რა შესთავაზა აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს ერთიერთზე შეხვედრისას და რაზე უთხრა კატეგორიული უარი პრემიერ-მინისტრმა?

რა შესთავაზა აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს ერთიერთზე შეხვედრისას და რაზე უთხრა კატეგორიული უარი პრემიერ-მინისტრმა?

საქართველო ისე, როგორც არასდროს, პოლიტიკურ კრიზისშია. არის ინფორმაციები, რომ უფრო მეტად დაიძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და რაც მთავარია, ბოლო ორი დღეა, გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თემა. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ მისულმა ამერიკის ელჩმა შესთავაზა, თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილთან ერთად წავიდოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგებოდა შეხვედრა ბარაკ ობამასთან. ამ შემთხვევაში ივანიშვილს კონკრეტულ საკითხებზე უნდა ეთქვა უარი, კერძოდ, სააკაშვილის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე სამართლებრივი დევნა შეჩერებულიყო, რაზეც ივანიშვილმა კატეგორიული უარი განუცხადა და მას პირდაპირ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ წავიდოდა ის სააკაშვილთან ერთად ბარაკ ობამასთან ვიზიტზე და საერთოდაც რომ არ შედგეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, მას ეს თემა არ ანაღვლებს. საქართველოს ისტორიიდან გვახსოვს რამდენიმე ფაქტი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები უარს აცხადებდნენ, ან კვეთდნენ დასავლეთის პოლიტიკურ გზას. ასეთი იყო, ერთი მხრივ, ზვიად გამსახურდია, რომელზეც მამა-ბუშმა განაცხადა, რომ გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდის, და ჩვენ ვნახეთ, როგორ დასრულდა მისი საპრეზიდენტო კარიერა. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილს, ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა საპრეზიდენტო კამპანიაში, თუმცა როგორც კი პოლიტიკური ამბიცია გაასერიოზულა, ყველაზე მსხვილი ამერიკული მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელმა - რუპერტ მერდოკმა დაპირებულ დახმარებაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ 'თეთრი სახლიდან~ მას აუკრძალეს, თანადგომა გამოეხატა, გავლენიანი ებრაელების პროექტი ხარ და ამერიკის ინტერესებში არ თავსდებიო. ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ, თუკი ორ თვეში საქართველოს პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთით გადაიწევს, ამ შემთხვევაში დასავლეთის გარკვეული წრეებისა და 'ნაციონალური მოძრაობის~ ხროვის ინტერესი გადაიკვეთოს ივანიშვილთან მიმართებაში და მათ ბოროტი ზრახვები განახორციელონ...

ამ და სხვა საკითხებზე 'ალია~ გთავაზობთ ინტერვიუს 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის~ ერთ-ერთ ლიდერთან, სოსო მანჯავიძესთან:

_ არც მინდა ვიფიქრო, რომ მსგავსი რამ განხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ, თუ მის ლიკვიდაციას ვიღაც გეგმავს, როგორც წესი, ამის თაობაზე წინასწარ არ აცხადებენ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა 'ნაციონალური მოძრაობიდან~ მოსვენება დაკარგა, მათთვის ჩვეული მდგომარეობა, ქვეყანაში შეიცვალა. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რადიკალურ მდგომარეობაზე გადავიდნენ, ყბადაღებულმა კოჰაბიტაციამ მათ გაუჩინა კომფორტული მდგომარეობის გაგრძელების განცდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მსგავსი განწყობა, რასაც ჰქვია ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაცია, 'ნაციონალური მოძრაობის~ წიაღში მწიფდებოდეს.

_ არის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელჩის შეთავაზებაზე უარი განაცხადა და არ აპირებს სააკაშვილთან ერთად შეხვდეს პრეზიდენტ ობამას. და საერთოდაც, არც ერთ პირობას არ დააკმაყოფილებს, არ შეწყვეტს ხელისუფლება სააკაშვილის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და თუ ობამა საერთოდაც არ შეხვდება, ივანიშვილს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება.

_ რომელი პოლიტიკური დაპატიმრებების სერიაზე ვლაპარაკობთ, მე 'ნაციონალური მოძრაობის~ ვერც ერთ ლიდერს ვერ ვხედავ დაპატიმრებულს, ამიტომ გაუგებარი იქნებოდა ასეთი ტიპის მოთხოვნა ამერიკის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისადმი. არარეალურად მივიჩნევ, რომ მსგავსი რამ ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილისადმი ჩაიფიქრონ, ვინაიდან საქართველოს კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ დრამატული შებრუნებას საშიშროებას, რაზეც 'ნაციონალური მოძრაობა~ საუბრობს, ჩვენ ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უფრო რაციონალური პოლიტიკის გატარების მცდელობას ეხება რუსეთთან მიმართებაში. ის, რომ ბატონ ბიძინას ამ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა აქვს, იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამაზე წამოვა და ეს მცდელობები წარმატებით დასრულდება. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს ნატოში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ არსებობს დრამატული საგარეო პოლიტიკური ცვლილებები. ბუნებრივია, ამერიკული სპეცსამსახურები საქართველოში ვითარებას აკონტროლებენ და ისინი შეეცდებიან, ქვეყანა იმ ვითარებაში ამყოფონ, რაშიც აქამდე იყო. ჯერჯერობით ამ მიმართულებით მწყობრი საგარეო პოლიტიკა არ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ ქაოსს. მეტიც, საზღვარგარეთ საელჩოები გადაქცეულია 'ნაციონალური მოძრაობისა~ და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მანქანებად, ისინი ყველანაირ დისკრედიტაციას უწევენ ივანიშვილის მთავრობას. მაგალითისთვის მოგიყვანდით ბელგიის საელჩოს, რომელიც პირდაპირ ეწევა ანტიქართულ პროპაგანდას. ბიზნესმენებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ საქართველოში არის ქაოსი, რომ თქვენს ბიზნესს დააყაჩაღებენ და ინვესტიციების განხორციელებისგან თავი შეიკავეთო. იწერება სტატიები ასეთი შინაარსით, _ როდესაც საქართველოში მოხდა ტრაგიკული მოვლენები და დამარცხდა სააკაშვილის დემოკრატიული მთავრობა, საქართველოში დაიწყო ანარქია... მსგავსი შინაარსის სტატიები ქვეყნდება არა მარტო ბელგიაში, არამედ ევროპის სხვა წამყვან ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის უსირცხვილო პროპაგანდის შედეგი.

_ სააკაშვილი და მისი 'ნაციონალური მოძრაობა~ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს ქმნიან. ამის კლასიკური მაგალითი იყო 8 თებერვალი. რით შეიძლება ეს კრიზისი დასრულდეს და რა არის გამოსავალი?

_ არ დაუშვეს ის პარლამენტში და აქედან გამომდინარე, მან დაგეგმა პროვოკაცია, როგორც ახასიათებს. თუ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დაზიანებებზეა საუბარი, უფრო მეტი დაზიანება მიიღეს იქ თავმოყრილმა მოქალაქეებმა, ვინაიდან მეორე მხარე უფრო ორგანიზებული და მომზადებული იყო ამისთვის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამომწვევად იქცეოდნენ გიგი უგულავა, აკაკი მინაშვილი, რატიანი... რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას და დავით უსუფაშვილის ცნობილ ვიზიტს სააკაშვილთან, სადაც მან კვლავ ხაზგასმით უწოდა პრეზიდენტი, ეს ყველაფერი უკვე აღმაშფოთებელია. ქართველმა ხალხმა ამ პარლამენტს ხმა იმისთვის მისცა, რომ მომხდარიყო სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი. 'ქართული ოცნების~ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ მომხდარიყო სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი. ეს არის ამომრჩევლის უხეში ფორმით მოტყუება. ჩვენ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია გვაქვს პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ ამ პარლამენტში ტრადიციული ძალა არის 'რესპუბლიკელები~ და 'ნაციონალური მოძრაობა~. იქ მყოფი ძალები არ არიან განწყობილი რეფორმებისთვის და სააკაშვილის რეჟიმის ძირეულად აღმოფხვრისთვის. ბიძინა ივანიშვილი იერარქიით არის ქვეყანაში მესამე პირი, კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირია სააკაშვილი, შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო მესამე გახლავთ პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ივანიშვილი კარგავს მართვის სადავეებს პარლამენტზე, რაც მოსალოდნელი იყო. ერთია წინასაარჩევნო მდგომარეობა, მეორეა მდგომარეობა, როდესაც პოლიტიკური ძალა სახელმწიფო მართვის ინსტრუმენტებთან დგას. შესაბამისად, არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში იყოს ამ ქმედითუუნარო პარლამენტის პოლიტიკური არსებობის გაგრძელება. თქვენი გაზეთით არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ეს პარლამენტი არჩეულია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით და ბიძინა ივანიშვილის პატივისცემის გამო. ახლა მივიღეთ ასეთი სიტუაცია, _ ის ხალხი, ვინც ივანიშვილის ხათრით აირჩიეს, მჭიდრო კავშირში შევიდა იმ ხალხთან, ვისი სიძულვილითაც ისინი აირჩიეს. ამიტომ ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად აპრილში.

_ დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი _ მიხეილ სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, დათმობს ამ უფლებას სააკაშვილი?

_ ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ მოქმედებებს, შევეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთოთ ისე, რომ ეს თემა მოსახლეობისთვის აქტუალური გავხადოთ. რაც შეეხება იმას, რა ფორმებს მიიღებს ხალხის აქტიურობა, ამის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს, უამრავი ფორმა არსებობს პროტესტის გამოხატვის. ეს პროტესტი მიიღებს ინტენსიურ და მასობრივ სახეს და ბოლოს და ბოლოს, შედეგი დასრულდება, აპრილში ჩვენ რიგგარეშე არჩევნების მომსწრენი გავხდებით.