ირაკლი კაკაბაძე: რაც მარგველაშვილმა ბენდუქიძესთან დაკავშირებით გააკეთა, აბსოლუტურად სწორი იყო

ირაკლი კაკაბაძე: რაც მარგველაშვილმა ბენდუქიძესთან დაკავშირებით გააკეთა, აბსოლუტურად სწორი იყო

ირაკლი კაკაბაძე ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს და იქაურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. საქართველოში ჩამოსასვლელად დიდი გეგმები აქვს და გვიამბობს თუ რა ინოვაციური პროექტის განხორციელებას აპირებს.

- ბატონო ირაკლი, რას საქმიანობთ და როგორ ცხოვრობთ კანადაში?
- ვმუშაობ. დაახლოებით 20 წელია, რაც სხვადასხვა ადგილას ვასწავლი და 30 წელზე მეტია, რაც ვწერ. ძირითადად, ეს ორი საქმე მაქვს. თუმცა, წლების მანძილზე, შავ სამუშაოებზეც მიმუშავია და ამის გახსენება მსიამოვნებს კიდეც. მაგალითად, 1992 წელს ბატონი ვოვა პეტუხოვის მაღაზიაში ვმუშაობდი, რომელიც ქართველებს ასაქმებდა. იქ მთავარი გამშალაშინებლის პირველი მოადგილე ვიყავი, მერე, რამდენიმე წელი მთრეველის მოადგილე გახლდით, მერე - გამყიდველის მეორე მოადგილე, დამლაგებლის მესამე მოადგილე და ა.შ. ფიზიკური სამუშაო ძალიან რთულია, მაგრამ თუ გინდა, მსოფლიოს ნამდვილი მოქალაქე იყო, ყველაფერი უნდა გამოცადო. დაახლოებით 6,5 მილიარდი ადამიანი სწორედ ასეთ სამსახურშია. ბევრი ინტელექტუალის ნაკლი სწორედ ის არის, რომ ასეთი სირთულეები არ გამოუვლია. 46-სართულიანი სახლიდან ნაგავი შენი მხრებით თუ ჩამოგიტანია, მაშინ შეგიძლია ისაუბრო მშრომელთა უფლებებზე ან უუფლებობაზე. ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს ოლიგარქი ან მისი თანაშემწეა, სიტკბოებაშია და რატომღაც ჰგონია, რომ ღარიბები უნდა დაიჩაგრონ, რომელთა ცხოვრება, დამიჯერეთ, ძალზე მძიმეა.

- როგორია ის აუდიტორია, ვისაც თქვენ ასწავლით და რა თემებზე კითხულობთ ლექციებს?
- სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სტუდენტები მყავს. ისინი აფრიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდანაც არიან. გლობალური მოქალაქეობის ცენტრში, კოლეჯში ვასწავლი, ქალაქ ტორონტოში. ლექციებს ბევრ თემაზე ვკითხულობ, მაგრამ ძირითადად, ჩემი მთავარი სპეციალობა სოციალური მეცნიერება და ხელოვნება, კონფლიქტების მოგვარება გახლავთ. ეს მომრიგებლობის ერთ-ერთი სახეობაა.

- იმ "სახალისო" პროექტზე ვისაუბროთ, რომელსაც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გეგმავთ.
- ამას ჰქვია "წარმატებული საფლავი". ახლა ხომ ძალიან მოდაშია წარმატების ცნება - ადამიანი ყველაფერში წარმატებული უნდა იყოს, თან ყველაფერი უნდა დაგეგმო, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი საფლავის მოწყობა სიცოცხლეშივე დავგეგმო და ჩემს მეგობრებსაც იგივე ვურჩიო - ჩემ გვერდით, კეთილმოწყობილი საფლავები გაიკეთონ.

- როგორი უნდა იყოს თქვენი "წარმატებული საფლავი"?
- ოჯახში გეგმებს ვაწყობთ, თუ რა უნდა დავდგათ შიგნით. კარგხარისხიანი "ტროიკა" აუცილებლად გვექნება, ასევე, ბოლო მოდის მაცივარი, პლაზმური ტელევიზორი, ყოფილ გუბერნატორს - დავით კირკიტაძეს რომ მანქანა ჰყავს, ერთი ასეთი აუცილებლად უნდა ეყენოს ჩემი საფლავის ავტოფარეხში.

- ალბათ ადგილიც პრესტიჟულ უბანში უნდა შეარჩიოთ, ხომ?
- აბა, რა! საფლავშიც თუ პრესტიჟულად არ იგრძენი თავი, ისე როგორ იქნება?! დაახლოებით 102 ან 132 კვადრატული მეტრის ფართობის შეძენა გვინდა. ოჯახში ამ საკითხზე აქტიურად ვმსჯელობთ და ვნახოთ. ქალაქის ცენტრში ამის შოვნა ალბათ გაჭირდება, თუმცა დამპირდნენ, რომ შესაძლოა, დიღომში მომიძებნონ რამე. კარგ მოქანდაკესაც ვეძებ. მინდა, ჩემს საფლავზე რამდენიმე ქანდაკება იყოს - ჩემი, ზვიად ბოკუჩავასი, ლაშა ჩხარტიშვილის და ნელსონ მანდელასი. ამის გარეშე საფლავში ვერ ჩავწვები. ჩემი ბიძაშვილი - ლაშა ამირეჯიბი ესკიზს გამიკეთებს და რომ ჩამოვალ, გავაკეთებ.

- ქალაქში ჭორი გავრცელდა, ანა დოლიძეს გასცილდაო. თუ შეეფერება ეს ამბავი სიმართლეს?
- სისულელეა. ყოველთვის ბევრი ჭორი დადის და ნუ აჰყვებით. რამე რომ მოხდეს, ჩვენ თვითონ გამოვაცხადებთ. ახლაც ვსხედვართ და საფლავისთვის ადგილს ერთად ვეძებთ ჩვენი ერთობლივი პროექტისთვის. თან გვინდა, გურული და იმერული ელემენტებიც შევიტანოთ, გურულ-იმერული საფლავი უნდა მოვიწყოთ, ოღონდ - ძალიან თ
ანამედროვე.

- თბილისში როდის და რამდენი ხნით ჩამოხვალთ?
- სავარაუდოდ, ზაფხულში. ჯერჯერობით თქმა გამიჭირდება, გააჩნია, სამსახურიდან რამდენი დრო მექნება. აქ ანაც მუშაობს, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ასწავლის. ის, რასაც მან მიაღწია, ვთვლი, რომ დიდი წარმატებაა, რადგან ახლა იურისპრუდენციაში დიდი კრიზისია. მაგალითად, ამერიკაში იურისტები აღარ სჭირდებათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჭარბწარმოება მოხდა და სამუშაოს შოვნა ჭირს.

- საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ კანადაში გადასვლა?
- ხომ იცით, მაინც უფრო სოციალისტური ქვეყანაა. სოციალიზმი გარკვეულ დონეზე შტატებშიცაა - სამედიცინო დახმარება, ჯანდაცვის პროგრამებია, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის, ადამიანები იქ ძალიან წვალობენ. ბევრი მათგანი სახლ-კარის გარეშეც კი დარჩა და ქუჩაში, ყინვაში ცხოვრობს. 46 მლნ კაცს საჭმელ-სასმლის ფული არა აქვს, ეხუმრებით ამას?! რიგებში დგანან, რომ სახელმწიფო დახმარება აიღონ და დღეში ერთი ბუტერბროდი შეჭამონ. ამერიკაში კრიზისი, დიდი დეპრესიაა, უბრალოდ ობამა კარგი პრეზიდენტია და ცდილობს, ეს დეპრესია გააიოლოს. კაპიტალიზმს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, აშშ კი ამის ნათელი მაგალითია. კანადაში ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, სახელმწიფო ზრუნავს ხალხზე და უმუშევრად დარჩენის არ გეშინია. იცი, რომ შიმშილით არ მოკვდები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით მოქალაქეობა არ მიგვიღია.

- პოლიტიკურ თემებსაც შევეხოთ. როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს? თუ გაქვთ ინფორმაცია - რას საუბრობენ შტატებში ჩვენს ახალ ხელისუფლებაზე?
- ვერაფერს გეტყვით, რადგან ვაშინგტონში დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ და ამ თემაზე არც არავისთან მისაუბრია. ამბებს მეც მედიიდან ვიგებ. ახლა კანადის პატარა ქალაქ ლონდონში ვცხოვრობთ, აქაურმა ხალხმა კი საერთოდ არ იცის, საქართველო რა არის. ჩემს შეხედულებას კი მოგახსენებთ. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტს საკმაოდ კარგი და გაწონასწორებული თავმჯდომარე ჰყავს, დათო უსუფაშვილი ჭკვიანი, ღირსეული, გონებაგახსნილი და უპატიოსნესი პიროვნებაა. მისი ვიზიტი ნებისმიერ ადგილას ნაყოფიერი იქნება. მეამეყება, რომ ასეთი სპიკერი გვყავს. ზურა ჟვანიაც ასეთი იყო. დიდ პატივს ვცემ მანანა კობახიძესაც; თეა წულუკიანი გაბედული და ჭკვიანი ქალია, ფემინისტი და პროფესიონალი ქალების მომხრე ვარ; ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან საინტერესო, საზრიანი, ჭკვიანი პიროვნება ჩანს და მომწონს, როგორც გამოდის. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციას ელაპარაკება, უსმენს, რაც დასაფასებელია. სამინისტრო ბევრად უფრო ჰუმანური გახდა და მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია თავის ხალხს არ უბათქუნებს. მოკლედ, მთავარია, გაუწონასწორებელმა პოლიტიკოსებმა არ გააფუჭონ საქმე, როგორიც ბევრი გვყავს საქართველოში.

- ახალი ხელისუფლების იმიჯისა და წარმატებული მუშაობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ლობისტების არსებობა აუცილებელია?
- საერთოდ, ვისურვებდი, რომ ლობიზმის ინსტიტუტი სულ არ არსებობდეს, მაგრამ რადგან არსებობს და ლობისტები დღეს ყველას ჰყავს, ალბათ ივანიშვილსაც უნდა ჰყავდეს. მე თუ მკითხავთ, ლობიზმი ოფიციალური კორუფციაა: გადაიხდი ფულს და კონგრესმენი იმას იტყვის, რასაც შენ დაავალებ და თუ მოინდომებ, ალილუიასაც ამღერებ. ბიძინა ივანიშვილს პიარის განხრით სჭირდება მეტი მუშაობა, რადგან ასეთ საკითხებში ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ამაში ვერც გავამტყუნებ, პოლიტიკაში ახლა მოვიდა. ამიტომ, სააკაშვილი მუდმივად უმტკიცებს შავზე, რომ თეთრია და გამოსდის კიდეც. სულხან-საბა ორბელიანმა "სიბრძნე-სიცრუისაში" პიარის ფენომენი კარგად დაახასიათა. ისეთნაირად ცრუობს, იმ მომენტში ყველას აჯერებს, რომ მართალია. ძირითადად, სიმართლე ბატონი ბიძინას მხარესაა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს, რადგან თვითონ საქართველოშიც კი, სააკაშვილის მიერ მართული მედია ყველაფერს სხვანაირად ატრიალებს. ხომ ხედავთ, "ნაციონალები" დანებებას არ აპირებენ და კიდევ დიდხანს იბრძოლებენ. ეცდებიან, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ახლა მათ წინააღმდეგაა, მაქსიმალურად მალე შემოატრიალონ და კიდევ ერთი რევოლუცია მოახდინონ.

- აშშ-ის ელჩმა, ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს კომპეტენტური მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია. თქვენი აზრით, ძლიერია თუ უფრო მეტად, გაბოროტებული და ჩასაფრებული?
- ეს, სამწუხაროდ, ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგან ვერაგი ადამიანი ძლიერიც შეიძლება იყოს. ისინი ხომ ჯერ ბოლომდე ოპოზიციაშიც არ არიან, ხელისუფლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მათ ხელშია, - საპრეზიდენტო ბერკეტით დაწყებული, გუბერნატორებით დამთავრებული. რეგიონებს, სასამართლოს, საგარეო პოლიტიკას ფაქტობრივად, პრეზიდენტი მართავს და როგორც შეუძლია, დროს წელავს. "ნაციონალური მოძრაობა" ერთი ხელისუფლების ნაწილია, "ქართული ოცნება" კი - მეორის და რომელს მეტი ძალა აქვს, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. სააკაშვილი ძალიან ეშმაკი, გაქნილი, მაგრამ ნიჭიერი პოლიტიკოსია და თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს, თუმცა ბოლო დროს რასაც აკეთებს, უკვე დამანგრეველ, დესტრუქციულ ფორმაში გადადის. საშიშ თამაშს თამაშობს, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს ეთამაშება, პროვოკაციულად არეულობასა და ომის დაწყებას ცდილობს, რაც ადრე მოახერხა კიდეც. მას მშვიდობიანად წასვლა არანაირად არ უნდა. ამავდროულად, მის მთელ ოჯახს საკმაოდ დიდი საბანკო ანგარიშები აქვს და ხელწამოსაკრავი ძალა ნამდვილად არ არის. ამას ბენდუქიძისნაირი ოლიგარქებიც ემატებიან, რომლის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აშკარად შარზეა. მემარჯვენე რადიკალების ჯგუფს სტუდენტების აბუნტება სჭირდება, ახლა თითქოს მიზეზი მიეცათ და განათლების სამინისტროსთან საჯარო ტინგიცი გამართეს.

- როგორ ფიქრობთ - მთავრობაში კადრები სწორადაა შერჩეული და რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის?
- ჯერჯერობით გამიჭირდება თქმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მაგალითად, დიდი პროგრესია შრომის კანონმდებლობის შეცვლა, - თემა, რომელსაც კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობს; განათლების რეფორმა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი და გია დვალი მუშაობენ. მხარს ვუჭერ, რადგან ეს აუცილებელია. რაც მარგველაშვილმა ბენდუქიძესთან დაკავშირებით გააკეთა, აბსოლუტურად სწორი იყო. ყველა ინსტიტუტი კანონის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და ღარიბ სტუდენტებს სწავლის საშუალება ჰქონდეთ. საქართველოში ოლიგარქიული აზროვნება არ უნდა დამკვიდრდეს - ადამიანს პირდაპირ ეუბნები, შენ უნდა იყო ხარბი ღორიო, რასაც ბენდუქიძე ასწავლის. ბოდიშს ვიხდი, რომ ამ სიტყვას ვამბობ. ადამიანი ხარბი ღორი არ არის, მას სხვისთვის სიკეთის გაკეთება და სიყვარული შეუძლია, ჩვენი განათლების სისტემის პრობლემა კი ის არის, რომ ეს არ ისწავლება.

- ახალი მთავრობისგან პირადად თქვენ, რაიმე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ გქონიათ?
- ალბათ ჩემზე ყველამ კარგად იცის, სათავეში ვინც უნდა მოვიდეს, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ მთავრობაში წავიდე. არანაირი სურვილი არ მაქვს და ამაში არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს. თუმცა ჩემი სპეციალობის განხრით, ყველა მთავრობას დავეხმარები. ახალ ხელისუფლებასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ბატონ ბიძინასაც შევხვდი და ძალიან კარგი, თბილი საუბარი გვქონდა. სხვათა შორის, მისი ურთიერთობის სტილი საკმაოდ საინტერესოა, უშუალო ადამიანი გახლავთ და რაც მთავარია, მოსმენის კულტურა აქვს. მნიშვნელოვნია, როცა პოლიტიკურ ლიდერს ლაპარაკზე მეტად, მოსმენა უყვარს. იმედი მაქვს, ის ამ ღირსეულ თვისებას ბოლომდე შეინარჩუნებს.

- რა თემებზე ისაუბრეთ თქვენ და ბატონმა ბიძინამ?
- ბევრ თემაზე. მომწონს მისი სამშვიდობო კურსი, მაგრამ რაღაცები სჭირდება. ამიტომ, ბატონი ჯონ მაკდონალდის ჩამოყვანას აპირებს (აშშ-ის ყოფილი ელჩის გაეროში), რომლის გეგმა ერთ-ერთი საუკეთესოა, მთელ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად. იმედი გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაცია კავკასიაში ამ მხრივაც ლიდერი იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე ვისაუბრეთ შსს-ზე, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ სამინისტროს დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყოს, რაც მომავლისთვის აუცილებელია, რათა საქართველო პოლიციური სახელმწიფო არ იყოს. ლოგიკური გზა იქნება დეცენტრალიზაცია ანუ მისი გადაცემა მუნიციპალური მმართველობისთვის, თემს რომ დაექვემდებაროს. ეს ის მნიშვენლოვანი ასპექტებია, რაზეც ყურადღება გავამახვილეთ. შევეხეთ ასევე, განათლების რეფორმებს.

- ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა?
- როცა თბილისში ვიყავი, ჩემმა ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც ბატონი ბიძინას მოადგილე გახლავთ, დამირეკა და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურდა და იმავე დღეს შევხვდით. ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა.