ბათუმი მინუს ”ოქროს ქვიშები”

ბათუმი მინუს ”ოქროს ქვიშები”

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოუწოდებს პრეზიდენტს, ”თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისაგან”. 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე მინისტრი პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებათა ორ აქცენტს გამოეხმაურა. საუბარია ბათუმის ”ოქროს ქვიშების” პროექტსა და ტიკმატაჟის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე.

დავით ნარმანიამ უპასუხოდ არ დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ 25 მარტს ახალქალაქში წაყენებული ბრალდება, რომ, უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზის გაუწმენდაობის გამო, მას შემოვლითი გზით მოუწია სარგებლობა და რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას მუდმივად მტკივნეულად განიცდის. დავით ნარმანიას თქმით, პრეზიდენტი ცრუობს, რადგანაც ტიკმატაჟის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა, ურთულესი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზამთრის განმავლობაში მუდმივად იკეტებოდა და ეს აღნიშნულია, მაგალითად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგის პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის 2007 წლის დასკვნაშიც. მინისტრი ამბობს, რომ გზის გახსნა, ტრადიციულად, მხოლოდ გაზაფხულზე ხერხდებოდა:

”2008 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა 31 მარტს, 2009 წელს - 13 აპრილს, 2010 წელს - 1 აპრილს, 2011 წელს ასევე - 1 აპრილს, 2012 წელს - 7 აპრილს. აქედან გამომდინარე, ის, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ეს გზები მუდმივად იწმინდებოდა და გადაადგილება იყო თავისუფალი, ასევე მორიგი სიცრუეა”.

საუღელტეხილო გზის გარდა, მინისტრ ნარმანიას თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ცრუობს ”ოქროს ქვიშების” პროექტთან დაკავშირებითაც. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, როცა ის სტიქიით დაზარალებულ ბათუმს სტუმრობდა. თუკი პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ბათუმის პროექტი ახალმა ხელისუფლებამ მის ჯიბრზე შეაჩერა, არადა, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად:

”ვისაც სოხუმში აქვს ნანახი, სოხუმშია პირსების ასეთი სისტემა... ისეთს ვაკეთებდით, ოღონდ უფრო თანამედროვეს ვაკეთებდით. ეს არის შემოფარგვლა სანაპიროსი იმისათვის, რომ სანაპიროს წყალი არ ანგრევდეს. და მერე შიგნით გინდა ქვიშა დაყარე და გინდა ის... მაგრამ ეს არაფერი არ არის, ეს არის მეათეხარისხოვანი და ვინაიდან ქვიშაც ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა - ა, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა?! ა, სააკაშვილის მორიგი ახირებაა?! მოდი, ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. და ჯერჯერობით ეს პროექტი არის, ყოველ შემთხვევაში, მთლიანად ჩაკარგული”.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება 50 მილიონ დოლარს მოითხოვს, თუმცა დავით ნარმანია გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს ასახელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე,
საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმში დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას, საიდანაც 175 მილიონი ლარი აზიის განვითარების ბანკიდან აღებული კრედიტი უნდა ყოფილიყო, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა დაეფარა. მინისტრის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საერთო ღირებულებიდან უშუალოდ ოქროსქვიშიანი პლაჟის მოწყობისთვის 80 მილიონი ლარი იყო გამიზნული, მისი ყოველწლიური შენახვის ხარჯი კი 3 მილიონ ლარზე მეტი იქნებოდა.

ნარმანიას თქმით, თანხა ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი აზიის განვითარების ბანკიდან და ჯერ კიდევ შესწავლის პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც ახალმა მთავრობამ პროექტს სახე უცვალა და საკმაოდ სერიოზული თანხაც დაზოგა:

”ამოვიღეთ პროექტიდან მთლიანად ოქროს ქვიშები და, ნაცვლად ოქროს ქვიშებისა, ჩავსვით ჭოროხის ქვიშახრეშოვანი ადგილობრივი მასალით შესაბამისი პლაჟი. გაკეთდა 80 მილიონი ლარის ეკონომია ამ პროექტის მოდიფიცირების შედეგად. ხოლო ყოველწლიური შენახვის ხარჯი ნაცვლად 3 მილიონისა, შემცირდა 480 ათას ლარამდე, ანუ შემცირდა შვიდჯერ”.

ინფორმაციის გადამოწმებასა და დაზუსტებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ახლებურ ტენდენციას მიესალმება სოსო გალუმაშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი. ის თვლის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მედიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა, არჩევნებამდე შემპასუხებელიც არავინ ჰყავდა:

”არ არსებობდნენ მეორე მხრიდან ის ლიდერები, რომლებიც საპასუხოდ ფაქტებს დაანახვებდნენ საზოგადოებას. იყვნენ ცალკეული პირები, მაგრამ მათი ხმა, ასე ვთქვათ, იკარგებოდა უდაბნოსა შინა. დღეს უკვე გაჩნდნენ ლიდერები, რომლებიც საპასუხო განცხადებებს აკეთებენ და ამით, ჩემი აზრით, მოგებული რჩება საზოგადოება”.

გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, სოსო გალუმაშვილი ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მიიჩნევს: საზოგადოების უფლებაა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას და იცოდეს, თუ რისი დაფინანსება და რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ გადასახადის გადამხდელთა ფულით.