"ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია"

"კრიტიკა კადრების თაობაზე გადაჭარბებულად მიმაჩნია"

"ჩემი მოადგილეები - დავით მჭედლიშვილი და შოთა რეხვიაშვილი მართლაც ჩემი თანაკურსელები არიან"

"პროკურატურისა და შსს-ს იმ პირთა ბრალი იკვეთება, რომელთაც ევალებოდათ ეს ფირი საქმეში ჩაედოთ"

"შევქმენით სპეციალური ჯგუფი, რომელიც პროკურორების უკანონო ქმედებებს შეისწავლის"

გასულ კვირას მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ვესტუმრეთ და ის კითხვები დავუსვით, რომლებიც გახმაურებული საქმეების გახსნის მოლოდინს და ყოფილ თანამდებობის პირთა დაუსჯელობით გამოწვეულ იმედგაცრუებას, ასევე, საკადრო პოლიტიკაზე გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხება. რომელი საქმეების გახსნაა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში და რა დაფარული პროცესები მიმდინარეობს პროკურატურის კულუარებში? გთავაზობთ არჩილ კბილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

- პარლამენტმა პოლიტიკური აქტი გამოსცა და 200-მდე კაცი პოლიტპატიმრად აღიარა. საზოგადოებას აინტერესებს, რატომ არ ისჯებიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომელთა დამსახურებით ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად იქცნენ?
- საზოგადოება შესაძლოა არა მხოლოდ ამ 200 პოლიტპატიმრის საქმეში მონაწილე პროკურორითა თუ მოსამართლით არის უკმაყოფილო. მათი რიცხვი, რომელთა წინააღმდეგაც ხშირად უსამართლო განაჩენი გამოჰქონდათ, გაცილებით მეტია. ამიტომ, თუ ამ პრობლემას გლობალურად განვიხილავთ, მხოლოდ პოლიტპატიმრებზე ვერ ვისაუბრებთ. აღმოჩნდება, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს პრეტენზია აქვს პროკურატურის ცალკეულ მუშაკებთან და მიაჩნია, რომ ისინი წარსულში ისეთ მოთხოვნებს ასრულებდნენ, რაც შეუთავსებელი იყო პროკურატურის საქმიანობასთან. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების პარალელურად, მოქალაქეები ფულს იხდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში, ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფო ორგანიზაციებს და ამას სწორედ პროკურორების მოთხოვნით აკეთებდნენ. ამიტომ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია 11 პროკურორი და მათ აქვთ მხოლოდ ერთი ფუნქცია - შეისწავლონ სხვა პროკურორების უკანონო ქმედებები. ეს ფუნქცია აქამდე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჰქონდა, თუმცა იქ მხოლოდ სამი გამომძიებელი მუშაობდა. ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს იმ საჩივრების შესწავლა, სადაც მოქალაქეები პროკურორებს არაკანონიერ ქმედებებში ამხელენ.

- ე. ი. უახლოეს მომავალში ყოფილი პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
- თავდაპირველად დადგინდება, თუ რა სახის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, სისხლისსამართლებრივ თუ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე და თითოეულის საქმეს მხოლოდ ამის მიხედვით მივუდგებით.

საერთოდ, არსებობს ორი მიდგომა: პირველის მიხედვით, ყველა ძველი პროკურორი უნდა გაგვეთავისუფლებინა, მეორის მიხედვით კი - არც ერთი. მეორე მიდგომის არსი ის არის, რომ ძველი პროკურორებიც სისტემის მსხვერპლი არიან და ამაში არის რაციონალური მარცვალი, რადგანაც რეალურად, საშუალო და ქვედა დონის პროკურორი თუ მოქალაქეს სთხოვდა დამატებით თანხის გადახდას, ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ვიღაც "ზემოდან" ავალებდა. ამიტომ სამართლიანია, რომ საჩივრების მიხედვით ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და მხოლოდ მასზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მაგალითად, ბახუტოვის საქმეზე (კაცი მკვლელობისთვის გაასამართლეს, "მოკლული" კი მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა) ერთ-ერთი პროკურორი უკვე მივეცით პასუხისგებაში.

- 200 პოლიტპატიმარი მხოლოდ პოლიტიკური აქტით არ კმაყოფილდება და საქმეების ხელახლა გადახედვას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს.
- ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლის თანახმადაც, მათი საქმეები შეიძლება გადაისინჯოს და ამას მათი რეაბილიტაცია მოჰყვეს. ამისთვის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა ამოქმედდეს, რასაც სამართლებრივი საფუძველი, ე.ი. კანონის მიღება სჭირდება. ასე რომ, პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი მსჯავრდადებულები ამას უნდა დაელოდონ.

- ცნობილია, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნეთ და დააწინაურეთ ზურაბ ადეიშვილის დროინდელი კადრები. პროკურორები, რომლებიც თვითონ ასრულებდნენ სხვადასხვა დაკვეთას და მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?
- სწორედ ამიტომ შევქმენით 11-კაციანი ჯგუფი, რომელიც ახალდანიშნული პროკურორებისგან შედგება. ამ ჯგუფში სტაჟირებაგავლილი ახალგაზრდები არიან. ამჟამად, თუ არ ვცდები, 15-მდე საქმე აქვთ წარმოებაში და დაველოდოთ მათ პასუხს.

- ზურაბ ადეიშვილის დროინდელი კადრების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა და კიდევ უფრო დაწინაურება, რით არის განპირობებული? მაგალითად, შიდა ქართლის საოლქო პროკურორის პოსტი კახა ლაითაძემ დაიკავა, რომელიც ადეიშვილის დროს შიდა ქართლის პროკურორის მოადგილე იყო, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლაშა ლეთოდიანი დაინიშნა, რომელიც ადეიშვილის დროს საგამოძიებო ნაწილს კურირებდა. კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება. ისინი თავიანთ გამოძიებულ საქმეებს როგორ გამოასწორებენ?
- ეს პირები, ვინც თქვენ დაასახელეთ, პროფესიონალები არიან. ასე რომ, თქვენ შეიძლება პრეტენზია გქონდეთ არა პროფესიონალიზმთან, არამედ სხვა რამესთან. მინდა დაგამშვიდოთ, ეს თანამდებობის პირები ნამდვილად არ გადახედავენ თავიანთ წარმოებულ საქმეებს, ამას სხვები გააკეთებენ.

- ბატონო არჩილ, იმასაც ამბობენ, რომ ბევრი თანაკურსელი თუ ჯგუფელი მოიყვანეთ პროკურატურაში.
- ჩემი მოადგილეები - დავით მჭედლიშვილი და შოთა რეხვიაშვილი მართლაც ჩემი თანაკურსელები არიან. დავით კოჭლამაზაშვილიც ჩემი თანაკურსელია, ის სიღნაღის პროკურორია 2008 წლიდან და დღემდე მუშაობს ამ თანამდებობაზე. ზაქრო დარჩიაშვილი ქალაქ რუსთავის მერიც იყო და ადრეც მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში. ამ საკითხზე მინდა ასეთი განმარტება გავაკეთო - თითოეულ მათგანს 24 წელიწადია ვიცნობ და შემიძლია მათ პატიოსნებასა და პროფესიონალიზმზე თავი დავდო.

პროფესიონალი კადრები ციდან არ ცვივა, ძნელი მოსანახია ისეთი ადამიანი, რომელიც სისტემაში არ მუშაობდა და თან სისტემისთვის გამოსადეგია.

- მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენმა მოადგილეებმა - დავით მჭედლიშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა გავლენის სფეროები ვერ გაინაწილეს და მათი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა?
- არა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

- კულუარული ინფორმაციით, თქვენს სამუშაო ოთახში დაიკარგა ორი მნიშვნელოვანი ფაილი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ჩანაწერები ინახებოდა. ამბობენ, რომ ამ ამბავს თქვენი თანაშემწე შეეწირა.
- ვერც ამ ინფორმაციას დაგიდასტურებთ.…

- მაგრამ თანაშემწე ხომ შეცვალეთ?
- დიახ, თანაშემწე შევცვალე. საერთოდ, თანაშემწე ვერ დარჩება თანამდებობაზე, თუ მასთან ნდობის ფაქტორი არ გაკავშირებს. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, როცა ძველ თანაშემწეს ათავისუფლებ და ახალს ნიშნავ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილმა უნგრეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. იმასაც კი ამბობენ, რომ ადეიშვილი ახლა უნგრეთის იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.
- ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რაც დაზუსტებული არ არის.

- ხშირად ხდება, რომ პროკურატურა საქმეს გახსნილად აცხადებს, რისი საფუძველიც ამა თუ იმ პირის ჩვენება ხდება, მოგვიანებით კი ის ჩვენებას ცვლის. ასე იყო ბუტა რობაქიძის საქმეზეც. ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, საბოტაჟს გიწყობენ და თქვენი საგამოძიებო მოქმედებები საგანგებოდ შეჰყავთ ჩიხში, თუ კადრების პროფესიონალიზმია საეჭვო?
- მიჭირს კონკრეტულ მოტივზე საუბარი, თუ რა მოტივით ცვლიან ჩვენებებს და ვინ რა მიზანს ისახავს.

ცხადია, თუ პირი ჩვენებას ცვლის იმის გამო, რომ რაღაც შეეშალა, რაღაც არ ახსოვდა და გაიხსენა, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ადამიანურ ფაქტორთან, რაც კანონით არ ისჯება. მაგრამ თუ ის შეგნებულად ცვლის ჩვენებას, ეს უკვე დასჯადია. რობაქიძის საქმეზე ჩვენების შეცვლის გამო პასუხისგებაში რამდენიმე პირი მივეცით, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მათ შეგნებულად შეცვალეს ჩვენება.

- ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ბუტა რობაქიძის დაკავებისა და მკვლელობის ამსახველი კადრები დამონტაჟებულია. ფირი სად არის, პროკურატურაში ვინმეს (ძველ თანამშრომლებს) თუ უნახავს?
- საქმეც ის არის, რომ ფირი, რომლის ხანგრძლივობა ათი წუთი და ერთი წამია, პროკურატურასა და გამოძიებას ისეთი გზით არ უნდა მიეღო, როგორითაც ის წარმოდგენილ იქნა. ბუტა რობაქიძის მკვლელობა 2004 წელს მოხდა, ფირი კი 8 წლის შემდეგ მივიღეთ ამ სახით. ისმის კითხვა, სად იყო ეს ფირი აქამდე და რატომ არ ჩადეს ის თავის დროზე საქმეში? ჩვენ ვთვლით, რომ პროკურატურისა და შსს-ს იმ წარმომადგენელთა ბრალი იკვეთება, რომელთაც ევალებოდათ, ეს ფირი საქმეში ჩაედოთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ეს ფირი სრულყოფილი სახით ჰქონდათ, შეიძლება ის დღესაც არსებობს, მაგრამ საქმეში არ დევს.…

- ბუტა რობაქიძის საქმეზე დაჰკითხეთ თუ არა მეტად საინტერესო მოწმე ზურაბ ბაქრაძე, ყოფილი კრიმინალური პოლიციის უფროსი. ის "კვირის პალიტრასთან" საუბრისას დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩაუდეს იარაღი დაკავებულებს მანქანაში.
- როგორც ვიცი, ზურაბ ბაქრაძე საქართველოში არ არის, უკრაინიდან იძლევა ინტერვიუებს. ამიტომ საქმეში მისი ჩვენება არ დევს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი გამომძიებელი მას საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით სკაიპით ან ტელეფონით ესაუბრა.

- სანდრო გირგვლიანის საქმეზე რას გვეტყვით? სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს სთხოვდა სრულყოფილ ფირს, რომელზეც უნდა ყოფილიყო ასახული შსს-ს მაღალჩინოსანთა მანქანების სვლა ოქროყანის სასაფლაოსკენ. ხომ არ იცით, სად არის ფირი?
- ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია, თუმცა, ვცდილობთ მოვიპოვოთ. გირგვლიანის საქმე პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ერთი ეხება იმის გამოძიებას, რაც სანდროს გარდაცვალებამდე იყო, კერძოდ, რა ხდებოდა ბარში, როგორ წაიყვანეს და ა.შ. მეორე კი გარდაცვალების შემდგომ პერიოდს. ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, დაწყებული იმით, თუ როგორ მიდიოდა საგამოძიებო მოქმედებები შსს-სა და პროკურატურაში და დამთავრებული გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებით; ასევე, როგორ ცხოვრობდნენ ციხეში და როგორ შეიწყალა ისინი პრეზიდენტმა. საქმეში ძალიან ბევრი საგულისხმო უკანონო ქმედება ვლინდება. ეს შემიძლია ვთქვა იმ ნაწილზე, რაც გამოძიებულია და მალე საზოგადოება ამ საკითხზე დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებს.

- თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი მერაბ ბაღათურია საინტერესო განცხადებებს აკეთებს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მასაც ხომ არ მოუცია ჩვენება?
- ამ საქმის ასპექტებზე ამჯერად ვერ ვისაუბრებ. როცა გამოძიება დასრულდება, ბევრი რამ გახდება ცნობილი.

- ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა თქვენი კომენტარი, რომელიც თენგიზ გუნავას საქმეს ეხებოდა. თქვენ აცხადებთ: "იმის გამო, რომ პროცედურები დაირღვა, თენგიზ გუნავას ბრალს ვერ ვუმტკიცებთ, მისთვის იარაღი და ნარკოტიკი არ ჩაუდვიათ, ჰქონდა. ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში დროის აცდენამ გამოიწვია ის, რომ თენგიზ გუნავას ახლა ბრალი ვერ უმტკიცდება". თუკი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით გუნავას დანაშაული არ მტკიცდება, მაშინ პროკურორი რის საფუძველზე აცხადებს, რომ მას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა?
- შესაძლებელია მოხდეს მკვლელობა და ყაჩაღობა, მაგრამ თუ ის დოკუმენტით სამართლებრივად არ არის გაფორმებული, სასამართლო ვერ იტყვის, რომ მოხდა დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანიც არის მოკლული და ბინაც გაძარცული. ასევეა, გუნავას შემთხვევაშიც - მას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა, მაგრამ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით ეს არ დასტურდება(!). ე. ი. იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, გუნავას იარაღი არ ჰქონდა.

- ბატონო არჩილ, თუკი გუნავას იურიდიულ ენაზე იარაღი არ ჰქონდა, თქვენ, როგორც იურისტი და მთავარი პროკურორი, აცხადებთ, რომ მას იარაღი ჰქონდა თუ ვერსიებზე დაყრდნობით გვესაუბრებით?
- თქვენი შეკითხვა ამ შემთხვევაში სწორია და თუ ამას მეკითხებით, როგორც იურისტს, მაშინ ვამბობ, რომ გუნავას არ დაუდასტურდა იარაღისა და ნარკოტიკის ქონა. მაგრამ თუ მეკითხებით, არსებობდა თუ არა ასეთი ფაქტი, გეტყვით, რომ არსებობდა.…

- ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ ექსთავდაცვის მინისტრი დაკავებულია სასაცილო ბრალდებებით - ვაშლის გათლის და დამუქრების გამო, იმისთვის, რომ ჯარისკაცებს სიცივეში ავარჯიშებდა. ნუთუ უფრო არგუმენტირებული სამხილები ვერ შეგროვდა? თქვენ ტელეეთერში განაცხადეთ, რომ ახალაიას ხელდასხმული მაღალჩინოსნები ცოლის გაუპატიურების მუქარით აწერინებდნენ დაკავებულებს აღიარებას. ისიც თქვით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები იკვეთება.
- დაკავებულს ბრალი წარედგინება მას შემდეგ, რაც გამოძიებით დადგინდება ყველაფერი. სხვათა შირის, როცა ციხის ბუნტის საქმე გავხსენით, ახალაიას პატიმრებთან არასათანადო მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში წავუყენეთ ბრალი. საერთოდ, ციხეების საქმეზე 2000- ზე მეტი პატიმარი დავკითხეთ. ათეულობით პირს ასახელებენ, ვინც პატიმართა ცემასა და წამებაში მონაწილეობდნენ.

ჩვენ ვსწავლობთ თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობის მთელ 8-წლიან მონაკვეთსაც და ბევრი კითხვა გვაქვს იარაღის შეძენაზე, თანხების გადარიცხვებსა და დანაკლისებზე.

