"ნაციონალურ მოძრაობას" სარეიტინგო კენჭისყრა მის შიგნით გაჩენილი ნაპრალის გადასაფარავად უფრო სჭირდებოდა"

"საზოგადოდ, ამბობენ, თანამშრომლობა ყოველთვის კარგიაო, მაგრამ ამ ე.წ. საკონსტიტუციო კოჰაბიტაციაში იყო დიდი სირთულეებიც, რადგან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" ბოლომდე ისე უნდა მიეყვანა საქმე, მაქსიმალურად დაეჯაბნა მეტოქე. მაგრამ ამ პროცესში არის მეორე მხარე, ანუ ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო ცვლილებათა ამ პროექტის ჩავარდნის შესაძლებლობა, ეს არ უნდა დაეშვა მმართველ გუნდს. ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება სჯობს, რა საჭირო იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან დაქადნება იმისა, რომ მათ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გაიზიარებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას? აქამდეც არაერთხელ ვნახეთ, რომ "ქართულ ოცნებას" შეუთანხმებლობის პრობლემა აქვს. ხშირად ამბობენ ისეთ რამეს, რაზეც შემდეგ უწევთ განმარტები და ნათქვამის უკან წაღება. ანუ პოლიტიკური რიტორიკა არ არის კარგად აწყობილი, რაც ფასდება ხოლმე პიარის პრობლემად. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ პიარი ცალკე არ არსებობს, ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ გეგმებთან, ანუ ჯერ პოლიტიკური გეგმები უნდა მომზადდეს და მერე იფიქრონ პოლიტიკოსებმა პიარმომსახურებაზე. თუ ეს გეგმა არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, პიარმომსახურებაც იმგვარი შემთხვევითი ფრაზებით იქნება შედგენილი, როგორსაც ხშირად ვისმენთ ახალი ხელისუფლებისგან. მოკლედ, ამჯერადაც ახალი არაფერი მომხდარა, "ოცნებამ" ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორსაც მანამდეც უშვებდა", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "იმ ქვეყანაში, სადაც მიწა ასეთი ნაყოფიერია, რატომ შიმშილობენ ადამიანები?" / "ნაციონალურ მოძრაობას" სარეიტინგო კენჭისყრა მის შიგნით გაჩენილი ნაპრალის გადასაფარავად უფრო სჭირდებოდა".


"ჩემი აზრით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით მნიშვნელოვანი რამ მიიღო ქართველმა საზოგადოებამაც და "ოცნებამაც". დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, პრეზიდენტის მტკიცება, არ ვაპირებ ჩემი უფლების გამოყენებასო, სანდო არ იყო. სააკაშვილი თავის პოლიტიკას იმგვარად აგებს, რომ თუ რამე საშუალება იქნება ახალი ხელისუფლების გამწარების, ამ საშუალებას აუცილებლად გამოიყენებს. სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთგვარი თავდაჯერება შეიძინა იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ პროცესებზე გავლენის მოხდენის საშუალება, თუმცა მე ესეც დროებითი მგონია. სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობამ, დებატებისას უმცირესობის დეპუტატთა ნაწილის სააკაშვილის რიტორიკისგან განსხვავებულმა სტილმა აჩვენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს სარეიტინგო კენჭისყრა შიგნით არსებული ნაპრალის გადასაფარად უფრო სჭირდებოდა. ჩვენ ვისმენთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი რამდენიმე მომხრისგან სრულიად გაუწონასწორებელ და რადიკალურ განცხადებებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, დავით ბაქრაძის განცხადებებისგან. ის, რომ "ნაცმოძრაობაში" ყველაფერი კარგად არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი ბოლო ხანს სულ ერთიანობაზე ლაპარაკობს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, "ნაცმოძრაობა" გაიყოფა. სააკაშვილის მომხრეები ცალკე წავლენ, კონსტრუქციული პოლიტიკისა კი - ცალკე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ხედავენ, რომ განუწყვეტლივ კონფრონტაციასა და ხელის შეშლის მცდელობას მომავალი არა აქვს. სააკაშვილი, ბოლოს და ბოლოს, ოქტომბერში დამთავრდება, დანარჩენმა გუნდმა ხომ უნდა იარსებოს შემდეგ. მით უფრო, რომ სააკაშვილის მცდელობას - წარმოაჩინოს ივანიშვილი რუსეთუმედ, აჩვენოს, რომ ნაციონალთა გუნდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია - დასავლეთში უკვე ნაკლებად იჯერებენ. თუ სააკაშვილი ბოლომდე აპირებს ამ კონფრონტაციული პოლიტიკით მოქმედებას, მარტო ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა არ ეყოფა იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პასუხი არ აგონ. ახლა ხომ ძირითადად ამისთვის მიმდინარეობს ბრძოლა", - განმარტავს რესპონდენტი.

"არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც წინა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნები, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა და არც არავის უთქვამს, რომ ეს იყო დიდად შემაფერხებელი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც ვიცი, კანონპროექტის დიდი ნაწილი ვენეციის კომისიამ მოიწონა. ერთიცაა - სააკაშვილი და მისი მიმდევრები, - არ ვგულისხმობ, ასე ვთქვათ, ზომიერთა ჯგუფს, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, - ძალიან ხშირად და იოლად ტყუიან. შემაწუხებელია, როდესაც მათი ეს ტყუილები მედიასა და საზოგადოებაში ტრიალებს და ექოს პრინციპით მოქმედებს. ეს ცარიელი ფრაზებია, რომლებიც მხოლოდ პროცესების დამუხრუჭებას ემსახურება. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველა ნაბიჯზე შეუძლია იცრუოს. ის ყოველთვის იმას ამბობს, რაც იმ წუთში აძლევს ხელს, ეს ტყუილია თუ მართალი, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს", - განაგრძობს რამაზ საყვარელიძე.

"ოცი წელია გრძელდება სიღარიბის ზღვარზე ყოფნა, ოცი წელია გრძელდება უმუშევრობის მაღალი დონე და ჩვენ არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ამაზე არც მეცნიერები იძლევიან ამომწურავ პასუხს და არც პოლიტიკური პარტიები. ამ მდგომარეობის გარკვევის დამკვეთიც არავინ არის. წესით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ამის კვლევა, ერთხელ და სამუდამოდ რომ გავარკვიოთ, რატომ ვერ გამოდის საქართველო ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ადვილად ვიშვერთ ხელს ხელისუფლებისკენ, უკვე სამი ხელისუფალი გამოვიცვალეთ, ყველა ასე ცუდი რატომ იყო? რამე უფრო დიდი მიზეზი ხომ არ არის ამის იქით. ემოციურად ვიცით, რომ ცუდია, როდესაც ადამიანი მშიერია, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მიწა ასეთი ნაყოფიერია, რატომ არიან ადამიანები მშივრები? ამის გარკვევას რთული და თანმიმდევრული კვლევა სჭირდება. და თუ რამეა ახლა ხელისუფლებისგან მოსათხოვნი, უნდა მოვთხოვოთ, გაარკვიოს საქართველოში არსებული სიღარიბის ასეთი მაღალი დონის სისტემური მიზეზები", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.