ტერიტორიული მთლიანობის აღდგების დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, გაასაჯაროა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვასილ სიხარულიძის, წერილი, რომელშიც ის 2006 წლის 1 ივნისს მეთიუ ბრაიზასთან (იმ პერიოდში ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე) გამართული შეხვედრის დეტალებს აღწერდა. ,,ბრაიზამ განაცხადა, რომ მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 15 ივნისს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც აშშ, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. ეს ავნებს არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, არამედ უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, ჩართონ საქართველო ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში. მეთიუ ბრაიზას რჩევით, კარგი იქნება, თუ რეზოლუცია გვერდს აუვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს გალის რაიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტის განლაგების აუცილებლობაზე გაეროს ეგიდით. ბრაიზას თქმით, საქართველომ უნდა მისცეს შანსი მეგობართა ჯგუფს, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე გაეროს მეშვეობით», _ წერდა სიხარულიძე იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილს. საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ამ წერილის გასაჯაროება?
მარში უფსკრულისკენ
ერთი შეხედვით, ამ წერილში კრიმინალური არაფერია; მართალია, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ რჩევა არ შეისმინა, მაგრამ ვინაიდან საქმე არ ეხება ისეთ დრამატულ გადაწყვეტილებას, როგორიცაა ომის დაწყება, არამედ მხოლოდ საპარლამენტო რეზოლუციას, ზოგმა ეს გზავნილი შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალოს. მაგრამ თუ მას 2006 წლის სხვა მოვლენებთან ერთად განვიხილავთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეპიზოდია (და პერიოდია), ერთგვარი გზაგასაყარი აგვისტოს კატასტროფისკენ მიმავალ გზაზე.
2006 წლის მოვლენების ქრონოლოგიის დაკვირვებამ შეიძლება დაახლოებით ისეთი განცდა გაგვიჩინოს, რომელიც ბევრ მკითხველს ბარბარა ტაკმანის შესანიშნავი ნაწარმოების «აგვისტოს ზარბაზნების» (სხვათა შორის, პრეზიდენტ კენედის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო) კითხვისას უჩნდება და დააფიქროს იმაზე, თუ როდის გახდა ომი გარდაუვალი. ტაკმანის ზოგიერთი მკითხველი მიიჩნევს, რომ I მსოფლიო ომის არდაშვება შესაძლებელი მას შემდეგაც კი იყო, რაც სარაევოში ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მოკლეს, სხვები კი პირიქით, ფრიად ფატალისტურად თვლიან, რომ ომი გარდაუვალი წლებით, თუ არა ათწლეულებით, ადრე გახდა. ერთნიც და მეორენიც კითხულობენ ამ წიგნს და მონუსხულებივით აკვირდებიან იმას, თუ როგორ იშლება მათ თვალწინ საბედისწერო მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომს და განხილულ საკითხს, დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ 2006-ში უფსკრულისკენ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, ალბათ, ისიც აშკარაა, რომ შეჩერება შესაძლებელი იყო.
2006 წლის ოფიციალური განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონისა და თბილისის ხედვა კონფლიქტების გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტემპთან დაკავშირებით ერთმანეთს განუხრელად შორდება. მეთიუ ბრაიზას რჩევის იგნორირება საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით უნიკალურ შემთხვევას ნამდვილად არ წარმოადგენდა. იმავე წლის 9 თებერვალს, აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში ჯული ფინლიმ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, «სიფრთხილით მოეკიდოს შერეული სამშვიდობო ძალების ეფექტურობის საკითხის გადაწყვეტას... თხოვნამ სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე მათი ჩანაცვლების გარეშე შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს». 15 თებერვალს კი პარლამეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაავალა მთავრობას «აამოქედოს პროცედურები... სოჭის 1992 წლის 24 იანვრის შეთანხმების გადახედვის, აგრეთვე, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ეფექტიანი საერთაშორისო ოპერაციით ჩანაცვლების მიზნით». უცხოელმა პარტნიორებმა ეს დადგენილება ერთობ ნერვულად აღიქვეს და დესტაბილიზაციის საფრთხე დაინახეს. მომდევნო დღეს, 16 თებერვალს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ დე გუხტმა (იმ პერიოდში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე) საქართველოს მთავრობას პარლამენტის დადგენილების «გააზრებული პასუხის გაცემისკენ» და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
მარტის ბოლოს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა. 20 აპრილს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ცნობილი განცხადება რუსეთში «ფეკალური მასების» გაყიდვის თაობაზე. მაისის დასაწყისში რუსული ბაზარი ქართული მინერალური წყლებისთვისაც დაიხურა. 11 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებას ნატოში ინტეგრაციის შესახებ, 26 მაისს თბილისში «ოკუპაციის მუზეუმი» გაიხსნა. 1 ივნისს საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეს ორი რუსული სამთო ბრიგადის ფორმირება დაიწყო. ზოგადად, წლის პირველ ნახევარში დაძაბულობამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში აშკარად მოიმატა, ხოლო ფსიქოლოგიური ფონი დამძიმდა. 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა პუტინისა და სააკაშვილის რთული და უნაყოფო შეხვედრა, რომლის ერთადერთ პოზიტიურ შედეგად ექსპერტებმა ორ ლიდერს შორის პირადი კონტაქტის აღდგენა დაასახელეს. 23 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: «ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო მისიების შესრულებას აშკარა პროვოკაციების მიუხედავად». 18 ივლისს საქართველოს პარლამენტი აკეთებს იმას, რისგანაც თავის შეკავებას, ვასილ სიხარულიძის წერილის თანახმად, მეთიუ ბრაიზა ურჩევს და თავისი დადგენილებით ავალებს მთავრობას, «დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ე. წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისთვის». ამ დადგენილების შემდეგ ესკალაციის ტემპი მატულობს. მომდევნო დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერები მსოფლიო საზოგადოებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისა და «საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტული გეგმების აღკვეთის» თხოვნით მიმართავენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რომლის გამართვა 21-22 ივლისს დსთ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა. მოსკოვი ამ შეხვედრის გამართვაზე უარს ამბობს. 22 ივლისს ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში აკეთებს განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ, მომდევნო დღეებში ტარდება ოპერაცია და ხეობაში ქართული ქვედანაყოფები შედიან. კრემლი მათ დაუყონებლივ გაყვანას მოითხოვს.
დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, სააკაშვილს რიტორიკა შეარბილებინონ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების, თქმით, გაეროში 2006 წლის 22 სექტემბრის გამოსვლის წინ სააკაშვილზე განხორციელდა საერთაშორისო ზეწოლა, რათა ის ზომიერი ყოფილიყო და რუსი სამშვიდობოების გაყვანის კონკრეტული ვადები არ დაესახელებინა. ვადები მართლაც არ დასახელებულა, თუმცა იმ გამოსვლაში კონფრონტაციული რიტორიკა დომინირებდა. 27 სექტემბერს სააკაშვილმა კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შენობა გახსნა, ამავე დღეს თბილისში 4 რუსი ოფიცერი და 11 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, დაიწყო ცნობილი «ჯაშუშების სკანდალი». 3 ოქტომბერს რუსეთმა საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა შეწყვიტა. მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა დაიწყო საბუთების მასიური შემოწმება და რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია, სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დადგენილება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე. დაძაბულობის პიკზე, 13 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ქართულ მხარეს მოუწოდა, არ დაუშვას კოდორის ხეობაში იმ ძალების ყოფნა, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმება არ ითვალისწინებს, «თავი შეიკავოს საომარი რიტორიკისგან და პროვოკაციული ქმედებებისგან, განსაკუთრებით კოდორის ხეობის ზედა ნაწილში», აგრეთვე, დაადასტურა სამშვიდობო ძალების «მნიშვნელოვანი როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში» და მათ მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამ, კრემლისთვის სასურველი რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა მწვავე დებატები აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ბოლო მომენტში, კონდოლიზა რაისისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხერხდა.
პროკურორებო ყველა ქვეყნისა...
აშკარაა, რომ 2006 წელს დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ომთან კიდევ უფრო მიგვაახლოვა. ამასთანავე, ნათლად ჩანს (ეს 2006-ში განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება), რომ დასავლელი პარტნიორები (იხ. ფინლის, ბრაიზას, სემნების განცხადებები) ცდილობენ, შეაკავონ სააკაშვილი, ის კი არ უჯერებს (ან მხოლოდ ნაწილობრივ უჯერებს) და კონფრონტაციის გაღრმავებაზე მიდის. აქ შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს კითხვა: აგულიანებდა მას ვინმე დასავლეთში, თუ ის უბრალოდ კლინიკური იდიოტი გახლდათ, რომელიც მიდიოდა დაპირისპირებაზე ბირთვულ ზესახელმწიფოსთან, მაშინ, როდესაც ამერიკული გარანტიები არ ჰქონდა?
«რუსებს წამოსცდათ რამდენიმეჯერ, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ, ეს მათ წამოსცდათ», _ აღტკინებით უმტკიცებდა მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს 2007 წლის 4 დეკემბერს. ძნელი სათქმელია, ვინ იყვნენ ის მითიური რუსები, რომლებმაც სააკაშვილი პატარა ბავშვივით მოატყუეს, რეალურად არსებობდნენ ისინი, თუ მისი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდნენ, ერთი კი ფაქტია: ფიგურანტს მსგავსი რამ ამერიკელებზე არ უთქვამს, თუმცა ამავე დროს, არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დაჟინებით ირწმუნება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო მომენტამდე ამერიკელების ქმედითი დახმარების იმედი ჰქონდა და ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, ეფუძნებოდა ეს რწმენა რაიმე კონკრეტულ დაპირებას თუ კოლექტიური ფსიქოზის შედეგად იშვა.
საერთოდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს სააკაშვილისთვის პირდაპირი ტექსტით, არაოფიციალურ ფორმატშიც კი ეთქვა: «შედი ცხინვალში, რუსებს ჩვენ მოვუვლით», მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ იყო რაღაც ორაზროვანი ფრაზები, რომლებიც სააკაშვილმა «სათავისოდ» გაშიფრა. რა ამოძრავებდა სააკაშვილს, როდესაც ქვეყანას ომისკენ მიაქანებდა? ეს კითხვა ახლო მომავალში შეიძლება ძალიან აქტუალური გახდეს.
საქმე ისაა, რომ სიხარულიძის წერილის გასაჯაროებიდან მეორე დღეს, 30 მარტს, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში განაცხადა: «ორიოდე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდნენ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ჯეროვანი გამოძიების წარმოებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია. აქამდე წინა ხელისუფლება ეწეოდა ე.წ. რეზინის გაწელვის პოლიტიკას, ანუ გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისთვის და 4 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ იყო დამდგარი. ჩვენ წინაშე იყო კონკრეტული საკითხი დასმული, კერძოდ: აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება, ჯეროვნად შეაფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გასცეს პასუხი კითხვას: ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა თავმჯდომარემ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ ეს საკითხი იქნება გამოძიებული ობიექტურად. ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი და შევუდგეთ გამოძიებას. ეს თემა ვარაუდის დონეზე არ გამორიცხავს ვინმეს და მათ შორის პრეზიდენტის დაკითხვასაც». ამ გადაცემაში კბილაშვილმა სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე სხვა ეპიზოდთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუმცა ომის თემა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული გამოდგეს. ცხადია, 2008 წლის მოვლენების გამოძიება სააკაშვილის დაკითხვის გარეშე წარმოუდგენელია და არ არსებობს გარანტია, რომ შეშინებული, კუთხეში მიმწყვდეული სააკაშვილი რაღაც მომენტში არ დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ის 2008-ში ჯორჯ ბუშმა, დიკ ჩეინიმ და კონდოლიზა რაისმა შეაცდინეს; არავინ იცის, რა მიმართულებით წაიყვანს მას მისი უცნაური ლოგიკა და საფირმო მენტალური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, სიმართლე იქნება ეს თუ სიცრუე, ასეთი ტიპის განცხადებას დიდი სკანდალი მოჰყვება.
განტევების კაცი
არსებითად, ვოლსკის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის მოკლე შინაარსი, თანმდევი მოვლენების გათვალისწინებით, ერთ ფრაზამდე დაიყვანება: «ამერიკელები ურჩევდნენ სააკაშვილს, გაჩერებულიყო, მაგრამ მან არ დაუჯერა». სიხარულიძის წერილი ქვეყნდება იმ მომენტში, როდესაც მთავარი პროკურორი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი შეიძლება ომთან დაკავშირებით დაიკითხოს და ამას სავსებით კონკრეტული და ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (ეს უკანასკნელი მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია), ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის მოთხოვნით ხსნის. ზოგმა (მათ შორის სავარაუდო ადრესატებმა) შეიძლება გაშიფროს ეს, როგორც მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ ამერიკელების სამშვიდობო როლი აგვისტოს ომის წინარე პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება და ქართული გამოძიება ამ მიმართულებით «ქექვას» არ დაიწყებს.
საერთოდ, ქვეყნის ახალი მმართველების მიერ ძველი ხელისუფლების დოკუმენტების გასაჯაროება კარგ ტონად მაინც და მაინც არ ითვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევ ტროცკიმ 1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა და «ვიკილიქსზე» გაცილებით მასშტაბური სკანდალი მოაწყო. განსაკუთრებით მტკივნეული უცხო სახელმწიფოებისთვის, კერძოდ ინგლისისა და საფრანგეთისთვის, საიქს-პიკოს საიდუმლო ხელშეკრულების გამოქვეყნება გამოდგა, რომელიც ომის შემდეგ ოსმალეთის გაყოფის საკითხებს არეგულირებდა. ამის შემდეგ მსგავსი რამ ძალიან იშვიათად, გაცილებით მცირე მასშტაბით, ძირითადად «მესამე სამყაროს» ქვეყნებში ხდებოდა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთია «გაჟონვა», დოკუმენტის გასაჯაროება ფორმალურად დამოუკიდებელი პიროვნების ან მედიასაშუალების მიერ და სულ სხვაა, როდესაც ის სააშკარაოზე მმართველი ძალის წარმომადგენელს გამოაქვს. ასეთი რამ, იდეაში, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, როდესაც ხელისუფლების პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ ამის გაკეთება ჩვეულებრივი საშუალებებით და პირდაპირი ტექსტით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ არ განვიხილავთ ვოლსკის ნაბიჯს ერთ კონტექსტში კბილაშვილის განცხადებასთან, ამ და სხვა ბოლოდროინდელი მოვლენებისა და განცახადებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მაინც მივალთ დასკვნამდე, რომ
ა) ხელისუფლება მართლაც გეგმავს 2008 წლის მოვლენების გამოძიებას;
ბ) ის არ აპირებს ძია სემს ამ პროცესში საიმიჯო ან რაიმე სხვა, თუნდაც მცირე უსიამოვნება შეუქმნას. ალბათ, იგულისხმება, რომ ნებისმიერი ოფიციალური ვერსიის ფარგლებში ამერიკელები 100%-იან მშვიდობისმყოფელებად წარმოჩინდებიან, რომლებიც, მათი რომანტიკული გულუბრყვილობიდან გამომდინარე, ცბიერმა სააკაშვილმა მოატყუა.
ცხადია, ამ მყიფე ვარაუდებზე დაყრდნობით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორმა მხარემ მიღწია პრინციპულ შეთანხმებას სააკაშვილის (და მისი მომავლის) ხარჯზე და საერთოდ, მიზანშეწონილი არაა «შეთანხმების» დარქმევა იმისთვის, რასაც არ ამბობენ, არ წერენ, არამედ მხოლოდ გულისხმობენ მდუმარე კონსენსუსის ფარგლებში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები აქვს, რაც სრულად, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ გააცნობიერა. მისთვის, სავარაუდოდ, არც ისე სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პირველი პროკურორი ლუის მორენო ოკამპო, რომელმაც მშობლიურ არგენტინაში სახელი ხუნტის (გენერალი ვიდელა და სხვები) სასამართლო პროცესზე გაითქვა, შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობს: «სასურველია, მაღალი თანამდებობის პირებიდან დავიწყოთ». მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, უდანაშაულობის პრეზუმპცია სააკაშვილზეც ვრცელდება, განაჩენი გამოტანილი არ არის, მეტიც, იურიდიული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მას 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით არ სდებენ ბრალს სამშობლოს ღალატში (საქართველოში) და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში (ჰააგაში), საუბარი მხოლოდ დაკითხვას და სიმართლის დადგენას ეხება.
დღეს, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით უახლესი წარსულის მატიანეს, ვხედავთ იმ საბედისწერო, უკანმოუხედავ მარშს ეროვნული კატასტროფისკენ და ვცდილობთ იმის დადგენას, თუ როდის გახდა ომი გარდაუვალი, ალბათ, იმაზე დაფიქრებაც მოგვიწევს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. იმედია, ჯგუფი, რომლის შექმნა პროკურატურაში იგეგმება, გამოძიებას ობიექტურად წარმართავს და ქართული საზოგადოება (ნაწილობრივ მაინც) გაიგებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში.