„პარლამენტი ვალდებული იყო მოესმინა, განეხილა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაეგდო და ხმა არ მიეცა უზენაესი მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატისთვის“

„პარლამენტი ვალდებული იყო მოესმინა, განეხილა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაეგდო და ხმა არ მიეცა უზენაესი მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატისთვის“

ამა წლის 5 და 6 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე მომხდარმა შეტაკებებმა, ძალადობამ, ხულიგნობამ და, ჩვენის აზრით, სრულიად უქმმა და ქვეყნისათვის ზიანის მომტანმა ხმაურმა და აურზაურმა გადაფარა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ.

მიუხედავად ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების არაერთგზისი უხეში და არადიპლომატიური მოთხოვნისა, რაც, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, შეურცხმყოფელი იყო საქართველოს ხელისუფლებისა და ნებისმიერი მოქალაქისათვის - შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, გადაედოთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი, საქართველოს პარლამენტმა, ფორმალურად მაინც, უდავოდ დაარღვია შეთანხმების შესაბამისი პუნქტები, რადგან დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა ამ შეთანხმების ფორმალური დარღვევა ნამდვილადაა: შეთანხმების დოკუმენტის ტექსტიდან, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი, ცალსახად გამომდინარეობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით, 1 აპრილს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჯერ კიდევ პოლიტიკურ შეთანხმებამდე პარლამენტის მიერ უკვე მიღებული ცვლილებები არ არის საკმარისად მიჩნეული მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის, წარდგენისა და დამტკიცების შეჩერებული პროცესის განახლებისთვის; ეს დოკუმენტი მკაფიოდ გულისხმობს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების ნომინაციის პროცესის მოსაწესრიგებლად თურმე საჭიროა კიდევ დამატებითი დისკუსია ყველა მხარის მონაწილეობით. შარლ მიშელის დოკუმენტის ტექსტში შეთანხმების შესრულების ვადებთან დაკავშირებითაც ასევე ნათლად არის ჩაწერილი და კონტექსტიდანაც მკაფიოდ იკითხება, რომ მოსამართლეთა ნომინაციის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებზე „პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება“, რაც, ბუნებრივია, ფორმალურად მართლაც ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტით მანამდე მოსამართლეთა ნომინერება დაუშვებელია და უნდა შეჩერდეს. მეორე მხრივ: თუ საკითხს არა პოლიტიკურ შეთანხმებაზე დაყრდნობით - ფორმალურად, არამედ არსებითად, სამართლიანობისა და კონსტიტუციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, შევხედავთ, უნდა გავიზიაროთ არა ჩვენი მეგობარი ელჩებისა და თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული, არამედ „ქართული ოცნების“ პოზიცია, რაც არაერთგზის იქნა აღნიშნული. კერძოდ: მოსამართლეების კანდიდატთა ნომინაციის, პარლამენტში მათი მოსმენისა თუ დამტკიცების საკითხის უფრო სამართლიანი, ყველა მხარისთვის მისაღები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი მოწესრიგება, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე იქნა მიღწეული 1 აპრილს მიღებული კანონით, მაშასადამე - სამართლიანობიდან და კონსტიტუციურობიდან გამომდინარე, ყოველგვარი არსებითი საფუძველი მოსამართლეთა წარდგენის შესაჩერებლად აღმოიფხვრა და აღარ არსებობს; ისიც ხაზგასასმელია, რომ არც ერთ პოლიტიკ ურ პარტიას იმ ახალ რეგულაციებთან, რაც 1 აპრილს პარლამენტის მიერ უკვე იქნა მიღებული, არა თუ რაიმე შენიშვნა, არავითარი კონკრეტული მოსაზრებაც კი არ წარმოუდგენია, ხოლო ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა - ამ რეგულაციებით ფაქტიურად უკვე გაზიარებულია.

