ვროპის ბევრ ქალაქში, სატრანსპორტო საშუალებებს შორის სულ უფრო მეტ ადგილს ველოსიპედი იკავებს. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში კი ამ თვალსაზრისით მართლაც საოცარი ვითარებაა, იქ ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მართლაც უნიკალურია, ქალაქის მერიაში სპეციალური სამსახურიც კია შექმნილი ამ სფეროს განსავითარებლად. მოკლედ, კოპენჰაგენში ჩასულ ადამიანს შეუძლებელია, თვალში არ მოხვდეს ავტომანქანებისგან განტვირთული ქალაქი, რომლის ქუჩებშიც უამრავი ველოსიპედისტი მოძრაობს. საინტერესოა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის პოპულარიზაციას ქალაქის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ეწევიან. არავის უკვირს ველოსიპედზე ამხედრებული ქალაქის მერის ფრანკ იენსენის ხილვა, რაც ჩემნაირი ტურისტისთვის, რომლის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, ძირითადად, ძვირად ღირებული მანქანებითა და გაძლიერებული დაცვით გადაადგილდებიან, ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია. 2010 წლიდან მოყოლებული, ანუ მერად არჩევის შემდეგ, ბატონი ფრანკ იენსენი სწორედ ველოსიპედით დადის სამსახურში.
ცოტა ხნის წინ ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ლონდონისა და ნიუ-იორკის მერების ფოტოებმა. ლონდონის მერი ჯენსონი უკვე არაერთი წელია, მთავარ სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედს იყენებს და ქალაქის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებსაც ამისკენ მოუწოდებს. მას ასევე ხშირად ხედავენ მეტროპოლიტენშიც. რაც შეეხება ნიუ-იორკის მერ მაიკლ ბლუმბერგს, ფოტოს მიხედვით, ისიც ხშირად სარგებლობს მეტროპოლიტენით. 2011 წელს, 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის საშინელი ტერაქტის 10 წლისთავი მერმა სწორედ მეტროპოლიტენში მგზავრობით აღნიშნა და ასე სცადა ნიუიორკელები ქალაქის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინა. ბლუმბერგი ამ სატრანსპორტო საშუალებით ახლაც ხშირად სარგებლობს. ველოსიპედით ხშირად ხედავენ ნატოს გენერალურ მდივანსა და რიგ ევროპარლამენტარებს, მათ შორისაა პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი. ველოსიპედით კამერების წინ მოსეირნე მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავაც არაერთხელ გვინახავს, თუმცა ეს, როგორ წესი, ველოსიპედის პოპულარიზაციის ერთჯერადი აქცია იყო, ასე რომ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და არც დღეს არსებობს, თუ არ ჩავთვლით ქუთაისში რამდენიმე კილომეტრიან ველობილიკს.
რაც შეეხება იმას, როგორ მგზავრობს ქალაქში თბილისის მერი გიგი უგულავა, 2010 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: - სახელმწიფო აპარატმა 15 000 ევროზე მეტი ღირებულების არც ერთი მანქანა არ უნდა შეიძინოს, გარდა წარმომადგენლობითი ოპერატიული მიზნებისო. აი, ასე გამოცხადდა მორიგი "ქამრების შემოჭერა". პრეზიდენტის ამ განცხადებას თბილისის მერი გიგი უგულავა მალე გამოეხმაურა და ადმინისტრაციული რესურსების შემცირების მიზნით, მერიამ აუქციონზე ძვირად ღირებულ ავტომობილებთან ერთად, გიგი უგულავას მანქანა "აუდი A8"-აც გამოიტანა, რომლის თავდაპირველი ფასი 49 ათასი ლარი იყო. თუმცა, შემდეგ ქალაქის მერი "კიას" ფირმის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომლის ფასიც "კიამოტორსის" ოფიციალურ ვებგვერდზე 31 ათას 900 დოლარი, ანუ 50 ათას ლარზე მეტი იყო. ამის თაობაზე კვლევა სტუდია "მონიტორმა" 2012 წელს გამოაქვეყნა.
თბილისის მერიამ თავისი ავტომობილების შესახებ საჯარო ინფორმაცია მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს". ამ მონაცემებით, 2011 წლის პირველ კვარტალში მერიის ბალანსზე 39 ავტომანქანა ირიცხებოდა, ამავე წლის მეორე კვარტალში კი მერიას უკვე 106 მანქანა ემსახურებოდა. რაც შეეხება საწვავს, თბილისის მერიაში მასზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არათუ მცირდება, არამედ იმატებს. ქალაქ თბილისის
მერიას 2009 წელს ავტომანქანების საწვავის შესყიდვა 670 ათას ლარამდე დაუჯდა, 2010 და 2011 წელს კი დახარჯულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა. აქვე გვინდა გავიხსენოთ 2010 წელს მერისა და მისი გარემოცვის ვოიაჟი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც მისმა მეუღლემ იმშობიარა. გიგი უგულავა და მისი გულშემატკივრები ვენის ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში ცხოვრობდნენ.
ამ სასტუმროს "მერსედესის", "ფოლკსვაგენისა" და "ჯიპის" ესკორტები ემსახურება, შესაბამისად, მათი ღირებულება დღე-ღამეში 603, 603 და 892 ევრო ჯდება. როგორც იმჟამად ჩვენმა კორესპონდენტმა ვენიდან შეგვატყობინა, ქართული დელეგაციის განკარგულებაში სამივე ტიპის ესკორტი იყო...
ორიოდე სიტყვა წინა მთავრობის მინისტრების განკარგულებაში არსებულ ავტომანქანებზე. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროინდელი ავტოპარკის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ აღარაფერს ვიტყვით, რაც შეეხება სხვა მინისტრებს, საინტერესოა, რომ, როცა სამინისტროში მინისტრი იცვლებოდა, ის წინამორბედის მანქანაზე უარს ამბობდა და ახალს ყიდულობდა. 2011 წელს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 113-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" იყიდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯიპს უნდა ჰქონოდა ისეთი დამატებითი მონაცემები, როგორიცაა - ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, 14 დინამიკი, კრუიზ კონტროლი, მაცივარი, ტყავის სალონი; ხისა და ტყავის სიჩქარეების გადამრთველი; ტყავისა და ხის კომბინირებული საჭე. ამ მანქანით ხათუნა კალმახელიძე გადაადგილდებოდა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ 122-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ კვირაში შეიძინა. თავის დროზე ლადო ვარძელაშვილის უწყებამ - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ - ორ ჯიპში 199 ათასი ლარი გადაიხადა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კი 109-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერით" დადიოდა.
მოკლედ, ვფიქრობთ, ახალმა მთავრობამ ამ ყველაფრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის ავ-კარგს ძვირად ღირებული მანქანების მინებიდან არ უნდა მიადევნონ თვალი. იქიდან რომ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, ეს უკვე წინა ხელისუფლების მაგალითით ვიცით. ოდესმე კი იქნებ ჩვენც გვეღირსოს ქალაქის მერი, რომელიც ველოსიპედით თუ არა, მეტროპოლიტენით იმგზავრებს, ადამიანების გასაჭირსა და ლხინს პირადად ნახავს... და ამის არ შეეშინდება.