საბჭოთა ანაბრების პრობლემაში სპეციალისტები ჩაერთვნენ

საბჭოთა ანაბრების პრობლემაში სპეციალისტები ჩაერთვნენ

საბჭოთა ანაბრების პრობლემაზე მსჯელობაში ექსპერტებიც ჩაერთვნენ. მათი მონაწილეობით ამ თემაზე ჩატარდა პირველი კონფერენცია, სადაც პრობლემის მოგვარების გზებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაზე იმსჯელეს.

ანაბრების საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად “საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი” შეიქმნა, რომლის მიზანი საკითხის შესწავლა, მისი პოლიტიკური სარჩულისგან გათავისუფლება და ანაბრების პრობლემის გადასაჭრელად საფუძვლის მომზადებაა.საბჭოთა ანაბრების პრობლემის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აწარმოებს.

ვებ მისამართზე: www.anabari.com.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ანაბრების საკითხთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება შეეძლება. აფბა-ში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებით და ასევე უშუალოდ ოფისში სტუმრობით, “საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს” არაერთმა დაზარალებულმა მეანაბრემ მიმართა. ნაწილმა კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ორგანიზაციას მასალებიც მიაწოდა, რომლებიც ანაბრებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებს ეხება.

ახალგაზრდა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ამ პროცესში ექსპერტების ჩართულობა და მათი რჩევების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლევას უფრო საფუძვლიანს გახდის.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ ანაბრების გაცემის საკითხის გადასაწყვეტად ქართული ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაა აუცილებელი. სპეციალისტებმა კი დიდი ძალისხმევა უნდაგასწიონ, რომ მოხდეს წლების წინ აღიარებული ვალის ხელახალი დაანგარიშება, მეთოდოლოგიის შემუშავება და უცხოური გამოცდილების გაზიარება.

“ექსპერტები შევთანხმდით, რომ ანაბრების საკითხის მოგვარება, პირველ რიგში, ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საუბარი იყო რიგ პრობლემებზე, რაც ამ პროცესს ახლავს.

1998 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება და შიდა ვალად 500 მილიონ ლარამდე იქნა აღიარებული. რეალურად კი ეს ციფრი გაცილებით მეტია. დავალიანების დადგენის შემდეგ აუცილებელია მეთოდოლოგიის შემუშავება, თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს ანაბრების ანაზღაურება. ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს გაცემის მეთოდი და შეჯერდეს სახელმწიფოს ბიუჯეტთან. ცხადია, გასათვალისწინებელია უცხოური გამოცდილებაც.

ანაბრების გაცემა საქართველოში ჯერჯერობით შეუძლებელია მწირი ბიუჯეტის გამო, თუმცა უახლოეს წლებში, თუნდაც პერსპექტივაში, ეს გასაკეთებელია”, - აცხადებს ლია ელიავა.

უცხოური გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძეც, რომლის განმარტებითაც, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ პროცესის შედეგად დაზარალდა, ძალიან დიდია და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ დიდ ნაწილს გარკვეული მოლოდინი გაუჩნდა.

“მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო. საქმე სოლიდურ თანხას და უამრავ დაზარალებულს ეხება. მთავარია, დაზარალებულ მეანაბრეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რა მოხდა რეალურად და რის მოლოდინი ჰქონდეთ. ეს არ არის ერთ ან ორ წელიწადში მოსაგვარებველი საკითხი, ხანგძლივი პროცესია.

დაზარალებული მეანაბრეები გარკვეულ კომპენსირებას ელოდებიან, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, როგორ აპირებს აპირებს მთავრობა გრძელვადიან პროცესში ანაბრების საკითხს მოგვარებას. ბევრჯერ ითქვა, რომ დღეს და ხვალ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მზად არის პასუხისმგებლობა იკისროს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ეს საკითხი წინასაარჩევნო დაპირებებში ასახული, ეს იქნება ის დადებითი შედეგი, რაც შეიძლება პროცესის გააქტიურებას მოჰყვეს.

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხვალ, ზეგ ანთუნდაც 3-5 წლის შემდეგ მათ მიერ თავის დროზე ბანკში ჩადებული აქტივები გარკვეული ფორმით მაინც იქნება დაბრუნებული”, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ამჟამად ამ ანაბრების გასტუმრების რესურსი არ გააჩნია, მაგრამ უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომლითაც ანაბრები სწორად შეფასდება. ეს მექანიზმი კი მისაღები უნდა იყოს არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

“რაც შეეხება ინდექსირებას, გასათვალისწინებელია ის, რომ მართალია მაშინდელი ოფიციალური კურსით ვანგარიშობთ (ოფიციალურად რამდენიმე ასეულ და ხშირად, მილიონიან მაჩვენებლებს ანგარიშობენ), მაგრამ მაშინ მოსახლეობას დოლარი ეკრანზე თუ ჰქონდა ნანახი და ფიზიკურად ეს რესურსები არ გააჩნდა. ამიტომ მაშინდელი ვირტუალური დოლარი რეალური ლარის განზომილებაში რომ გადავიყვანოთ, ესეც პრობლემაა და ამასაც უნდა ძიება და რაღაც სამართლიანი გასაღების მოძებნა”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც ჯერ დარგის სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აქციონ განსჯის საგნად.