რაც მთავარია: 1 აპრილის შემდგომ როგორც კონსტიტუცია, ასევე ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ უკვე ავალდებულებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დროულად წარედგინა მოსამართლეთა კანდიდატები პარლამენტში და არავითარი, დაჟინებით ვიმეორებთ - ვერავითარი, პოლიტიკური შეთანხმება ამას - ე.ი. სამართალს, კონსტიტუციასა და მის უზენაესობას წინ ვერ აღუდგება! ამდენად ვითარება ნათელია და დასკვნა უდავო: თუკი რაიმე პოლიტიკური შეთანხმება ფორმალურად ითხოვს გარკვეულ ქმედებას ან უმოქმედებას, ამ შემთხვევაში, მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის შეჩერებას, ხოლო კონსტიტუცია და სამართალი კი პირიქით მოითხოვს, რასაკვირველია, ერთი წამითაც კი არ შეიძლება დაეჭვება და უყოყმანოდ, სწორედაც სამართალი უნდა აღსრულდეს!

ამავდროულად, ხაზგასმით და დაბეჯითებით უნდა ითქვას: ამ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებით საქართველოს პარლამენტმა არათუ ვერ აღასრულა, არამედ პირიქით, დაარღვია კიდეც სამართლიანობის არსებითი და უზენაესი პრინციპები. აქაც იგივე ვითარებაა: ფორმალურად - პარლამენტი მართალია, მაგრამ არსებითად - ჩვენდა სავალალოდ, ტყუის!

ტყუის არა იმიტომ, რომ კონსტიტუციასა და სამართალს მისდია და არა „შარლ მიშელის დოკუმენტს“, არამედ იმიტომ, რომ უზენაეს მოსამართლეებად უვადოდ გაამწესა ის კანდიდატები, რომლებამაც სამართალმოყვარეობის ელემენტარული ტესტი ვერ დაძლიეს საპარლამენტო მოსმენებისას!          მათ არ ეყოთ პირუთვნელობა, რაც უმთავრესია მოსამართლისთვის და სწორედაც რომ სამართალმოყვარეობა. ვინაიდან საპარლამენტო მოსმენებზე მთელი ქვეყნის წინაშე, საჯაროდ, ერთნაირი სიჯიუტით უარყოფდნენ უდავო და საყოველთაოდ ცნობილ, ჭეშმარიტ ფაქტს, რომ 2012 წლამდე სასამართლოს, განსაკუთრებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების, პრაქტიკიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, შეჯიბრებითობისა და სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპები თითქმის სრულად იყო ამოძირკვული; მათ არ ეყოთ გამბედაობა ეღიარებინათ, რომ 2012 წლამდე სასამართლოს პრაქტიკაში გაბატონებული იყო სისხლის სამართლის საქმეებზე - „პროკურატურის შეუმცდარობის დოგმა“, ე.ი. „ბრალდების პრეზუმფცია“ - როცა საქმის სასამართლოში წარმართვისთანავე მიიჩნეოდა, რომ ბრალდება იმთავითვე უდავოდ დასაბუთებულია, ხოლო შანსი - სასამართლოში საწინააღმდეგო დამტკიცებულიყო, ე.ი. ეს უკუღმართი პრეზუმფცია დარღვეულიყო, საქმეთა საერთო რაოდენობის 0,06%-ს(!) არ აღემატებოდა. იგივე, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და შეჯიბრებითობის, სამართლიანობის პრაქტიკულად გამომრიცხველი დოგმა მოქმედებდა ადმინისტრაციული დავებისას; აქ, პრაქტიკაში გაბატონებული პრეზუმფცია ის გახლდათ, რომ ადმინისტრაციული ორგანო იმთავითვე და ყოველთვის მართალია, ხოლო რაიმე შანსი სასამართლოში საწინააღმდეგო დამტკიცებულიყო, აქაც, ფაქტიურად არ არსებობდა.

საპარლამენტო მოსმენებით აშკარაა: კანდიდატებმა ვერ გამოიჩინეს 2012 წლამდე არსებული, ყოვლად სამარცხვინო სასამართლო პრაქტიკის შეფასებისას სათანადო პირუთვნელობა, მაშასადამე მოსამართლისათვის უმთავრესი რამ - სამართლისმოყვარეობა, რის გარეშეც მათ სხვა „საქმიან“ თვისებებზე, მათ შორის, თუნდაც, ცოდნა-გამოცდილებაზე თუ სხვა პროფესიულ უნარებზე მსჯელობა იმთავითვე უკვე აზრს მოკლებულია. მათ, აწ უკვე უზენაეს მოსამართლეებს, უვადოდ გაჰყვებათ ეს საშინელი დამღა, რაზეც, ჩვენდა სავალალოდ - პასუხისმგებელი იქნება დღევანდელი პარლამენტიც!

პარლამენტი დიახაც, ვალდებული იყო მოესმინა, განეხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებულნი, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაეგდო და ხმა არ მიეცა უზენაესი მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატისთვის, ვინც ეს „სამართალმოყვარეობის“ ელემენტარული ტესტი ვერ დაძლია, რითაც სასამართლო ხელისუფლება სამომავლოდაც გაწირა. რადგან სასამართლოს „დენაციფიკაცია“, ანუ - მისთვის 2012 წლამდელი სამარცხვინო ლაქის ჩამორეცხვა, რის გარეშეც მისი რეპუტაციის აღდგენა წარმოუდგენელია, ისევ აუხდენელ ქართულ ოცნებად დაგვიტოვა!

არის თუ არა რაიმე გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, როცა სამართალი და სამართლიანობა, როგორც ეს ზემოთ აღვწერეთ, მსგავსი ფორმალური თუ არსებითი, საგარეო თუ შინაური, საბედისწერო საფრთხეების ქვეშაა?!

ქართულ კლუბს მიაჩნია, რომ, დიახაც, არის! გამოსავალი ყოველთვის არის, თუკი სჯულით განვსჯით და რჯულით გავირჯებით: ე.ი. სამართლიანობისა და კონსტიტუციურობის პრინციპებით ვიხელმძღავნელებთ და არა ოდენ პოლიტიკური მიზანშეწონილებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული კლუბი კიდევ ერთხელ ყველა მხარეს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობისკენ, სჯულის ერთგულებისკენ, სამართლიანობისა და კონსტიტუციურობის პატივისცემისკენ. ხოლო სასამართლო ხელისუფლების „დენაციფიკაცია“ კი, დარწმუნებულნი ვართ, უწინარესად პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რაც სასამართლო ხელისუფლებამაც, მეტიც - მთლიანად მოსამართლეთა კორპუსმა, 350-იდან უკლებლივ ყოველმა მოსამართლემ, სრულად უნდა გაიზიაროს. ამისათვის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ თავად მოსამართლეთა კორპუსმა შელახული რეპუტაციის აღსადგენად, საკუთარ კონფერენციაზე იმსჯელოს, პირუთვნელად შეაფასოს და დაგმოს 2012 წლამდელი საკუთარი სამარცხვინო პრაქტიკა, სიტყვითა და საქმით გაემიჯნოს მას და გულწრფელად გამოხატოს სინანული, ხოლო თუკი ეყო გამბედაობა, შენდობაც ითხოვოს. ქართველი ერი სულგრძელია - ეგება შეუნდოს კიდეც!     

საქართველოს პარლამენტმა კი, უნდა იკისროს საკადრისი პასუხისმგებლობა, უყოყმანოდ გამოხატოს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ურყევი კეთილი ნება და სასამართლოს „დენაციფიკაციის“, რისი შინაარსიც 2012 წლამდელი სამარცხვინო დამღისგან მისი გათავისუფლებაა, რაც თავისთავად სასამართლოს წარმატებული რეფორმირების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს, მკაფიო პოლიტიკა უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბოს! ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან!