“სააკაშვილმა ივანიშვილს მძიმე პიროვნული შეურაცხყოფები მიაყენა, რაც უპასუხოდ არ დარჩება!”

“სააკაშვილმა ივანიშვილს მძიმე პიროვნული შეურაცხყოფები მიაყენა, რაც უპასუხოდ არ დარჩება!”

“საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით, პოლიტიკური პინგ-პონგის თამაში დამთავრდა, ოღონდ _ დროებით. სიტუაციის განმუხტვაში დამსახურება დასავლეთს მიუძღვის. შემთხვევითი არ იყო, რომ კენჭისყრის დროს პარლამენტში აშშ-ის ელჩი გამოჩნდა”, _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე:

_ კონსტიტუციაში შეტანილი ამ შესწორებებით, ის სამართლებრივი საფრთხე მოიხსნა, რომლითაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება, რომ ქვეყანაში  პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია და მთავრობა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაეთხოვა. ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ, პარლამენტსაც დაითხოვდა, რადგან საკანონმდებლო ორგანო მის მიერ წარდგენილ მთავრობას არ დაამტკიცებდა. მოვლენების ასე განვითარება, პრაქტიკულად, “ნაცმოძრაობის”  ხელისუფლებაში კონსტიტუციური მეთოდით დაბრუნება იქნებოდა, რის შემდეგაც, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, თუ რა რეჟიმი დამყარდებოდა და მომდევნო არჩევნები როგორც ჩატარდებოდა.

_ ანუ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით საფრთხე განეიტრალდა?
_ გარკვეულწილად, თუმცა ეს იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტმა მთავრობა შეიძლება, მაინც დაითხოვოს, არ ხსნის, მაგრამ თუ სააკაშვილი მთავრობას დაითხოვს, ახალს ერთპიროვნულად ვეღარ დანიშნავს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყნის მართვას ახლანდელი მთავრობა გააგრძელებს.

_ მიუხედავად ამისა, მაინც გაუგებარია, ვინ დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებებით მოგებული _ ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მით უმეტეს, რომ ორივე _ “ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც” გამარჯვებას ზეიმობს...
_ საერთოდ, ქვეყანამ მოიგო და აჩვენა, რომ პრობლემის მოგვარება ცივილიზებული მეთოდით შეგვიძლია და ამით დასავლეთის თვალში ქულები ჩავიწერეთ. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინა, რაც დასავლეთს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
წმინდა პროპაგანდისტული თვალსაზრისით კი, მოგებული “ნაცმოძრაობა” დარჩა, რადგან ჯერ ერთი, სააკაშვილმა აჩვენა, რომ ისევ “ნაცმოძაობის” ლიდერია და შეუძლია, საპარლამენტო უმცირესობა მართოს. მეორეც, “ნაცმოძრაობამ” იმის დემონსტრირება მოახერხა, რომ კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა და მის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება. ამ ფაქტორს ყოფილი მმართველი გუნდი ხალხის შემოსაკრებად გამოიყენებს.

ყოველივე ამის ფონზე, “ქართული ოცნება”, ცოტა არ იყოს, საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან გაირკვა, რომ მისი განაცხადი, გნებავთ, დაპირება, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, ტყუილი გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, სარეიტინგო კენჭისყრამ ეს აჩვენა. საშუალო სტატისტიკური მოქალაქე არ ჩაუღრმავდება, თუ რა კულუარული გარიგებები წავიდა. მან, უბრალოდ, ფაქტი დაინახა, რაც მის განწყობაზე, ბუნებრივია, იმოქმედებს.

_ ბატონო ზაალ, საკონსტიტუციო ცვლილებები კოჰაბიტაციას ჰარმონიულს გახდის?
_ ეს ცვლილებები შემდგომი გართულებებისგან არ გვაზღვევს, რასაც კენჭისყრის შემდეგ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს _ მან ივანიშვილს ძალიან მძიმე პიროვნული შეურაცხყოფები მიაყენა და ეს, ვფიქრობ, უპასუხოდ არ დარჩება.
ისე, მგონია, რომ მხარეები სიმართლეს ბოლომდე არ ამბობენ.

_ რას გულისხმობთ?
_ არ მგონია, ივანიშვილი იმით იყოს დაინტერესებული, რომ “ნაცმოძრაობას” სახე შეუნარჩუნოს და, როგორც პოლიტიკური ძალა, გადარჩეს და საზოგადოებისგან არ გაირიყოს. სწორედ ამიტომ მისცა უსუფაშვილს დავალება, რომ “ნაციონალთა” ახირება დაეკმაყოფილებინა. ამასთან, ვფიქრობ, რომ გარე ზეწოლით შიდა გარიგება მოხდა. შემთხვევითი არც ის მგონია, რომ ზუსტად კენჭისყრის წინ პარლამენტში აშშ-ის ელჩი მივიდა. მოკლედ, გარეშე ძალებს დაემორჩილა, როგორც ერთი, ისე, მეორე მხარეც.

_ რაკი უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდება, ანუ იმ ადამიანებმა, ვინც ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცეს, გარკვეულწილად თავი ხომ არ გადაირჩინეს?
_ ამ კუთხით შანსი ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა. ხელისუფლება, რომელიც ამ კენჭისყრის შემდეგ არასახარბიელო მდგომარეობაშია, საზოგადოებას კიდევ უფრო არ გააღიზიანებს და სამართლიანობის აღდგენის პროცესს არ შეაჩერებს. ამ კუთხით ბევრი რამე გარე ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული. ჩემი ინფორმაციით, რასაც დასავლურ პრესაში გამოთქმული მოსაზრებებიც ადასტურებს, ახალ ხელისუფლებაზე ძალიან დიდი ზეწოლაა, ანუ დასავლეთის ცალკეულ წრეებში სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” ერთადერთ სერიოზულ დასაყრდენ ძალად მიაჩნიათ და არ უნდათ, რომ ამ ძალას საფრთხე დაემუქროს, რადგან ამას საკუთარი ინტერესების საფრთხედ აღიქვამენ.

როცა ათენში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე სააკაშვილი გამოვიდა, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა პირდაპირ განაცხადა, ჩვენ დავკარგეთ უკრაინა, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს და მოლდოვასაცო, ანუ ისინი თვლიან, რომ “ნაცმოძრაობის” დამარცხებით საქართველოს დაკარგვის საფრთხე არსებობს. მართალია, ახალი ხელისუფლება მუდმივად საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ დასავლეთში მაინც არსებობს განცდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეეცდება, დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსი დაიცვას. დასავლეთში აინტერესებთ, ისე ხომ არ მოხდება, რომ ამ ბალანსის დროს საქართველო უფრო რუსეთისკენ გადაიხაროს, მაგრამ ეს მცდარი შიშია. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, კომუნიკაცია ააწყოს და დასავლეთი გადაარწმუნოს. არაერთი რუსი კოლეგა მეუბნება, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით რუსებიც გაკვირვებულნი არიან და მას თავიანთ კაცად არ თვლიან.

_ ბატონო ზაალ, რა ამის პასუხია და, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის “ნაცმოძრაობას” მხარი მაინც უნდა დაეჭირა და “ოცნებაც” მზად იყო, რომ უმცირესობის თამაშის წესებით ეთამაშა, აბა, ამ თემაზე სამთვიანი დებატები და პოლიტიკური პინგ-პონგის თამაში რაღა საჭირო იყო?
_ ვერ დავიკვეხნი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვფიქრობ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაგროვებლად სამზადისი მიდიოდა.

_ რას გულისხმობთ?
_ კონკრეტულ დეპუტატებთან მუშაობას, მოლაპარაკებას, გადარწმუნებას... ეს იოლი პროცესი არაა. მოკლედ, ხელისუფლება ამაზე წავიდა, მაგრამ ვერ გავიგე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება რატომ ვერ მოხერხდა. სააკაშვილი კენჭისყრამდე ქუთაისში ჩავიდა და უმცირესობას ორჯერ შეხვდა. “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ, ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას მიმართავდაო, მაგრამ საკითხავია, ვინ მიმართავდა ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას _ უმცირესობის დეპუტატები, რომლებზეც ფიქრობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, კენჭისყრის დღეს პარლამენტში არ გამოჩენილან, ანუ პარლამენტში მისვლისგან თავი რაღაცის გამო შეიკავეს _ ვიღაც კომპრომატების გამომზეურებით, ან სხვა რამით დაემუქრა. ალბათ, ოდესმე გაირკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ხელი ვინ ვის გადაუგრიხა.

_ ხუთი თვეა, ქვეყანას ახალი ხელისუფლება მართავს. ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, თუმცა რეალურად, ბაჩო ახალაიას გარდა არავინაა დაჭერილი. სხვათა შორის, “ნაციონალები” ამტკიცებენ, რომ ახალაიას მიმართ სამხილები არასერიოზულია... რა ხდება?
_ საკმარისი და დამაჯერებელი სამხილების მოგროვება თუნდაც იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ისინი უკვე განადგურებულია. ამასთან, არ არსებობს საკმარისი კადრები, რომ სამხილების სწრაფად მოგროვება მოხდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად “ქართულ ოცნებაში” არაა ერთიანობა სამართლიანობის აღდგენის მასშტაბებზე და ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნაზე დაიწყო საუბარი. რაც მთავარია, დასავლეთიდან, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან სერიოზული ზეწოლაა. გარდა ამისა, სასამართლომ, არაერთი მაღალჩინოსანი, სერიოზული სამხილების მიუხედავად, გაათავისუფლა, ანუ სასამართლო “ნაცმოძრაობის” მიერ რომ არ იყოს მართული, აქამდე ციხეში მხოლოდ ბაჩო ახალაია კი არა, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც იქნებოდნენ!

_ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, კოჰაბიტაციის მეორე ტალღა დაიწყებაო. საზოგადოების ნაწილი კი ეჭვობს, რომ “ნაცმოძრაობის” რეანიმაცია-რეინკარნაცია მოხდება...
_ ყველაფერმა ამან მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი, შეიძლება, მართლაც, გამოიღოს და, ვთქვათ, 19 აპრილს იმაზე ცოტა უფრო მეტი ხალხი შეგროვდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, არ მგონია, ამან რეინკარნაცია გამოიწვიოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოსახლეობას მეხსიერება არ დაუკარგავს და ახსოვს, რაც “ნაციონალთა” ცხრაწლიანი მმართველობის დროს ხდებოდა _ პროკურატურაში  19 ათასი საჩივარია შესული.

რეინკარნაციისთვის კათარზისი თავად “ნაცმოძრაობაში” უნდა მოხდეს და თუკი “ნაციონალებს” სურთ, რომ პოლიტიკურ სივრცეში ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად დარჩნენ, ოდიოზური ფიგურებისგან უნდა გათავისუფლდნენ.

_ ბატონო ზაალ, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, “ქართული ოცნების” მომავალი როგორია?
_ ხალხი ხელისუფლებით ყოველთვის უკმაყოფილოა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვმა კრიტიკულ მასას მიაღწია. “ოცნებას” მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა გაიგოს, მოცემულ მომენტში ხალხს რა უნდა.

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, ეს მოჩვენებითია და წინ სერიოზული ბრძოლაა, რასაც სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ადასტურებს. ვიდრე სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” ლიდერია, რთული წარმოსადგენია, რომ ამ ორ ძალას შორის კოჰაბიტაცია “შედგეს”. თუკი სამართალდამცავები მოახერხებენ და საშუალებას არ მისცემენ, რომ 19 აპრილს პროვოკაცია მოაწყონ, მაშინ სიმშვიდე შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირისპირება გარდაუვალია.