“თურქი მესხები” სამცხე-ჯავახეთის თურქეთთან შეერთებას ითხოვენ?!

“თურქი მესხები” სამცხე-ჯავახეთის თურქეთთან შეერთებას ითხოვენ?!

ჯავახეთში ჩამოსახლებული სომხებისგან სომხურის რეგიონალურ ენად გამოცხადებისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის პარალელურად, .. თურქი მესხების დაბრუნების საკითხიც გააქტიურდა _ არსებული ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებაზე ქვეყნის საგარეო უწყებას განცხადებით 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებულთა 5 ათასზე მეტმა შთამომავალმა მიმართა. საერთოდ, “თურქი მესხებისთემაზე ქართული საზოგადოება ერთობ ემოციურად რეაგირებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ რამდენიმე ათას ადამიანს, რომელმაც, სხვა თუ არაფერი, ქართულიც კი არ იცის, “ისტორიული სამშობლოსკენგულმა პატრიოტული მოტივით გამოუწია, ანუ არსებობს ეჭვი, რომთურქი მესხებისგარკვეული ნაწილის უკან რომელიმე უცხო ქვეყნის სპცესამსახური დგას დადიდი ჩამოსახლებისმიზანიც პროვოკაციაა. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ დეპორტირებულთა შთამომავლობის ერთი ფრთა სამცხე-ჯავახეთის თურქეთთან შეერთებისკენ ისწრაფვის. ყოველივე ამის ფონზე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ გვაიძულებს ევროსაბჭო, რომთურქი მესხებიმივიღოთ და, საერთოდ, რა როლს ასრულებენ ამ პროცესში რუსეთი და თურქეთი? _ “ქართული სიტყვაქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ქართველოლოგ ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც წლებია, ამ თემაზე მუშაობს.

_ ბატონო ტარიელ, რა ხდება, “თურქი მესხებიმოდიან?

_ მოდით, ჯერ ტერმინი დავაზუსტოთ, თუ რას ნიშნავს “თურქი მესხი”.

_ ევროსაბჭოს დადგენილებაში, თუ არ ვცდები, სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული...
_ ევროსაბჭოს ზოგ დოკუმენტში “Meskhetian population” წერია, რაც ქართულად “მესხეთის მოსახლეობას”, ან “მესხ მოსახლეობას” ნიშნავს, ზოგში კი გამოყენებულია ტერმინი _ “Meskhetian Turks”, ანუ “მესხეთის თურქები”. ეს ტერმინოლოგიური სიჭრელე კი იმის მანიშნებელია, რომ ამ საკითხზე სწორი ხედვა არაა ჩამოყალიბებული.

_ სინამდვილეში, ეს ხალხი ვინაა?

_ ეს თემა სამი წახნაგითაა განსახილველი: ვინ არის ეს ხალხი ისტორიულად, ვინ იყო გადასახლების დროს და ვინ არიან მისი შთამომავლები? ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა ისინი ისე გადაასახლეს, როგორც თურქები, ასეთი იარლიყი მათ დღემდე აქვთ.

_ სულ რამდენი ათასი გადაასახლეს?

_ 94 000, დაახლოებით 18 ათასი ოჯახი და აქედან, თუ არ ვცდები, 14 ათასი თურქად ეწერა, დანარჩენი _ აზერბაიჯანელად, თარაქამად, ქურთად.

_ თარაქამა რა ეროვნებაა?

_ ერთ-ერთი თურქული ტომია, დიალექტით უფრო აზერბაიჯანელებს გვანან, მაგრამ მათგან განსხვავებით სუნიტები არიან.

_ E.. თურქი მესხები მესხეთიდან, როგორც ვიცი, შუა აზიაში გადაასახლეს, არა?
_ დიახ.

_ გადასახლების საბაბი რა გახდა?

_ საბჭოთა საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, ეს პროთურქული საზოგადოება საზღვრისპირა რეგიონში არასანდო იყო და სწორედ ამიტომ, 1944 წელს ერთიანად აყარეს და გაასახლეს.

_ ოპერაციას ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა?

_ ოპერაცია სტალინის გარეშე არ დაიგეგმებოდა, თუმცა “პროექტს” უშუალოდ ბერია ხელმძღვანელობდა.

_ არასანდონი რატომ იყვნენ?

_ არ გამოირიცხება, რომ მეორე მსოფლიო ომის პროცესში საბჭოთა კავშირი ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განიხილავდა თურქეთთან დაპირისპირებას, ამ ხალხის გასახლებაც ამიტომ მოხდა. სხვათა შორის, იმხანად რამდენიმე ასეული ოჯახი აჭარიდანაც გაასახლეს.

_ მაჰმადიანი ქართველების ოჯახები?

_ არა, თურქად და ქურთად ჩაწერილები. შესაძლოა, ზოგი არასანდოდ მიჩნეული ქართველიც. ნიშანდობლივია, რომ აჭარიდან თუ სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული ასამდე ოჯახი მაშინვე შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ ქართველი იყო და, თუ არ ვცდები, 95 ოჯახი მალევე უკან დააბრუნეს.

_ მესხეთიდან გადასახლებულები, სინამდვილეში, რა ეროვნების ხალხი იყო?

_ ისტორიულად მესხეთის მოსახლეობა, როგორც წესი, ქართულენოვანი იყო, ანუ ეს ხალხი წარმოშობით ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ყველასთვის ცნობილია ისტორია, რომ სამხრეთ საქართველომ - ისტორიულმა მესხეთმა, არაერთხელ შეძლო ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღორძინება... გვქონდა მძიმე პერიოდებიც. ერთ-ერთი ასეთი იყო 1555 წელი. ამ წელს ქალაქ ამასიაში, რომელიც ასევე, ძველი ქართველური ტომების საცხოვრისი იყო, ოსმალეთმა და სპარსეთმა საქართველო გაინაწილეს. ოსმალეთის გავლენის ველში მოქცეულ საქართველოში ოსმალეთის იმპერია ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტებით ცდილობდა, სამუდამოდ დამკვიდრებულიყო ამ რეგიონში, ამიტომ სხვადასხვა ხერხით ცდილობდა მოსახლეობის გამუსლიმანებას. თავდაპირველად, ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა, თავადაზნაურობა გამუსლიმანდა. ხალხის ნაწილმა ჯერ ფორმალურად მიიღო მუსლიმანობა საგადასახადო შეღავათების გამო, მესხების მეორე ნაწილმა კათოლიკობა მიიღო, რადგან ოსმალეთი კათოლიკეებს არ დევნიდა. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ რეგიონში თურქული ტომების ჩამოსახლებაც დაიწყო...

_ მაშასადამე, ივანე მერაბიშვილის წინაპრები იძულებით გაკათოლიკდნენ?

_ ამ კონტექსტში არავის გენეტიკური კოდი არ მაინტერესებს, მაგრამ მესხეთის რამდენიმე სოფლის, მათ შორის, უდეს, არალისა და ვალეს მოსახლეობამ კათოლიკობის მიღებით თავი რომ გადაირჩინა და ქართული ენა შეინარჩუნა, ფაქტია. მოსახლეობის ერთი ნაწილი მართლმადიდებლად დარჩა...
მოკლედ, სამცხე-ჯავახეთის ქართველობის ნაწილი, სოციალური პირობების გამო, მუსლიმანი გახდა, ნაწილი _ კათოლიკე, რომელსაც “ფრანგები” ეწოდათ და ნაწილი მართლმადიდებლად დარჩა. 94-95 წლის წინ სამცხე-ჯავახეთში რელიგიური დაპირისპირება მოხდა, რასაც ხელს უწყობდნენ ინგლისის გარკვეულ წრეებთან დაკავშირებული იმდროინდელი ადგილობრივი ავანტიურისტი პოლიტიკოსებიც, მაგალითად, ქურთი იბრაჰიმ-ბეი ჯიჰანგიროღლი, ქართული წარმოშობის ომერ ფაიკ-ბეგ ყიფიანი და ოსმან სერვერ-ბეგ ათაბეკოვ-ქვაბლიანსკი. ესენი დაუპირისპირდნენ ქრისტიანობაზე ორიენტირებულ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ცდილობდნენ შეექმნათ მუსლიმანური რესბუბლიკა სამხრეთ საქართველოში, სახელწოდებით - სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ისლამურ-დემოკრატიული რესპუბლიკა... სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში მოხდა 1918-1919 წლებში მართლმადიდებელ მესხთა დარბევა სერვერ-ბეგის “ჩათნიკების” (პარტიზანების) მიერ. ამ ავანტიურის შემდეგ შეიქმნა მითი, რომ სამცხე-ჯავახეთში რელიგიური ომია, სინამდვილეში კი, მანამდე და მის მერეც, სხვადასხვა აღმსარებლობის ძმებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ კონტექსტში ერთ საინტერესო ცნობას გავიხსენებ: ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთის მცხოვრები, მუსლიმანი ქართველი, ვინმე შავქათ შაქრიძე სერვერ-ბეგის “ჩეთნიკებმა” აწამეს - ძელზე გასვეს - იმის გამო, რომ იგი საკუთარ ოჯახში ქრისტიან მეზობლებს იფარავდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს სერვერ-ბეგი ქემალისტი გახდა და 1923 წელს არტაანის მხრიდან აირჩიეს თურქეთის პარლამენტის წევრად.


_ საინტერესო ისტორიაა... ბატონო ტარიელ, 1944 წელს, როცა მესხეთიდან ამ ხალხის გასახლება მოხდა, რეგიონში სომხები ცხოვრობდნენ?

_ რა თქმა უნდა. ჯავახეთში სომხები პასკევიჩმა 1829 წელს ჩამოასახლა.
_ ერთი სიტყვით, თუკი 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული ასი ათასი ადამიანი ისტორიულად ქართველი იყო, ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესოპერაციაუფრო შორს მიმავალი პროვოკაცია იყო, რომ იქაურობა მთლიანად სომხებს აეთვისებინათ და რეგიონი მუდმივადშენელებული ნაღმიყოფილიყო?
_ საინტერესო მოსაზრებაა... 1944 წელს, როგორც არქივებშია დაფიქსირებული, საბჭოთა მუშაკებმა მესხეთის სოფლები ჩამოიარეს და ხალხს ეროვნებას ეკითხებოდნენ. ადამიანების ეროვნული თუ ეთნიკური იდენტობა განათლებაზეა დამოკიდებული. არაიშვიათად, აკადემიური სამეცნიერო ინფორმაციის უქონლობაა ამ კუთხით დეზორიენტირების საფუძველი. ამ პერიოდში არა მხოლოდ ამ ხალხს, ბევრს არ ჰქონდა ინფორმაცია საკუთარი იდენტობის შესახებ. მეტიც, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, მათ აზერბაიჯანული სკოლები გაუხსნეს. სხვათა შორის, აჭარა ქართულმა სკოლებმა იხსნა: აქ ილია ჭავჭავაძის დროიდან მოყოლებული, ქართულ სკოლებზე იყო ორიენტირება. ბუნებრივია, ამას ადგილობრივმა მოღვაწეებმაც შეუწყვეს ხელი, მაგალითად, ჰაიდარ, ზია და მემედ აბაშიძეებმა, ხასან თხილაიშვილმა, ბეჟანიძეებმა, ხიმშიაშვილებმა.. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ ბაბუაჩემის მამის მამის ოჯახში გაიხსნა ზემო აჭარაში ერთ-ერთი პირველი ქართული სკოლა... სწორედ ქართული თუ არაქართული სკოლები აღმოჩნდა ის კალაპოტი, რომელმაც აჭარლებში, მართლმადიდებელ და კათოლიკე მესხებში ქართველობა გააძლიერა, მუსლიმან მოსახლეობაში კი დათრგუნა... ეს, რა თქმა უნდა, იყო საბჭოთა იმპერიის შორსმიმავალი დივერსია საქართველოს წინააღმდეგ.

_ ესე იგი, გადასახლება დიდი ხნის დაგეგმილი იყო. აქედან გამომდინარე, ბატონო ტარიელ, ჩემს ზემოხსენებულ ვერსიას, მგონი, არსებობის უფლება აქვს...
_ ეს “პროექტი”, რა თქმა უნდა, დიდხანს მზადდებოდა... არ გამოვრიცხავ, საბჭოთა იმპერიის მესვეურებს, რომლებმაც საქართველოში რამდენიმე ავტონომია შექმნეს, ასეთი მზაკვრობა ჩაეფიქრებინათ. საერთოდ, თურქებთან მძიმე ისტორიის გამო, სომხები კავკასიაში რუსების დასაყრდენად იქცნენ. ასევე, ინგუშებთან დაპირისპირებული ოსებიც კავკასიაში რუსების დასაყრდენად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, არ გამოირიცხება, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს ისტორიულ ცენტრალურ ნაწილში - სამცხე-ჯავახეთში - უფრო საიმედოდ მიიჩნევდა სომხების გაბატონებას.

_ სამცხე-ჯავახეთში .. სომხური პროვოკაციები 1944 წლამდე, ანუდიდ გასახლებამდეცეწყობოდა?

_ 1829 წელს პასკევიჩმა საქართველოში ოსმალეთიდან გამოყრილი სომხები ჩამოასახლა. მართალია, რუსეთის იმპერიას ჩვენთვის არ უკითხავს, ეს გვინდოდა თუ არა, მაგრამ ლტოლვილები კეთილმეზობლურად მივიღეთ და ვუპატრონეთ... დაპირისპირებები მე-20 საუკუნეში დაიწყო, რასაც ხელს, ცხადია, საბჭოთა იმპერია უწყობდა. სხვათა შორის, შეიძლებოდა, რომ 1944 წელს გასახლებულთათვის ქართული სული და ცნობიერება აეღორძინებინათ, მაგრამ ამ გადასახლებით მათში ყველაფერი ქართული საბოლოოდ ჩაკლეს!
_ თუკი ეს ადამიანები თავს ქართველებად არ თვლიდნენ, მაშინ საჭირო რატომ გახდა, რომ ერთ ღამეში გაესახლებინათ? საბჭოთა ბელადებს რომ შეეთავაზებინათ, მუსულმანურ ქვეყანაში წადით საცხოვრებლადო, ეგებ, დასთანხმებოდნენ?
_ თავისი ნებით საკუთარი სახლიდან ვინ წავა? ცნობილი მუჰაჯირობაც ომის პროცესს მოჰყვა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, რომ ისტორიული ქართული მიწები ქართველების გარეშე იყოს. ასე რომ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქრისტიანი იყო თუ მაჰმადიანი, რუსეთის იმპერიის მესვეურნი იმპერიისთვის სანდო მოსახლეობად არ თვლის ქართველს და ურჩევნია, რეგიონში უფრო სანდო მოსახლეობა გააბატონოს...

_ ერთი სიტყვით, ბატონო ტარიელ, ჩვენი საუბარი იქითკენ მიდის, რომ მესხეთიდან რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის გასახლება რუსული პროვოკაცია იყო და ეს არც მიკვირს, რადგან სხვისი არ ვიცი და, ჩემთვის რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ოკუპანტია. აქედან გამომდინარე, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში გასახლებულთა შთამომავლების საქართველოში დაბრუნებაზე კრემლი უნდა აქტიურობდეს, რამეთუ ამით ახალცხელ წერტილსგაგვიჩენს, თუმცა რეალობა სხვანაირია _ მესხეთიდან გასახლებულთა რეპატრიაციას ევროპა გვაიძულებს. რა ხდება?

_ ეს სულ სხვა რეალობაა... საერთაშორისო სამართალს აინტერესებს დეპორტირებულთა რეპატრიაცია, დეპორტაცია ფაქტია, საქართველოს მიერ ზერელედ გააზრებული და ნაჩქარევად აღებული ვალდებულებაც ფაქტია, იმპერიის მიზანიც ნათელია... ამ სიტუაციაში უნდა მოინახოს საქართველოსთვის არადამანგრეველი გამოსავალი. აღსანიშნავია, რომ დეპორტირებულთა შთამომავლობის უმრავლესობაში ქართველური ცნობიერება, ენა, მეხსიერება სრულიად წაშლილია...

_ ჩვენში დარჩეს და, ეს ხალხი ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი რომ ყოფილიყო, ფერეიდნელების მსგავსად, ქართულ ლაპარაკს მაინც არ დაივიწყებდა...
_ ფერეიდანში სამასი წლის წინ გადასახლებული, დაახლოებით, ორასი ათასი ქართველიდან ქართული ენა მხოლოდ მათ შეინარჩუნეს, რომლებიც იზოლირებულად მთებში ცხოვრობდნენ. მაზანდარაში მცხოვრებ ქართველებს კი ქართული ენა დაავიწყდათ, თუმცა, მათ ნაწილს ახსოვს, რომ ქართველი იყო, ზოგი დღეს ცდილობს, ისწავლოს დედაენა. მე მყავს ერთი სტუდენტი - ხოსრო-გიორგი. ის ინტენსიურად სწავლობს ქართულს - დიდებული ადამიანია, ამავე დროს... რაც შეეხება მესხეთიდან დეპორტირებულ მოსახლეობას: 1944 წელს, გადასახლების მომენტში, ქართული ენა ყველა გადასახლებულმა ოჯახმა იცოდა, მაგრამ მუსლიმანობის გამო, თავს ქართველად არ თვლიდა, რამდენადაც ამ რეგიონის მოსახლეობისთვის მართლმადიდებელი ასოცირდებოდა ქართველთან, კათოლიკე - ფრანგთან, მუსლიმანი - თურქთან. ეს კი, გაუნათლებლობის შედეგი იყო... იმპერიათა მიერ დაგეგმილი დეზორიენტირება, შეტევა დასაპყრობი ხალხის ცნობიერებაზე და გაუნათლებლობა იქცა ამ საზოგადოების ტრაგედიის მიზეზად.

_ ყველაფერი ეს გავიგე, მაგრამ ევროსაბჭო არაქართული ცნობიერების ხალხის დაბრუნებას რატომ ლობირებს?

_ 1999 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ ვალდებულება აიღო მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის დაბრუნებაზე. ხელისუფლებამ სპეციალისტებთან კონსულტაციების, ზოგადად, საკითხის შესწავლის გარეშე აიღო ეს პროვოცირებული ვალდებულება. ისე, მგონია, რომ ევროსაბჭოსაც ამ საკითხში არაკომპეტენტური ექსპერტები ჰყავდა. ევროსაბჭოს ექსპერტებს “გამორჩათ” ის ფაქტი, რომ საქართველოს არ გაუსახლებია ეს მოსახლეობა. ევროსაბჭომ პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთს უნდა მოსთხოვოს ამ ტანჯული მოსახლეობის უზრუნველყოფა სათანადო საარსებო პირობებით.

_ ეგებ, საქმე გაცილებით რთულადაა? მოდით, შეთქმულების თეორია მოვიშველიოთ _ იქნებ, ევროსაბჭოს ექსპერტები გარკვეულწილად კრემლისგან იმართებიან?
_ ამაზე დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელსაც გამოძიება სჭირდება. მე მეცნიერი ვარ და არა – გამომძიებელი. ვერსიის დონეზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რუსეთისთვის ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე ამგვარი ვალდებულების აღება ან ხელისუფლების უვიცობაა, ან დაგეგმილ პროვოკაციაში გახვევა.

_ ბატონო ტარიელ, თქვენი, როგორც მეცნიერის აზრით, ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ?
_ ამაზე მკაფიო მოსაზრება მაქვს: ის ხალხი, ვინც გაასახლეს, ცნობიერად და კულტურულად აბსოლუტურად სხვა იყო, მათი შთამომავლობის უმრავლესობა კი, თავისი მრწამსით, ცნობიერებით და მოთხოვნებით - აბსოლუტურად სხვაა. კერძოდ, ამ ადამიანების ნაწილი თურქობს და თურქეთთან შეერთებას ითხოვს, ნაწილი კი, გარუსებულია და ქართველების მიმართ არცთუ კარგი განწყობა აქვს, რადგან თვლის, რომ მისი წინაპრები ქართველებმა გაასახლეს. ამ მოსაზრებას ხელს ისიც უწყობს, რომ სტალინი გენეტიკურად ქართველი იყო, თუმცა, მას ქართული ცნობიერება არ ჰქონდა. გადასახლებულთა შთამომავლობის ძალიან მცირე ნაწილს ახსოვს ქართველობა _ ქართველობს, ქართული გვარიც დაიბრუნა და ენაც ისწავლა. როდესაც გასახლებულთა ჩამოსახლების საკითხი დგას, ყველასთვის გასაგებია, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ არის და რუსეთის იმპერიის მიერ განწირულთ უკან ვეღარ დავაბრუნებთ. მათ მემკვიდრეთა თუ შთამომავალთა დაბრუნებაზე როცაა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ამჟამინდელი პრობლემები: იმავე იმპერიისგან 500 000 ახალი დეპორტირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის მხარიდან, გასათვალისწინებელია, ასევე, 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლების რეალური ინტერესი: მათ დიდ ნაწილს ურჩევნია, რუსეთის იმპერიამ მისცეს კომპენსაცია და ისინი საცხოვრებლად უფრო კომფორტულ ადგილებს აირჩევენ, ვიდრე ეკონომიკურად მძიმე დღეში მყოფი საქართველოა, მით უმეტეს, მათ არ იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და გაუჭირდებათ აქ ადაპტაცია. ვისაც ეს სურს, მას კი ხელი უნდა შევუწყოთ, ოღონდ საქართველოს პირველი რიგის ამოცანების მოგვარების შემდეგ, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების სრულად აღდგენა.

_ მათი დაბრუნება დღის წესრიგში უკვე დგას _ სხვა თუ არაფერი, ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულება გვაქვს აღებული.

_ ეს ვალდებულება ზერელე განსჯის შედეგია. გარდა ამისა, სხვადასხვა ცნობებით დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლები დღეს ნახევარ მილიონს შეადგენს. აქედან, ძალიან ბევრი რუსეთსა და აშშ-ში ცხოვრობს, ასევე, _ თურქეთსა და აზერბაიჯანშიც. საქართველში დაბრუნების სურვილი კი, როგორც ვიცი, 5 800 ოჯახმა, ანუ მაქსიმუმ, ათი ათასმა ადამიანმა გამოთქვა. მოკლედ, ნახევარმილიონიანი მასის შემოდინების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ვიდრე, თუნდაც, ათი ათასი ადამიანი დაბრუნდება, ბევრი რამ უნდა დაზუსტდეს.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ის, რომ ადამიანმა, რომელიც საქართველოში ბრუნდება, მინიმუმ, საქართველოს სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს, ანუ მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ენის ცოდნასა და კიდევ სხვა კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს. საგულისხმოა, რომ მსოფლიოში არავის აქვს აღებული ვალდებულება, რომ ნახევარ მილიონ დევნილს აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში დააბრუნებს და, საერთოდ, თუ დაბრუნებაზეა ლაპარაკი, მაშინ მოდით, დაბრუნება თავიდან დავიწყოთ და შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ ქართველთა შთამომავლები დავაბრუნოთ! მიმაჩნია, რომ პირველი რიგის ამოცანაა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იმპერიის მიერ გამოდევნილი ქართველებისა და საქართველოს ერთიანობის მომხრე აფხაზთა და ოსთა დაბრუნება. ევროსაბჭო და, საერთოდ, მსოფლიო, იმაში დაგვეხმაროს, რომ ჯერ ეს უსახლკაროდ მიტოვებული ახალდეპორტირებული მოსახლეობა  დავაბრუნოთ! მერე ჩვენ სხვებსაც მივხედავთ.

_ ბატონო ტარიელ, საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს რამე ბერკეტი, რომ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ამ ვალდებულების ანულირება მოახდინოს?
_ სამწუხაროდ, 1944 წელს დეპორტირებულთა პრობლემა საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად იქცა. დღეს გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას და ნებისმიერი გადაწყვეტილება მეცნიერულად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ არ განმეორდეს შეცდომები. ჩვენ სამუდამოდ არ უნდა დავკარგოთ არც დეპორტირებული ქართველები და არც სამხრეთ საქართველოში ახალი ცხელი კერა არ უნდა შევიქმნათ... ამიტომ თუკი ახალი ხელისუფლება ვალდებულებისა და რეკომენდაციების დოკუმენტებში არსებულ უზუსტობებს კარგად გააანალიზებს, შეუძლია, დაბრუნების პროცესი გადაავადოს და საქართველოს საზიანოდ არ წარმართოს ეს პროცესი...

_ გადავადება სადამდე შეგვიძლია?

_ ჩამოსახლების ვადა ათი წლის წინ ამოიწურა, ანუ კონკრეტული თარიღი არაა დათქმული. მოკლედ, ხელისუფლებას ვთხოვ, რომ პირველ რიგში, ტერმინოლოგიური წინააღმდეგობები დაძლიოს...

_ ბატონო ტარიელ, წეღან ბრძანეთ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ენის ცოდნაზე უნდა გადიოდესო. ერთი შეხედვით, სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ ქართულის სწავლა დიდი პრობლემა არაა, ანუ ხომ შეიძლება, იმ ხუთი თუ ექვსი ათასი ოჯახიდან, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, გარკვეული ნაწილი სპეცსამსახურისგან იყოსდავერბოვკებული”, შესაბამისად, ქართული ენაც იცოდეს და ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს თუ არა, პროვოკაცია მოაწყოს?

_ სპეცსამსახურის თანამშრომელი ვიღაც აუცილებლად იქნება, ალბათ თბილისშიც და პოლიტიკოსების წრეშიც არის ვინმე სხვა ქვეყნის აგენტი. ცალკეული პირები არ არიან საშიშნი, მთავარია, უმართავი პროცესების საფუძველი ხელოვნურად არ შეიქმნას...

  _ მესმის, რომ გადასახლებულთა დიდი მასის დაბრუნება საქართველოს ინტერესში არ შედის, მაგრამ ვერ გავიგე ვის ინტერესშია _ რუსეთის, ევროსაბჭოს თუ რომელიმე სხვა ძალის?

_ საქართველოს უპირველესი ინტერესია, რომ დაბრუნდნენ რუსეთის იმპერიის აქტიური ხელშეწყობით აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დეპორტირებული ქართველები და საქართველოს სხვა მოქალაქენი.

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ მიკითხავს... კონკრეტულად მიპასუხეთ: გადასახლებულთა დაბრუნება რუსეთის ინტერესშია, ევროსაბჭოსი თუ რომელიმე სხვა ძალის?

_ შეიძლება, თურქეთისა თუ სხვა მუსლიმანური ქვეყნების გარკვეული წრეების ინტერესშიცაა... სხვათა შორის, არსებობს ზოგიერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთის, ევროსაბჭოსა და აშშ-ის ექსპერტებს ერთნაირი პოზიცია აქვთ.

_ რუსები გადასახლებულთა დაბრუნებას ემხრობიან?

_ არაიშვიათად, მესხეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლების მიერ შექმნილი  როგორც თურქულენოვანი, ასევე, რუსულენოვანი ვებგვერდებიდან საქართველოს წინააღმდეგ ერთნაირი აგრესია მოდის. მათ “ემოციას” ოდნავადაც ვერ აკომპენსირებს დეპორტირებულთა შთამომავლების მცირერიცხოვანი ქართულენოვანი ვებგვერდების პროქართული განწყობა...

_ თეორიულად რომ ვთქვათ, გადასახლებულთა შთამომავლებს საქართველოში რა პროვოკაციების მოწყობა შეუძლიათ? შეიძლება, “ჯავახკისმსგავსი ორგანიზაცია შექმნან და რეგიონალური ენის საკითხი წამოსწიონ?

_ რა თქმა უნდა, თუკი ისინი ისე დაბრუნდებიან, როგორც თურქები ან რუსულენოვანი საზოგადოება... სხვათა შორის, სამტრედიაში, სოფელ იანეთში, დაახლოებით 20 წლის წინ, ჩამოსახლდნენ დეპორტირებულთა შთამომავლები. მათთან დიდხანს ვმუშაობდი. აკადემიური განათლების წყალობით ახალი თაობის წარმომადგენლები დიდებული ქართველები არიან. ამ სოფლის მოსახლეობის შესახებ პატარა წიგნიც დავწერე _ “მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა” (2005)... თუმცა, 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლების დიდი ნაწილი თავს თურქებად თვლის და ამბობს, მესხეთი თურქეთს უნდა შეუერთდესო. მოკლედ, ამ პრობლემას საქართველომ გლობალურად მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიხედოს, როცა ქვეყნის დეოკუპაცია მოხდება და ბოლო დეპორტირებულები სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნდებიან.

_ ისე, ვერ გავიგე, დეპორტირებულთა აშშ-ში მცხოვრებ შთამომავლებს საქართველოში ჩამოსახლების სურვილი, თუკი რამე მისია არ აქვთ, რატომ უნდა გაუჩნდეთ...

_ ვერ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას, მართლაც უნდა, წინაპრების მიწაზე დაბრუნდეს. ნახევარი მილიონიდან საქართველოში ბრუნდება 5 800 ოჯახი, ამათგან ზოგი ალბათ გულწრფელად ქართველობს, ან წინაპრების პატივისცემით მოდის, თუმცა, არ გამოირიცხება, რომ ვიღაც სპეცდავალებით მოდის, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს რთული პროცესია და ამჟამინდელ საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა, მოუაროს ამ პრობლემას, მით უმეტეს, უფრო პრიორიტეტულია ახალი დევნილების დაბრუნება და ამაში უნდა დაგვეხმაროს ევროსაბჭო, თუ მას გულწრფელად უნდა რუსეთის იმპერიის მიერ განადგურებული მრავალსაუკუნოვანი საქართველოს სახელმწიფოს რეალურად აღორძინება.

_ ბატონო ტარიელ, რასაც ახლა გკითხავთ, პირდაპირ დეპორტირებულებს არ ეხება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მარნეულსა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სხვა რაიონებში, გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს თურქეთისა და ირანის სპეცსამსახურები ებრძვიან... ისე, როგორც ვიცი, საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ისეთი პრეტენზიები არასოდეს ჰქონიათ, როგორც სომხებს აქვთ, არა?

_ კავკასიაში  გასაბატონებლად მუდამ დიდი ომი ჰქონდათ ჯერ ბიზანტიასა და ირანს, შემდეგ ოსმალეთსა და საქართველოს. დღეს ამ დაპირისპირებაში ჩართულნი არიან რუსეთიც, ამერიკაც... ირან-თურქეთის ოპოზიცია მუდამ იქნება ჩვენს გარშემო... ვფიქრობ, დღეს საქართველოსთვის უფრო დიდი საფრთხე სხვაა, ვიდრე ირან-თურქეთის დაპირისპირება კავკასიაში... ამაზე კი არავინ ლაპარაკობს.

_ რას გულისხმობთ?

_ საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის მფლობელობის კონტექსტში საქართველო აგებს საინფორმაციო ომს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ, თანამედროვე ენციკლოპედიებსა თუ საინფორმაციო პორტალებში ქართველად არ მიიჩნევა ქართველთა ნახევარზე მეტი და საქართველოს ისტორიულ მოსახლეობად მიიჩნევიან სხვები... შესაბამისია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებიც. ამ ყოველივეს ერთ-ერთი წახნაგია საქართველოში თურქების ავტოქთონობის თემა, კერძოდ, ე.წ. თურქი მესხების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ავტოქთონი, ანუ ძირძველი მოსახლეობაა თურქები და ამის დასამტკიცებლად ტერმინ “ბუნ თურქს” იშველიებს, რომელიც “ქართლის ცხოვრებაშია” ნახსენები.

_ “ბუნ თურქი” რას ნიშნავს?

_ “ქართლის ცხოვრებაში” “ბუნ-თურქი” არაქრისტიანი მოსახლეობის ეპითეტადაა გამოყენებული და არა - ავტოქთონი თურქების აღსანიშნავად. ეს ვრცელი თემაა. მოკლედ, ვიღაცას უნდა, რომ საქართველოში თურქები მოსულებად კი არა, ავტოქტონებად გამოაცხადოს! ასევე ხდება სხვა მიგრანტი ეთნოსების მიმართ. პარალელურად, ქართველთა ნაწილი არაქართველებად ცხადდება და გვთავაზობენ, ისინი მცირე ერებად ვაღიაროთ, მათი ენები კი, _ მცირე ერების ენებად... მოკლედ, ქართველი ერისა და საქართველოს დანაწევრების თეორიული საფუძვლები მომზადებულია, განხორციელებულია საინფორმაციო “დაბომბვაც”...

_ ეს ვისგანაა ორგანიზებული, ან ასეთი სურვილი რატომ აქვს?

_ საქართველო გეოპოლიტიკურად ყველა დიდ მოთამაშეს აინტერესებს... გარდა ამისა, საქართველო მილიარდნახევარი მუსულმანისა და ამდენივე ქრისტიანის საზღვარზეა, ანუ დიდი გეოპოლიტიკური დაჯახების ობიექტია...

_ მაინც, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 1944 წელს დეპორტირებულებზე?

_ დეპორტირებულებზე ყველა პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, მათი განსახლების ხარჯების ჩათვლით. საბჭოთა კავშირისგან ატომური ენერგია და ინფრასტრუქტურა სწორედ რუსეთმა მიიღო, ამიტომ, ვალდებულია, ამ ხალხს კომპენსაცია მისცეს, ვთქვათ, თითო ადამიანს _ ნახევარი მილიონი და მერე, ეს ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, სახლი საქართველოში იყიდოს, აშშ-სა თუ თურქეთში. საქართველოს დეოკუპაციის შემდეგ, შესაძლებელია დეპორტირებულთა შთამომავლების ნაწილის აქ დაბრუნებაც, ოღონდ მათი განსახლების ხარჯებიც რუსეთმა უნდა გაიღოს...

_ მოკლედ, დეპორტირებულთა შთამომავლები მასობრივად თუკი დაბრუნდებიან, შეიძლება, საქართველოში ახალი ავტონომია გაჩნდეს?

_ დიდი იმპერიები ხალხების ტრაგედიებით საზრდოობენ. ჩვენ მუდამ თავს ვიცავდით... თუკი ამჟამინდელი თუ მომავალი ხელისუფლებები ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტებს სწორად არ განსაზღვრავენ, შეიძლება, ახალი ავტონომიის შექმნაზე უარესიც მოხდეს _ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ჯერ დაანაწევრონ კონფედერაციულ თუ ფედერაციულ კონგლომერანტად _ თვითმმართველ რეგიონებად, ბოლოს კი, საერთოდ გააქრონ ასპარეზიდან!