თავდაცვის მინისტრმა 60-მდე კითხვას უპასუხა

თავდაცვის მინისტრმა 60-მდე კითხვას უპასუხა

სოჭის ოლიმპიადის წინ შესაძლო ტერორისტული საფრთხეების პრევენციისთვის საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარომადგენლებთან ერთად მუშაობა უნდა შეძლოს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ღია მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანია 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების თემასაც გამოეხმაურა, სამინისტროში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც გასცა პასუხი და სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების თემაზეც ისაუბრა.

საკადრო პოლიტიკა, საერთაშორისო ოპერაციებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის სამომავლო ფორმები და შესაძლებლობები, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები - ამ საკითხების გარშემო დასმულ კითხვებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ირაკლი ასალანიამ ისაუბრა გასულ კვირაში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ბატალიონის დონეზე ჩატარებული წვრთნების შესახებ, რომელიც ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი შტაბის მიერ იმართებოდა, და განაცხადა, რომ მომავალში წვრთნები ბრიგადის დონეზე ჩატარდება და არ არის გამორიცხული მსგავს წვრთნებში ჩაერთოს რეგიონის ორი ქვეყანაც - აზერბაიჯანი და თურქეთი:

”განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს სამმხრივი ფორმატები დიალოგის და ერთობლივი საშტაბო წვრთნებიც გვაქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუკი გაფართოვდება გეოგრაფია მონაწილეების, ეს, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას შეეხება”.

ამასთან, საერთაშორისო ოპერაციებში ქართული მხარის მონაწილეობის თაობაზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს ცნობილი გახდება ნატოს ავღანური მანდატისა და თვითორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწვეტილება, როგორ ჩაერთოს ქართული მხარე ამ ოპერაციაში. ამასთან, ირაკლი ალასანიას თქმით, ჯერჯერობით კვლავ არ არის ცნობილი ინფორმაცია მალის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ევროკავშირის მიერ მოწერილ წერილზე მხოლოდ პოლიტიკური ნებაა გამოხატული:

”ერთადერთი საერთაშორისო თვალები და ერთადერთი საერთაშორისო ბარიერი არსებობს ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომლებიც მოქმედებენ და, შეიძლება ითქვას, შეკავების ფაქტორის მატარებლები არიან საერთაშორისო კუთხით ოკუპაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მადლიერების განცდა გვაქვს ევროკავშირის მიმართ და ამ კუთხითაც სწორია ეს გადაწყვეტილება, ამასთან ერთად, თვითონ ევროკავშირმა მოგვცეს წარმოდგენა, სად სჭირდებათ ქართული ელემენტები”.

თავის მხრივ, საქართველო ევროკავშირს ამ პროცესში გამნაღმველებთან ერთად შტაბის ოფიცრის ჩართვასაც შესთავაზებს.

შიდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ ისაუბრა წინა ხელისუფლების პირობებში სამინისტროდან ძირითადად პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის თაობაზე და დასძინა, რომ შესაბამისმა კომისიამ მუშაობა თითქმის დაასრულა. 4 ათასზე მეტი განცხადებიდან 300-მდეა დარჩენილი, აღდგენილია 1100 თანამშრომელი, თუმცა კომისია განაგრძობს ყველა მიმართვის გადასინჯვას. მინისტრის განცხადებით, თანამშრომელთა აღდგენა საშტატო ერთეულის გაზრდის ხარჯზე არ განხორციელებულა.

ირაკლი ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს სამხედრო მრეწველობის თემას შეეხებოდა. მინისტრის სიტყვებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საწარმო ”დელტას” მიერ შექმნილი სამხედრო ტექნიკის ჯავშნის გამოცდა, შემდეგ დაიგეგმება ჯავშანტრანსპორტიორების საცეცხლე გამოცდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ამ პროექტს:

”ამის შემდეგ, რენტაბელობიდან, იმ თანხებიდან გამომდინარე, რასაც ეს ტექნიკა ითხოვს, მიღებული გვექნება გადაწყვეტილება, ბაზარზე - როგორც ჩვენს შიდა ბაზარზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს გარე ბაზარზე - გატანის შესაძლებლობიდან გამომდინარე, გავაგრძელებთ ამ პროგრამას თუ არა”.

ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის შესახებ საუბრისას თავდაცვის მინისტრი შეეხო სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით შესაძლო ტერორისტულ რისკებს. ირაკლი ალასანიას სიტყვებით, სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალური დანიშნულების რაზმების ერთობლივი წვრთნებიც იგეგმება. ამასთან, ანტიტერორისტულ ოპერაციებში შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელთა ჩართვაც:

”თვენ იცით, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, არსებობს ასევე ინციდენტების პრევენციის ფორმატი. ჟენევის ფორმატთან ერთად, რომელიც ადგილობრივ დონეზე სამართალდამცავთა ურთიერთობას არეგულირებს, ეს რესური ამ კუთხით შეიძლება იყოს გამოყენებული და მე ვთვლი, რომ ყველა საფრთხეს თან ახლავს შესაძლებლობების, ახალი შესაძლებლობების გაჩენა. ურთიერთობების გაღრმავებას ვგულისხმობ აფხაზურ და ოსურ მხარესთან”.

დაბოლოს, 26 მაისთან - დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებულ ღონისძიებებზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტიც იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად გაიმართება ღონისძიებები და უხელმძღვანელებს თუ არა მას ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი:

”26 მაისს ნახავთ, კარგი ღონისძიებები იგეგმება, სერიოზული. არ იქნება მხოლოდ სამხედრო კომპონენტი და მთელი საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე და სამხედრო კომპონენტი, როგორც წესი და რიგია, ისე ჩატარდება. აქ სხვა აზრი არ შეიძლება იყოს”.

თუმცა, მცირე რეპლიკის სახით, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, სად იქნება 26 მაისს პრეზიდენტი.