ბუნებრივია, ეს კითხვები ახალაიას თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდსაც ეხება. ამიტომ, ვიდრე ყველაფერი გამოძიებით არ დადგინდება, ვერ დავაანონსებთ, დაუმძიმდება თუ არა ბაჩო ახალაიას ბრალი.

- გასულ კვირას აჭარის შსს-ს სამმართველოს უფროსსა და საია-ს წარმომადგენელს შორის მომხდარი ინციდენტი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. შსს-ს ვიდეოჩანაწერში არ ჩანდა ფიზიკური დაპირისპირების კადრები, თუმცა სხვა ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ეს თვალსაჩინოა. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ასეთი სხვაობა?
- ამ საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს, მას ევალება იმ საქმის გამოძიება, რომელიც მის თანამშრომელს ეხება. ამიტომ მე შეფასებისგან თავს შევიკავებ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული კობა ოთანაძე მოითხოვდა, მთავარმა პროკურორმა დამკითხოსო. ის იხსენებდა, გივი თარგამაძემ როგორ დაუხვრიტა ტყვიით ხელები. გივი თარგამაძემ მართლაც ჩაიდინა ეს?
- თუ ასეთი განცხადება იყო და რეაგირება არ არის, მაშინ პროკურატურაში ერთგვარ გადატვირთულობას აქვს ადგილი, რის გამოც ასეთ განცხადებებზე ვერ ვახდენთ ჯეროვან რეაგირებას.

- ზურაბ ჟვანიას საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- საინტერესო სიახლეებია. გამოძიება საკმაოდ რთული ფაზიდან არის დაწყებული, თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოძიებამ მონახა ხელმოსაჭიდი ვერსია, რომელიც თანდათან მყარდება და სავარაუდოდ, საინტერესო განვითარებას პოვებს.

- პროკურატურაში 18 ათასზე მეტი განცხადებაა შემოსული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე. როდემდე გაჭიანურდება ამ საქმეების გადახედვა?
- ჩვენ უკვე დავიწყეთ განცხადებების შესწავლა. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ იმის დადგენაა, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. მეორე ნაწილია რესტიტუცია, რასაც კანონში ცვლილება და დარეგულირება სჭირდება, იმიტომ, რომ დღესდღეობით სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა ეს ქონება უკან დააბრუნოს. ჩვენ რამდენიმე თემა უკვე გავაჟღერეთ, რაც შეეხება თუნდაც, "იმედის" ხელყოფას, რაბათს და ა.შ. ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გადასახედი.

- დასასრულ, ისევ კადრებზე მინდა გკითხოთ. თქვენ თბილისის პროკურორად მაია მწარიაშვილი დანიშნეთ. პრესაში წერდნენ, თუ როგორ ახდენდა ზეწოლას ქალბატონი მაია იმ მოსამართლეზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მისი ქმრის ბრალეულობის საკითხს განიხილავდა. როგორც ცნობილია, მწარიაშვილის მეუღლეს თანამშრომლის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
- მაია მწარიაშვილი ამ 5 თვის განმავლობაში გავიცანი. ის ჩვენთან საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა და ჯანსაღი აზროვნების ქალბატონი და ნამდვილი პროფესიონალია. შესაბამისად, ეს გახდა მისი თბილისის პროკურორად დანიშვნის საფუძველი. დანარჩენი თემები (რაზეც შეიძლება უამრავი ინფორმაცია მქონდეს) ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

- ე.ი. როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, თქვენი საკადრო პოლიტიკა პროკურატურას ცუდ მდგომარეობაში არ აღმოაჩენს და ხალხს იმედს არ გაუცრუებს?
- კრიტიკა კადრების თაობაზე ნამდვილად გადაჭარბებული მგონია, თუმცა ასეთი კრიტიკაც უნდა იყოს. ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარე. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ 1-ლი ნოემბრიდან 7 მარტამდე 260 საჯარო მოხელე მივეცით პასუხისგებაში. აქედან 5 მინისტრია და ერთი დედაქალაქის მერი.

მესმის, რომ საზოგადოება აფასებს ამ საქმეებს იმით, თუ ვინ მოხვდა გისოსებს მიღმა და ვინ არა. მაგრამ დამნაშავის გისოსებს მიღმა გაშვება სასამართლოს პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში პროკურატურის საქმიანობის კრიტიკულად შეფასება ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია.