კატასტროფას, მის დესუვერენიზებას უქადის, უამრავია?!

ასეთი მიკერძოებულობა, რაც ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ არაჯანსაღი, რევანშისტული პოლიტიკური მიზნების აშკარა ადვოკატირების განცდასაც ტოვებს, არ არის არც საქართველოს, არც ევროკავშირის ინტერესებში და მხოლოდ ჩვენს საერთო მოწინააღმდეგეებს, სწორედ - ევროპული ღირებულებების მტრებს, აძლევს ხელს. ასეთი მიკერძოებულობა, არა მხოლოდ ქ-ნ ვიოლა ფონ კრამონს, არამედ, ვისაც იგი ოფიციალურად წარმოადგენს - ევროკავშირსაც, რეპუტაციის შელახვით ემუქრება.

ქართული კლუბისთვის ქ-ნი ვიოლას თვით-დისკრედიტაცია ძალიან დასანანი იქნებოდა, ხოლო ევროკავშირის რეპუტაციის შელახვა უკიდურესად სავალალო, ვინაიდან ეს- საბედისწერო, კატასტროფის მომასწავებელი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის!

ქართული კლუბი დარწმუნებულია, რომ იგივე შინაარსის კითხვები ქართველი ხალხის, რომლის გვერდშიც დგას ქ-ნი ფონ კრამონი, დიდ უმრავლესობას აწუხებს. ამიტომაც, ველით პასუხს. არ არის აუცილებელი ვრცელი პასუხი. საკმარისი იქნება მკაფიოდ, თუნდაც ძალიან მოკლედ, სულ რამდენიმე წინადადებით, მაგრამ აუცილებლად - გულწრფელად გვიპასუხოს. საკმარისი იქნება თუნდაც გულწრფელი ბოდიშის მოხდა იმ მკვახე განცხადებების გამო, რამაც დაბადა ასეთი შეკითხვა: ვის გვერდით იდექით, დგეხართ და იდგებით თქვენ, ქალბატონო ფონ კრამონ?!

P.S. ქ-ნი ვიოლა ფონ კრამონისდმი ეს შეკითხვები არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ქართული კლუბი სრულად იზიარებს ხელისუფლების პოზიციებს სასამართლოს საკითხში. ჩვენი შეხედულება დაწვრილებით გამოვხატეთ 20 ივლისის განცხადებაში (იხ. „პარლამენტი ვალდებული იყო მოესმინა, განეხილა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაეგდო და ხმა არ მიეცა უზენაესი მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატისთვის“ https://for.ge/view/212760/parlamenti-valdebuli-iyo-moesmina-ganexila-magram-aucileblad-unda-Caegdo-da-xma-ar-mieca-uzenaesi-mosamarTleobis-arc-erTi-kandidatisTvis.html)

ამიტომ: კვლავ დაჟინებით იგივეს მოვუწოდებთ, რაც 20 ივლისის ამ განცხადებაში ვთქვით:

„ქართული კლუბი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებასა და ყველა მხარეს მეტი პასუხისმგებლობისკენ, სჯულის ერთგულებისკენ, სამართლიანობისა და კონსტიტუციურობის პატივისცემისკენ. ხოლო სასამართლო ხელისუფლების „დენაციფიკაცია“ კი, დარწმუნებულნი ვართ, უწინარესად პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რაც სასამართლო ხელისუფლებამაც, მეტიც - მთლიანად მოსამართლეთა კორპუსმა, 350-იდან უკლებლივ ყოველმა მოსამართლემ, სრულად უნდა გაიზიაროს. ამისათვის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ თავად მოსამართლეთა კორპუსმა შელახული რეპუტაციის აღსადგენად, საკუთარ კონფერენციაზე იმსჯელოს, პირუთვნელად შეაფასოს და დაგმოს 2012 წლამდელი საკუთარი სამარცხვინო პრაქტიკა, სიტყვითა და საქმით გაემიჯნოს მას და გულწრფელად გამოხატოს სინანული, ხოლო თუკი ეყო გამბედაობა, შენდობაც ითხოვოს. ქართველი ერი სულგრძელია - ეგება შეუნდოს კიდეც!

საქართველოს პარლამენტმა კი, უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, უყოყმანოდ გამოხატოს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ურყევი კეთილი ნება და სასამართლოს „დენაციფიკაციის“ მკაფიო პოლიტიკა უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბოს! ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან!“

 

 

Katana . მსგავსი წერილით ადრეც მიუმართავთ ამ ქალბატონისთვის:

„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობის ღია წერილი ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს, ქ-ნ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს"
ბმული />
შედეგთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ვარაუდი: მე მგონია, საერთოდ არ კითხულობს ამგვარ მიმართვებს!
ეტყობა, არ აინტერესებს.
2 წლის უკან
Katana . არადა, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობაც ამას ეკითხება სწორედ - რატომ დგახართო ამდენი დანაშაულის ჩამდენ უგულავას, ოქრუაშვილისა და სხვა ნაცების გვერდით, რატომ გვიცხადებთ ამათ პოლიტპატიმრებადო?!.
წერე და იკითხე!
2 წლის უკან