მიგრაციის ეპიდემიის ეპოქა ანუ რატომ მარტივდება არალეგალ მიგრანტთა ქვეყნიდან გაძევების პროცედურა

მიგრაციის ეპიდემიის ეპოქა ანუ რატომ მარტივდება არალეგალ მიგრანტთა ქვეყნიდან გაძევების პროცედურა

მოქმედი კანონმდებლობით, მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. შეიზღუდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა, ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და გაძევება.

გაძევების პროცედურის ფარგლებში, მიგრანტების ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით გააძევეს, მათ შორის, ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკას, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები პატრულირებენ თბილისის ქუჩებში, მათ შორის, მუნიციალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილებში. თუ აღმოჩნდება, რომ პირს საქართველოში ყოფნის პროცედურა დარღვეული აქვს, იწყება მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურა. მიუხედავად ამისა, საქართველში ისევ გრძელდება პოლიტიკური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა წალეკეს უცხოელებმა; მიმდინარეობს მასიური „არაბიზაცია“ და „ირანიზაცია“; საქართველოში სახლდებიან ინდოელები და არავითარი სტუდენტები ისინი არ არიან. ასევე, კეთდება განცხადება, რომ ყველა სამშენებლო კომანიის უკან, არაბი ინვესტორები დგანან და რომ მალე, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა 2024 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 900 000 ადამიანი, რამაც მისცა მანიპულაციის საშუალება ჯგუფს, რომლებიც არიან პანიკაში. თუმცა, ეს ციფრი არ ნიშნავს, რომისენი საქართველოს მოქალაქეები არიან. ფაქტობრივად, საუბარია მათზე, რომლებიც აღრიცხვის დროს ცხოვრობდნენ საქართველოში, ანუ ის, ვინც აღირიცხა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისენი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ეს ციფი უნდა ჩაიშალოს ეროვნულობის, მოქალაქეობის ნიშნის მიხედვით და საზოგადოებას წარედგინოს ობიექტური სურათი, სად ვართ. საქართველოს რამდენი მოქალაქე გავიდა, რა ეროვნების იყო, სად გვაქვს კლება.

„ეს უნდა განიმარტოს. გარდა ამისა, ნორმალური, ადამიანიური ენით უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია და არა, რაღაც ფორმულებით, რომელიც ძალიან ბევრს არ ესმის და ისევ ტოვებს მანიპულაციის საშუალებას. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც მიზანიმართულად ავრცელებენ ასეთ საოცრებებს, მათაც უნდა განემარტოთ, რაშია საქმე, საიდან მოაქვთ ეს მონაცემები, რატომ ავრცელებენ, როდესაც არ არის საფუძველი, ხოლო თუ არის, მაშინ, რა მონაცემებს ეყრდნობიან და ა.შ.

ძალიან ბევრი ადამიანი არ ელოდება სტატისტიკურ მონაცემებს, ან არ ენდობა და ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, პანიკა, ჭორები, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლების სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მე, ან სხვა ადამიანები არ ვართ ვალდებულნი, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. ვალდებულია საქართველოს ხელისუფლება, მისი სტატისტიკის ეროვნული სამსახური და პიარის სამსახური.

ამიტომ, კეთილი ინებონ და საზოგადოებას აჩვენონ რელური სურათი. ამისთვის არსებობს  შესაბამისი ინსტრუმენტები - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტივი“, „რუსთავი 2“ და ა.შ. მაგალითად, პირადად მწერენ, ადამიანებს არ სჯერათ, რომ საქართველოში არიან აზიელი სტუდენტები. როცა ვთქვი, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში უცხოელი ახალგაზრდების სიმრავლეა და ისინი არიან სტუდენტები, ვიღაცებმა ეს დეზინფორმაციად მიიჩნიეს, საოცრებებს წერენ. თურმე, არ ჰგონიათ, რომ ისინი სტუდენტები არიან, არადა, მართლაც სტუდენტები არიან“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, არიან არალეგალებიც და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 500-ზე მეტი არალეგალი გააძევეს, რასაც გარკვეული ეფექტიც მოჰყვება იმ მხრივ, რომ ადამიანებს არ გაუჩნდებათ სურვილი, დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა.

„სტატისტიკის სამსახურში სხედან, იღებენ ხელფასს და თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ საზოგადოებას რეალური სურათი დაანახონ. არ ვამბობ, რომ პრობლემა არ არის, პრობლემა ყოველთვის არსებობს, რადგან თანამედროვე, გლობალური სამყაროა და ასეთი პრობლემები აქვს ყველა სახელმწიფოს. ეს პრობლემები გაიზრდება, ამიტომ კარგია კანონის გამკაცრება, თუმცა სხვა, დამატებითი ღონისძიებებიც უნდა მიიღონ.

იმავდროულად, არ უნდა გადავიჭრათ რაღაცა სიგიჟესა და მითოლოგიაში, ან საოცარ მოთხოვნებში, რაც გულისხმობს იმას, თუ რატომ შემიყვანეთ სტუდენტები საქართველოში, ან რატომ მიმდინარეობს მშენებლობა, გზებს რატომ აგებთ, იქ ხომ პაკისტანელები ივლიან და ა.შ. ამის გარდა, მიდის სხვადასხვა ერების საოცარი, წარმოუდგნელი და სიძულვილით აღსავსე შემკობა. არ ვიცი, შეიძლება, ვინმეს მოსწონდეს, როდესაც ადამიანებს იხსენებ ასეთი სიტყვებით? ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია! ინდოელებს მოიხსენებენ, როგორც ზუნტლიანებსა და წვინტლიანებს; მუსლიმებს საერთოდ ურჯულოებს ეძახიან და ავიწყდებათ, რომ 500 ათასი გვყავს ქვეყანაში, მათ შორის, ქართველი მუსლიმები! არ და ვერ ფიქრობენ შედეგებზე! ჰოი, საოცრებავ და ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მუსლიმებიც გვყოლია და თურმე, ყურბან-ბაირამსაც ზეიმობენ, თურმე მეჩეთიც გვქონია თბილისში.

ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ ყურბან-ბაირამს, ავრცელებენ ამ ვიდეოებს და სასწაულს ამბობენ. გეგონება, გამოქვაბულის ჭურვიდან, ან ჯოჯოხეთის ცეცხლიდან იყვნენ ახლად ამომხტარნი. ეს საკითხი არის სენსიტიური, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ იგივე ტენდენციის აღმოცენება, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ იყოს ასეთი დამოკიდებულება, თითქოს ისინი არასასურველნი არიან. თუ არასასურველები არიან, მონახავენ თავიანთ გზებს და, სხვათა შორის, მფარველებიც ჰყავთ. პირიქით, უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.

საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც სიძულვილი უნდა მეფობდეს. სიძულვილმა რაც გვიქნა ცოტა ხნის წინ, კი ვიცით და აწი რასაც გვიზამს, ეს კიდევ უარესია. აქედან გამომდინარე, ცოტა ენას კბილი დააჭირონ და ტვინს წიხლი, როდესაც ასეთი სიძულვილით სხვა ერებზე ლაპარაკობენ! საერთოდ ვერ ხედავენ დიდ სურათს, თუ რა შეიძლება, ამან გამოიწვიოს. საინტერესოა, ვინ არის ამ სიძულვილის, ექსპანსიური დამოკიდებულების მფარველი - რომელ ქვეყანაში და რომელი ძალა ეგულებათ მათ უკან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სოსო მანჯავიძე. 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიგრანტების პრობლემა მთელ მსოფლიოშია და გაცილებით მწვავე, ვიდრე ჩვენთან. იქაც ოპოზიცია იყენებს მიგრანტების თემას, რომელიც რთული თემაა, მაგრამ იმ სირთულისა, როგორც მთელ მსოფლიოშია, საქართველოში არ არის.

„მაგალითად, ლონდონში, ინგლისელს რამდენჯერმე, შემთხვევით წავაწყდი, იგივე ხდება საფრანგეთში. ჩვენ მიგრაციის ემიდემიის ეპოქაში ვართ და ის ყველას ედება, მათ შორის, საქართველოს. პრინციპში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ძიება იმისა, როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. ნიშნისმოგებით ლაპარაკი, რომ აი, ამ ხელისუფლებამ შემოუშვა, არასწორია. ჯერ ერთი, ამ ხელისუფლებას არ შემოუშვია, საკმაოდ ენერგიული ნაბიჯები გადადგა წინა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით, მეორეც, პრობლემები ყველა ქვეყანაშია.

რატომ არის ეს საკითხი მოუგვარებელი ყველა ქვეყანაში? - იმიტომ, რომ საზღვრების ჩაკეტვა ძნელია. ჩაკეტავ საზღვრებს და პირველი ის აგიყვირდება, ვინც დღეს ამბობს, ევროპა ჩვენი სახლიაო. დიახ, პირველი ვინც აგიყვირდება, იქნება ევროპა, რომ აი, ევროპულ ღირებულებებს ღალატობს საქართველო და ჩაკეტეს საზღვრებიო. მიგრაციის ბარიერი, სწორედ ევროპული ღირებულებებია, რომ ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მოისურვებს. ამიტომ არის, რომ ევროპელებს უჭირთ ბრძოლა ამ მოვლენასთან.

ცოტა შორიდან რომ წამოვიღოთ პასუხი, ოპონენტები, ოპოზიციური ჯგუფები, პარტიები, ენჯეოები და რიგითი ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური სულისკვეთებით არიან გამსჭვალულნი, ერთხანს, ძალიან ინტენსიურად იყენებდნენ ადმიანების უბედურებას. გარდაიცვლებოდა ვიღაც და მერე, ამაზე კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები. ხანძარი იყო და გვახსოვს სინანული, როცა ცეცხლი ჩაქრა. არც ახლა დააკლეს რიჟვაძეს და ა.შ., ანუ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ყველა ბრძოლას, სირთულეს იყენებენ პოლიტიკური ბრძოლისათვის“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს უჭირს მიგრაციასთან ბრძოლა, არის დემოკრატიული ღირებულებები.

„სხვათა შორის, რაც შეეხება რეალობას, სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლი, არის ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი. დადიან ლექციებზე უფრო ბეჯითად, ვიდრე ქართველი სტუდენტები და ითხოვენ უფრო მეტ სიმკაცრეს სწავლაში, ვიდრე ქართველი სტუდენტები. იციან, რომ მკაცრი მოთხოვნა მათ უკეთეს სწავლას უზრუნველჰყოფს. რატომ მოდიან? - იმიტომ, რომ სწავლა უფრო იაფია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. დიპლომი იმავე შედეგის მომტანია, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. რა ლოგიკით აგივლის გვერდს და წავა ინგლისში, სასწავლებლად?

სხვათა შორის, იგივე ინგლისში, ინდოელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ადგილობრივები. რა ლოგიკით მოხვდნენ, რამე ბოროტი განზრახვა უნდა ვიგულისხმოთ, თუ მიგრაციის ელემენტარული კანონი, რომ სადაც უკეთესი პირობებია, მიგრაციის ტალღაც იქ მიდის... ასე იყო სულ, სხვათა შორის, ცხოველებიც ამ ტალღით მოქმედებენ. ამ საკითხის პოლიტიზირება ისეთივე არარეალურია და უნამუსოც, როგორც ხანძრის, ან ადამიანთა სხვა პრობლემების პოლიტიკურად ქცევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.