"ნაცმოძრაობა "სომეხას" ცოცხალს არ დატოვებს"

ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით 2011 წელს გაასამართლეს. მას 8 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა წლისა და ექვსი თვის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. თორნიკე მოლაშვილი, რომელიც რვა თვის განმავლობაში გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ უსასტიკეს პირობებზე გვესაუბრება:

- გლდანის მე-8 დაწესებულებაში ისეთი სისასტიკე მძვინვარებდა, მხოლოდ 30-35 პროცენტი იყო შანსი, ციხიდან ცოცხალი გამოსულიყავი. პატიმარს არ ჰქონდა საწოლზე წამოწოლის უფლება, სიგარეტი მხოლოდ საპირფარეშოში უნდა მოეწია, ოფიცერს ან კონტროლიორს რადიოს მოსმენისას რომ შეესწრო, კარცერში კი არა, შესაძლოა, საავადმყოფოშიც მოხვედრილიყო. ცემა-წამებაზე აღარაფერს ვამბობ. ციხის აბანოში სისხლის სუნი ტრიალებდა, თავისებური მეტალის სუნი. პატიმრებს, ძირითადად, აბანოში აწამებდნენ, რადგან იქ ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული. ვის ნეკნებს უმტვრევდნენ და ვის - ხერხემალს. გარდა ამისა, ეწეოდნენ სიკვდილის ექსპორტს - დაღუპული პატიმარი გადაჰყავდათ სხვა საავადმყოფოში და მეორე ან მესამე დღეს აფორმებდნენ გარდაცვალებას, ასეთი პატიმარი ციხისთვის რომ არ მიეწერათ...

- ბევრი გვსმენია ვინმე "სომეხაზე", ვინ იყო და რას საქმიანობდა ეს ადამიანი?
- მორგში ჰყავდათ ჯალათი პატიმარი (ჩვენი ინფორმაციით, რუბენ მიქაელიანი - ნ.ფ.) მეტსახელად "სომეხა". გაგახსენებთ ციხის ბუნტის ამბებს, როცა მან 7 გვამი დაამახინჯა. "სომეხა" მიცვალებულებს ორგანოებს უღებდა და ისე სერავდა თუ ჩეხდა, ვეღარავინ გაარკვევდა, რით იყო დაღუპული. გვამი, რომელიც პროზექტურიდან გადიოდა, თავის ქალით დაწყებული, მუცლის ღრუთი დამთავრებული, ჩვრებით ან თივით იყო გამოტენილი. მიცვალებულებს აღარც ერთი ორგანო აღარ ჰქონდათ, ტვინის ჩათვლით. ამას "სომეხა" ციხის ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შეკვეთით აკეთებდა ცემის კვალის დასაფარავად, რადგან ვის ღვიძლი ჰქონდა გახეთქილი, ვის თირკმელები გათიშული...

- ამას ჭირისუფლები ვერ ხვდებოდნენ თუ ხმას ვერ იღებდნენ?
- ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, ასეთი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. როგორც ვიცი, "სომეხა" პედოფილიის მუხლით იყო გასამართლებული და შემდეგ სააკაშვილმა შეიწყალა, თუმცა თვე-ნახევარში ისევ დააბრუნეს ციხეში.

- კი მაგრამ, მისი გარეთ ყოფნა ვის აძლევდა ხელს?
- ჰოდა, ამიტომაც შეაბრუნეს ციხეში თვე-ნახევარში. ფაქტია, ამ ადამიანს ციხეში აკეთებინებდნენ საზიზღრობებს იმის სანაცვლოდ, რომ შედარებით უკეთეს პირობებში ყოფილიყო - საკანში არ მჯდარიყო 24 საათის განმავლობაში, ესეირნა და ფანჯარაში ეცქირა.

- როგორ გამოიყურება "სომეხა"?
- ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, უფრო საცოდავი ტიპი, რომელიც თვალებს აცეცებს და არ იცის, რა გააკეთოს ცხოვრებაში. ცხადია, ნაცმოძრაობა მას, როგორც მოწმეს, ცოცხალს არ დატოვებს. ჩემი ვარაუდით, "სომეხას" რაღაც უნდა დამართონ, ვინაიდან ეგ რომ ციხიდან გამოვა, პროკურატურასთან ითანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, ნაცმოს ხელს არ უნდა აძლევდეს "სომეხას" გათავისუფლება, მან ხომ ბევრი რამ იცის?!

- ზოგიერთმა ისიც თქვა, პატიმარს წამებისას თავის არეში ურტყამდნენ, ორგანოები რომ არ დაზიანებოდაო. როგორ ფიქრობთ, ორგანოებით ვაჭრობდნენ?
- ამაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არ მაქვს რეალური მტკიცებულება. დანარჩენზე, შემედავოს, ვისაც სურს...
და კიდევ - აღსანიშნავია ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის რამდენჯერმე სტუმრობა ციხეში. გაგანია ზაფხულში მინისტრის მოსვლამდე 2 საათით ადრე დაგვახურინეს საკნის ფანჯრები და აგვიკრძალეს მასთან მიახლოება. ქალბატონი კალმახელიძე დაახლოებით საათ-ნახევარი დასეირნობდა ეზოში და მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ მოგვცეს უფლება, გაგვეღო ფანჯრები. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ
პატიმრების ხმას ქალბატონი ხათუნას მყუდროება არ დაერღვია. მე ისიც ვიცი, რომ მან ვითომ ისადილა ციხის სასადილოში, ტელევიზიის კამერების წინ.

- რას ნიშნავს, ვითომ?
- იტალიური კერძები მიუტანეს, ის მიირთვა და არა ციხის სადილი. ქალბატონ ნანა კაკაბაძის თხოვნით, სამი-ოთხი პოლიტპატიმარი შევედით და გადავიღეთ დაწესებულების სასადილო, რა პირობებში ამზადებდნენ იქ სადილს - კერძში ტარაკნები ცვიოდა, ქვაბები იატაკზე იდო და ვირთხები დარბოდნენ. კალმახელიძე იყო კი მინისტრი და იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში?! ევროპელები რომ შემოვიდნენ საპყრობილეში და ნახეს, კაციშვილის ხმა არ ისმოდა, მაშინვე მიხვდნენ, რაც ხდებოდა. არც ერთ ევროპულ და ამერიკულ ციხეში არ ხდება, რომ პატიმარმა ხმა არ ამოიღოს, მით უმეტეს, როცა დამკვირვებელი შედის. ამათ კი ისე ჰყავდათ დაშინებული პატიმრები, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები შემოდიოდნენ და ხმას ვერ იღებდნენ, ფანჯარასთანაც არ მიდიოდნენ. ხმის ამოღება იქ სიკვდილის ტოლფასი იყო, სულ ცოტა, ინვალიდი დარჩებოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

- ამას წინათ მთავარმა პროკურორმა განაცხადა, სავარაუდოდ, 700-მდე პატიმარია მოკლულიო.
- ვერ დავეთანხმები მთავარ პროკურორს. ეს რიცხვი გაცილებით მეტია. თუ გახსოვთ, ხათუნა კალმახელიძის კომენტარი - გლდანის დაწესებულებაში 5.500 პატიმარი ზის და 5.500 ადამიანი ერთი დიდი სოფელია, რა გიკვირთ, სოფელში არ კვდება თვეში ერთხელ ვინმეო? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ციხეში ვიჯექი, კვირაში 4-5 კატაფალკი შემოდიოდა. თქვენ რომ ციხის ჭიშკართან ორი კვირა დამდგარიყავით, სულ ცოტა, 10-12 გვამს დაითვლიდით კატაფალკით გაყვანილს. იმ ხელისუფლებას ისე ჰყავდა ციხის თანამშრომლები გათამამებული, ზედმეტ სიტყვას ვერავინ გაუბედავდა, საყვედურის მსგავსი რომ ეთქვათ, არ დაინდობდნენ. "საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა", "აბანოში ფეხი აუსრიალდა და კისერი მოიტეხა" - აი, ასეთ აბსურდულ დასკვნებს გასცემდნენ.

- ბატონო თორნიკე, თქვენ როგორ გეპყრობოდნენ?
- ჩემზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ. მთავაზობდნენ, ღამის 3 საათზე დამერეკა ჩემს ძმასთან, სულხანთან და მეთქვა, სარჩელი გამოეტანა სტრასბურის სასამართლოდან, სანაცვლოდ, დილის 10 საათზე სასამართლო დაინიშნებოდა და 11 საათზე უკვე შინ, ცოლ-შვილთან ვიქნებოდი, 1.200 ლარად გამიფორმებდნენ საპროცესოს. მეუბნებოდნენ, დაურეკე და საჩივარს გამოიტანს თუ არა, შენი პრობლემა აღარ არის, ოღონდ, ამ საუბარს პროკურატურის წარმომადგენელი უნდა დაესწროსო.

ჩვენთან იჯდა საფრანგეთის მოქალაქე, შავკანიანი პატიმარი. ხომ არსებობს გამოთქმა, "რა შავკანიანივით გამასამართლესო". ეს შავკანიანი სასამართლოზე აიყვანეს და რომ ჩამოვიდა, გაოცებულმა თქვა, რა ქართველივით გამასამართლესო. ჩვენთან ხომ ყველაზე სასტიკად ქართველებს ეპყრობიან!

- პროკურატურაში თუ შეიტანეთ განცხადება?
- საქმე უკვე გავასაჩივრე პროკურატურაში. ჩემი და ბეჟან გუნავას საქმე იდენტურია, მას მოუხსნეს ბრალი, ჩემზე კი არავინ არაფერს ამბობს.