"ტყეებს ყოველთვის ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა".

"საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა. პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთეს განცხადებები, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება არ მომხდარა. ეს არის მისწრაფება ევროპული ღირებულებებისკენ და ევროპული ოჯახისკენ. როგორც ჩანს, საზღვარგარეთიდან საქართველოში მიმდინარე პროცესები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიურად. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მშვიდობიანი ფორმით ხდება და გამოსავალს მოძებნიან თუნდაც ისეთი ვითარებიდან, როგორიც საქართველოში იყო შექმნილი და აიღებენ ორიენტირს მხოლოდ მშვიდობიან პროცესზე და ისეთი შედეგი, როგორიც 1 ოქტომბერს დადგა, ეს აღიქმება ძალიან პოზიტიურად. არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარება, რომელიც სააკაშვილს იძულებით მოუწია იმიტომ, რომ სააკაშვილს უკვე ამოწურული ჰქონდა ორი საპრეზიდენტო ვადა დამ ას აღარ შეეძლო პრეზიდენტად დარჩენა. ის უნდა წასულიყო პრეზიდენტის პოსტიდან და აქტიური პოლიტიკიდანაც. იმიტომ, რომ მას სურდა, გაეკეთებინა საქართველოში რუსული სცენარი, რაც არ გამოუვიდა. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს რუსეთში", - აცხადებს კონსერვატიული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ბიძინა გიორგობიანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ტყეებს ყოველთვის ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა".

"ახალ პარტიედ "ნაციონალები" ვერ ჩამოყალიბდებიან. მათ ან პარტიას უნდა შეუცვალონ სახელი და გადამალონ ის ადამიანები, რომლებსაც ამ წლების მანძილზე უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუ პარტია და პარტიის წევრები არიან კრიმინალები, იმათ მერე ვერანაირი ლობისტი ვეღარ უშველის, იმიტომ, რომ ამ ლობისტების გავლენა არ არის უსაზღვრო და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ სიმართლის წინააღმდეგ ვერანაირი ლობიზმი ვერ იმუშავებს. შეიძლება იყოს რეციდივი, ერთი და ორი, მაგრამ სერიოზულად და დიდ, ხანგრძლივ ვადაში ეს ლობიზმი "ნაციონალებს" ვერ გამოადგებათ იმისთვის, რომ საქართველოში ფეხი ხელახლა მოიკიდონ. მთავარი ქვეყნის შიგნით ნხარდაჭერაა და არა ის, ბრიუსელში თუ ვაშინგტონში რომელი ლობისტური კომპანია გიჭერს მხარს. ვისი სახელითაც იყვნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში, იმ ადამიანებმა უარი უთხრეს და ახლა ლობისტები უკვე ვეღარ უშველიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა გიორგობიანი.

"მე ვიყავი პირველი, ვინც შეძლო დოკუმენტურად დაემტკიცებინა, ხელისუფლების ესა თუ ის დანაშაულებრივი ქმედებები. ტყეებს ყოველთვის ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა, მისი ბიძა იყო ამ საქმეში ჩართული და თუ არ ვცდები, სიმამრიც. მერაბიშვილის ინტერესებში იყო არა მხოლოდ ცხინვალის ტყეები, არამედ შემდგომ ეს ინტერესები თანდათან გაიზარდა. იცით, რომ კახა ბენდუქიძეს უნდოდა ტყეების გაყიდვა და ჩაქუჩის ქვეშ მოქცევა. მე ამას ვეწინააღმდეგებოდი დ აიმ რამდენიმე თვის მანძილზე, რაც მე სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, ვცდილობდი, ტყეები გადამერჩინა. სამწუხაროდ, ხშირად ტყეებს, როგორც ბუნებრივ რესურსს, ისე უყურებენ და არა იმ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იგივე ნიადაგის დაცვის კუთხით. რაც შეეხება იმას, მერაბიშვილს ბრალი ტყეებთან დაკავშირებითაც უნდა წარედგინოს თუ არა, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყვნენ სოსო თოფურიძე, ვანო მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მათი დანაშაულებრივი ქმედებები დამტკიცდება. სხვათაშორის, პარლამენტმაც იმსჯელა ჩემს საკითხზე და შესაბამისი დასკვნა დღესაც პარლამენტში დევს. როცა ჩემი საკითხი იხილებოდა, როგორც პოლიტდევნილის, ყველა ეს დოკუმენტაცია პარლამენტს გადაეცა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტყეებთან მიმართებაში ჩემი წასვლის შემდეგ უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა, ვისაც უნდოდა, ის ჭრიდა და დღესაც იგივე ვითარებაა", - დასძენს რესპონდენტი.