"შეგვეძლო გაგვესტუმრებინა საბჭოთა ანაბრები, მაგრამ ვეღარ მოვაწყობდით ინფრასტრუქტურას"

დაუბრუნდება თუ არა როდესმე  მოქალაქეებს გამქრალი საბჭოთა ანაბრები და რომელი ხელისუფლება ითავებს გაისტუმროს აღიარებული შიდა ვალი? ეს კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება.

უფრო მეტიც,  1990-იან წლებში ეროვნულ ბანკის მიერ კერძო ორგანიზაციებზე გაცემული კრედიტების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. საუბარია 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ კომპანიაზე გაცემულ 854 მილიარდ მანეთსა და კუპონზე, რამაც ჰიპერინფლაციური პროცესები გამოიწვია, მოსახლეობა დანაზოგების გარეშე დატოვა და გააღატაკა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ოფიციალურ მიმართვას ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ,  ეროვნულმა ბანკმა უარით უპასუხა და მიზეზად ინფორმაციის კონფიდენციალობა დაასახელა. ბანკის მიერ მიწერილ წერილში წერია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არის შესაძლებელი.

თავის დროზე, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამ ციფრებს და საბჭოთა ანაბრებს ხშირად ახსენებდნენ  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ანაბრების დაბრუნების თემა კი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

რატომ არ შეასრულა" ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი დაპირება? საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც "ნაცმოძრაობამ" ანაბრების დაბრუნება პრიორიტეტულ საკითხად არ ჩათვალა.

ბატონო აკაკი, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში საბჭოთა ანაბრების დაბრუნება იყო, პირობა ვერ ან არ შესრულდა. ხომ ვერ გვეტყვით, რა იყო ამის მიზეზი და ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში თუ აქვთ აქვთ საბჭოთა მეანაბრეებს დაკარგული ანაბრების უკან დაბრუნების შანსი? ფაქტია, ეს შიდა ვალია და სახელმწიფოს დასაბრუნებელი აქვს.

- ანაბრების დაბრუნება ამ ეტაპზე არის ილუზიური. იმისთვის რომ ანაბრები დაბრუნდეს, საქართველო, როგორც სახელმწიფო უნდა შედგეს.  შემდეგ, შემდგარ სახელმწიფოს უკვე ექნება იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ იმის ანაბრები დააბრუნოს, რომლებიც დაიკარგა თავის დროზე, არამედ ზოგადად მიხედოს ნებისმიერ მოქალაქეს.

პირდაპირი მნიშვნელობით, ეს შედარება ძალიან უხეში იქნება, მაგრამ მე მარტივ მაგალითს მოვიყვან:  ქუვეითის მოსახლეობის ვალი ქუვეითის სახელმწიფოს არ აქვს, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, როგორც კი დაიბადება ქუვეითელი, მის ანგარიშზე დებს გარკვეულ თანხას და როდესაც ბავშვი ხდება ზრდასრული, მის ანგარიშზე  ვინმეს ჩარევის გარეშე გარკვეული სოლიდური თანხაა უკვე თავმოყრილი. ანუ რისი თქმა მინდა ამით, ჯერ სახელმწიფო უნდა ჩამოვაყალიბოთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ანაბრების პროექტზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯი გადავდგით და შევქმენით სახელმწიფო. დღეს საჭიროა, რომ ეს სახელმწიფო კიდევ უფრო მდიდარი გახდეს. თუ მდიდარ სახელმწიფოს შევქმნით, მაშინ შეიძლება როდესღაც დადგეს ანაბრების დაბრუნების თემა. თუ სახელმწიფო არ იქნება წელში გამართული, ანაბრებს დააბრუნებს კი არა, მიმდინარე დავალიანებები,  ხელფასები და პენსიებიც შეიძლება ვერ გასცეს. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს გაუფრთხილდეს უკვე მოპოვებულს და განავითაროს კიდევ უფრო მეტად. და არა ისე, როგორც დღეს ხდება, ცდილობენ დაანგრიონ წარსული მხოლოდ იმიტომ, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებულია საქმეები.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ: "ნაციონალური მოძრაობის მიერ განიავებული ქონებით თავისუფლად შეიძლებოდა მეანაბრეების ნაწილობრივ დაკმაყოფილება..." თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ეგ ტყუილია! ან არ იცის მაგის მთქმელმა, ან შეგნებულად ცრუობს. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ დღევანდელი პრობლემები გვაქვს იმდენი...

კი ბატონო, ჩვენ შეგვეძლო გაგვესტუმრებინა ანაბრები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვერ მოვაწყობდით ინფრასტრუქტურას, ვერ გავაკეთებდით იმ საქმეს, რომლითაც კვლავწარმოების სახით სახელმწიფომ კვლავ მოგება უნდა მიიღოს. ასე რომ, დღეს სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, ანაბრების ერთი ნაწილი გაისტუმროს. დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, პენსია 500 ლარი გახადოს, მაგრამ საკმარისია, დღეს ანაბრები გავისტუმროთ და პენსია ამდენი გავხადოთ, რომ ხვალ სახელმწიფო აღარ გვექნება. ამიტომ, ტყუილია, მატყუარობაა ამ პოზიციის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლებოდა, გავისტუმრებდით ანაბრებს და ვეღარ დავფარავდით მიმდინარე დავალიანებებსაც კი. ამიტომ, სახელმწიფო მუდმივად უნდა ცდილობდეს, რომ შემოსავლები და ვალების გასტუმრება მუდმივად იყოს თანაბარ პროპორციებში, თორემ თუ მარტო ვალს გაისტუმრებ, შემდეგ არ გექნება კვლავწარმოებისთვის ფული, ხოლო თუ მარტო დაგროვებაზე იზრუნებ, ბუნებრივია, ვალი დაგრჩება გაუსტუმრებელი.

ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ პირველი ეტაპი შეასრულეთ, ააშენეთ სახელმწიფო და მეორე ეტაპი აღარ დაგცალდათ?

- ჩვენ ახლა ცას ვერ გამოვეკერებოდით და ვერ ვიქნებოდით მუდმივად. როდესაც გვეუბნებიან, აცალეთ ამ ხელისუფლებას, თქვენ გაცდიდით 9 წელიწადიო, კარგად გაითვალისწინოს სუყველამ, რომ ჩვენ 600 მილიონიანი ბიუჯეტი ჩავიბარეთ და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ 8 მილიარდიან ბიუჯეტზე ავსულიყავით. ამ ხელისუფლებას 8 მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს და ამის ფარგლებში მას დრო არ ჭირდება. მას შეიძლება ვაცადოთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი გახადოს 15-მილიარდიანი, 20-მილიარდიანი და შესაბამისად, ახალ ამოცანებს შეეჭიდოს. ჩვენ მას დავუტოვეთ სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი პრობლემა გადაწყვეტადია. მარტივად, გლეხის ენაზე რომ გითხრათ რა: თუ მე ოჯახში მიმყავს სტუმრები, მაგრამ არ მიმიტანია პურმარილი და მეუღლეს წავეჩხუბები, რატომ არ გააწყვე სუფრა-თქო, მე ვიქნები დამნაშავე, მაგრამ თუ  მივიტანე პურმარილი და მეუღლეს იმაზე წავეჩხუბები, რატომ არ დამახვედრა გაწყობილი, მაშინ, რა თქმა უნდა, მართალი ვიქნები.

ანუ, ჩვენ ვიყავით მდგომარეობაში, როდესაც არ შეიძლებოდა გვეჩხუბა სუფრის გამწყობ ხელისუფლებასთან. ანუ ბიუჯეტს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს. მაგრამ ჩვენ უკვე მივიტანეთ ბიუჯეტში, ჩვენ უკვე შევქმენით და იმ გამოწვევების წინაშე, რაც დღეს სახელმწიფოს აქვს, კეთილი უნდა ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჯერ კიდევ შორს ვართ იმ პერიოდისგან, როდესაც სახელმწიფო შეძლებს ანაბრების დაბრუნებას, მაგრამ ეს დრო აუცილებლად მოვა. უბედურება ის არის, რომ ძველი თაობიდან მიდიან ადამიანები და ისინი ფიზიკურად შეიძლება ვეღარ მოესწრონ ანაბრების დაბრუნებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ქონებას მარტო იმიტომ არ ვაგროვებთ, რომ ჩვენ მოვიხმაროთ, ვაგროვებთ იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დახვდეს...